Sunday, August 29, 2010

16. ქართული მთის სოფლების ტრაგედია

16. ქართული მთის სოფლების ტრაგედია

კარგად არის ცნობილი, რომ მთა და მთის მცხოვრებლები, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე, დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის წარმოებულ გაუთავებელ ბრძოლებში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მთიელთა თავდადებამ და ქვეყნის სიყვარულმა იხსნა საქართველო სრული გადაშენებისაგან.
მოგეხსენებათ, რომ მთის პირობებში ცხოვრება და სამეურნეო საქმიანობა საჭიროებს დიდ ძალისხმევას, დაუღალავ შრომას და ასეთი ცხოვრებისათვის განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებას. ეს თვისებები მთიელთა ცხოვრებაში მწიფდება ბავშვობის პერიოდიდან. აქ დაბადებული და მთის მკაცრ პირობებში გაზრდილი ყმაწვილებისათვის ტრადიციული საქმიანობა იყო სრულიად ბუნებრივი და ჩვეულებრივი ცხოვრებისეული პროცესი.
აქ მახსენდება გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში შატილში, ჩემს მონადირე მეგობრებთან ერთად ჩვენი სტუმრობის დროს, ახალგაზრდა, თექვსმეტი-ჩვიდმეტი წლის ჭინჭარაულის მიერ ცამდე აწვდილი მთის ალპური ზონიდან სულ რაღაც ნახევარი საათში კისერზე მოგდებული ცხვრით დაბრუნება. ეს ეპიზოდი დღესაც კარგად მახსოვს და ვინმე ბარში გაზრდილ ყმაწვილს ეს ჭინჭარაულისებური ნავარდით  ასეირნება-ჩამოსეირნება, შესაძლებელია, გაზვიადებულადაც კი მოეჩვენოს...
ისტორიულად მთა და მისი ბუნება იყო ბავშვის აღზრდისა და დავაჟკაცების საწინდარი. მთა საჭიროებდა ყურადღებას და ბარის მცხოვრებთა გონივრულ თანადგომას.
სამწუხაროდ, კომუნისტური წყობის ამბიციური პოლიტიკისა და მთის მცხოვრებთა ტრადიციული ინტერესების უგულებელყოფის კვალობაზე, მთიელთა მიმართ მოხდა გამოუსწორებელი დანაშაული: დაიწყო მათი იძულებითი აყრა და გადასახლება ბარში. ასე დაიმსხვრა მთის წმინდათაწმინდა კანონები და ზნე-ჩვეულებები. ბარში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდობა სრულიად უსუსური აღმოჩნდა კომუნისტური ფუნქციონერების მიერ თავსმოხვეული, ცხოვრების არასტანდარტული დოგმებისაგან თავის დასაცავად.
ქართული მთის სოფლების მომავალი ბურუსით დაიფარა.
უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი გადასახედიდან მომავლის პერსპექტივა ჩანს კიდევ უფრო მუქად. შესაძლოა, არც არასოდეს აღდგეს მთის წმინდა წესები და ზნე-ჩვეულებანი...
დაე, ღმერთმა ინებოს და ქართული მთის მცხოვრებნი კვლავ დაუბრუნდნენ სოფლებსა და უძველეს ტრადიციებს...
სამწუხაროდ, ამგვარ პერსპექტივას მე ჯერ კიდევ ვერ ვხედავ. ძალიან კი მინდა, რომ ვცდებოდე - ეს ჩემთვის ნამდვილი ბედნიერება იქნებოდა...
აქ მკითხველს მინდა მოვუთხრო, ჩემი თვალით ნანახი ისტორიული ციხე-ქალაქის, ჭერმის მიმართ განხორციელებული, ენით გამოუთქმელი უგუნურება, რომელიც ჩაიდინეს არა უცხოელმა დამპყრობლებმა, არამედ გურჯაანის რაიონის კომუნისტმა ფუნქციონერებმა, გასული საუკუნის ორმოცდაათინ წლებში.
