Sunday, August 29, 2010

6. პროფესორი იური სერგის ძე ზამიატნინი

6. პროფესორი იური სერგის ძე ზამიატნინი

იური ზამიატნინს, საბჭოთა ატომური იარაღის შექმნასა და მის გამოცდებში ეკავა ლიდერის პოზიცია. პირველი ატომური მოწყობილობის გამოცდის დროს მისი გვარი ფიგურირებდა მთავრობის დადგენილების ორ პროექტში: ერთი პროექტი, წარმატების შემთხვევაში ითვალისწინებდა ლიდერთა დაჯილდოებას, ხოლო მეორე პროექტი, პროგრამის ჩავარდნის შემთხვევაში, ლიდერთა დასჯას!
როგორც დღეისათვის უკვე არის ცნობილი, პირველივე გამოცდის დროს აღმოჩნდა, რომ ექსპერიმენტული, ბირთვული მოწყობილობის რეალური სიმძლავრე მნიშვნელოვნად აღემატებოდა თეორიულად გათვლილს და ამით ფაქტიურად გზა ეხსნებოდა მაღალი სიმძლავრის მოწყობილობების შექმნას.
წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ, იური ზამიატნინი გახდა ლენინური პრემიის ლაურეატი და მთავრობის მრავალი ჯილდოს მფლობელი. მაშინ ეს ჯილდოები იყო ახალგაზრდა ნიჭიერი ფიზიკოსის დამსახურების აღიარების საფასური.
აქ ვწყვეტ იური ზამიატნინის შესახებ ატომურ პროექტებში მისი აქტიური მონაწილეობის ეპიზოდების მოთხრობას. ეს ამოცანა სცილდება რიგითი ფიზიკოსის შესაძლებლობის საზღვრებს...
თავს ნებას ვაძლევ, მკითხველს მოვუთხრო იური ზამიატნინთან ჩემი თანამშრომლობის ზოგიერთი ეპიზოდი.
იური ზამიატნინს ეკავა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის, ილია ფრანკის სახელობის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიის სექტორის გამგის თანამდებობა და იმავდროულად ასრულებდა ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას.
აქ ვკადნიერდები და, თავს ნებას ვაძლევ, მკითხველს ვაჩვენო ჩემეული გაგება იმ დამოკიდებულებისა, რომელსაც ქვეყნის მთავრობის ლიდერები იჩენდნენ მეატომე მეცნიერების მიმართ.
მას შემდეგ, რაც სამხედროებმა მიიღეს ბირთვული იარაღი, იმათთვის ამ იარაღის შემქმნელები აღმოჩნდნენ მეორე ხარისხოვანი პერსონები, რომელთა ბედი გულწრფელად აღარავის ანაღვლებდა, გარდა იმ საშიშროებისა, რომელიც ჩადებული იყო ამ მეატომე-ფიზიკოსების “ჩემოდნებში”.... საჭირო იყო ამ მეცნიერების მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებულ “კიდობანში” მოთავსება.
ამ ფენომენის უგულებელყოფის გამო მწარე გაკვეთილი მიიღეს გერმანულმა და იტალიურმა მთავრობებმა: მე მხედველობაში მაქვს, ერთის მხრივ, ენრიკო ფერმის ჯგუფის დაშლა და, მეორეს მხრივ, ებრაული წარმოშობის ნიჭიერი მეცნიერების გაძევება ჰიტლერული გერმანიის სამფლოებელოებიდან.
რომ არა ენრიკო ფერმი, ალბათ, ისე ჩქარა არ მოხდებოდა მართვადი ბირთვული რეაქტორის კონსტრუირება და გაშვება.
მეჩვენება, რომ საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კარგად გაითვალისწინა ის მომენტი, რასაც შეეძლო გამოუსწორებელი დარტყმა მიეყენებინა ქვეყნისათვის, თუკი ამ პროექტის ლიდერები იგრძნობდნენ მათი როლისა და დამსახურების ნიველირებას. ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ეს მეატომე მეცნიერები იყვნენ საგანგებო ყურადღების ქვეშ. ეს პერიოდი დიდხანს გრძელდებოდა და მისი შეცვლა მოხდა მხოლოდ საბჭოთა კავშირის “დემონტაჟის” შემდეგ. და აი, ამის შემდეგ კი ისინი აღმოჩნდნენ ქვეყნისათვის სრულიად ზედმეტები!..
