Sunday, August 29, 2010

28. მეორედ მოსვლა


28. მეორედ მოსვლა

ფიზიკის ინსტიტუტის მშენებლობის ფინალურ ეტაპზე შექმნილი კრიტიკული სიტუაციის შესახებ მე უკვე ვწერდი წინა თავებში. მაშინ ეს “ომი” მოიგო ბატონმა ელეფთერმა. ამის შემდეგ ჩვენი ლაბორატორია კვლავ დააბრუნეს ატომური რეაქტორის ტერიტორიაზე. ამჯერად ჩვენ გვიბოძეს თვით რეაქტორის ძირითად კორპუსში ყველაზე პრესტიჟული, ეგრეთ წოდებული “ფრანგული ოთახი”. ამ ლაბორატორიას მაშინ ასე მოიხსენიებდნენ, რადგანაც რეაქტორის ნეიტრონული გამოსხივება უნდა გამოეყენებინათ ფრანგ მეატომეებს და იგულისხმებოდა, რომ მათთვის უნდა შეექმნათ მაქსიმალური კომფორტი ქართულ რეაქტორზე მუშაობის დროს. როგორც შემდეგ გამოირკვა, ფრანგი მეატომე-ფიზიკოსები აღარ ჩამობრძანდნენ საქართველოში და მათთვის განკუთვნილ ლაბორატორიაში “შეასახლეს” ჩვენი აქტივაციური ანალიზის პატარა ჯგუფი.
ამაზე იტყვიან ხოლმე, - ზოგი ჭირიც მარგებელიაო, - და ჩვენმა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა ტექნიკურად მოხერხებულ სიტუაციაში, რაც განპირობებული იყო ნიმუშების დასხივებისა და მათი სპექტრალური გამოსხივების გაზომვის უზრუნველყოფით. იმ დროისათვის, მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს მკაცრად აკონტროლებდა მთავრობა და ყოველწლიურად ხდებოდა კომპეტენტური კომისიების დაგზავნა ასეთ რეაქტორებზე მიმდინარე სამუშაოების სამეცნიერო და ტექნიკური მდგომარეობის შესამოწმებლად.
როგორც არაერთგზის ავღნიშნავდი, ბატონი ელეფთერის მიერ აღებული ვალდებულებები, თავისი ფართო დიაპაზონით და მოცულობით, ბევრად აღემატებოდა ინსტიტუტის რეალურ შესაძლებლობებს. მაშინ ექსპერიმენტული კვლევების მატერიალური უზრუნველყოფის სხვა გზა არ არსებობდა და როგორმე დირექტორს უნდა მოენახა ამგვარი ბარიერების გადალახვის გზები. ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იყო სწორედ ის, რომ უნდა “წამოეკიდა” ზურგზე ბევრად უფრო მძიმე ტვირთი, ვინემ ეს მის შესაძლებლობას შეესატყვისებოდა. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ჩინოვნიკები მიდიოდნენ დათმობაზე, მაგრამ რეაქტორულ გამოკვლევებთან დაკავშირებით კონტროლი იყო უმკაცრესი.
მიუხედავად ასეთი საფრთხისა, ბატონ ელეფთერს სხვა გზა აღარ ჰქონდა. უნდა დაერწმუნებინა ასეთი კომისიის თავმჯდომარე, რომ საჭირო იყო მისი მხარდაჭერაც. უმრავლეს შემთხვევებში ეს მეთოდიკაც მუშაობდა, მაგრამ, როგორც ცნობილ ანდაზაშია, - “კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანსო”, - დაახლოებით ასეთი სიტუაცია შეიქმნა ერთხელ ატომურ რეაქტორზე, როდესაც საკონტროლო კომისიას ხელმძღვანელობდა პროფესორი მიხეილ ისაკის ძე პევზნერი.
მიხეილ პევზნერი დაჟინებით მოითხოვდა რადიოქიმიური ლაბორატორიის ამუშავებას დღემოკლე რადიოაქტიური იზოტოპების საწარმოებლად მედიცინისათვის. საქართველოს რეაქტორს და რადიოქიმიურ ლაბორატორიას ავალებდნენ არა მარტო ჩვენი რესპუბლიკის მედიკოსთა მოთხოვნილებების, არამედ აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების მომხმარებელთა უზრუნველყოფასაც რადიონუკლიდური გამოსხივების წყაროებით.
