Sunday, August 29, 2010

10. ეპიზოდები პროფესორ ვასო ვერულაშვილის ცხოვრებიდან

სურათზე: ვასო ვერულაშვილი

10. ეპიზოდები პროფესორ ვასო ვერულაშვილის ცხოვრებიდან

ბატონი ვასო ვერულაშვილის პროფესიონალური და ცხოვრებისეული ეპიზოდების შესახებ სრული ინფორმაციის გადმოცემა შეუძლებელია. ამ პატარა ჩანაწერში მინდა მკითხველს მოვუთხრო მისი პიროვნული ღირსებებისა და განსაკუთრებით პროფესიონალური სასწაულების შესახებ, რომელთაც ეს უკეთილშობილესი პიროვნება ავლენდა ადამიანების მიმართ. სწორედ თავისი დიდი გამოცდილების წყალობით ახდენდა “სასწაულებს”, რომლებიც დაკავშირებული იყო მრავალი უნაყოფო ქალისათვის დედობის საოცნებო სიხარულის ბოძებაში. ის წარმატებით მკურნალობდა უნაყოფობის საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას და მისი მეთოდიკა იმდენად წარმატებული იყო, რომ მასთან მოხვედრაზე მსურველთა შორის არა მარტო ქართველი მანდილოსნები იდგნენ “რიგში”, არამედ ბევრი ჩვენი მეზობელი რესპუბლიკებიდანაც აკითხავდა ამ მადლიანი ხელის და გონების პროფესიონალ ექიმ-გინეკოლოგს.
მინდა მკითხველს მოვუთხრო ერთი ეპიზოდის შესახებ, რომლის მოწმე და მონაწილეც, სრულიად შემთხვევით, გავხდი გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში.
1969 წლის 4 დეკემბერს, საბჭოთა კონსტიტუციის შემოღების წინა დღეს, რომელიც, როგორც ცნობილია, მაშინ დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნებოდა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, პროფესორ ვასო ვერულაშვილს  ყაზახში მცხოვრებმა მისმა პაციენტებმა მიმართეს თხოვნით, რომ სწვეოდა მათ თავის ახლობლებთან ერთად ოჯახურ ვახშამზე. ბატონ ვასოს შეეძლო, ნებისმიერი კონტიგენტის და რაოდენობის, თავისი ახლობელ-ნაცნობი წაეყვანა სტუმრად ამ ბედნიერი მასპინძლის ოჯახში.
ცნება “ბედნიერი” აქ შემთხვევით არ მიხსენებია.
საქმე იმაშია, რომ ამ ოჯახის დიასახლის-ქალბატონს წლების განმავლობაში არ უჩნდებოდა შვილი და მას შემდეგ, რაც ბატონმა ვასომ თავისი მეთოდით უმკურნალა, უკვე მეორე ბიჭი შეეძინა. მასპინძლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და სწორედ ამ საზეიმო დღესთან დაკავშირებით, - ისე რომ, არც კი დაუცადა თავისი მეუღლის სამშობიარო სახლიდან გამოწერას, მასპინძელმა გადაწყვიტა თავისი სიხარული გამოეხატა მეფური პურ-მარილის მოწყობით.
ბატონმა ვასომ ამ მოწვევის შესახებ ყველაფერი გაანდო მის მეგობარს და კოლეგას, პროფესორ ალექსანდრე რობაქიძეს თხოვნით, - შეეკრიბა მეგობრები აზერბაიჯანის ყაზახის რაიონის ცენტრალურ დასახლებაში წასასვლელად.
პროფესორი ალექსანდრე რობაქიძე ჭკვიანი კაცი იყო და კარგად ესმოდა, რომ ჩემი და კიდევ რამდენიმე ახლობლის დაყოლიება მხოლოდ მეფური პურ-მარილის გამართვით არ გამოვიდოდა. ამიტომ მოიფიქრა ჩვენი დაინტერესება სხვა, უფრო ეგზოტიკური წინადადებით, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ აზერბაიჯანელ მასპინძლებს წავეყვანეთ ფოლიოს ნაკრძალში გარეულ ღორზე სანადიროდ, ხოლო მთავარი სტუმრისათვის - პროფესორ ვასო ვერულაშვილისათვის საშუალება მიეცათ, რომ  სათევზაო ბადე ესროლა მდინარე მტკვარზე.
