Sunday, August 29, 2010

32. დანართები

32. დანართები

აქ წარმოდგენილ დანართებში მე აღვწერ ჩემი მზრუნველი პაპების იმ ცხოვრებისეულ ეპიზოდებს, რომელთა მოწმეც თავად ვიყავი.
ჩემი პაპების სიჭაბუკის წლებში, მათ მიმართ გათამაშებული ამბების შესახებ, ინფორმაცია მოსმენილი მაქვს ჩემი მშობლებისაგან. ამ ინფორმაციის საფუძველზე, პაპაჩემების ცხოვრებისეული ეპიზოდების აღწერისაგან, ამჯერად, თავი შევიკავე.


I. ჩემი ილია პაპა

მე არ ვიცი ვაჟა-ფშაველას “გველის მჭამელში” სად გადის საზღვარი რეალობასა და მწერლის ფანტაზიას შორის, მაგრამ ჩემთვის ილია პაპა რომ იყო საოცარი შრომისმოყვარე კაცი და ნამდვილი კახელი მინდია, ამის დასტურად თავად ვარ მრავალი ეპიზოდის უშუალო მხილველი და მონაწილე, ხოლო დღევანდელი გადასახედიდან უკვე შესაძლებელია მათი ობიექტური ანალიზი.
ეს კაცი-ლეგენდა, გასაოცარ შრომისმოყვარეობასთან ერთად, გამოირჩეოდა ვენახის, ბაღ-ბოსტნისა და საერთოდ მცენარეების მოვლა-პატრონობის ღრმა ცოდნით. მისი დარგული მცენარის ნერგები ხარობდა დიდი ალბათობით. საზამთროს ბაღის მოვლა-პატრონობაში კი ბადალი არ ჰყავდა. გასული საუკუნის ოცდაათიანი წლებიდან, ახლად ჩამოყალიბებულ კოლმეურნეობაში, ისევე მუყაითად შრომობდა, როგორც ადრე “კერძოობის” დროს. ეს ტერმინი, კერძოობის დროის შესახებ, მაშინ ყველა გლეხის ლექსიკონში იყო პირველ ადგილზე წარმოჩენილი.
ჩვენი სოფლის კოლმეურნეობა მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე, დაახლოებით ხუთ ჰექტარ ფართობზე აშენებდა საზამთროს ბაღებს. ილია პაპა მუდმივად, უკონკურსოდ იყო ასეთი ბაღის პატრონი და გამგებელი. თავად უკეთებდა ორგანიზაციას საბაღე ტერიტორიის მომზადებას, ხვნას საბრუნი გუთნით, მდინარე ივრიდან სარწყავი არხის გამოყვანას, სავარგულის დაგეგმარებას და საზამთროსა და ნესვის თესვის ორგანიზებას.
ეს კაცი საგანგებოდ უვლიდა სათესლედ გამიზნულ საზამთროს. თესლს თვითონ ინახავდა მომავალ წელს დასათესად. მის მიერ დამზადებული თესლიდან მცენარის აღმოცენება ხდებოდა უპრობლემოდ. თესვის თავის ტექნოლოგიას დიდი მონდომებით უზიარებდა ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას. არავითარი საიდუმლო ან დასამალი ტექნოლოგია არ ჰქონია. მთავარი მაინც სათესლე ნაყოფის სწორად შერჩევასა და კარგად დამწიფებაში მდგომარეობდა.
იმ დროისათვის კახეთში გავრცელებული იყო საზამთროს ეგრეთ წოდებული ამერიკული ჯიში, გლეხები “ამერიკანკას” ეძახოდნენ. ეს საზამთრო იზრდებოდა მოგრძო, მუთაქის ფორმის მსგავსად და გამოირჩეოდა საუკეთესო გემოვნებით. დღეისათვის, მასობრივად გავრცელებული “მინაზოტის” ჯიშის საზამთრო, რომელმაც პრაქტიკულად დაავიწყა ამ დელიკატესის მოყვარულებს ნამდვილი საზამთროს ნამდვილი გემო, მაშინ, საბედნიეროდ, არ არსებობდა.
ივრის ბაღებიდან საზამთროს კრეფა გრძელდებოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში, პრაქტიკულად ოქტომბრამდე. მოყვანილი პროდუქტი, ჩალით მოწყობილი ურმებით მთელი სეზონის განმავლობაში მიჰქონდათ თბილისის რიყის ბაზრობაზე, გასაყიდად. ასეთი ურმების კოლონა სისტემეტურად ასრულებდა რეისებს მარშრუტით: იორი, საგარეჯო, სართიჭალა, თბილისი.
თბილისის მაშინდელმა მცხოვრებლებმა ურეკლამოდაც კარგად იცოდნენ, ვისი ბაღებიდან მოყვანილი პროდუქტი უნდა ეყიდათ. ივრის საზამთროს კონკურენციას ვერავინ უწევდა. ამ დელიკატესს ყოველთვის ჰყავდა თავისი გემოვნებიანი მყიდველი. შედეგად კი რიყის ბაზრობაზე შემოტანილი ეს პროდუქტი სულ რაღაც ორ-სამ საათში იყიდებოდა.
მეურმეები იმავე დღის საღამოს ბრუნდებოდნენ უკან. ღამეს ათევდნენ და ხარ-კამეჩს აძოვებდნენ ლოჭინის ხევის მიდამოებში. მეორე დილით კი კვლავ აგრძელებდნენ გზას ივრისაკენ. და ასე მეორდებოდა მთელი სეზონის მანძილზე.
