Sunday, August 29, 2010

12. პროფესორი გიორგი ხარაძე

სურათზე: გიორგი ხარაძე

12. პროფესორი გიორგი ხარაძე

თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ ამ პატარა წერილში არ მქონია ილუზია პროფესორ გიორგი ხარაძის სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის სრულყოფილი აღწერისა. ამ მისიის შესრულება ბევრად აღემატება ჩემს შესაძლებლობებს. მე ყურადღება მაქვს გადატანილი მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდზე, რომლებიც კარგად წარმოაჩენს ბატონი გოგის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის პოსტზე მოღვაწეობის ფრიად მნიშვნელოვან მომენტებს, რომელთა შორის, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე ღირებულია აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტთან მის მიერ წარმართული საქმიანობა.
ბატონმა გოგი ხარაძემ გადადგა იმ დროისათვის გასაოცარი გონივრული ნაბიჯი _ ჩვენი რესპუბლიკის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესთავაზა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი რეაქტორიდან ბირთვული საწვავის ნარჩენების გატანა.
აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის კომისია ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა რეაქტორის საექსპერტო სამუშაოებს და მათ მიერ ბირთვული საწვავის გატანის შემდეგ, ქართული ატომური რეაქტორის ოპონენტებს მთლიანად გამოეცალათ ხელიდან ამ თემით სპეკულიაციის ყველანაირი საშუალება.
როდესაც დოქტორ ჯეიმს ტურნერის თავკაცობით, ამერიკელმა ექსპერტებმა დაასრულეს ტექნიკური სამუშაოები, ბატონმა გოგი ხარაძემ მოიწვია ისინი ფიზიკის ინსტიტუტში, რეაქტორის ხელმძღვანელ თანამშრომლებთან ერთად და მე, როგორც ამ რეაქტორის ყოფილი სტაჟიანი მომხმარებელი, პატივი დამდეს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე გავსაუბრებოდი ოუკ რიჯის რეაქტორის წარმომადგენლებს. ამ შეხვედრის დროს გავიცანი დოქტორი სიუ ( Robert N. Ceo pH.D. Oak Ridge, Tennessee) და ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო საკითხზე. ბატონი სიუ აღმოჩნდა უაღრესად თავმდაბალი და ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი მეცნიერი. მან გულწრფელად დამპატიჟა ოუკ რიჯის რეაქტორზე. თანაც დამაიმედა, რომ ვიცხოვრებდი მის კოტეჯში, ყოველგვარი ყოფითი პრობლემების გარეშე; იმ დღესვე მთავაზობდა თავისი კოტეჯის გასაღებს, თანაც მარწმუნებდა, რომ ამ კოტეჯის გარაჟში იდგა ახალი ავტომობილი და უპრობლემოდ შემეძლო მისი გამოყენება.
ამგვარი თბილი ურთიერთობის დამყარება ოუკ რიჯის მაღალნაკადიანი რეაქტორის სპეციალისტებთან იყო ბატონი გოგი ხარაძის უაღრესად ჭკვიანური და მეტად სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი.   
ჩვენთვის მოულოდნელად, აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა 1999 წლის დეკემბერში მიიწვია შვიდი ქართველ მეატომე ინჟინერი და მეცნიერი ამერიკის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ცოცხალი მეცნიერული კონტაქტების დასამყარებლად. მიწვეულთა შორის იყვნენ: პროფესორი გიორგი ხარაძე, დოქტორი ზურაბ სარალიძე, რეაქტორის ხელმძღვანელი შუქრი აბრამიძე, რადიაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ნოე ქათამაძე, მეცნიერებათა კანდიდატი გიგა კიკნაძე, დოქტორი ლევან თოფჩიშვილი და ამ მემუარული რვეულის ავტორი.
იმ ხანად ჩემი ავადმყოფობის გამო, ჩემივე თხოვნით, ეს მისია დაეკისრა, უნიჭიერეს ქალბატონს, უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ნელი წიბახაშვილს.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ქალბატონმა ნელი წიბახაშვილმა, ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და მის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ( ISTC) წარდგენილმა პროექტმა G-348, კალიფორნიის ლოურენს ბერკლის ინსტიტუტის დიდი მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა. ეს იყო ჩვენი ლაბორატორიის პირველი საერთაშორისო რანგის პროექტი, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ბერკლის ინსტიტუტთან ნელი წიბახაშვილის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ეს თანამშრომლობა დღესაც წარმატებით გრძელდება.
