Sunday, August 29, 2010

ავტორისაგან


ავტორისაგან

ამ პატარა მემუარულ რვეულში, რომელიც მოიცავს ორმოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ფიზიკოსთა შორის სწავლისა და მუშაობის პერიოდს, შევეცადე მოკლედ მომეთხრო, ჩვენი ძველი თაობის ფიზიკოსთა მიერ გავლილი პერიოდის ზოგიერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი. თავიდანვე ვთვლიდი, რომ ეს შეიძლებოდა, უბრალოდ, საინტერესოც კი ყოფილიყო მომავალი ფიზიკოსებისთვისაც. ფიზიკოსთა ძველ თაობას, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მეცნიერების ამ დარგში მოღვაწეობას, აქ აღწერილი ეპიზოდებით ვერ გააკვირვებ - ბევრმა მათგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა იმ ეპოქის სიმწარეც და სიამტკბილობაც. უფრო დიდი სტატისტიკური წონით, ჩვენს ცხოვრებაში, პრევალირებდა სიმწარე და სიდუხჭირე, მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბევრ მათგანს თავში აზრადაც არ მოსვლია მაშინ, ამ პროფესიის უარყოფა! ეს დამოკიდებულება გრძელდებოდა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებამდე. შემდეგ კი უკვე შემოქმედებითი ინტელიგენციისათვის მეტისმეტად დამძიმდა ცხოვრება...
ფიზიკის ინსტიტუტი გადაურჩა სრულ კატასტროფას მხოლოდ იმის გამო, რომ აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა გაუწია დიდი დახმარება ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფების საგრანტო დაფინანსებას. აქ წარმოდგენილ კრებულში ამ დახმარების წყალობით მიღებულ შედეგებს ეძღვნება ცალკეული სტატიები.
დღეს რომ საქართველოში კვლავ ფუნქციონირებს ფიზიკის ინსტიტუტი, არის პროფესორ გიორგი ხარაძის დიდი დამსახურება და ამ მიმართულებით მის მიერ გადადგმულ გონივრულ ნაბიჯებს, დაინტერესებული მკითხველი ადვილად დაინახავს!
ამგვარი მემუარული რვეულის დაწერის იდეა ეკუთვნის თავად ბატონ გოგი ხარაძეს, რომელმაც ჩემს მიერ ადრე დაწერილი ზოგიერთი ფრაგმენტის გაცნობის შემდეგ, მირჩია მომემზადებინა ასეთი შრომის უფრო სრულყოფილი ვარიანტი. ეს ამოცანა ჩვეულებრივი ლიტერატურული ნაშრომისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, რადგანაც ავტორი ვალდებულია, დოკუმენტალური სიზუსტით გადმოსცეს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გათამაშებული მოვლენები.
რამდენად შევძელი ამ მისიის განხორციელება, ეს იდეის ავტორმა და მკითხველმა განსაჯოს. ჩემი მხრიდან კი ვიტყოდი, რომ ეს არც თუ ისე უბრალო ამოცანა ყოფილა, როგორც შესაძლოა ჩემსავით გამოუცდელ “მწერალს” ერთი შეხედვით მოეჩვენოს.
დასასრულს, თავს მოვალედ ვთვლი დიდი მადლიერებით მოვიხსენიო დოქტორი გელა გელაშვილის მოთმინება და ძალისხმევა, რომელმაც პირველმა წაიკითხა წინამდებარე შრომის სრული ვარიანტი და მოკრძალებული ფორმით გამოხატა თავისი შენიშვნები და რჩევები.
ტექსტზე მუშაობის პერიოდში ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ გამოთქმული შენიშვნები და რჩევები ბევრად დამეხმარა ტექსტის დახვეწაში, რისთვისაც მათ გულწრფელ მადლობას მოვახსენებ.
განსაკუთრებით დიდი პატივისცემითა და მადლიერებით მოვიხსენებ ქალბატონ ლელა ტუღუშს, რომელმაც საწიგნედ მოამზადა ჩემი ხელნაწერის ციფრული ვერსია.

თბილისი, 2009 წელი.

No comments:

Post a Comment