ივრის საზამთროთი ასევე უპრობლემოდ მარაგდებოდა სოფლის სავაჭრო ცენტრი და თავად კოლმეურნეობის საწყობი. კოლმეურნეობის წევრთათვის განკუთვნილი საზამთროს ფასები იყო სიმბოლური და ამ პროდუქტით შეეძლო ესარგებლა ნებისმიერს. უნდა შევნიშნოთ, რომ ამ პერიოდისათვის ქურდობის, თაღლითობის და მომხვეჭელობის “ავადმყოფობა”, რომელიც ომისა და ომის შემდგომ პერიოდში მძვინვარებდა ქვეყანაში, დიდ სირცხვილად ითვლებოდა.
ილია პაპა, გარდა საზამთროს ბაღისა, ყოველდღიური პირადი მოხმარებისათვის აწყობდა პატარა ბოსტანს, სადაც მუდმივად ჰქონდა კიტრი, პამიდორი, ბადრიჯანი, ხახვი და ყველანაირი მწვანილი სადილის მოსამზადებლად. აქვე ზრდიდა ქათმის წიწილებსა და ინდაურის ჭუკებს. გაზაფხულზე გამოჩეკილი ფრთოსნები ადვილად იზრდებოდნენ კალიებისა და ჭიაღუების წყალობით და გვიან შემოდგომაზე, როცა უკვე მთავრდებოდა საზამთროს სეზონი, ამ პატარა ფრთოსნების მაგიერ, პაპას უკვე ჰყავდა ზრდადასრულებული შინაური ფრინველები.
საზამთროს სეზონის დასრულების შემდეგ, ბოსტნეულთან ერთად, განებივრებული შინაური ფრინველი ილია პაპას მოჰყავდა სოფელში და ამიერიდან მათ პატრონობდა ბებო.
კარგად მახსოვს ივრის პირებზე გალაღებული ფრინველები, განსაკუთრებით კი ინდაურები, როგორი მედიდურობით და ცინიზმით ექცეოდნენ ბებოს მიერ გამოზრდილებს, რომლებიც, მართლაც, საცოდავად გამოიყურებოდნენ იმათთან შედარებით.
ორიოდე ფრაზით უნდა მოვიხსენიო ის “სპექტაკლები”, რომელთაც ეს კაცი უმართავდა სოფლის ახალგაზრდობას.
მოგეხსენებათ, ოცდაათინი წლებიდან ომამდე პერიოდში გარე კახეთის სოფლებში ჯერ არ იყო გაყვანილი ელექტროგანათება. მამა-პაპური ნავთის ლამპა და სანთელი იყო ღამის განათების ერთადერთი, ტრადიციული საშუალება. მაშინ ტელევიზიის ხსენებაც კი არ იყო. ასეთ პირობებში მყოფი ახალგაზრდობა დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს ნებისმიერ სანახაობას, მათ შორის, მომკლების შრომასაც...
პურის მკის სეზონის დაწყებისთანავე გამოცდილი პროფესიონალები გადიოდნენ სამკალში სამუშაოდ.
ამ მისიას პირველი იწყებდა ჩემი ილია პაპა. პურის ყანის მკის დროს, მის მიერ ელვის სისწრაფით მოსრიალე ნამგლის მხილველები, თვალს ვეღარ აშორებდნენ ამ “სპექტაკლს”.
ეს კაცი-ლეგენდა ერთ ხელში იჭერდა მთლიან ძნას, მოხდენილად ჭრიდა და იმის უკან სოკოებივით იზრდებოდა მომკილი პურის ათეულები.
ცნობისათვის: მკითხველს უნდა ვაუწყო, რომ ათეული აერთიანებდა თერთმეტ ძნას, რომლებიც ისე ლაგდებოდა, რომ პურის თავთავები იკავებდა ცენტრალურ ზონას და ეს კეთდებოდა იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ წვიმის შემთხვევაში თავთავები დაცული ყოფილიყო დასველებისაგან. ათეულის პირველ ორ სართულზე ამ წესით იდგმებოდა ოთხ-ოთხი ძნა, ზემოდან ადებდნენ ჯერ ორს და ბოლოს კი, უკანასკნელ მეთერთმეტე ძნას, მთელი ათეულის ჩამკეტად. ამ წესით დაწყობილ ნამკალს ერქვა ათეული.
ილია პაპას უკან ათეულების სიმრავლე ისე იზრდებოდა, რომ დღის ბოლოსათვის მათი რაოდენობა აღწევდა ორმოცდაათ-სამოც ერთეულს. ეს იყო, ფაქტიურად, ერთ ჰექტარ ფართზე მოყვანილი ხორბლის მოსავალი.
ილია პაპას ჰქონდა ერთი საოცარი ჩვევა - ვერ იტანდა მოუვლელ სამუშაო იარაღებს. ნამგალი, ცელი, თოხი, ბარი და სხვა ყოველდღიური სახმარი იარაღები უნდა ჰქონოდა საგანგებოდ შერჩეული და ზედმიწევნით მოხერხებული ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად.
კარგად მახსოვს პაპაჩემის ნაქონი თოხი, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა მეზობლებში, რომლებიც ვენახების დამუშავების დროს რიგში იდგნენ ამ თოხის სათხოვნელად. მეც, პირადად, ჩემი სტუდენტობის დროს, სოფელში ჩასული, სიამოვნებით ვხმარობდი ხოლმე ამ მძიმე, პაპისეულ თოხს და ვრწმუნდებოდი, რომ ილია პაპას ტყუილად არ უყვარდა იმით მუშაობა. ეს თოხი იმდენად პოპულარული იყო, რომ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ვიღაც უცხო ხელმრუდე-ქურდბაცაცამ მოიპარა ეს უნიკალური ინსტრუმენტი.
თავიდანვე ავღნიშნავდი, რომ გარე კახეთში ვენახი დიდი იშვიათობა იყო. კოლმეურნეობის მაშინდელ ხელმძღვანელებს ხშირად სტუმრობდნენ პარტიული ფუნქციონერები, რომლებსაც უნდა გამასპინძლებოდნენ კოლმეურნეობის თავკაცები. ღვინის პრობლემა, ზემოდგომთა ყოველი ასეთი სტუმრობის დროს, დიდ დისკომფორტს უქმნიდა მასპინძლებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კოლმეურნეობის გამგეობამ გამოიტანა გადაწყვეტილება საკუთარი ვენახის გაშენების თაობაზე.