დღეს უკვე ღიად შემიძლია გავიხსენო, ჩემთვის ძვირფასი პროფესორის, იური ზამიატნინის სიტყვები, რომელიც წარმოთქმული იყო სპეციალისტთა ძალიან ვიწრო წრეში, მის მიერ 1985 წლის 26 ოქტომბერს, ჩემი სადოქტორო დისერტაციის ოპონირების შემდეგ. აი ეს ფრაზაც: “ჩვენ, მეატომე მეცნიერებს, დიდი შეცდომა მოგვივიდა, როდესაც დროზე ადრე მივეცით სამხედროებს ბირთვული იარაღი!...”
ვერაფერს დაამატებ, კარგად და ზუსტად არის ნათქვამი.
იური ზამიატნინმა შეინარჩუნა ღირსება და სიდარბაისლე სიცოცხლის ბოლო წუთებამდე. გარდაიცვალა 2007 წელს, 87 წლის ასაკში. ბირთვულმა ფიზიკამ და, საერთოდ, მეცნიერებამ, დაკარგა თავისი დიდი ქომაგი და პატრიოტი...
ამ პატარა ექსკურსის შემდეგ, დავუბრუნდეთ იური ზამიატნინის თბილისში ვიზიტის დროს განვითარებულ მოვლენებს. ის იყო ჩემი სადოქტორო დისერტაციის პირველი ოპონენტი. დაცვა დანიშნული იყო 1985 წლის 26 ოქტომბრისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო დისერტაციების დაცვის ერთჯერადი საბჭოს სხდომაზე.
იმის გამო, რომ სადისერტაციო ნაშრომი შესრულებულ იყო ორი სპეციალობის - ბირთვული ფიზიკის და ბიოფიზიკის მიჯნაზე, ერთჯერადი დაცვის საბჭოს შემადგენლობაში მოწვეულ ი გახლდათ ბიოფიზიკის დარგის სამი პროფესორი სპეციალისტი: მალხაზ ზაალიშვილი, გიორგი მრევლიშვილი და ბორის ლომსაძე.
პროფესორ იური ზამიატნინის თბილისში ჩამოსვლა სანქცირებულ იყო მხოლოდ მატარებლით, რომლის ჩამოსვლამდე ჩემს სახელზე, იური ზამიატნინისათვის გადასაცემად მოვიდა სასწრაფო დეპეშა, დიმიტროვოგრადში მისი ვაჟიშვილის გარდაცვალების გამო. მდგომარეობა იყო ძალზე კრიტიკული.
სხვა გზა არ მქონდა, სასწრაფოდ უნდა დამეკვეთა თვითმფრინავის ბილეთი ძვირფასი სტუმრის გასამგზავრებლად. ეს კი ნიშნავდა დისერტაციის დაცვის პროცედურის გაურკვეველი ვადით გადადებას.
მოსკოვ-თბილისის მატარებლის ჩამოსვლისთანავე, სტუმარს დაუყოვნებლივ გადავეცი დეპეშის ტექსტი, რომლის წაკითხვის შემდეგაც მან წარმოთქვა მხოლოდ ერთი ფრაზა: “Все же это случилось” და ცრემლები წამოუვიდა. ეს მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა და პროფესორმა ზამიატნინმა გადაწყვიტა, დარჩენილიყო დაცვაზე, ხოლო დიმიტროვოგრადში წასასვლელად მიეღო თვითმფრინავით ჩელიაბინსკამდე მგზავრობის ნებართვა. შექმნილ სიტუაციაში ასეთი ვიზა დაუყოვნებლივ მისცეს. მოხსენიებულ ქალაქში გაფრენა შეიძლებოდა მხოლოდ 27 ოქტომბერს. იური ზამიატნინი უნდა გაფრენილიყო ამ დროისათვის...
თავისი მწუხარება იური ზამიატნინს ხმამაღლა არავისთან გამოუთქვამს. დისერტაციის დაცვის დროს ჩვეული კორექტულობით და საქმის ცოდნით წარსდგა საბჭოს წინაშე. მას ჰქონდა სამართლიანი შენიშვნები დისერტაციის მიმართ, მაგრამ მთავარი მაინც იყო მისეული შეფასება შრომის სამეცნიერო ღირებულებისა. მისი დასკვნა მაძიებლისათვის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მიკუთვნების შესახებ იყო დასაბუთებული და აღნიშნული. ის თვლიდა, რომ მაძიებელს ეკუთვნოდა ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი...
ცნობისათვის: ჩელიაბინსკიდან დიმიტროვოგრადში წასაყვანად იური ზამიატნინს მეგობრებმა დაახვედრეს მსუბუქი მანქანა და სულ რაღაც ერთ საათში უპრობლემოდ ჩავიდა აღნიშნულ ცენტრში.
