Sunday, August 29, 2010

17. ეკოლოგიური კატაკლიზმები კახეთში

17. ეკოლოგიური კატაკლიზმები კახეთში

ამბობენ, უბედურებას მარტოს არ უყვარს სტომრობაო, - ერთს მოჰყვება ხოლმე მეორე, მეორეს - მესამე და ასე შემდეგ. სწორედ ამგვარი სიტუაცია შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოში 1942 წელს, გვალვიანი და უთოვლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როდესაც კახეთის სავარგულებს მოედო მინდვრის თაგვების დიდი “არმია”. ამასთან, მათი რიცხვი იზრდებოდა გეომეტრიული პროგრესიით.
მთავრობა იძულებული გახდა, მიეღო სასწრაფო ზომები მათ წინააღმდეგ საბრძოლველად.
თაგვმა უდაბნოდ აქცია არა მარტო ხორბლის ნათესები, არამედ, საერთოდ, მინდვრის მთელი მწვანე საფარი.
მთავრობის განკარგულებით დაიწყო ხორბლის ნათესების დამუშავება თვითმფრინავიდან გამოფრქვეული საწამლავებით. ამასთან ერთად შეიქმნა ბრიგადები, ვისაც ევალებოდა ყოველი თაგვის სოროსთან მოწამლული ხორბლის მარცვლების განთავსება. ეს სამუშაო სრულდებოდა ყოველგვარი სპეცტანსაცმლისა და ხელთათმანების გარეშე!..
ამ მეთოდებით განხორციელებული აქციების შედეგები მე არ ვიცი, მაგრამ ამ წამლობის შემდეგ რომ კახეთის მინდვრის მშვენება _ გნოლი, საბოლოოდ გადაშენდა, ეს კი კარგად დავინახე.
როგორც ცნობილია, გნოლის გუნდები ჭია-ღუას ულმობლად ანადგურებდნენ პურისა და ქერის ნათესებში. ამით ისინი ასრულებდნენ მინდვრის სანიტრების როლს.
სრულ გადაშენებას გადაურჩა კაკაბი და ისიც მხოლოდ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კაკბის ზოგიერთმა გუნდმა არ დატოვა ივრის სანაპიროს უკაცრიელი გორმახები და უარი თქვა ხორბლის ნათესებში საზრდოს მოპოვებაზე.
ასევე გადარჩა დურაჯი ივრის ჭალებში, სადაც შხამ-ქიმიკატებით მავნებლების წინააღმდეგ მოწყობილი აქციები არ გამართულა.
მე რომ ფულის პატრონი ვიყო, პირველი, რასაც გავაკეთებდი, ეს იქნებოდა გნოლის ხელახლა მოშენება და გამრავლება კახეთის სანახებში.
როგორც ცნობილია, გნოლის ხორცი, მწყერთან ერთად, გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. პრაქტიკულად, გნოლი _ ეს არის ქათმის ზომის მწყერი! მწყრის ხორცი კი, თავისი გემოვნებით, პირველ ადგილს არ უთმობს არც ერთ სხვა ფრინველს...
კახეთში, მინდვრის თაგვების წინააღმდეგ განხორციელებული აქციები აღმოჩნდა სუფთა წყლის ნაყვა. ეს მინდვრის უბედურება მოისპო მხოლოდ თებერვალ-მარტის დროს მოსული თოვლ-ჭყაპის წყალობით.
მეორე დიდი უბედურება პურის ნათესების განადგურებაში გახდა ფრინველების დიდი გუნდების მიგრაცია სტავროპოლისა და უკრაინის ტრამალებიდან. ეს შაშვისოდენა ფრთოსნები, დიდ გუნდებად გაერთიანებულები, შემოდგომის ხორბლის ნათესებს ძირფესვიანად ანადგურებდნენ. ამ ფრინველების გუნდები იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ უბრალო საფანტიანი თოფის ერთი გასროლით მარჯვე მონადირეს შეეძლო გუნდიდან რამდენიმე ათეული ფრთოსნის გამოკლება. უნდა შევნიშნო, რომ ამ ფრინველების ხორცი ნამდვილი დელიკატესი იყო ბავშვებისათვის. უთოფოდაც შეიძლებოდა ამ ფრინველის მოკვლა, შურდულების გამოყენებით. წამოჩიტებული მარჯვე ბიჭები, ახერხებდნენ საშუალოდ ათამდე ფრინველის მოპოვებას. როდესაც შიმშილი ზეიმობდა უკლებლივ ყველა ოჯახში, ბიჭების მიერ მოპოვებული ასეთი ნანადირევი, ნამდვილად დიდი შეღავათი იყო მათი ოჯახებისათვის.
1943 წლიდან, ფრინველთა ასეთი გუნდები, საქართველოში უკვე აღარ შემხვედრია.
როგორც ჩანს, ამავე, 1943 წლიდან, დევნილი მგლებიც დაბრუნდნენე თავის ყოფილ, მშობლიურ სამფლობელოებში, თორემ მარტო მონადირის ძალისხმევა არ იქნებოდა საკმარისი საქართველოს ტყეებისა და ჭალების გასაწმენდად ამ ჭკვიანი მტაცებლებისაგან.
ბედის დაცინვაა, რომ თითქმის ყველა სახის ცხოველისა და ფრინველის კრიზისამდე არსებული მდგომარეობა გამოსწორდა, გარდა გნოლისა _ ყველაზე უწყინარი და უპრეტენზიო ფრინველისა. არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ულამაზესი ფრთოსნის გუნდები კახეთის სავარგულებში აღარასოდეს დაიბუდებენ!..

No comments:

Post a Comment