ეს ჩვენი პირობა უყოყმანოდ მიიღეს ჩვენმა აზერბაიჯანელმა მასპინძლებმა და სრული კომფორტისათვის, გადაწყვიტეს ჩვენთვის მეგზურად გამოეყოლებინათ ნაკრძალის ეგერი. მანამდე კი, კონსტიტუციის დღეს, ოთხ დეკემბერს დიდი ქეიფი უნდა გაგვეწია...
ჩვენი აზერბაიჯანელი მასპინძელი წითელ ხიდთან გველოდა გაპრიალებული ავტომობილებით. როგორც კი გავიარეთ ქართველ მესაზღვრეთა ძალისხმევით საპასპორტო შემოწმება და გავედით საქართველოს ზონიდან, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ფორმალურადაც კი არ გაუსინჯიათ ჩვენი პასპორტები და იმავე წუთში ჩაისვეს ბატონი ვასო გაკრიალებულ მანქანაში და ზარ-ზეიმით წაიყვანეს მასპინძლის საცხოვრებელ სახლში.
ჩვენ კი ბატონი ალექსანდრე რობაქიძის “ვოლგით” - ისე რომ, არც კი გადმოვსულვართ მანქანიდან, - გავყევით აზერბაიჯანის ავტოინსპექციის პატრულს, რომელმაც მიგვაცილა მასპინძლის ოჯახამდე უპრობლემოდ და უსაფრთხოდ.
აი, აქ კი გათამაშდა ჩემთვის მოულოდნელი სცენა.
როგორც ავღნიშნავდი, მე და ჩემი რამოდენიმე თანამგზავრი, აღჭურვილები ვიყავით სანადირო ტანსაცმლით: ჯარისკაცის ჩექმებით, წყალგაუმტარი შარვალ-კოსტუმებით, ყურებამდე ჩამოფხატული ქუდებით, და, რაღა თქმა უნდა, სანადირო თოფებით, სავაზნე ქამრებით და დიდი ჩანთებით, ნანადირევის შესანახად.
წვიმიანი საღამო იყო და ჩემი ქირზის ჩექმები გვარიანად იყო ამოგანგლული ტალახით.
ჩვენი მასპინძლის სახლი იყო “ბელეტაჟის” ტიპის, დიდი აივნით, საბანკეტო დარბაზით და საძინებელი ოთახებით.
მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ გაიღო აივნის კიბის თავზე არსებული კარი, საიდანაც გამობრძანდა ბატონი ვასო და დიდის ყურადღებით დამიწყო ჩემი სანადირო ჩაცმულობის თვალიერება. ძალიან დიდხანს აკვირდებოდა ჩემს ჯარისკაცულ ჩექმებს და ბოლოს წარმოუდგენელი იუმორის გრძნობით მითხრა, - ბატონო ლიგური, მოგიწევს მაგ ჩექმების მანდვე გახდაო, - და მომაწოდა დათბილული სუფთა ჩუსტები, ჩექმების მაგიერ ჩასაცმელად. თანაც დაამატა, - ჩემო კარგო, მაგ ჩექმებით აქ შენ არავინ შემოგიშვებსო.
თავიდან ბატონი ვასოს ეს წინადადება ხუმრობად მივიჩნიე, მაგრამ სულ მალე დავრწმუნდი, რომ ჩემი ჭკვიანი პროფესორი სრულ სიმართლეს მეუბნებოდა.
დავემორჩილე მასპინძლის რჩევას და ჩემი ტალახში ამოგანგლული რუსული ჩექმები დავტოვე ლოჯის შესასვლელთან, კიბის ქვეშ.
ჩავიცვი თბილი ჩუსტები და, - ჰოი საკვირველებავ! - შევაღე ლოჯიის კარი და რას ვხედავ - მთელ ლოჯში დაგებულია სპარსული ხალიჩა, უმაღლეს დონეზე ნაქსოვი და მრავალი ორნამენტით დამშვენებული. თავად ხალიჩა არის საკმაოდ სქელი და მკვიდრად ნაქსოვი.