ბერკლის ინსტიტუტის მიერ იმავდროულად მოწონებული იყო პროექტი G-349, რომელიც წარადგინა უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ნელი საპოჟნიკოვამ ISTC ცენტრში.
აქვე საგანგებოდ მინდა ავღნიშნო ქალბატონი ნელის ფრიად ნაყოფიერი თანამშრომლობა პორტსმუტის უნივერსიტეტთან ( Biophisics Laboratories, Institute of Biomedical and Biomolecular Sciences  University of Portsmouth), რომელიც დღესაც წარმატებით გრძელდება.
2001 წლის აპრილიდან დაიწყო, ასევე ISTC-ის ეგიდით, პროექტ G-408-ის შესრულება. ამ პროექტით გათვალისწინებული იყო ტოქსიკური და მძიმე მეტალების როლის შესწავლა წყალმცენარე - სპირულინას კულტივაციის პროცესში. მე ვიყავი პროექტის ხელმძღვანელი, ხოლო კოლაბორატორის როლს ასრულებდა დევიდ გლაზგოვი ( Dr. David C. Glasgow) ოუკ რიჯის ეროვნული ლაბორატორიის ქიმიური და ანალიზური განყოფილების ხელმძღვანელი. ეს ლაბორატორია ფუნქციონირებდა ოუკ რიჯის მაღალნაკადიან რეაქტორზე. G-408 პროექტით განხორციელებული გამოკვლევები სრულდებოდა მაღალ მეცნიერულ დონეზე და იბეჭდებოდა პრესტიჟულ უცხოურ ჟურნალებში.
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ლაბორატორიის მიერ მოპოვებულმა საგრანტო დაფინანსებამ შეაჩერა განყოფილების სრული დაშლა და დაქუცმაცება...
ცნობისათვის: ამ დროისათვის ეს დაშლა უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო. ჩვენი ლაბორატორიის ბევრი ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკი, რომლებსაც უკვე დაცული ჰქონდათ დისერტაციები, წავიდნენ უცხოურ ფირმებში სამუშაოდ. მათ რიცხვში აღმოჩნდა ნიჭიერი უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნოდარ შონია. ჩემთვის ეს იყო დიდი დარტყმა, რომელიც გადამექცა უკურნებელ სენად...
ცალკე უნდა მოვიხსენიო კიდევ სამი საგრანტო პროექტის დაფინანსებაში აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის მხარდაჭერა. ეს პროექტები სრულდებოდა ფიზიკის ინსტიტუტის ბირთვულ ცენტრში პროფესორების: ზურაბ სარალიძის, ლევან თოფჩიშვილის და შუქრი აბრამიძის ხელმძღვანელობით.
აქ მინდა ხაზი გაუსვა ბატონი გოგი ხარაძის უხმაურო და ურეკლამო მუშაობის მისთვის დამახასიათებელ სტილს, რომელმაც მარტო აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტთან წარმართული საქმიანობის შედეგად გამოიყვანა ფიზიკის ინსტიტუტის ასი-ასორმოცდაათი თანამშრომელი მატერიალური სიდუხჭირიდან...
შეუძლებელია იმის სიტყვებით გადმოცემა, რაც დავინახე ბატონი გოგი ხარაძის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს. იმ ძნელბედობის ჟამს სწორედ მისი ძალისხმევით მოხერხდა ინსტიტუტის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და დასაქმებაც კი.
თავად ბატონი გოგი ხარაძე აგრძელებდა ნაყოფიერ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, ერთი შეხედვით, კვლავ უხმაუროდ.
აქ მახსენდება ჩემი ბავშვობის მეგობრის, გივი ვაჩნაძის მიერ ჩემთან საუბარში ნათქვამი ერთი ფრაზა, რომელიც ეხებოდა ბატონი გოგის მიერ გამოსაქვეყნებლად მოსამზადებელ სამუშაოს “გაშალაშინების” მეთოდიკას, რომლის გამო გივი ვერ მალავდა თავის აღტაცებას; მას შემდეგ, რაც ბატონი გოგი მიიყვანდა თავის შრომას საჭირო კონდიციამდე, შეიძლებოდა გაეგზავნათ გამოსაქვეყნებლად ნებისმიერი მაღალი რეიტინგის ჟურნალში.
ბატონი გოგი სუფრაზე, თავის ნაცნობ-მეგობრებთან მოლხენის დროს, მთლიანად თავისუფლდება ადმინისტრატორის “ჩოხა-ახალუხისაგან” და ამ დროს მასთან საუბარს და ქართული წესისამებრ წარმოთქმული სადღეგრძელოების მოსმენას, არაფერი სჯობს.
აი, ასეთია ბატონი გოგი ხარაძე ცხოვრებასა და ადმინისტრაციულ ამპლუაში.
ამ პატარა წერილში მე შევეხე მხოლოდ ბატონი გოგის ჩემთვის დასამახსოვრებელ პიროვნულ ეპიზოდებს.
ბატონი გოგი ხარაძის სრულყოფილი პორტრეტის დახატვა არის მისი უახლოესი მოწაფეების და თანაავტორების კომპეტენცია. დღეს რომ გივი ვაჩნაძე ჩვენთან ყოფილიყო, ამ მოვალეობას მას დავაკისრებდი და თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ჯიჯღინის მიუხედავად, ამას უსათუოდ შევძლებდი...
   
 

No comments:

Post a Comment