Sunday, August 29, 2010

5. გოგი ჩიქოვანი

5. გოგი ჩიქოვანი

საქართველოს სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე ნიკიტა ხრუშჩოვის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებული ეპიზოდების შესახებ მე უკვე მოგახსენეთ წინა თავში. ამჯერად, ვიხსენებ გიორგი ჩიქოვანის მიერ სადოქტორო დისერტაციის მომზადების დროს მის განწყობას უმაღლესი საატესტაციო კომისიის (ВАК) მრავალ ფორმალურ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით.
ძველ თაობას კარგად ახსოვს, საბჭოთა კავშირში სამეცნიერო ხარისხებისა და წოდებების მინიჭება რა პრობლემებთანაც იყო დაკავშირებული. თავისთავად დისერტაციის დაწერა, უმრავლეს შემთხვევებში, უფრო ადვილი იყო, ვინემ იმ მრავალი, ფორმალური თუ აუცილებელი ბარიერის გადალახვა, რომელთა ჩამოთვლაც კი სცილდება ჯანსაღი ადამიანის ლოგიკის ფარგლებს.
გოგი ჩიქოვანს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტთან არსებულ დისერტაციების დაცვის საბჭოში 1967 წელს წარდგენილი ჰქონდა სადოქტორო დიცერტაცია და სისტემატიურად უხდებოდა დაცვის საბჭოს სწავლული მდივნისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და წარდგენა. მსგავსი ხასიათის, ოღონდ შედარებით ნაკლები მოცულობის სამუშაოების შესრულება მიხდებოდა მეც, რადგანაც ამ დროისათვის დაცვისათვის ვამზადებდი საკანდიდატო დისერტაციას.
გოგის ხშირად ვხვდებოდი, როგორც ფიზიკის ინსტიტუტში, ასევე უნივერსიტეტის დაცვის საბჭოს მდივანთან. ვერ გეტყვით, რომ დიდი სიამოვნებით ასრულებდა მრავალ ფორმალურ მოთხოვნას, მაგრამ მაშინ დისერტაციის დაცვისათვის სხვა გზა არ არსებობდა და ისიც მოთმინებით ემორჩილებოდა სწავლული მდივნის ყველა ახირებას...
არ ვიცი, ეს ბედისწერა იყო თუ ბედის ირონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა ბიუროკრატიული ბარიერი გოგი ჩიქოვანს უკვე გადალახული ჰქონდა, 1968 წლის 13 მარტს მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა...
ეს იყო განუზომლად დიდი ტრაგედია არა მარტო გოგის ოჯახისათვის, არამედ მთელი ფიზიკოსების საზოგადოებისათვის...
რომ არა ეს ტრაგედია, არავინ უწყის, რა დონეზე აღმოჩნდებოდა დღეს საქართველოში ექსპერიმენტული ფიზიკის ის მიმართულება, რომელსაც სათავე დაუდო და მყარი ფუნდამენტი მოუმზადა გოგი ჩიქოვანმა.
კარგად მახსოვს, გოგის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარის, აკადემიკოს ვიქტორ კუპრაძის ნაღვლიანი სახე. ეს ყოველთვის სიტყვაძუნწი მეცნიერი, როგორც ჭეშმარიტი ჭირისუფალი, ღამეებს ათევდა გარდაცვლილის ცხედართან და მოთმინებით იღებდა სამძიმარს, რომლებიც უწყვეტ ნაკადად მოდიოდა გოგის მისამართით, როგორც ქართველი, ასევე მრავალი უცხოელი მეცნიერის და კოლეგისაგან...
გოგის ცხედარი უკანასკნელად დაასვენეს ფიზიკის ინსტიტუტში. აქ ყველა თაობის ფიზიკოსთა გარდა, გოგის ხსოვნას პატივს მიაგებდნენ საქართველოს ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლები, მეცნიერები, ახლობლები თუ რიგითი მოქალაქეები...
გოგი დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში...
საოცარ ვარსკვლავზე იყო დაბადებული გოგი ჩიქოვანი. მისი ცხოვრება ნამდვილი პარადოქსებით იყო გაჯერებული, რომელთა შორის ყველაზე ტრაგიკულია ორი შემთხვევა:
პირველი - გოგი ჩიქოვანს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქორის სამეცნიერო ხარისხი მიაკუთვნეს 1968 წელს, სიკვდილის შემდეგ...
და მეორე - გოგი ჩიქოვანს, როგორც სამუშაოს ხელმძღვანელს, ასევე სიკვდილის შემდეგ, 1971 წელს, სომეხ და მოსკოველ კოლეგებთან ერთად მიანიჭეს ლენინური პრემია!..

No comments:

Post a Comment