იმ დროისათვის მოსკოველების დატვირთვა ამიერკავკასიის მედიკოსთა დაკვეთებით ხდებოდა დიდი მასშტაბებით და მოსკოვი ცდილობდა ამ დატვირთვისაგან თავის დაღწევას. ამისათვის ისინი თითს იშვერდნენ ფიზიკის ინსტიტუტის ადმინისტრაციის მისამართით და, კაცმა რომ თქვას, იურიდიულად მართლებიც იყვნენ.
რეალურად კი რადიოქიმიური ლაბორატორიის საპროექტო მასშტაბებით სრულყოფილად ამოქმედება საჭიროებდა როგორც მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე კამერებსა და ბოქსებში მანიპულატორებით მუშაობის ჩვევების დაუფლებას.
აქ უპრიანია შევნიშნოთ, რომ ეს ლაბორატორია აღჭურვილი იყო შვიდი “მძიმე” კამერით და ასევე შვიდი “მსუბუქი” ბოქსით. ორივე შემთხვევაში საჭირო იყო მექანიკური “ხელებით” მუშაობის ჩვევების გამომუშავება.
მძიმე კამერებში ოპერატორს შესაძლებლობა ჰქონდა ვიზუალურად დაემზირა მის მიერ წარმოებული ოპერაციები ტყვიით ლეგირებული სქელი, ნახევარმეტრიანი, ფანჯრის სარკმლიდან, ხოლო მსუბუქ ბოქსებში - ჩვეულებრივი მინის ფანჯრებიდან.
კამერები და ბოქსები ჩართული გახლდათ სპეც-ვენტილაციის სისტემაში, სადაც დაყენებული იყო საგანგებო ფილტრები, კორპუსკულარული მტვრის ნაწილაკების ჩასაჭერად. ასეთი დამცავი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, გამორიცხული იყო ატმოსფეროს ჰაერის დაჭუჭყიანება.
ამგავარ ლაბორატორიაში მოხმარებული წყალი კი გროვდებოდა სპეციალურ რეზერვუარში და მისი სისუფთავის კომპეტენტური კომისიის მიერ შემოწმების შემდეგ, ხდებოდა ჩვეულებრივი, საერთო კანალიზაციის ქსელში გაშვება.
ამ პრობლემას ასე დეტალურად იმიტომ აღვწერ, რომ იმ დროისათვის გავრცელებული ჭორების ფონზე, გამიჩნდა სურვილი მეთქვა მართალი სიტყვა ჩვენი საზოგადოებისათვის ამ პრობლემის შესახებაც.
აი, ასეთი, ტექნოლოგიური თვალსაზრისით რთული ობიექტის დაუყოვნებლივ ამუშავებას მოითხოვდა პროფესორ პევზნერის კომისია.
დიდი ომის შემდეგ მოსკოვმა უკან დაიხია. ისინი დარწმუნდნენ, რომ რადიონუკლიდების დიდი მასშტაბებით წარმოებას, არსებული მწირი დაფინანსების პირობებში, მამა ღმერთიც ვერ შეძლებდა. ეს ომი დამთავრდა ფრედ, მოსკოვსა და თბილისს შორის საყაიმო ანგარიშით ნულით-ნულზე.
ამის შემდეგ, ბატონების: ტრისტან ამბარდანაშვილის და მიხეილ კოლომიცევის პერსონალური ინიციატივით, მაინც მოხერხდა ტეხნეციუმის რადიოაქტიური პრეპარატების დამზადება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ორივე დიდი ინიციატორი ისე ჩქარა წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ საბოლოო ფაზა ტეხნეციუმის იზოტოპის მასობრივი წარმოებისათვის შეუსრულებელი დარჩა.
ახლა კი მომდგნენ მე, განსაკუთრებით ბატონი გენადი კიკნაძე, რადიოქიმიური ლაბორატორიის ამუშავების ორგანიზების მოთხოვნით.
დღეს უკვე კარგად ვიცი, რომ კიკნაძე-ლიტვინოვის კამპანია, პირადად ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული, თორემ მათ კარგად ესმოდათ დასმული ამოცანის უტოპიურობა. შედეგად ჩვენი ლაბორატორია რეაქტორის “ფრანგული” ოთახიდან გადაასახლეს რადიოქიმიური ლაბორატორიის გაგრძელებაზე მიშენებულ ორსართულიან “კიდობანში”. მიუხედავად ამ დუეტის მიერ გამოგონილი მრავალი პრობლემისა, ჩვენი ლაბორატორია მაინც ახერხებდა ექსპერიმენტალური კვლევითი ხასიათის სამუშაოების გაგრძელებას.
