Sunday, August 29, 2010

27. გიორგი ჯანდიერი

27. გიორგი ჯანდიერი

გიორგი ჯანდიერი იყო ფიზიკის ინსტიტუტის ძირითადი კორპუსის, იგივე კახა ჯავახიშვილისეული პროექტის, მთავარი ინჟინერ-მშენებელი. ვისაც ახსოვს ინსტიტუტის პირვანდელი, ლამაზი შენობა - შესანიშნავი ჰოლებით ყველა სართულზე, ბრწყინვალე საკონფერენციო დარბაზებით და ლაბორატორიებისათვის განკუთვნილი ოთახებით, არ შეიძლება სინანულის გრძნობა არ დაეუფლოს ამ შენობის დღეისათვის არსებული “მოდიფიკაციის” გამო...
ჯერ იყო და, MM-1000 გამოსათვლელი მანქანისათვის, მიადგნენ ერთ-ერთ ჰოლს და სრულად გააუქმეს. ასეთივე ბედი ეწვია ყველა სართულს, გარდა სულ ბოლოსი, სადაც იყო დირექტორის რეზიდენცია. დირექტორიატის “ინსტიტუტზე” ხელის აღმართვა მაინც გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა რეკონსტრუქციის მოყვარულებს. შემდგომში, კომპიუტერულ ტექნიკაზე “მონადირეებისაგან” თავის დასაცავად, საჭირო გახდა რკინის კარებებისა და გისოსების მონტაჟი, რამაც ინსტიტუტი დაამსგავსა “ელიტარულ” საპყრობილეს. ამ მომენტებს აქ იმიტომ ვიხსენებ, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს, საიდან მოვდივართ და “ვისი გორისანი” ვართ.
ბატონ გიორგი ჯანდიერს ჰქონდა კიდევ ერთი ფრიად საყურადღებო, თავადური წინადადება - უნდოდა ინსტიტუტის დღეს არსებული ბაღის ბოლოში (სადაც შემდეგ პარტიულმა ფუნქციონერებმა “გაშანსეს” თავიანთი ელიტარული წრისათვის საცხოვრებელი კორპუსების აშენება), აეშენებინათ ინსტიტუტის თანამშრომლებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი. გიორგი ჯანდიერს არანაირი პირადი დაინტერესება ამ საქმეში არ გააჩნდა, უკვე ჰქონდა საკუთარი საცხოვრებელი ბინა და გულწრფელად ფიქრობდა ინსტიტუტის ნიჭიერ, მაგრამ უსახლკარო თანამშრომლებისათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. ვიმეორებ, გიორგი იყო ჯანდიერების გვარის ღირსეული გამგრძელებელი და სწორედაც, რომ ხალხის სასიკეთოდ ზრუნვა იყო მისი უმთავრესი მიზანი.
დიდად სამწუხაროა, რომ ბატონმა ელეფთერმა დაიკავა იმ თავისი უშტატო მრჩევლების პოზიცია, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი ღვაწლით დიდად არის დავალებული ქართული მეცნიერება და თავს ნებას აძლევდნენ გადაეწყვიტათ ბევრი ნიჭიერი ფიზიკოსის ბედი ერთპიროვნულად, საკუთარი “სამრეკლოდან”. შექმნილ სიტუაციაში ბატონმა ელეფთერმა მიიღო გადაწყვეტილება დიღმის მასივში “ხრუშჩოვკის” ტიპის საცხოვრებელი კორპუსის აშენების თაობაზე. ფაქტიურად, ეს იყო დიდი ღალატი, ჩადენილი ქართველი ნიჭიერი ფიზიკოსების მიმართ, რომლებიც საჭიროებდნენ დახმარებას და რეალურ თანადგომას.
 ამ უბინაო და ცხოვრებისეული პრობლემებით დამძიმებულ მეცნიერთა შორის იყო ბევრი ქართველი ფიზიკოსი. მე თავს ნება ვაძლევ მოვიხსენიო ზოგიერთი მათგანი, ვინც ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ფიზიკის განვითარებაში. აი, ისინიც: აკადემიკოსი ნოდარ ამაღლობელი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ვაჩნაძე; პროფესორები: ჯელილ წაქაძე, თამაზ გრიგალაშვილი, ლევან ვადაჭკორია, ლევან თოფჩიშვილი, კიტა ციცქიშვილი და სხვები. აქ ჩამოთვლილი ფიზიკოსებიდან დღეისათვის აღარავინ არის ცოცხალი...
ბევრი ღირსეული მეცნიერი და მოქალაქე კვლავ ცხოვრობს დიღმის მასივის ფიზიკოსთა ამ სახლში. მათი გვარების ჩამოთვლას მე არ ვაპირებ. ერთი კი მინდა ავღნიშნო, რომ ბევრ მათგანს ლომის წილი აქვს შეტანილი ფიზიკის ინსტიტუტის საერთაშორისო აღიარებასა და განვითარებაში...
1959 წლის მოსახლეობის აღწერის დროს, მე მომიწია იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა აღწერა, სადაც ცხოვრობდა გიორგი ჯანდიერის ოჯახი. ეს იყო ნამდვილი ინტელიგენტის ბინა, ყოველგვარი ზედმეტი “ზიზილ-პიპილების” გარეშე. ამავე კორპუსში იმ დროისთვის ცხოვრობდნენ ელიტარული სახელმწიფო მოხელეები, რომელთა ოჯახები მოწყობილ იყო ფუფუნების უამრავი საგნებით, რის მსგავსი რამ, არც გიორგი ჯანდიერის და არც დიმიტრი რაზმაძის, რომელიც აგრეთვე ცხოვრობდა ამ შენობაში, არ შემხვედრია... აი, ასეთი ღირსეული მშენებელ-ინჟინრების დამსახურებაა ის, რომ დღეს ფიზიკის ინსტიტუტი, მართალია დიდის გაჭირვებით, მაგრამ მაინც ფუნქციონირებს...
გიორგი ჯანდიერის ბრგე, ვაჟკაცურმა და ნამდვილი არისტოკრატიული ქცევის მანერებმა, რომელთაც მოვესწარი, ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სამწუხაროდ, ბატონი გიორგი ჯანდიერი დროზე ადრე წავიდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან...
ამის შემდეგ მთელი საინჟინრო დატვირთვა ღირსეულად გააგრძელა დიმიტრი რაზმაძემ. ფრიად სასიამოვნო იყო მასთან ჩემი ხანგრძლივი საქმიანი თანამშრომლობა.
ბატონი დიმიტრიგახლდათქართველ ინჟინერ-მშენებელთა ღირსეული წარმომადგენელი. მისი დახვეწილი და საქმიანი ურთიერთობა დიდხანს მეხმარებოდა ჩვენი ლაბორატორიის გადაიარაღებისა და ახალი ტექნიკით მოწყობაში. იგი ჩემს მეხსიერებაში დარჩა უზადო ინჟინერ-მშენებლის უმაღლეს პროფესიონალად!...

No comments:

Post a Comment