Sunday, August 29, 2010

19. ლტოლვილი მგლები


19. ლტოლვილი მგლები

გერმანელების მიერ ჩრდილო კავკასიაში წარმოებული ომის დროს, ლტოლვილებად იქცნენ არა მარტო ადამიანები, არამედ გარეული ცხოველებიც. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ სტატუსით აიკრა გუდა-ნაბადი და გადმოსახლდა სამხრეთ კავკასიონზე, იყო მგელი.
ცნობილია, რომ ადგილობრივ მგლებს მკაცრად ჰქონდათ გამიჯნული ყოველი ოჯახის მოქმედების არეალი და ლტოლვილი მგლებისათვის თავშესაფრის მოძებნა არ იყო მარტივად გადასაწყვეტი საკითხი.
ეს სირთულე კარგად ესმოდა ლტოლვილ მგლებსაც და ამის გამო ისინი გაერთიანდნენ დიდ ჯგუფებად _ ხროვებად. უცხო მხარის ამ მგლის ხროვებს შემუშავებული ჰქონდათ ნადირობის ორიგინალური სტრატეგია, რომლითაც შეეძლოთ მსხვილფეხა რქიან პირუტყვზე, კამეჩის ჩათვლით, წარმატებული ნადირობა. მგლის რამდენიმე ხროვამ აითვისა არა მარტო შინაურ ცხოველებზე ნადირობის ტექნიკა, არამედ ცხენზე ამხედრებული მეცხვარე-მწყემსის ცხენ-კაციანად დამორჩილების მეთოდიკაც.
ამ ტექნოლოგიით, მგლის ხროვა გარს ერტყმოდა მსხვერპლს. მათ მიერ შექმნილი წრე თანდათანობით იკუმშებოდა, რის შემდეგაც ცხენიან კაცს გაქცევის საშუალებაც აღარ ჰქონდა.
მსხვერპლის დამორჩილების პირველი პროცედურა იწყებოდა გამოცდილი მხეცის მიერ ცხენის ყელის გამოღადრვით.
უჰაეროდ დარჩენილი საბრალო ცხოველი უმოწყალოდ ეცემოდა, თავის მხედრიანად, მიწაზე.
შემდგომი პროცედურები უკვე მარტივი იყო _ მგლების ხროვა, უკვე უპრობლემოდ, ახერხებდა ცხენ-კაცის შეჭმას.
ტრაგედიის ადგილზე რჩებოდა მხოლოდ ცხენის ჩლიქები და უნაგირი, აგრეთვე მხედრის _ მეცხვარის ტანსაცმლის ნაფლეთები, გამოუყენებელი თოფის ჩათვლით.
მსგავსი ინცინდენტების შემდეგ, მეცხვარეები ერიდებოდნენ ღამით მგზავრობას.
შირაქის ზამთრის საძოვრებზე, უცხო ტომის მგლის ხროვების თარეშის შემდეგ, შექმნილი სიტუაცია ძვირი უჯდებოდა არა მარტო მწყემსებს, არამედ მთელი კახეთის მოსახლეობას.
გათავხედებული მგლები იმასაც კი ახერხებდნენ, რომ ღამით შედიოდნენ ცხვრის ზამთრის ფარეხებში და მუსრს ავლებდნენ ცხვარ-ბატკანს.
ათეულობით ცხვარს და ბატკანს, მგლის მიერ უმოწყალოდ ყელგამოღადღულს, მწყემსები უკვე დილით ნახულობდნენ ზამთრის ფარეხებში.
მგლების ამგვარი თარეშის შემდეგ მთავრობა იძულებული გახდა დაეწესებინა ფულადი ჯილდო იმ მონადირეებისათვის, რომლებიც ჩააბარებდნენ მგლის ტყავს.
ამ მეთოდმა გაამართლა და ზოგიერთი გამოცდილი მონადირე წარმატებით ართმევდა თავს ამ ამოცანას.
მგლების თარეში კახეთში დასრულდა სამოციანი წლებისათვის. ამ კამპანიამ მგლების განადგურების შესახებ და დაწესებული ჯილდოების გაუქმებამ, უკვე სამოცდაათიანი წლებიდან, გადაარჩინა მგლების რამოდენიმე ოჯახი სრული მოსპობას.
მგლის პრობლემა საქართველოში დღეს უკვე საბოლოოდ მოგვარებულად ითვლება.
ეკოლოგები დღეს მგელს მიიჩნევენ ბუნების სანიტრად.
მგლის ფენომენის დამცველები ამტკიცებენ, რომ ეს ჭკვიანი ცხოველი ასრულებს სანიტრის ფუნქციას - მხოლოდ ავადმყოფ გარეულ ცხოველებს ანადგურებს და ამ გზით ხელს უწყობს მხოლოდ ჯამრთელი პოპულაციის გამრავლებას.
ასე დასრულდა საქართველოში გადმოხვეწილი, ლტოლვილი და ადგილობრივი მგლების პრობლემა.

No comments:

Post a Comment