Sunday, August 29, 2010

2. აკადემიკოს ევგენი ხარაძის სტუმრობა რადიო-ქიმიურ ლაბორატორიაში

2. აკადემიკოს ევგენი ხარაძის სტუმრობა რადიო-ქიმიურ ლაბორატორიაში

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში უკვე შეინიშნებოდა “დათბობის” პერიოდი უცხოური ფირმების მიმართ, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლეოდათ შემოეტანათ საბჭოთა კავშირში უახლესი ელექტრონული ხელსაწყო-დანადგარები, განკუთვნილი სამეცნიერო კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად. ამ პერიოდისათვის თბილისში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე, გაიხსნა უცხოური ფირმების მიერ წარმოებული უახლესი ელექტრონული ტექნიკის გამოფენა-გაყიდვა. გამოფენის დახურვის შემდეგ აქ წარმოდგენილი ექსპონატები გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წამყვან ინსტიტუტებს.
ფიზიკის ინსტიტუტს ერგო ნახევარგამტარული Gე(Lი) დეტექტორი და 4096-არხიანი ანალიზატორი “თრიდაც”, მულტი-8 ტიპის მინი კომპიუტერით. ეს იყო უნიკალური კომპლექსი, განკუთვნილი მაღალი გარჩევისუნარიანობის გამა-სპექტრომეტრული გამოკვლევებისათვის. ამ დანადგარზე ჩვენს ლაბორატორიაში ორი-სამი ათეული წლის განმავლობაში სრულდებოდა გამოკვლევები, რომელთა შედეგებიც ქვეყნდებოდა უცხოეთის პრესტიჟულ ჟურნალებსა და მონოგრაფიებში.
ეს სპექტრომეტრი განთავსებულ იყო ბირთვულ რეაქტორთან არსებულ რადიო-ქიმიური ლაბორატორიის კორპუსში. აქ უადგილო არ უნდა იყოს იმის აღნიშვნაც, რომ გარეგნულად ეს ლაბორატორია არაფრით გამოირჩეოდა, მაგრამ აღჭურვილი იყო უძვირფასესი დანადგარებით, ბოქსებითა და კამერებით, რომელთა საბალანსო ღირებულება იმ დროისათვის შეადგენდა თვრამეტ-ოც მილიონ საბჭოთა მანეთს!
ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს ლაბორატორიაში, ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის მეგზურობით, მობრძანდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ევგენი ხარაძე.
ჩემთვის ეს იყო დიდი სიურპრიზი, რადგანაც აქამდე, ბირთვულ რეაქტორზე, ჩვენს ლაბორატორიაში, ასეთი მაღალი რანგის სტუმრის მობრძანება არ იყო ჩვეულებრივი ამბავი. აქამდე მე მიჩვეული ვიყავი ცნობისმოყვარე სტუმრებისათვის ჩვენი ლაბორატორიის ამოცანებისა და აქ მიღებული შედეგების შესახებ მოთხრობას ზოგადი, პოპულარული, ჟურნალისტური ფორმით. ამ სტილში ვაპირებდი პრეზიდენტთან საუბარს, მაგრამ სულ ჩქარა მივხვდი, რომ ეს გზა ამ შემთხვევაში ფუჭი იყო – პრეზიდენტი სულ უფრო ღრმა შინაარსიან შეკითხვებს იძლეოდა, რომლებზედაც პასუხი უნდა გამეცა პროფესიონალურ, ღრმა მეცნიერულ დონეზე. ეს საუბარი იმდენად შინაარსიანი გამოდგა, რომ მიიღო სრულიად არაფორმალური ხასიათი. ჩვენ უკვე ვსაუბრობდით ამ დანადგარით ვარსკვლავური გამოსხივების სპექტრების შესწავლის შესაძლებლობაზე და სხვა მრავალ კოსმოსურ პრობლემაზე, თანაც სულ აღარ მახსოვდა, რომ ვმსჯელობდი და პასუხებს ვეძებდი პრეზიდენტის შეკითხვებზე. იმ მომენტისათვის ბატონი ევგენი ხარაძე ჩემთვის იყო თანამოაზრე და თანასწორი პარტნიორი.
საუბრის ბოლოს, გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა, მისთვის დამახასიათებელი სიდარბაისლით, მადლობა გადამიხადა საინტერესო საუბრისათვის და წარმატება მისურვა შემდგომ საქმიანობაში.
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ჩემი ასეთი სითამამე უადგილოდ მოეჩვენა ბატონ ელეფთერ ანდრონიკაშვილს. მთავარი “ბრალდება”, რომელიც იმავე დღეს ტელეფონით წამომიყენა, მდგომარეობდა იმაში, რომ პრეზიდენტს მოვახსენე და გავაცანი ისეთი მონაცემები, რომლებიც, თურმე, “დამალული” მქონდა და თავის დროზე არ მომიხსენებია საკუთარი დირექტორისათვის...
ჩემი დანაშაული იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ბატონი ელეფთერი ერთი კვირის განმავლობაში ხმას არ მცემდა და თანაც არანაირი ბოდიშის მოხდა მე არ მშველოდა.
როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ღმერთი ჩემს მხარეს იყო და აი, ჩამოდის რეაქტორზე მიმდინარე სამუშაოების შემოწმების ტრადიციული კომისია პროფესორ მიხეილ ისაკის ძე პევზნერის თავმჯდომარეობით. ბატონ ელეფთერს სხვა გზა აღარ აქვს – უნდა შემირიგდეს...
მე დამევალა იმ ქვეკომისიისათვის ანგარიშგება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჩემი დიდი მასწავლებელი, იური იაკოვლევი. მისგან კვლავ მივიღე საქმიანი რჩევები და რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებითაც მომდევნო წლებში შევძელი რიგი პრინციპული საკითხების დაძლევა.
რაღა თქმა უნდა, ამ ქვეკომისიის დასკვნა, რბილად რომ ვთქვათ, იყო დადებითი. კომისია იწონებდა და მხარს უჭერდა თბილისის რეაქტორზე დაწყებულ აქტივაციური ანალიზის იმ ახალ მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავდა ბიომაკრომოლეკულების დაბალტემპერატურული ნეიტრონული-აქტივაციური ანალიზის მეთოდების დამუშავებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას.

No comments:

Post a Comment