ამ ვენახის დაგეგმარება, ვაზის მომზადება და დარგვა კვლავ დაევალა ჩემს ილია პაპას. იმ დროისათვის ვენახის მავთულის შოვნა დიდ სიძნელეს წარმოადგენდა, რის გამოც გადაწყდა ვაზის ჭიგოზე აკვრა.
სოფლის ბოლოს კოლმეურნეობამ შეარჩია სავენახე ტერიტორია, რომელიც შემოღობეს ძეძვის მაღალი ღობით, დააბრუნეს ნიადაგი სავენახედ და დარგეს ვაზის ნამყენი. სამუშაოებს, დიპლომიან აგრონომებთან ერთად, უძღვებოდა ჩემი ილია პაპა, რომელსაც ჰქონდა ყველაზე პრესტიჟული “დიპლომი” _ ცოდნა და გამოცდილება.
ვენახი გამოვიდა ნამდვილად სანაქებოდ კარგი და მესამე წლიდან დაიწყო მსხმოიარობა. ამიერიდან კოლმეურნეობის თავკაცებს უკვე შეეძლოთ, დაუპატიჟებელი პარტიული სტუმრების გამასპინძლება საკუთარი ვენახის ღვინით. როგორც მახსოვს, ეს სტუმარ-რევიზორები დიდად კმაყოფილები რჩებოდნენ გარე-კახური ღვინით ქეიფის შემდეგ.
ჩემი ილია პაპა ვერ ეგუებოდა იმას, რომ პატარა ბავშვების პატრონ გლეხკაცს არ ჰქონდა საკუთარი ვენახი. პირველი, რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ ჩვენს ეზოში გაზრდილ უზარმაზარ პანტის ხეზე შეუშვა ვაზი. ასეთ ვაზს ის ეძახდა “შეშვებულს”. ეს ვაზი არც ისხვლებოდა და არც იწამლებოდა შაბიამნის ხსნარით. ყურძენს კი საკმაო რაოდენობით ისხამდა და ამით წლების მანძილზე დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა მე და ჩემს ორ პატარა ძმას.
ილია პაპას მაინც უნდოდა ნამდვილი ვენახის გაშენება. ამ მიზნით დააბრუნა ჩვენი ბოსტნის ფერდობზე მიწის ნაკვეთი და გაახარა ვაზი. მას არ მოსწონდა ჭიგოზე (სარებზე) აკრული ვაზი და ყოველნაირად ცდილობდა, შიდა კახეთში დამკვიდრებული წესით, მავთულზე გაწყობილი ვენახის გაშენებას. გამოსავალს მიაგნო ფათალოს ტიპის, - ამ ხეზე მცოცავი მცენარის, - გრძელი ღეროების გამოყენებით, რომლებითაც ჩაანაცვლა გამოიყენა მავთული და ეს პატარა ვენახი, სულ რაღაც ორასამდე ძირი ვაზით, გააწყო ისევე, როგორც ამას შიდა კახეთის გამოცდილი მეზვრეები აკეთებდნენ მავთულით. პაპაჩემის ამ გამოგონებას, ტრადიციულ მავთულთან შედარებით, უპირატესობაც კი ჰქონდა - მზისგან არ ხურდებოდა ისე, როგორც მეტალის მავთული და ვაზი მცხუნვარე მზის დაწვისაგან საიმედოდ იყო დაცული.
ბავშვებზე ზრუნვა პაპაჩემს წმინდათა-წმინდა მოვალეობად მიაჩნდა. მან მოინდომა ფუტკრის მოშენება. ამ მიზნით იყიდა ორი გეჯა ფუტკარი, სახლთან ახლოს მოაწყო პატარა და ლამაზი ბაღჩა-ბოსტანი, შემოფარგლა მშვენივრად დაწნული წნელის ღობით, დარგო სურნელოვანი ყვავილები, ვარდებისა და ბარამბოს ჩათვლით და იდეალური სისუფთავის პირობებში, ამ პატარა ბაღში ჩადგა ფუტკრის ეს ორი ოჯახი.
თაფლს, როგორც წესი, იღებდა ხოლმე ახალი წლის წინა კვირაში. ჩვენ, ბავშვები მოთმინებით ველოდით ახალი წლის მოახლოებას.
ომის დროსაც კი, დიდი გაჭირვებისა და შიმშილობის პირობებში, ახალ წელს, ერთი დღე მაინც იყო ისეთი, როდესაც უფროსები ბავშვებს გვიმასპინძლდებოდნენ განსაკუთრებული გულმოდგინებით. საახალწლოდ იკვლებოდა ღორი, თუკი ოჯახს ჰყავდა. ამიტომ ახალი წლის დადგომა, ბავშვებისათვის ყოველმხრივ სანატრელი იყო.
სამწუხაროდ, მოვლენების შემდგომმა განვითარებამ, 1942 წლისათვის, ჩვენი ოჯახის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთის მხრივ, ფრონტიდან მოსული სამწუხარო ამბავი, მამაჩემის მძიმედ დაჭრის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, ჩემი “მინდია” პაპას ველისციხის საავადმყოფოში სიკვდილის ამბავმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა...
ილია პაპა იმსხვერპლა კოლმეურნეობის მაშინდელი თავმჯდომარის მიერ ნასროლმა ტყვიამ 1942 წლის შემოდგომაზე.
ეს ტრაგედია ასე გათამაშდა: კოლმეურნეობამ ჩვენი ოჯახის მარჩენალი, ერთადერთი ფურ-კამეჩი, რომელსაც “გნოლიას” ვეძახოდი და, მართლაც, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სილამაზით, თავმჯდომარის განკარგულებით, შეაბა სახნავ გუთანში.
