Sunday, August 29, 2010

1. ნილს ბორი ჩვენს ლაბორატორიაში


1. ნილს ბორი ჩვენს ლაბორატორიაში

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნილს ბორი მობრძანდა ჩვენს ლაბორატორიაში. ლაბორატორიის თემატიკისა და სამომავლო ამოცანების შესახებ ინტერვიუს აძლევდა განყოფილების გამგე, ილია ნასყიდაშვილი. სინქრონულ თარგმანს ინგლისურ ენაზე, ტრადიციულად, ასრულებდა ადა აზო.
ამ დროისათვის ნილს ბორი უკვე ხანდაზმული, ასაკოვანი კაცი იყო და ინტერვიუს მოსმენის დროს მას მიართვეს სავარძელი. გარეგნულად ეს დიდი მეცნიერი გამოიყურებოდა მხნედ, ჰქონდა ხორბლისფერი კანი და ბრგე, ნამდვილი სპორტსმენის გარეგნობა. ნილს ბორი ყურადღებით ისმენდა მის პატივსაცემად წაკითხულ მოხსენებას.
ჩემზე განუზომელი შთაბეჭდილება დატოვა ამ მხცოვანი მეცნიერის მიერ გამოჩენილმა ყურადღებამ მომხსენებლის მიმართ. მისი რეაქცია ყოველი ფრაზის თუ გამონათქვამის მიმართ გამოისახებოდა თვალების ხამხამით. მას ჰქონდა დიდი ჭაღარა, მარაოს მსგავსი წარბები და წამწამები. მომხსენებლის მიერ წარმოთქმული ფრაზების მოსმენის დროს, მისი რეაქცია გამოისახებოდა თვალების ხამხამის სიხშირით: თუ ინტერვიუს თარგმანი, ინგლისურ ენაზე, ზუსტი იყო, მისი თვალების ხამხამის სიხშირე იზრდებოდა, ხოლო თარჯიმნის მიერ ნაკლებად გასაგები ფრაზების მოსმენის დროს, მისი თვალის ხამხამის სიხშირე ნელდებოდა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სხვისი მოხსენების მოსმენის ასეთი მაღალი კულტურა მე ცხოვრებაში შემდეგ აღარ შემხვედრია.
გამომშვიდობებისას ნილს ბორმა ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებს პირად ცხოვრებასა და შემოქმედებით საქმიანობაში. ამის შემდეგ ძვირფას სტუმარს მისი ვიზიტის ორგანიზატორები წარუძღვნენ ინსტიტუტის სხვა ლაბორატორიების დასათვალიერებლად...
ნილს ბორთან შესახვედრად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში შეიკრიბა ქართველ ფიზიკოსთა ყველა თაობის წარმომადგენელი. დარბაზი მოთმინებით ელოდა ნილს ბორის მობრძანებას. ფიზიკის დიდი აუდიტორია ვეღარ იტევდა ძვირფას სტუმართან შეხვედრის მსურველებს.
ნილს ბორის გამოჩენას დარბაზი მქუხარე ტაშით შეხვდა. იმ დღეს ვრცელი მოხსენება წაიკითხა მისმა ვაჟიშვილმა ოგე ბორმა. ამ მოხსენების შემდეგ ნილს ბორი მივიდა კათედრასთან და მადლობა მოუხადა ფიზიკოსთა საზოგადოებას იმ დიდი ყურადღებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა მის მიმართ. ნილს ბორის გამოსვლის დროს აუდიტორია სულგანაბული ისმენდა დიდი ფიზიკოსის მადლიერების სიტყვებს. ამ მომენტისათვის დარბაზში ბატონობდა გასაოცარი სიჩუმე – რომ იტყვიან, დარბაზში ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდით.
მისალმების დამთავრების შემდეგ კი იქუხა ტაშმა. ფიზიკოსთა ოვაციამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ჩემთვის დღესაც გამოცანად რჩება, თუ როგორ გაუძლო ამ აუდიტორიამ ოვაციის ამგვარ უჩვეულო და თანაც არნახულ, არგაგონილ დარტყმას.
ეს იყო ქართველ ფიზიკოსთა ნამდვილი ზეიმი, რომელსაც თუ საკუთარი თვალით არ ნახე, სიტყვებით ვერასოდეს გამოხატავ.
შემდგომ, როგორც ჩემთვის პრესიდან გახდა ცნობილი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის მეგზურობით ნილს ბორს მოუწყვეს ზღაპრული შეხვედრა კახეთში, რის შესახებაც შეიტყობთ როგორც იმდროინდელი პრესიდან, ასევე ელეფთერ ანდრონიკაშვილის მემუარებიდან.

No comments:

Post a Comment