ამ რადიოქიმიის ლაბორატორიის მიშენებული ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე იყო მექანიკური სახელოსნო და სპორტული დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთით.
საოცარია, რომ კარსნის ლაბორატორიიდან დაწყებული ყველგან, სადაც ჩვენ ჯგუფს უწევდა მუშაობა, მაგიდის ჩოგბურთის სტანდარტული მაგიდა სახადი ანგელოზივით დამდევდა...
ამ მინაშენები კორპუსის მეორე სართულზე კი, იყო ოთახები ფიზიკური ხელსაწყო-დანადგარების განსათავსებლად.
მას შემდეგ, რაც კიკნაძე-ლიტვინოვის დუეტს მობეზრდა ჩვენთან მეზობლობა და გადავიდნენ ახალ, კეთილმოწყობილ მაღლივ კორპუსში, ჩვენს ლაბორატორიას ნება დართეს, ადრე მათ მიერ დაკავებულ “ოფისებში” ხელსაწყო-დანადგარების გადატანისა. სწორედ ასეთ ერთ-ერთ ნათელ ოთახში განვათავსეთ ფრანგული ნახევარგამტარული დეტექტორი და გამზომი ელექტრონული, იმპორტული ხელსაწყო-დანადგარები, რომელთა სამუშაო მდგომარეობაში ნახვა მოისურვა ჩვენი აკადემიის პრეზიდენტმა, ბატონმა ევგენი ხარაძემ, რაზეც უკვე მოვახსენე ჩემს მკითხველს ამ მემუარული რვეულის მეორე თავში...
გადიოდა წლები და ბატონ ელეფთერს ჩვენი ლაბორატორიის განთავსება ინსტიტუტიდან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიაზე უკვე გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა თავის თანამშრომლებთან ყოველდღიურ ურთიერთობის მხრივ. ამის გამო და იმის გათვალისწინებითაც, რომ ინსტიტუტში დასრულების ფაზასთან იყო მიახლოებული ლაბორატორიული კორპუსის მშენებლობა, ბატონმა ელეფთერმა მიბრძანა ამ მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულზე ნამდვილი ბიოფიზიკური და ბიოქიმიური ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად საჭირო დამხმარე მოწყობილობებისათვის ლაბორატორიის მოდიფიკაცია. საჭირო იყო წყლის, სავენტილაციო აგრეგატების და ამწოვი კარადების განლაგების დაპროექტება და დამონტაჟება ლაბორატორიის თემატიკის გათვალისწინებით. ამ სამუშაოს შესრულების ორგანიზაცია დამაწვა კისერზე მთლიანად მე და იძულებული ვიყავი დღე და ღამე მეთენებინა ინსტიტუტის მთავარ ინჟინრებთან პროექტის საბოლოო, მათთვის მისაღები, ვარიანტის შესაქმნელად. ამის შემდეგ კი კუდზე უნდა გამოვბმოდი მექანიკური სახელოსნოს მთავარ კონსტრუქტორს, ბატონ ალფრედ შტაერმანს, ტექნიკური პროექტის შესადგენად და მისი “გაცოცხლების” სამუშაოების დროულად შესასრულებლად. ძალიან დიდი დრო დასჭირდა პოლონური წარმოების ქიმიური ლაბორატორიის გაწყობას და გაშვებას. ყოველივე ეს სამუშაოები შევასრულე ბოლომდე და, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აქ ჩამოთვლილი პროცედურების პარალელურად, უყოყმანოდ უნდა დამეკმაყოფილებინა ჩემი ტიტულოვანი დირექტორის მოთხოვნილებებიც სამეცნიერო პროდუქციის გამოშვების კუთხით, მაშინ მკითხველისათვის ნათელი გახდება, რომ მე ვიწვოდი არა თუ ორ ცეცხლ შუა, არამედ ძლიერი ქარის მიერ გაავებულ ხამძარში...
დღეს როცა ვიხსენებ, თუ რა მოცულობის და სიძნელის სამუშაოების შესრულებას ვახერხებდი იმ დროისათვის, მართალი გითხრათ, მეც აღარ მჯერა, რომ ადამიანს შეეძლოს ასეთი დიდი დატვირთვისა და ფსიქოლოგიური სტრესის პირობებში ყოფნა. როგორც ჩანს, ახალგაზრდობის ასაკში ბევრი დაბრკოლების გადალახვა შესძლებია ადამიანს...