მეგუთნეების უგუნური მოპყრობით და იმის გამოც, რომ ეს კამეჩი არ იყო მიჩვეული უღელში შებმას, დაუწყლულდა კისერი და ერთ საბედისწერო დღეს დაეცა ნახნავში უგონოდ.
მეხრის მიერ ცემამაც ვერ აიძულა ეს საცოდავი ცხოველი, რომ  წამომდგარიყო და ასე უღელში შებმული ძლივსღა ფართხალებდა.
ხვნა მიდიოდა კოლმეურნეობის ვენახიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის დაშორებით, “კოხტა მუხის” სიახლოვეს.
პაპას მოუსმენია გუთნისდედის “რვასართულიანი” გინება ამ კამეჩის პატრონის მისამართით და ხელში აღმართული ორთითა ფიწლით, რომელსაც მუდმივად ატარებდა, მისულა გუთნისდედასთან და მოუთხოვია გნოლია-კამეჩის გამოხსნა უღლიდან.
ამ გუთნისდედას ცინიკურად უთქვია, - მაშინ შენ შეგაბამ უღელშიო, რის გამოც პაპაჩემს გაუწევია ამ ყიამყრალი ენის მქონე კაცის საცემრად...
ამ დროს მოუგელვებია ცხენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს და ისე, რომ არც კი გარკვეულა შექმნილ სიტუაციაში, ნაგანის ტყვიით დაუმსხვრევია პაპაჩემისათვის მუხლის სახსარი.
დაჭრილ კაცს დიდხანს უცურია საკუთარ სისხლში და დიდი დაგვიანებით მოუყვანიათ ურემი მის გადასაყვანად საცხოვრებელ სახლში.
მეორე დღეს ეს მძიმედ დაჭრილი და სისხლისგან დაცლილი მოხუცი, წაუყვანიათ ურმით ველისციხის საავადმყოფოში, სადაც ორი დღის შემდეგ განუტევებია სული ამ უბედურ ვარსკვლავზე დაბადებულ მშრომელ კაცს.
მოხუცი კაცის მკვლელი კოლმეურნეობის თავმჯდომარე გაასამართლეს 1943 წლის მარტში და მიუსაჯეს პირობითი სასჯელი, რამდენიმე წლით.
ამ უსამართლო განაჩენს დიდხანს აპროტესტებდა დედაჩემი, მაგრამ არც ერთ ინსტანციას ეს არ აწუხებდა, რადგან ქვეყანა აწარმოებდა სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გერმანელებთან...
აი, ასეთ დროს დაასრულა ცხოვრება “კახელმა მინდიამ” _ პაპაჩემმა, რომელსაც ამ ქვეყნად სიკეთის მეტი არაფერი დაუტოვებია...
სოხუმის სამხედრო ლაზარეთიდან მძიმედ დაჭრილი მამაჩემი გადმოიყვანეს თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ხანად ამ ჰოსპიტალში მუშაობდა დეიდაჩემი და, რომ არა მისი თავდადება, მამაჩემს ფეხს აუცილებლად მოჰკვეთდნენ. როგორც ჩანს, იმ ომისას, ტყვიით დაზიანებული კიდურების მკურნალობის ეს მეთოდი ხშირად გამოიყენებოდა...
პაპაჩემის მკვლელს და მის ოჯახს მკაცრად გაუსწორდა განგება. ეს უტვინო, კაცისმკვლელი პარტიული ფუნქციონერი ძალიან ჩქარა მოიკითხა მამაზეციერმა. არც მისი ოჯახის წევრებს უცოცხლიათ ნორმალური ცხოვრებით, მათაც დროზე ადრე მოუწიათ ამქვეყნიდან წასვლა...
გნოლია-კამეჩმაც ვერ გაუძლო იმ უბედურებას, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ოჯახს.
ერთ დღეს შავებში ჩაცმული ჩემი ბებო დაღვრემილი გაჰყურებდა სოფლის შარაგზას. იმ დროს, ალბათ, მხოლოდ თავის დაჭრილ შვილზე ფიქრობდა.
გნოლია-კამეჩი ნაღვლიანი თვალებით მივიდა ბებოსთან, დიდხანს უცქირა მის მწუხარე სახეს, შემდეგ მარჯვენა ხელზე მიადო ცხვირი და, იფიქრებდი, რაღაცის თქმას აპირებსო. ამის შემდეგ გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი, დაეცა უგონოდ და განუტევა სული.
ამ ამბავში ერთი სიტყვაც არ არის ყალბი და მოგონილი. ყველაფერი ეს მე კარგად მახსოვს დღესაც.
მოდი და, ამის შემდეგ ნუ იწამებ განგების სამართალს...


II. ჩემი მეორე პაპა - დავითი

ამ პატარა მოგონება-მოთხრობაში პაპაჩემ დავითს (დედის მხრიდან), რომელსაც “დათიას” ეძახოდნენ ახლობლები და ნაცნობები, მეც ასე მოვიხსენიებ. ეს იყო ჩემი ილია პაპასაგან სრულიად განსხვავებული ქცევისა და საქმიანობის კაცი.
ცხოვრებითაც, დათია პაპა ცხოვრობდა ჩვენი სოფლის თავში, თავის დროზე თავად ანდრონიკაშვილების მიერ აშენებულ სამეურნეო სახლში. ეს სახლი, როგორც ჩანს, განკუთვნილი იყო თავად _ მალხაზ ანდრონიკაშვილის ძირითადი რეზიდენციის მომსახურე პერსონალისათვის და სულ რაღაც ხუთი-ექვსი მეტრის დაშორებით ბატონის ძირითადი კაპიტალური ნაგებობის პერპენდიკულარულად იყო წამომართული. ამ დამხმარე ნაგებობის პირველი სართული ეკავა სარდაფებს, შინაური ცხოველ-ფრინველის სადგომად, ხოლო მეორე სართული კი მომსახურე პერსონალს და მათი ოჯახის წევრებს.