ლოჯში არის ყველაფერი იდეალურ წესრიგში, ავეჯის ჩათვლით.
ამ მომენტში თავს ვგრძნობდი პირველყოფილ აბორიგენად, რომელიც რაღაც შემთხვევითობის წყალობით აღმოჩნდა მაღალი განვითარების მქონე ცივილიზებულ სამყაროში.
ამ ლოჯის დათვალიერების შემდეგ, ბატონი ვასოს პაციენტმა მიგვიწვია საბანკეტო სუფრასთან.
ის, რაც ლოჯიის დათვალიერების დროს ვნახე, აღმოჩნდა მხოლოდ პატარა დეტალი, ჩვენი მასპინძლის საბანკეტო დარბაზისა და, განსაკუთრებით, საძინებელი ოთახების სხვა, ამ ოჯახში ნანახ საოცრებათა ფონზე.
თავდაპირველად მკითხველს მოვუთხრობ საბანკეტო დარბაზში გათამაშებულ სცენების შესახებ. იატაკი კვლავ დაფარული იყო სპარსული ხალიჩით, რომელიც ბევრად აღემატებოდა ლოჯში გაფენილს თავისი ორნამენტების სიუხვით და შესრულების მაღალი დონით. ასეთი ხალიჩა, ალბათ, სპარსეთის შაჰის რეზიდენციაშიც კი შეიძლებოდა გაეფინათ მის დიზაინერებს. საბანკეტო სუფრას ემსახურებოდა მხოლოდ მამაკაცთა ბრიგადა _ მე იქ ქალის ხმაც კი არ გამიგია.
საზეიმო სუფრას ამშვენებდა: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული კონიაკების ფართო ასორტიმენტი. აქ იყო წარმოდგენილი თევზის ყველანაირი უძვირფასესი სახეობა, შავი და წითელი ხიზილალის ჩათვლით. ამ სუფრაზე პირველად ვნახე ინდაურის თეთრი, რბილობილი ხორცისაგან შამფურზე შემწვარი მწვადები.
ერთი სიტყვით, ქეიფის მოყვარული კაცისათვის, აქ იყო ყველაფერი, მაგრამ ჩვენს შორის არავინ გიჟდებოდა საჭმელ-სასმელზე და ყველა მოუთმენლად მოელოდა მეორე დღეს ბუნების წიაღში გასეირნებას.
ჩვენმა მასპინძლებმა დროულად აუღეს ალღო სტუმრების განწყობილებას და ორ-ორი სტუმარი დაგვარიგეს საძინებლებში ღამის გასათევად.
ბატონ ვასო ვერულაშვილს და მე ერთ ოთახში შეგვიძღვა მასპინძელი და მიგვიჩინა საწოლები. აქ კი კვლავ გავხდით საოცრების მოწმეები.
საძინებელი საწოლები გაწყობილი იყო მთლიანად ბუმბულის საბნებით, ბალიშებით და ლეიბებით. როცა იმ საწოლში ჩავწექი, ვგრძნობდი, რომ ვიძირებოდი “ზღვის” ფსკერზე... ასეთ ფუმფულა საწოლში მე არასოდეს მძინებია და, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, არც ბატონ ვასოს, თურმე, არ ჰქონია ასეთი შემთხვევა.
მეორე დილით, გათენებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე მოვიდა ეგერი და გაგვიძღვა ფოლიოს ნაკრძალისაკენ.
გვიანი შემოდგომა იყო და თბილ ქვეყნებში გადამფრენი ფრინველები, ამ ნაკრძალის ასწლოვანი ტირიფების ტოტებზე ღამით შემომსხდარნი, დილის დადგომას ამცნობდნენ თავიანთ ფრთოსან მოძმეებს სასიამოვნო ჭიკჭიკითა და ზარ-ზეიმით. ყველა ფრინველს თავისი ორკესტრი ჰქონდა მოწყობილი და მათი გალობის მოსმენაზე უკეთესს ვერაფერს წარმოიდგენდა ადამიანი. თბილ ქვეყნებში გადამფრენ ფრინველთა ასეთი ერთობლიობა სხვა დროს არსად არ მინახავს და არც მათი ჭიკჭიკი მომისმენია. იქ ნანახი მგალობელი ფრინველების შემდეგ თოფი საერთოდ შემჯავრდა!..
