Sunday, August 29, 2010

29. სტუმრად კიკეთის სამთავრობო აგარაკზე

29. სტუმრად კიკეთის სამთავრობო აგარაკზე

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ერთი ცხელი ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნორმალური ხალხი, როგორც წესი, იღებდა შვებულებას და ქალაქიდან გადიოდა ზოგი ზღვაზე და ზოგი მთის სოფლებში, მე მომიწია თბილისში დარჩენა და ჩემი მბრძანებელი დირექტორის დავალებების შესრულება. ეს დავალებები, როგორც ამას ამ პატარა მემუარულ რვეულში ადრეც აღვნიშნავდი, იყო საკმაოდ შრომატევადი და ისინი მოითხოვდნენ ყოველდღიურად დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებას.
თბილისის მცხოვრებთათვის კარგად არის ცნობილი, გვალვიანი ზაფხულის პერიოდში, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს და განსაკუთრებით ბავშვებს ამ ცხელი ქალაქის პირობებში ყოფნა. აი, ამგვარ სიტუაციაში, ჩემი ოჯახის ერთმა ახლობელმა, შემომთავაზა სულის მოსათქმელად, კიკეთის სამთავრობო რეზიდენციაში მასთან სტუმრობა რამოდენიმე დღით. ეს წინადადება, კაცმა რომ თქვას, იყო იმდენად მაცდური, რომ მე უნებლიედ დავთანხმდი...
ქალაქიდან სულ რაღაც ათი-თხუთმეტი კილომეტრით დაცილებულ, ნაძვნარით დამშვენებულ სამთავრობო რეზიდენციაში მოხვედრის შემდეგ, ჩქარა დამავიწყდა სიცხისაგან სულშეხუთულ მდგომარეობაში ყოფნის უსიამოვნო შეგრძნება და ხარბად ვსუნთქავდი მთის გრილ ჰაერს...
იმ ხანად კიკეთში ისვენებდნენ მთავრობის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები. ერთადერთი, ვინც იმ პერიოდში აკლდა დამსვენებლებს კიკეთში, იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც გამოძახებულ იყო მოსკოვში რომელიღაც სასწრაფო საქმეზე...
გასაგებია, რომ ამ რანგის დამსვენებლებს ჩვეულებრივი ბუფეტით და ბუტერბროდების ანაბარას არავინ დატოვებდა და ისინი ყოველდღიურად სადილობდნენ კოლექტიურად გაწყობილ სუფრასთან.
ერთ საღამოს ჩემმა მასპინძელმა პატივი დამდო და მეც მიმიწვია სამთავრობო ვახშამზე.
უნდა ვაღიარო, რომ იქ თავს უხერხულად ვგრძნობდი და მხოლოდ ვისმენდი თამადისა და მისი მოადგილეების წარმოთქმულ, მაღალფარდოვანი სიტყვებით უხვად გაჯერებულ სადღეგრძელოებს. ეს სადღეგრძელოები კი იყო ენაწყლიანი და, როგორც მე მომეჩვენა, მეტისმეტად გაზვიადებული.
ამ სუფრაზე მე წარმადგინეს, როგორც აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოწაფე. აი, მაშინ კი ქეიფის ეშხში შესულ ფუნქციონერებს მიეცათ საშუალება “ახალ თემატიკაზე” გადასართველად.  
იმ სუფრის ყველა წარმომადგენელი, ვინც კარგად იცნობდა ელეფთერ ანდრონიკაშვილს და ვინც ფეხის ხმას იყო აყოლილი, სიამოვნებით ყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ხვდებოდნენ ბატონ ელეფთერს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტში.
ამ ბანკეტზე გაჟღერდა პირველად განცხადება იმის შესახებ, რომ ბატონ ელეფთერს უყოყმანოდ უსრულებდნენ ყველა იმ თხოვნას, რომლითაც ეს მეცნიერი მიდიოდა მთავრობის მაღალჩინოსან ფუნქციონერებთან.