ამ სახლს ჰქონდა დიდი აივნები: ერთი აღმოსავლეთის მხარეს, ხოლო მეორე კი დასავლეთით. საცხოვრებლად გამოყოფილი იყო ექვსი ოთახი-დარბაზი, რომლებიც აღჭურვილი იყო შესანიშნავად გაწყობილი ბუხრებით.
შენობა აშენებული იყო ქართული, ოთხკუთხა აგურით. იატაკები და ჭერი ამ საერთო საცხოვრებელს ჰქონდა მთლიანად მუხის მასალით გაწყობილი, კედლების სისქე იყო ასოცი სანტიმეტრი და ოთახები შესანიშნავად იყო დაცული გარემოს ტემპერატურის მერყეობისაგან.
აი, ასეთ ნაგებობას, ეწოდებოდა დამხმარე სამეურნეო საცხოვრებელი!..
აქვე მინდა, მკითხველს მოვუთხრო თავადის ძირითადი რეზიდენციის ზოგიერთი საინტერესო დეტალი. შენობა აგებული იყო მთლიანად ტრადიციული ქართული აგურით. ნაგებობა იყო ძირითადად ორსართულიანი, კარგად გაწყობილი ხის მასალისაგან დამზადებული კარ-ფანჯრებით, იატაკით და შიდა კიბეებით. ამ შენობას ჰქონდა დამონტაჟებული, მთლიანად მიწის სიღრმეში, თერმოიზოლირებული სარდაფი, სადაც წლის ნებისმიერ დროს იყო ერთი და იგივე ტემპერატურა ათი გრადუსის სიახლოვეს. ეს იყო, პრაქტიკულად, ბუნებრივი თერმოსი, სადაც ინახებოდა ღვინო და ყველანაირი ხილი თავადური მოხმარებისათვის.
ამ სათავადო რეზიდენციის ყველაზე დიდი მშვენება, ჩემის აზრით, იყო ჩრდილოეთის მხარეს არსებული ვრცელი აივანი, მუხის მასალისაგან დამზადებული სვეტებით, რომლებიც მოგვაგონებდა ძველი საბერძნეთის ნაგებობებს, იმ განსხვავებით, რომ ეს იყო მუხის გულისაგან გამოჩარხული სვეტები და არა გრანიტის კონსტრუქციები. ამ აივნიდან უღრუბლო ცის პირობებში, როგორც ხელისგულზე, ისე ჩანდა კავკასიონის თოვლით დაფარული მთები. ამასთან ჩრდილოეთიდან მონაბერი გრილი ნიავი, მით უფრო, ზაფხულის პაპანაქებაში, იმდენად სასიამოვნო იყო, რომ წუთიერად დაგავიწყებდა კიდეც სულის შემხუთავ სიცხეს.
საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გართულების დროს, თავადმა მალხაზ ანდრონიკაშვილმა თავს უშველა სპარსეთში გაქცევით, ხოლო თავადის მეუღლე, კნეინა ანდრონიკაშვილი, როგორც სოფელში მოიხსენიებდნენ, გადასახლდა თბილისში საცხოვრებლად და იქ სიღატაკეში დაასრულა ცხოვრება.
ამ თავადის ძირითად რეზიდენციაში კომუნისტებმა გახსნეს საშუალო სკოლა, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და ემსახურება გარე კახეთის რამოდენიმე სოფლის მოსწავლე-ახალგაზრდობას.
მდინარე ლაკბის ხევიდან, ხელის კონვეიერით მოზიდული (რამდენიმე კილომეტრზე ჩამწკრივებული გლეხები ერთმანეთს აწვდიდნენ ქვებს) და აგებული თავადის დიდი გალავანი, შემდეგ მოსახლეობამ დაანგრია და საკუთარი საცხოვრებელი სახლების აშენების დროს გამოიყენა ძირითად საკედლე მასალად. დღეისათვის შემორჩა, ჩემი დათია პაპას მიერ თავის ვენახთან არსებული, ამ გალავნის ნაწილი, დაახლოებით ორმოცდაათი მეტრი სიგრძის, რომელიც პაპაჩემს არ დაუნგრევია და ნებისმიერ სოფლის წარსულით დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია, უპრობლემოდ, დაათვალიეროს ამ ნაკეთობის კონსტრუქციული ელემენტები. ეს კედელი _ გალავანი ორასზე მეტ წელიწადს ითვლის და ყოველგვარი სარემონტო სამუშაოების გარეშე დღესაც “ცოცხალ” მოწმედ და მყარად დგას, როგორც ნიმუში იმდროინდელი მშენებელ-კალატოზების დიდი ოსტატობისა. დღეს რომ ჩვენს დედაქალაქში სოკოებივით მრავლდება უსახური და საეჭვო მდგრადობის კონსტრუქციის მაღლივი ნაგებობები, ჩემში, პირადად, შიშზე და შეშფოთებაზე მეტ რეაქციას ვერაფრით იწვევს...
თავადების მიერ აშენებული სამეურნეო დანიშნულების შენობა დღეს უკვე აღარ არსებობს. მისმა მცხოვრებლებმა ეს სახლი, ყველამ ცალ-ცალკე დაანგრია და ძვირფასი სამშენებლო მასალები გამოიყენა საკუთარი ორსართულიანი სახლების ასაშენებლად, რომლებიც სოკოებივით წამოიზარდა თავადის ისტორიული გალავნის კედლების გარეთ, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე.
