Sunday, August 29, 2010

25. დოლარის მეფობის დასაწყისი საქართველოში


25. დოლარის მეფობის დასაწყისი საქართველოში

საქართველოში დოლარის შემოსვლა დაიწყო მეოცე საუკუნის ბოლოს, დაახლოებით 1995 წლიდან. ამ დროისათვის დოლარის კურსი მსოფლიოს ბაზარზეც საკმაოდ მაღალი და პრესტიჟული იყო. იმ ქვეყნებში კი, სადაც მისი “ბატონობა” იწყებოდა, განუზომლად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.
ასეთ ქვეყნებს შორის, რაღა თქმა უნდა, იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პროდუქტები _ დამოუკიდებელი რესპუბლიკები. იმ დროისათვის დოლარის მყიდველობითი უნარი ძალიან მაღალი იყო და ამ ფულის პატრონები ყოველ ნაბიჯზე ავლენდნენ თავიანთ მედიდურ დამოკიდებულებას ქართული ფულის მიმართ.
რაც არ უნდა პარადოქსულად მოეჩვენოს, საქართველოს დღევანდელ, 2008 წლის პერიოდში მცხოვრებ მკითხველს, დოლარის შემოსვლის პირველ წლებში, მისი მყიდველობითი უნარი იმდენად მაღალი იყო, რომ კარგად დამამახსოვრდა ერთი ჩვენი ოჯახის ახლობლის მიერ დაბადების დღეზე დაპატიჟებული სტუმრებისათვის გაწყობილ მეფურ სუფრას როგორ ეყო თავისუფლად ოცი დოლარის ღირებულების საჭმელ-სასმელი...
აი, ასეთი რიხით შემოვიდა საქართველოში აშშ-ის დოლარი, რომლის ძლევამოსილება ნაწილობრივ შეიკვეცა 2002 წლიდან საქართველოში ეროვნულ ვალუტის, ლარის შემოღების შემდეგ.
ლარის გამეფების პირველ წლებში მისი მყიდველობითი უნარი იმდენად მაღალი იყო, რომ ეს აისახა დოლარის პრესტიჟულ მდგომარეობაზეც.
ამ დროისათვის საქართველოში შემოსული დოლარის რაოდენობა უკვე აღარ იყო ისეთი იშვიათობა, როგორსაც ადგილი ჰქონდა მისი საქართველოს სავალუტო ბაზარზე შემოსვლის პირველ წლებში.
ხოლო ევროპული ვალუტის, ევროს გამოშვების შემდეგ დოლარის პრესტიჟი მსოფლიო ბირჟებზე კიდევ უფრო შეირყა.
დღეს პრესაში ბევრს ლაპარაკობენ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შესახებ. ნავთობის ფასი მსოფლიოს ბირჟებზე ორჯერ დაეცა.
ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თითქოს ეს ეკონომიური მსოფლიო კრიზისი ნაკლებად ეხება ქართულ სახელმწიფოს. ასეთ შეფასებებს ვისმენთ სისტემატიურად პრესიდან, რომელიც, კაცმა რომ თქვას, დიდი სიყალბეა. გაჭირვებული ხალხი, მათხოვრული პენსიების პირობებში, ამ სიცრუეს საკუთარი თვალით ხედავს.
ცხოვრების დონე, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთში ჩატარებული პროვოკაციური აქციის შემდეგ, მთელ საქართველოში მკვეთრად დაეცა. ამას საკუთარ თავზე კარგად გრძნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა.
უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველო დგას ყოფნა-არყოფნის დილემის წინაშე. ეს არის მკაცრი რეალობა, რომელიც ჩვენს განაწამებ მოსახლეობას, მისი არსებობის მანძილზე წარსულში, ასე სასტიკად არასოდეს დადგომია.
ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი არის ემიგრაციაში, მათხოვრულ მდგომარეობაში, ლუკმა პურის საშოვნელად...
აი, როგორია ნანატრი, ვითომ თავისუფლების საფასური.
შექმნილ სიტუაციაში ლაპარაკი პატრიოტიზმისა და ქვეყნის ბედნიერ მომავალზე უკვე ფანტაზიის სამყაროში გადავიდა.
ჩვენს მომავალ თაობას დიდი პრობლემები ექნება მომავალში და, ღმერთმა ქნას, რომ მათ ეს პრობლემები წარმატებით გადაწყვიტონ...
დღეს კი მსოფლიო კრიზისის ხანძარი კვლავ მძვინვარებს და კაცმა არ იცის, როდის და როგორი შედეგებით დასრულდება ეს უბედურება...

No comments:

Post a Comment