სხვათაშორის, ამ ბანკეტზე პირველად ითქვა ის ფრაზები, რომლებიც შემდეგ გახმაურდა და რომელთა შესახებაც იმ დროს მეცნიერთა წრეებშიც მსჯელობდნენ ხოლმე. ეს ფრაზები წარმოთქვა მაშინდელმა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სახლმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა ერმალო ჯაფარიძემ. აი, როგორი შინაარსის იყო მისი განცხადება: ის ამბობდა - “ჩემთან მოდიან აკადემიკოსები: ერთნი მთხოვენ შვილებისთვის სამოთახიან ბინებს, მეორენი - მშობლებისთვის უცხოურ ავეჯს, მესამენი - შვილიშვილებისთვის ავტომანქანა “ვოლგას” (აქ უნდა შევნიშნო, რომ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ამ მარკის მანქანის შეძენა მეტად პრესტიჟული მოვლენა იყო და ეს სიამოვნება მხოლოდ “ბედნიერ ვარსკვლავზე” დაბადებულებს ხვდებოდა წილად). მე მათ ყოველთვის ვერ ვუსრულებ ამგვარ თხოვნებს... ამ “ფონზე” მოდის ჩემთან აკადემიკოსი ელეფთერ ანდრონიკაშვილი და მთხოვს ფინანსირების გაზრდას ინსტიტუტისათვის; სამშენებლო მასალებს მშენებარე ობიექტებისათვის ბაკურიანსა და ცხრაწყაროზე, ლაბორატორულ ავეჯს ბირთვული რეაქტორისათვის და ასე შემდეგ. მე მას ვუსრულებ ყველა თხოვნას...”
იქ დამსწრე ყველა ფუნქციონერი ადასტურებდა, რომ თავისი პირადი საჭიროებისათვის აკადემიკოსი არაფერს თხოულობდა!..
ამ დროს მე ამოვილუღლუღე - ეს ხომ ცოტა არ არის დღევანდელ სიტუაციაში მეთქი...
ყველამ კარგად გაიგო, რასაც ვგულისხმობდი ამ ფრაზის მიღმა.
ყველა დამეთანხმა, რომ ელეფთერ ანდრონიკაშვილისათვის “დამატებითი” შემოსავლის ცნებაც კი არ არსებობდა და ეს მაშინ, როდესაც უკვე იგრძნობოდა, რომ მექრთამეობისა და კორუფციის მოსალოდნელი წარღვნა ქვეყანას წალეკვით ემუქრებოდა.
მომდევნო წლებში ავღანეთის ომმა დიდი დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკას, ხოლო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებამ, პრაქტიკულად, დაასამარა ერთ დროს ძლიერი კომუნისტური სახელმწიფოს მანქანა.
საქართველოს მთავრობის ყოფიერების ხილვამ ჩემზე ძლიერ დამთრგუნველად იმოქმედა. მე ცხადი სახით დავინახე ჩემი კოლეგების - ფიზიკოსების ადგილი ცხოვრების იერარქიულ კიბეზე, სადაც ჩვენ გვეკავა თითქმის სულ ბოლო საფეხური... და მაინც, რაც არ უნდა პარადუქსულად ჟღერდეს, მაშინ ამას სერიოზულ ყურადღებასაც კი არ ვაქცევდით.
სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ გასული საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში ფიზიკის ინსტიტუტის ბევრმა მეცნიერ-თანამშრომელმა დაწერა და წარმატებით დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. აქ უპრიანია იმის აღნიშვნაც, რომ იმ დროისათვის  უმაღლესი საატესტაციო კომისიის მოთხოვნები იყო მეტისმეტად მკაცრი და ამის მიუხედავად ქართველი ფიზიკოსების მიერ წარდგენილი ყველა სადისერტაციო ნაშრომი იყო მოწონებული და დამტკიცებული.
ამ პერიოდისათვის ფიზიკის ინსტიტუტის საშტატო განრიგი ითვლიდა ცხრაასამდე თანამშრომელს. ეს იყო ინსტიტუტის მთელი არსებობის მანძილზე პიკური მდგომარეობა. ამის შემდეგ იგრძნობოდა ინსტიტუტის, როგორც საერთო რიცხოვნობის, ასევე მატერიალური უზრუნველყოფის შემცირების ტენდენცია, რომელმაც კატასტროფული სახე მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ...
კიკეთის სამთავრობო აგარაკიდან რამოდენიმე დღის შემდეგ კვლავ ჩამოვედი ცხელ ქალაქში და მოთმინებით ვაგრძელებდი დაწყებულ სამსახურებრივ საქმიანობას, რისთვისაც “ჯილდოს” არც ველოდი, მაგრამ ჩემს მიერ იმ ცხელ ზაფხულში შესრულებული სამუშაოებისათვის ბატონი აკადემიკოსისაგან შენიშვნები რომ არ მიმიღია, ესეც დიდ ჯილდოდ მომეჩვენა. ამ ფრაზას აქ შემთხვევით არ ვწერ: ბატონი ელეფთერი იყო თავისი მოწაფეების მიმართ ყოველთვის მკაცრად მომთხოვნი და, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ხშირ შემთხვევებში, სამართლიანიც.

No comments:

Post a Comment