ჩემი მეორე ოპონენტი – ალექსანდრე ტერ-სააკოვი, ასევე იყო “ამფეთქებელი” (Взрывник), რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა აზიაში, ზერავშანის ნავთობის საბადოს ხანძრის ჩაქრობაში. ეს ხანძარი არანაირი ცნობილი და სტანდარტული მეთოდებით ვერ იქნა “მოთვინიერებული”. პროფესორ ტერ-სააკოვის მიერ შემოთავაზებული სქემით შესაძლებელი გახდა ამ ჭაბურღილის “მოთოკვა”. ამ ჭკვიანმა მეცნიერმა დაამუშავა ჭაბურღილის ბირთვული მუხტით ჩაქრობის საოცრად გონივრული სქემა (პროექტი), რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ ჰორიზონტალური ხვრელის (მცირეოდენი დახრის კუთხით) გაყვანის შემთხვევაში, საბადოსთან მიახლოების დროს, უნდა განეხორციელებინათ ბირთვული მუხტის (პრაქიკულად მცირე სიმძლავრის ატომური ბომბის) აფეთქება, რასაც უნდა გამოეწვია სიღრმისეული ქანების იმგვარი წანაცვლება, რომ ჩაეკეტა ნავთობის ნაკადის ამოფრქვევა. პროექტი მოწონებულ იქნა მთავრობის მიერ და მხოლოდ მისი განხორციელების შემდეგღა მოხერხდა ამ გიგანტური კოცონის ჩაქრობა. პროექტის ავტორს მიანიჭეს სახელმწიფო პრემია.
ალექსანდრე ტერ-სააკოვს ჰქონდა შესრულებული მრავალი ორიგინალური გამოკვლევა ბირთვულ-ფიზიკური მეთოდების დამუშავებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების კუთხით. ჩემი სადოქტორო დესერტაციის ოფიციალურ ოპონენტად დანიშვნა და მისი თანხმობა, შეესრულებინა ეს მისია, ჩემთვის იყო ძალზე დიდი პატივი.
პროფესორ ალექსანდრე ტერ-სააკოვისათვის ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და პატივისცემა არ იყო უცხო ხილი. სრულყოფილად ფლობდა ქართულ ენას და ტრადიციულ ქართულ სუფრასთან გამოირჩეოდა მახვილგონივრული ეპიზოდებისა და კურიოზული ამბების მოთხრობით. იყო დიდი შინაგანი კულტურისა და ღირსების მქონე პიროვნება. მე, პირადად, დიდად გავიხარე მისი ახლო გაცნობით.
საგანგებოდ მინდა მოვიხსენიო ჩემი ქართველი ოპონენტის, რეზო სალუქვაძის ღირსების ამსახველი ზოგიერთი ეპიზოდი. ბატონი რეზო სალუქვაძე იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი. თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სოხუმში. ხსენებული ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი მთელ საბჭოთა კავშირში იყო ექსპერიმენტული ფიზიკის აღიარებული ფლაგმანი. იმ დროისათვის ამ ინსტიტუტში მუშაობდა გერმანელ ფიზიკოსთა მაღალკვალიფიციური ჯგუფი და მათ მიერ შესრულებული გამოკვლევები ექსპერიმენტული ფიზიკის დარგში, როგორც ჩანს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ამ ინსტიტუტის მეცნიერულ დონეს.
ბევრმა ქართველმა ფიზიკოსმა სწორედ აქ, სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში მიიღო ნათლობა ექსპერიმენტული ფიზიკის დარგში და მომავალში იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს თავის მოწაფეებს და ასპირანტებს. ამგვარი მისიის შესრულება მოუხდა 1957 წელს, ჩემი სადიპლომო შრომის ხელმძღვანელს, ბატონ გურამ დოლიძეს, რომელიც ამ დროისათვის უკვე მუშაობდა ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე.
საგანგებოდ დაკომპლექტებული, ერთჯერადი დაცვის საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციის შესრულება მოუწია უნივერსიტეტის მაშინდელ პრორექტორს, პროფესორ ნოდარ ამაღლობელს, ხოლო ოფიციალური ოპონენტის როლი შეასრულა ბატონმა რეზო სალუქვაძემ.
დისერტაციის დაცვა შედგა. დაცულ იყო უმაღლესი საატესტაციო კომისიის ყველა მოთხოვნა.
პროფესორმა რეზო სალუქვაძემ ზედმიწევნით ზუსტად დაასახელა ნაშრომის ხარვეზებიც და ღირსებებიც. ის მოუწოდებდა დაცვის საბჭოს წევრებს, რომ მხარი დაეჭირათ მაძიებლისათვის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მისანიჭებლად...