თავი რომ დავანებოთ მრავალი “წვრილმანი” ტექნიკური საკითხის მოსაგვარებლად დახარჯულ ენერგიას და ნერვიულ სტრესებს, რომლებიც მუდმივად თან მდევდა ამ ლაბორატორიის მოწყობის საქმეში, როგორც იქნა, დადგა საკითხი ლაბორატორიული ხელსაყწო-დანადგარების რეაქტორიდან ფიზიკის ინსტიტუტის ახალ კორპუსში გადმოტანის შესახებ. ეს სამუშაოები საჭიროებდა უზრუნველყოფას, როგორც ტექნიკით, ასევე სამუშაო ძალითაც. პირველ რიგში, საჭირო იყო მძიმე ცენტრიფუგების ტრანსპორტირება და მათი მონტაჟი უკვე ინსტიტუტის ხსენებული კორპუსის მეხუთე სართულზე. გარდა ამისა, საჭირო იყო ოპტიკური სპექტრომეტრებისა და სხვა მრავალი ხელსაწყო-დანადგარის გადმოტანა დაუზიანებლად. პარადოქსია, მაგრამ ეს მძიმე სამუშაოც შევასრულეთ “დანაკარგების” გარეშე. ამასთან ორი გიგანტური - ლუმინისცენტური და დიფრაქციული სპექტრომეტრების, რომელთაც მოვიხსენიებდი სიდიდის გამო, როგორც სპილოებს, - მეხუთე სართულზე ატანის არანაირი შანსი არ არსებობდა, რის გამოც ბატონი ვასილ ბრეგაძისათვის, როგორც ამ დანადგარების პატრონისათვის, გამოინახა ამ ახალი ლაბორატორიული კორპუსის პირველ სართულზე სამუშაო ფართი, სადაც დღესაც მუშაობს მის ექსპერიმენტატორთა მობილური ჯგუფი.
ჩვენი განყოფილების თანამშრომელთა კოლექტივი 1975 წლიდან უკვე მუშაობდა მთელი დატვირთვით. ამ დროისათვის ბატონი ელეფთერის ძალისხმევით კიდევ მერამდენედ, აკადემიკოს კირილინის განკარგულებით, მიღებულ იყო დადგენილება, ფიზიკის ინსტიტუტისათვის, მიზნობრივად, დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, კიბოს პრობლემაზე მიმდინარე სამუშაოების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით...
აი, ასეთი იყო ჩემი ფიზიკის ინსტიტუტში მეორედ მოსვლის ძირითადი მომენტები. ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კარგმა პირობებმა ასახვა ჰპოვა პრესტიჟულ უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში, ხოლო ჩვენი განყოფილების მეცნიერ-მუშაკთა უმრავლესობამ მოამზადა და წარმატებით დაიცვა სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციები.
ყოველივე ზემოთ აღწერილი მომენტების ფონზე, მე არ მინდა გარეშე მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება იმისა, რომ თითქოს ჩვენი ლაბორატორია განგების მიერ დაცული იყო “ავი თვალისაგან”. როგორც აღმოჩნდა, ჩვენს წინააღმდეგ მომართული შურის და მტრობის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა არც შინაურ და არც გარეშე ძალებს.
მე არ ვაპირებ ჩემი, ვითომდა კოლეგების მოღვაწეობის მეთოდების გამომზეურებას, მაგრამ არ შემიძლია, არ ავღნიშნო ველური ყაჩაღობის და ქურდობის მეტად საწყენი და დამაფიქრებელი ფაქტები, რომელთა შორისაც ყველაზე მტკივნეული აღმოჩნდა ჩემთვის იმ დროისათვის არსებული უმაღლესი კლასის კომპიუტერული ტექნიკისა და ქსეროკოპირების ძვირად ღირებული აპარატურის მოპარვა. ეს კომპიუტერული ტექნიკა შეძენილი გვქონდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მიერ G-408 გრანტის ფინანსური უზრუნველყოფის ფარგლებში.
აღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა, სულ ახალი, რამოდენიმე დღის შეძენილი და განთავსებული ციხის საკნების ტიპის, გისოსებით გაწყობილ და ორი რკინის კარებით აღჭურვილი ოთახიდან ისე მოიპარეს ქურდებმა, რომ მათი კვალი პროკურატურის გამოცდილმა გამომძიებლებმაც კი ვერ აღმოაჩინეს. ამ ძვირფასი ტექნიკის საბალანსო ღირებულება, იმ დროისათვის, იყო ორი ათას შვიდასი ამერიკული დოლარი და ამ თანხის გადახდა მეკისრებოდა მე, როგორც პროექტის მენეჯერს...
   

No comments:

Post a Comment