ცოტა რამ ჭერემ-ქალაქის ისტორიიდან: ეს ციხე-ქალაქი განფენილია გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთაზე, უღრანი ტყის მასივებით გარშემორტყმულ გარემოში. ისტორიულად მესამე საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ უკვე იყო ქალაქის ტიპის დასახლება. მეხუთე-მეექვსე საუკუნის მიჯნაზე ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული ციხე-ქალაქი, რიყის ქვით ნაშენები მეტრა-ნახევრიანი სისქის კედლებით, გარს შემორტყმული იყო მასიური გალავნით. პრაქტიკულად, ეს იყო მეფის რეზიდენცია.
ჭერემზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, რომელიც იწყებოდა ველისციხიდან და მთავრდებოდა გარე კახეთში, ჩაილურის ხევთან.
ჭერმის ციხე-ქალაქის სამეურნეო საქმიანობა ისე იყო დაგეგმილი და განვითარებული, რომ მცირემიწიანობის მიუხედავად, თვითონ აწარმოებდა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საკმარის ყველა პროდუქტს. აქ მოჰყავდათ მარცვლეული კულტურები: ქერი, ხორბალი, სიმინდი.
ტყეები მდიდარია ხილით.
აქაური მსხლისა და ვაშლის უხვი მოსავალი გამოირჩეოდა სანაქებო გემოვნებით, ხოლო კაკალი და თხილი მთლიანად აკმაყოფილებდა ამ პროდუქტებზე მოსახლეობის მოთხოვნილებას.
წაბლისა და რკოს უხვი მოსავალი კი იყო საწინდარი პროდუქტიული მეცხოველეობის გასაძღოლად.
ჩემის აზრით, ამ კუთხისათვის ყველაზე დიდი სიმდიდრე იყო წყალი და სუფთა ჰაერი. წყლის ნაკადი იმდენად უხვი იყო, რომ გამოიყენებოდა არა მარტო სასმელად, არამედ წყლის წისქვილების ასამუშავებლადაც.
ჭერემ-ქალაქი ისტორიულად განთქმული იყო ულამაზესი მანდილოსნებითაც. აქ დაბადებული და გაზრდილი ქალბატონები, ხორბლისფერი სახის კანით, დახატული თვალ-წარბით და განსაკუთრებით გრძელი, ბევრ შემთხვევაში კოჭებამდე გაზრდილი თმის ნაწნავებით, დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ მთელ კახეთში. ჭერემ-ქალაქი ბევრჯერ გამხდარა უცხოელი დამპყრობლების სათარეშო მოედნად, მაგრამ მტრის უკუგდების შემდეგ, ისევ ახერხებდა მკვდრეთით აღდგენას და ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის გაგრძელებას.
აქ ნაშენები საცხოვრებელი სახლები გულუხვად იყო აღჭურვილი ხის _ განსაკუთრებით, მუხის, კაკლის და წაბლის კონსტრუქციებით.
საკედლე მასალა ამ ციხე-ქალაქის პატრონებს საძებნი არ ჰქონდათ. ამ “საქმეს” აკეთებდა ჭერმის წყალუხვი მდინარე, განსაკუთრებით კი გაზაფხულის წყალდიდობის დროს. ჭერმის ხევი ივსებოდა ნაირ-ნაირი ქვებით, რომლებიც წარმატებით გამოიყენებოდა საცხოვრებელი სახლების აგების დროს, ყველაზე იაფ და ხელმისაწვდომ საშენ მასალად.
მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ჭერემზე განხორციელდა ბოლო და ყველაზე მზაკვრული შემოსევა და ეს აღასრულა გურჯაანის რაიკომის მაშინდელმა მდივანმა, რომელმაც სულ პატარა, რამენიმე ფრაზისაგან შემდგარი განკარგულებით გაახმოვანა ჭერემ-ქალაქის მკვიდრთა ბარში გადასახლების აუცილებლობა.
ამ გადაწყვეტილებას, თავიდან დიდი კმაყოფილებით შეხვდა ეგრეთ წოდებული “ჯინსების” თაობა. ისინი დაუყოვნებლივ შეუდგნენ მამა-პაპური სახლების ნგრევას და უმრავლესობამ კურსი აიღო ველისციხისაკენ. ახალგაზრდების მეორე ფრთამ აირჩია გარდაბნის დაუსახლებელი ტერიტორია, რომელიც გამოუყვეს ჭერემ-ქალაქის მეორე ენთუზიასტთა ჯგუფს, ხოლო ჭერმის ჭარმაგ მკვიდრთა დაახლოებით თხუთმეტმა-ოცმა ოჯახმა უარი თქვა მამა-პაპური სახლ-კარის მიტოვებაზე.
აი, ასე მოხდა ისტორიული ციხე-ქალაქის სამ “ზონად” გახლეჩვა.