მეორე მსოფლიო ომის დროს - 1942 წელს ამ სკოლას გარს შემოავლეს ღრმად გათხრილი სანგრები. წამოჩიტებულ ბიჭებს, რომლებსაც ჯერ მუდმივ სამხედრო სამსახურში ვერ იწვევდნენ ასაკის გამო, ადგილობრივი ინსტრუქტორები ავარჯიშებდნენ შაშხანიდან ტყვიის სროლაში. შაშხანები იყო საბრძოლო ფორმაში, ყმაწვილებისათვის საკმაოდ მძიმე ინსტრუმენტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთ შაშხანებს ლულის ბოლოს მორგებული ჰქონდა საბრძოლო ხიშტები. ბიჭებს შეეძლოთ ასეთი შაშხანიდან ტყვიის სროლა მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში, იარაღის ჩამოდებით გრუნტის ზედაპირზე. ყოველ ყმაწვილს ჰპირდებოდნენ ხუთ-ხუთი საბრძოლო ვაზნის მიცემას მტრის შეტევის მოსალოდნელი დაწყების შემთხვევაში. ალბათ, იგულისხმებოდა, რომ მეტ გასროლას ეს ბავშვები, გაწვრთნილი გერმანელი ჯარისკაცების შეტევის დროს, ვერც მოასწრებდნენ!.. საბედნიეროდ, არც სანგრები და არც შაშხანები, როგორც ცნობილია, ამ სკოლის მოსწავლეებს აღარ დასჭირვებიათ. გერმანელებთან ომის სისხლიანი სპექტაკლი გათამაშდა კავკასიის მთების ჩრდილოეთით...
დათია პაპა დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა კოლმეურნეობაში შესვლისაგან. ეს ჭირვეულობა არ მოსწონდა პარტიულ ფუნქციონერებს. ისინი, ძალიანაც რომ სდომებოდათ, ვერაფერს კრიმინალურს ვერ პოულობდნენ ამ გლეხი კაცის გასაციმბირებლად. ჩამოძენძილი ტანსაცმლით, საკუთარი ხელით ამოსხმული ქალამნებისა და შრომისაგან დაკოჟრილი ხელების პატრონისათვის კულაკის კვალიფიკაციის მინიჭებას მაშინდელი პარტიული ბოსები ვერაფრით დაასაბუთებდნენ. ამ გლეხკაცთან ბრძოლის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მათ ჰქონდათ, იყო ფინ-აგენტის მიერ გაბერილი გადასახადების შეწერება.
მწარედ მახსოვს, როგორ შემაცდინა ერთხელ ასეთმა “ჭკვიანმა” ფინაგენტმა და როგორ გამატანა დათია პაპასთან ახალი, გადიდებული გადასახადების ბლანკები. როდესაც ეს საბუთები მივუტანე პაპაჩემს, სასტიკად გამიბრაზდა და უკან გამომაგდო ამ ბლანკებიანად ფინაგენტთან. მე ტირილით მივუტანე ეს ქაღალდები ამ “ხულიგან” ფინაგენტს და ვუთხარი, რომ მეტად აღარ მოეცა ჩემთვის ასეთი საშარო ქაღალდების შეკვრა.
ამგვარი უსამართლობის გამო პაპაჩემმა იჩივლა სასოფლო საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც ჩქარა გაერკვა საქმის არსში. აღმოჩნდა, რომ ეს “ჭკვიანი” ფინაგენტი ხელოვნურად ბერავდა გადასახადების მოცულობას, არა მარტო პაპაჩემისათვის, არამედ სხვა რამოდენიმე შეძლებული ოჯახისთვისაც.
ბოლოს და ბოლოს, დათია პაპას მოსწყინდა პარტიულ ფუნქციონერებთან “ომის” წარმოება და 1943 წელს შევიდა კოლმეურნეობაში სრულუფლებიან წევრად. მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა,  ბოლომდე დარჩა კოლექტიური მეურნეობის წინააღმდეგი და ისე გარდაიცვალა, რომ ვერაფრით ვერ გაიგო, თუ რატომ უნდა ყოფილიყო უკეთესი ბევრი ზარმაცისა და უსაქმურის გვერდით შრომა!..
ზემოთ ხსენებული გალავნის სიახლოვეს დათია პაპას მუდმივად ჰქონდა საკუთარი ვენახი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ სოფელში ვაზის გახარება დიდი იშვიათობა იყო. ამ ვენახის ერთ ნახევარში გაშენებული ჰქონდა მწვანე ყურძნის ჯიშის ვაზი, ხოლო მეორეში კი ტრადიციული კახური რქაწითელი. ვენახი გაწყობილი ჰქონდა სარ-ბოძებზე გაჭიმულ მავთულებზე, შიდა კახეთში გავრცელებული წესის შესაბამისად. ამ ვენახის ღვინო, სწორედ იმიტომ, რომ მზადდებოდა ორი ტრადიციული საღვინე მასალისაგან, გამოდიოდა სასიამოვნო არომატით და საკმაო სიმაგრით. მწვანე ჯიშის ვაზი უფრო მეტ ყურადღებას და მოვლა-პატრონობას საჭიროებდა, ვიდრე რქაწითელი; მაგრამ დათია პაპას შრომა და გარჯა არასოდეს ეზარებოდა, ამის გამო მისთვის მწვანე ვაზის მოვლა არ იყო პრობლემური.
ზემოთ ხსენებული გალავნის სიახლოვეს დათია პაპას მუდმივად ჰქონდა საკუთარი ვენახი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ სოფელში ვაზის გახარება დიდი იშვიათობა იყო. ამ ვენახის ერთ ნახევარში გაშენებული ჰქონდა მწვანე ყურძნის ჯიშის ვაზი, ხოლო მეორეში კი ტრადიციული კახური რქაწითელი. ვენახი გაწყობილი ჰქონდა სარ-ბოძებზე გაჭიმულ მავთულებზე, შიდა კახეთში გავრცელებული წესის შესაბამისად. ამ ვენახის ღვინო, სწორედ იმიტომ, რომ მზადდებოდა ორი ტრადიციული საღვინე მასალისაგან, გამოდიოდა სასიამოვნო არომატით და საკმაო სიმაგრით. მწვანე ჯიშის ვაზი უფრო მეტ ყურადღებას და მოვლა-პატრონობას საჭიროებდა, ვიდრე რქაწითელი; მაგრამ დათია პაპას შრომა და გარჯა არასოდეს ეზარებოდა, ამის გამო მისთვის მწვანე ვაზის მოვლა არ იყო პრობლემური.