უკვე თენდებოდა და, თურმე, ამ დროს ხოხბები, კაკბები, დურაჯები მიდიან ნაკრძალის ტყის მასივიდან მტკვრის სანაპიროზე წყლის დასალევად და საზრდოს საშოვნელად. ამ ფრთოსნების ყოფა-ქცევა კარგად იცოდა ჩვენმა მეგზურმა ეგერმა და წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ დედალი ხოხობისათვის თოფი არ გვესროლა. როგორც გამონაკლისი, ნებას გვაძლევდა თითო მამალი ხოხობი მოგვეპოვებინა.
მამალი ხოხობი, ჯერ ერთი, ზომით აღემატება დედალს და მეორეც, აქვს გრძელი, ლამაზი ბოლო, ხოლო დედალი ხოხობი ზომითაც პატარაა, არც დიდი ბოლო აქვს და არც შეედრება სილამაზით მამალ ხოხობს. ეს ანბანური ჭეშმარიტება კარგად იცის გამოცდილმა მონადირემ და აქ შეცდომა გამორიცხულია.
სამწუხაროდ, ამ დროს ერთმა ჩვენიანმა ახალგაზრდამ, რომელსაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ნადირობაზე ძალიან ბუნდოვანი წრმოდგენა ჰქონდა, პირველივე აფრენილი დედალი ხოხობი ჩამოაგდო და ამით ისე გაანაწყენა ჩვენი თანმხლები ეგერი, რომ მტკვრის სანაპირო ტყიდან წამოგვიყვანა შუაგულ უღრან ტყეში, სადაც ხოხობი კი არა, სხვა ველური ფრინველის ჭაჭანებაც კი არ იყო.
ფოლიოს ნაკრძალის ორ კილომეტრიანი ტყის კორომის ბოლოს შევნიშნეთ კვამლის სვეტი. როცა ამ ადგილს მივუახლოვდით, აღმოჩნდა, რომ ჩვენს მასპინძელს წინასწარ მოუფიქრებია დილით, უზმოზე წამოსული სტუმრების გამასპინძლება ბუნების წიაღში ახლად დაკლული, თამამი ბატკნის მწვადით.
კვლავ აღვნიშნავ, რომ არის ხუთი დეკემბრის დილა. ქვეყანა ზეიმობს საბჭოთა კონსტიტუციის დღეს.
კოცონთან მისულები სახტად დავრჩით - მაღალ ჩექმებში გამოწყობილ ბატონ ვასოს მეთევზის ბადე გადაეგდო მხარზე და ალმაცერად გვიღიმოდა. იმან ხომ წინასწარ იცოდა, რომ ჩვენ დიდი გამოცდილების მქონე მონადირეები არ ვიყავით და ერთი ხოხბის ანაბარა, გამოპანჩურებულები, სხვა სერიოზულ ნანადირევზე მწყრალად ვიქნებოდით...
დიდ ცეცხლზე ელაგა შამფურზე აგებული ბატკნის მწვადი. ჩვენი მასპინძელი გვთავაზობდა, რომ ცეცხლიდან ახლად აღებული მწვადის შამფურები, თუ ეს მოგვეწონებოდა, დაგვესველებინა მაწვნით. თავად აზერბაიჯანელები ამ მეთოდს ხშირად იყენებდნენ და ჩვენც გვიმტკიცბდნენ, რომ ეს აუმჯობესებდა და არბილებდა მწვადის გარე ზედაპირს. მართალი გითხრათ, ეს მეთოდიკა დიდის აღრფთოვანებით არ მიმიღია...
მწვადის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ნახევარი დარჩა შამფურზე და ცეცხლთან უფრო მეტი...