რაიკომის მდივანი რისი მაქნისი “მეფე” იქნებოდა, რომ შექმნილი სიტუაცია კვლავ საკუთარი ელიტის საკეთილდღეოდ არ გამოეყენებინა.
და აი, რაიკომის პლენუმს გამოაქვს “ბრძნული” გადაწყვეტილება: ჭერმ-ქალაქის ურჩი, ხანდაზმული მცხოვრებლების დასაქმების ორიგინალური მეთოდის გამოგონების შესახებ. რაიკომი იღებს დადგენილებას ჭერემ-ქალაქის ნანგრევების სიახლოვეს მეწველი ფურ-კამეჩების ფერმის ორგანიზების შესახებ. ეს წინადადება აღრფთოვანებით მოიწონა და მიიღო რაიკომის ბიურომ.
ჭერმის ურჩი, ჭარმაგი მცხოვრებლები დაასაქმეს ახლადშექმნილი მეკამბეჩეობის ფერმაში, ცხადია მიზერული ანაზღაურებით. სხვა რა გზა იყო, ჭერემ-ქალაქის ეს ჯიუტი პატრიოტები უნდა დათანხმებოდნენ რაიკომის ყოვლადშემძლე მდივნის ამ “გენიალურ” გადაწყვეტილებას.
როგორც შემდეგ გაჟღერდა “ჭორის სახით”, თურმე, აქ მოხსენიებული რაიკომის მდივანი ყოფილა კამეჩის მაწვნისა და ყველის დიდი მოყვაული...
გაივლის რამოდენიმე წელი.
“ჯინსების”თაობა მიხვდება თავის მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომის მნიშვნელობას. ბევრ მათგანს უჩნდება სურვილი ჭერემში უკან დაბრუნებისა. ის, ვისაც ეს სურვილი პირველად გაუჩნდა, ჯერ კიდევ ახერხებს უკან დაბრუნებას. ენერგეტიკული კრიზისი საქართველოში ჯერ კიდევ მთელი სიმწვავით არ დაწყებულა. ბენზინის ფასი, მართალია, იწყებს მატებას, მაგრამ მისი ყიდვა უბრალო მოკვდავთათვის მაინც კიდევ შეიძლება.
გადის დრო, ქვეყანაში თხევადი საწვავის ფასი იზრდება ექსპონენციალური სიჩქარით. ახლა უკვე შეუძლებელი ხდება სატვირო მანქანების დაქირავება და ჭერემ-ქალაქიდან წაღებული სამშენებლო მასალების უკან აზიდვა.
ქვეყანაში ენერგეტიკულ კრიზისთან ერთად, თავს იჩენს მრავალი ცხოვრებისეული პრობლემაც. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი რჩება ლუკმა-პურის გარეშე.
ქვეყანა უბრუნდება მეორე მსოფლიო ომის დამახასიათებელ შიმშილობის პერიოდს. ახლა უკვე ლუკმა-პურის შოვნა ხდება ხალხისათვის უპირველესი საზრუნავი.
ჭერემ-ქალაქის ბედი უკვე აღარავის აწუხებს. ამ ქალაქის გაცოცხლების არანაირი შანსი აღარ არსებობს...
აი, ასე დასრულდა ერთ დროს აყვავებული ციხე-ქალაქის არსებობის ისტორია.
ქართული მთის სოფლების ტრაგედიის შესახებ, ჭერემ-ციხე-ქალაქის მაგალითზე, შევეცადე მკითხველისთვის მეჩვენებინა ის თვითნებობა, რომელსაც იჩენდნენ პარტიული ბოსები ქვეყნის ისტორიული ტრადიციების უპრეცენდენტო უგულებელყოფით.
მარტო შატილის ციხე-ქალაქის გაუკაცურება კი არა, მთლიანად, არაგვის ხეობის მთის სოფლების ნგრევა დიდ უბედურებად იქცა მთის მცხოვრებთათვის.
საერთოდ, მთის ტრადიციული ჩვევების უგულებელყოფით მიყენებული დარტყმა ტრაგიკული აღმოჩნდა მთლიანად ქვეყნისათვის.
სამწუხაროდ, ეს ფაქტორი, პარტიულ ელიტას არასოდეს არ აწუხებდა.
ანალოგიური ბედი ეწვია საქართველოს ყველა კუთხის მთის სოფლებსაც. ეს იყო, პრაქტიკულად, ხელოვნურად ინსპირირებული მოვლენა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელსაც, ხატოვნად რომ ვთქვათ, შეიძლება, გვეწოდებინა “სოციალური კოლაფსი”. კომუნისტური წყობის იმდროინდელ სხვა უბედურებებთან ერთად, ესეც იყო ერთ-ერთი დიდი შეცდომა თუ დანაშაული.

No comments:

Post a Comment