მიუხედავად იმისა, რომ დათია პაპას თავისი საკუთარი ვენახის ღვინო ყოველთვის ჰქონდა, კარგად ხვდებოდა, რომ საჭირო იყო კიდევ სხვა გზების გამონახვა მისი სტუმრიანი ოჯახისათვის ღვინის პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად. სწორედ ამ მისიით ყოველწლიურად, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, რთვლის დაწყებისთანავე მიდიოდა კამეჩების ურმით გურჯაანში სამუშაოდ. ალაზნის ველიდან ყურძნით დატვირთული გოდრები მოჰქონდა ზემო გურჯაანში მცხოვრები ოჯახების დაკვეთით. მისი მომსახურების პირობა ასეთი იყო: ერთი გოდორი ყურძნის გადასახადი უნდა ყოფილიყო ერთი ხელადა (ორი ლიტრი) ღვინო, მას შემდეგ, რაც ეს მოსავალი დაღვინდებოდა. ამრიგად, ის ასწრებდა ყოველდღიურად ალაზნის ველიდან ორჯერ ხუთ-ხუთი გოდორი ყურძნის ამოტანას ზემო გურჯაანში. ყოველდღიურად მის საბუღალტრო აღრიცხვის ბლოკნოტს ემატებოდა საშუალოდ ოცი ლიტრი ღვინის მარაგი. მთელი თვის განმავლობაში ამ წესით გამომუშავებული პროდუქტი შეგროვილი ჰქონდა მოყვრის მარანში, საკმაოდ დიდ ქვევრში და მუდმივ საცხოვრებელ სახლში ამოჰქონდა საჭიროების მიხედვით, დიდი ტიკებით. ასე იქცეოდა ეს ჭკვიანი მშრომელი კაცი იმ დროს, როდესაც ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში, მეტად დამძიმებული იყო უმეტესი ოჯახებისათვის.
ეს დაუღალავი მშრომელი კაცი ზამთრის მოახლოების დროს, ნოემბერ-დეკემბერში, გადადიოდა შეშის დამზადებაზე. შეშას ამზადებდა არა მარტო საკუთარი ოჯახის საჭიროებისათვის, არამედ გასაყიდადაც. მისი კლიენტები იმ დროისათვის იყვნენ, პირველ რიგში, საშუალო სკოლის მასწავლებლები, თავად სკოლის დირექცია საკლასო ოთახების გასათბობად ზამთრის პერიოდში და სოფლის მოსამსახურეთა მცირერიცხოვანი პერსონალი, რომელთაც ჰქონდათ საკმაო ფული ასეთი სიამოვნების მისაღებად. იმ დროისათვის შეშის დამზადება მამა-პაპური ცულით დიდად შრომატევადი და დამქანცავი იყო. განსაკუთრებით ჭირდა დიდი ზომის ხეების მოჭრა და დამუშავება. მაშინ ელექტროხერხები არ არსებობდა, თორემ დღემდე ტყეები ვეღარ მოაღწევდნენ _ სულ, ტოტალურად განადგურდებოდნენ, როგორც ეს ახლა ხდება!..
დათია პაპას საოჯახო სამეურნეო საქმიანობაში მეფუტკრეობაც იყო საკმაოდ მაღალ დონეზე წარმოდგენილი. მას ჰქონდა ოცამდე თანამედროვე, ორსექციიანი ფუტკრის სკა და ყოველწლიურად დამზადებული თაფლით არა მარტო საკუთარ ოჯახს აკმაყოფილებდა, არამედ ჰყიდდა კიდეც. იმდენი დრო არ ჰქონდა, რომ ზაფხულის პერიოდში ფუტკრის სკები გადაეტანა ყვავილოვანი კულტურების სიახლოვეს. ასეთ კულტურებად გარე კახეთში ითვლებოდა, პირველ რიგში, მზესუმზირა და სამყურა-იონჯის ნათესები.
განსაკუთრებით დიდი გვალვების დროს, ზამთრისათვის შინაური ცხოველების ბაგური კვებისაგან თავის დასაღწევად, ეს მეურნე კაცი ახერხებდა საქონლისა და ცხვარ-ბატკნის გადარჩენას მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროს ჭალებში, ერთი ნაცნობი თათრის, რომელსაც მაჰმუდს ეძახოდა, დახმარებითა და ხელშეწყობით. დათია პაპა თავისი პირადი სარგებლობის საქონელს _ კამეჩებს, ცხვარსა და თხას აბარებდა გამოსაზამთრებლად ამ მარტოხელა თათარს, რომელიც ყოველთვის დიდად ეხმარებოდა ძნელბედობის ჟამს. სხვათაშორის, ამ მაჰმუდმა ას წელზე მეტხანს იცოცხლა და პაპაჩემის გარდაცვალების დროს მოვიდა სამძიმარზე ქართული ტრადიციების ყველა ნიუანსის დაცვით, ხოლო პაპას დაკრძალვის დღეს გულწრფელად დაიტირა თავისი ერთგული მეგობარი.