სწორედ ამ დროს მოვისმინე ბატონი ვასო ვერულაშვილისგან ტყვეობიდან გამოქცევის დროს გადატანილი შიმშილის შესახებ ბელორუსიის ჭაობიან ტყეებში; მის მიერ აქ წარმოთქმული იყო ფრაზა _ “სადა ხარ შიმშილოო!” და ამ დროს მოგვიყვა იმ უბედურების შესახებ, რომელიც გაატარა გერმანელთა ტყვეთა ბანაკში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოიქცა ტყვეობიდან. აქ უკვე ეპიზოდურად მოგვითხრო ის ტანჯვა, შიში და შიმშილი, რომელიც ტყვეობიდან გამოქცევის შემდეგ გამოიარა იმ საშინელი ომის პერიოდში.
საერთოდ, ბატონ ვასოს არ უყვარდა ომის საშინელებაზე ლაპარაკი, როგორც ჩანს, ეს მის ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებდა. მაგრამ აქ კი “უღალატა” თავის პრინციპს და მოგვიყვა ამბავი, გადატანილი უბედურების ზოგიერთ დეტალზე. ხოლო მოთხრობა დაასრულა ასეთი სიტყვებით, - “მაშინ ვერაფრით დავიჯერებდი, რომ დადგებოდა ისეთი დრო, როცა სუფრაზე საჭმლის სიუხვე იქნებოდა, არავინ დამიშლიდა ჭამას და ამის მომსწრე გავხდებოდი”...
ჰოდა, სწორედ ფოლიოს ნაკრძალში, შამფურებზე დატოვებული მწვადების შემყურე პროფესორმა ვასო ვერულაშვილმა თქვა ეს სიტყვები - “სადა ხარ შიმშილო!”
ამგვარი დილის საუზმის შემდეგ, ეგერი წაგვიძღვა ზემოთ აღწერილი ტყის კორომის გადაღმა არსებულ უზარმაზარი ღიჭის ბარდებისაკენ, სადაც, წესით და რიგით, უნდა ყოფილიყვნენ შეფარებული გარეული ღორები.
როგორც ცნობილია, მუსულმანები ღორის ხორცს არ მიირთმევენ, მაგრამ კარგად იციან, რომ ამ პროდუქტს დიდი გასავალი აქვს საქართველოში. ამიტომ ხოცავენ მოზრდილ ტახებს და ქართულ ბაზარზე გამოტანის შემდეგ, კარგა გვარიანადაც ითბობენ ხელს. სწორედ ამის გამო, ამ ბოლო დროისათვის გარეული ტახის პოპულაცია აზერბაიჯანის სანახებში მნიშვნელოვნად შეთხელდა!..
მთელი დღის განმავლობაში არ დაგვიტოვებია არც ერთი ღიჭის კორომი თუ ეკალ-ბარდით დაფარული ჯაგნარი, სადაც უნდა ყოფილიყო გარეული ღორების სამალავი და თავშესაფარი, მაგრამ გარეული ღორისთვის თვალიც არ მოგვიკრავს.
დღის ბოლოს დაღლილ-დაქანცულები უნდა დავბრუნებულიყავით უკან. ამ დროს თავში გამიელვა ერთმა რეალურმა იდეამ - ცოტა ხნით წაგვენადირა ველის კურდღელზე, რომლებიც ფოლიოს სახელმწიფო ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად ბინადრობდა. ეს იდეა მისაღები აღმოჩნდა კიდევ ორი ჩვენი ტახზე მონადირე ყმაწვილისათვის და სულ რაღაც ორმოცი წუთის განმავლობაში მოვიპოვეთ ხუთი გარეული კურდღელი. ეს უკვე უფლებას გავაძლევდა, თავი ჩაგვეთვალა ნამდვილ მონადირეებად. ამგვარად, ყურცქვიტა კურდღლებმა გვიხსნეს დიდი სირცხვილისაგან.
ჩვენმა მასპინძელმა, გამოსამშვიდობებელ ვახშამზე, კვლავ მიგვიწვია სუფრასთან, ისევ წარმოითქვა თბილი სიტყვები პროფესორ ვასო ვერულაშვილის მისამართით და, როგორც ნამდვილმა მეგობრებმა, მადლიერებით დავტოვეთ ეს ბედნიერი, უკვე ორი ვაჟის მამის ოჯახი კეთილი სურვილებით...
ქვეყანას, სადაც იბადებიან პროფესორ ვასო ვერულაშვილის რანგის მეცნიერები, გადაშენება არ უწერია!..

No comments:

Post a Comment