დავუბრუნდეთ პაპას ცხოვრებისეულ შემოდგომა-ზამთრის პერიოდს. შემოდგომაზე ძირითადი მოსავლის _ სიმინდის, კარტოფილის, ჭარხლის და სხვა ბოსტნეულის აღების, აგრეთვე ვაშლის, მსხლის და კაკლის მოსავლის დაბინავების შემდეგ, ვაზების სიახლოვეს თესავდა ბოლოკს, საგვიანო მწვანილეულს და ოჯახის საჭიროების გათვალისწინებით სხვა სურნელოვან თუ სანელებელ მწვანილეულობას. ამასთან ერთად ასუფთავებდა ბაღსა და ბოსტანს ზედმეტი სამეურნეო კულტურების ნარჩენებისაგან. გვიან შემოდგომაზე დათია პაპას ვენახის ნახვას არაფერი სჯობდა. ის უკვე იყო გულიანად მოვლილი და მომზადებული სამომავლოდ.
ზამთრის დადგომასთან ერთად დიდი ღამეების დროს, საჭირო იყო რაიმე ღირებული საქმის კეთება. ამ დროისათვის პაპაჩემი ამზადებდა ძვლის ყაისნაღებს წინდის ქსოვისათვის დიასახლისების “შესაიარაღებლად”; წნავდა ლაზათიან კალათებს თხილის ღეროებიდან საგანგებოდ გამოხდილი ლარტყებისაგან; ამზადებდა ახალ გოდრებს ყურძნის საკრეფად მომავალი წლისათვის.
დათია პაპა საგანგებოდ ემზადებოდა საახალწლოდ მრავალრიცხოვანი სტუმრის მისაღებად და გასამასპინძლებლად. ამ მიზნით ყოველთვის ჰყავდა ორი-სამი ნასუქი ღორი დასაკლავად.
ბებო კი ბრწყინვალედ ართმევდა თავს ხუთასზე მეტი ჩურჩხელის გავლებას, რომლებსაც დიდი ოთახის ბუხრიან დარბაზში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ცენტრალურ კაუჭზე ჰკიდებდა. ასეთივე წესით ინახავდა ლეღვისა და ატმის ჩირების უშველებელ ასხმებსაც, ჩურჩხელების გვერდით, კაუჭზე ჩამოკიდებულს.
ყურძნის ჯაგნები ინახებოდა ბეღლის სიახლოვეს, მაღალ ბოძზე განთავსებულ გოდორში ჩიტებისა და სხვა მავნებლებისაგან დაცვის მიზნით, ჯაგნებად ასხმული სახით. სხვათა შორის, ამ წესით შენახული ყურძენი, საახალწლოდ ისე გამოიყურებოდა, რომ ახალი დაკრეფილი გეგონებოდა.
თავად ახალი წლის დადგომა ბავშვებისათვის იყო დიდად სასურველი და სანატრელი დღე.
ახალი წლის ზეიმი დათია პაპას სახლში გრძელდებოდა ერთი კვირის მანძილზე. აქ იკრიბებოდნენ ბევრი ნათესავები და ახლო მეგობრები. ახალი წლის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, კვლავ იწყებოდა გლეხი კაცის, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმით ცხოვრება...
აი, ასეთი მახსოვს ახალი წლის ზეიმები პაპაჩემის ოჯახში.
გადიოდა წლები, პაპაჩემი ჩვეული ენერგიით ვეღარ მუშაობდა. ამას მტკივნეულად განიცდიდა. ბებოს უდროოდ გარდაცვალებამ საბოლოოდ გაანადგურა ეს ჭკვიანი, დაუღალავი, მშრომელი კაცი...
დათია პაპას სიკვდილის შემდეგ აწყობილი საოჯახო მეურნეობა მთლიანად მოიშალა.
პაპაჩემის ხელი, პირველ რიგში, დააკლდა ფუტკრის ოჯახებს. ორ წელიწადში ყველა სკა გახდა უსიცოცხლო.
შემდგომი ტრაგედია გათამაშდა პაპას საყვარელი კამეჩების მიმართ, რპმლებსაც, ფაქტიურად, აღარავინ უვლიდა და მათი ხსენებაც კი დაავიწყდა პაპაჩემის მესამე თაობას.
ვენახი და ბაღ-ბოსტანიც დარჩა მოუვლელი.
ერთ დროს აყვავებული ბაღ-ვენახი სარეველა მცენარეებისა და მეზობლების შინაური ცხოველების სათარეშოდ იქცა.
ცხვარ-ბატკანზე კი ოცნებაც აღარ შეიძლებოდა.
ერთადერთი, რაც პაპას ერთ დროს სანაქებო და შეძლებული ოჯახიდან დარჩა, იყო მხოლოდ ქათმები და მათი წიწილები.
დათია პაპას დატოვებული მესამე თაობის ყმაწვილები, უკვე მხოლოდ იმაზეღა ოცნებობდნენ, როგორ ეშოვათ თავშესაფარი ქალაქში საცხოვრებლად.
სოფელში გავრცელდა ნარკომანიის “ეპიდემია”. ახლა ჯანღონით სავსე ახალგაზრდობა მხოლოდ ამ საწამლავის შოვნაზე ხარჯავდა დროს და ენერგიას. მოვიდა ეს დიდი უბედურება და ბაღ-ვენახები დარჩა სრულიად უპატრონოდ.
აი, ასეთი სავალალო აღმოჩნდა ჩვენი ახალგაზრდობისათვის ავღანეთის ავანტიურისტული ომის გამოძახილი. ამ ომმა, როგორც ცნობილია, მრავალი კავკასიელი ყმაწვილის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო ნარკოტიკებისათვის მწვანე შუქის ანთებამ, როგორც კიდევ ერთ-ერთმა დიდმა უბედურებამ, წალეკა კავკასიის რეგიონში მცხოვრები ბევრი ყმაწვილის და გოგონას ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა.
აი, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა, ერთ დროს, ძნელბედობის ჟამსაც კი, ჭკვიანი კახელი გლეხის მიერ აწყობილი საოჯახო მეურნეობის აღსასრული, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ, სამუდამოდ მოიშალა და განადგურდა...

(მემუარული რვეულის დასასრული)




No comments:

Post a Comment