ფარული კენჭისყრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაცვის საბჭოს ოცდასამი წევრიდან ოცდაორი იყო მომხრე, ხოლო ერთი კი წინააღმდეგი.
უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაამტკიცა საბჭოს გადაწყვეტილება.
აქ ვკადნიერდები და თავს ნებას ვაძლევ, მომავალ თაობას დავუტოვო მოკრძალებული ინფორმაცია ამ ორი ქართველი მეცნიერის – ნოდარ ამაღლობელისა და რეზო სალუქვაძის ცხოვრებისეული ტრაგიზმის შესახებ.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის ომის დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, მრავალ დევნილთან ერთად, ბატონ რეზო სალუქვაძეს და მის ოჯახსაც მოუწია სოხუმის დატოვება და ლტოლვილის სტატუსით თბილისში დაბრუნება.
აფხაზეთის ომის დროს ქართველების თავზე დატრიალებული ტრაგედია განსაკუთრებული სისასტიკით შეეხო აკადემიკოს ნოდარ ამაღლობელის ოჯახს – მისი ერთად-ერთი ვაჟიშვილი, არჩილი იმსხვერპლა მტრის ტყვიამ...
როგორც ჩანს, ვერც რეზო სალუქვაძემ და ვერც ნოდარ ამაღლობელმა ვერ შეძლეს განგების ამდენი უსამართლობის გადალახვა და დიდად სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისათვის, ისინი უდროოდ წავიდნენ ამ ცხოვრებიდან...
1985 წელი, სახელმწიფოს მართვის პულტთან ზის მიხეილ გორბაჩოვი! პოლიტბიუროს წევრს, ლიგაჩოვს უჩნდება უტოპიური იდეა – რუსები გადააჩვიოს სპირტიანი სასმელების სმის ტრადიციულ ჩვევებს.
პოლიტბიუროს გამოაქვს გადაწყვეტილება, ქვეყნის მასშტაბით, სპირტიანი სასმელების აკრძალვის თაობაზე!...
 ეს იმდენად უგუნური გადაწყვეტილება იყო, რომ დღეის გადასახედიდან, კაცი უფრო სასაცილო აქციას ვერც კი წარმოიდგენს.
ეს იმას ჰგავდა, რომ ფრინველისათვის აგეკრძალა ფრენა...
საერთოდ, იმ დროისათვის, მთავრობის მეთაურები იგონებდნენ ათასნაირ ვერსიებს ქვეყნის ეკონომიური (თუ პოლიტიკური არა) კრიზისიდან გამოსაყვანად. ეს კრიზისი კი მეტად გამწვავდა და თანაც დაჩქარდა, ავღანეთის უაზრო ომის შედეგად. ქვეყანა იდგა ეკონომიური კატასტროფის წინაშე!
ლიგაჩოვის ინიციატივით მიღებული “მშრალი კანონი” ყველაზე ნაკლებად აისახა ქართველთა ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაზე...
დისერტაციის დაცვის შემდეგ ახლად გამოჩეკილი მეცნიერის ახლობლები და მეგობრები ყოველთვის აღნიშნავდნენ ამ მოვლენას ტრადიციულ ქართულ სუფრასთან.
ჩემი მეცნიერებათა დოქტორად “კურთხევის” შემდეგ მოწყობილ ვახშამზე შეიკრიბა დაახლოებით ასი კაცი, ხოლო ამ ტრადიციულ სუფრას თამადობდა ჩემი და ჩემი ოჯახისთვის მეტად სასიამოვნო და საყვარელი, ენაწყლიანი პროფესორი ზურაბ სარალიძე.
ბატონი ზურაბი რამოდენიმე სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ მთლიანად “გაიხსნა” და ტკბილი ქართული სიმღერების შესრულების ფონზე, წარმატებით აგრძელებდა ქართული სუფრის თავკაცის მოვალეობას.
სხვათაშორის, ჩემი ძვირფასი და სიტყვაძუნწი პროფესორი იური ზამიატნინი აღაფრთოვანა ზურაბ სარალიძის და მისი მეგობრების მხიარულმა და თანაც ფრიად კორექტულმა საქციელმა. აქ ბატონმა პროფესორმა ვეღარ დაფარა თავისი აღტაცება და ყველას გასაგონად აღნიშნა, - თურმე, რა კარგი მეგობრები მყოლიაო, - და სიამოვნებით შესვა მათი სადღეგრძელო... ყოფიერებაში ზურაბ სარალიძე მეგობრებისა და ახლობლების წრეში გამოირჩეოდა თავმდაბლობით. ამავე დროს იყო ენაწყლიანი მოსაუბრე, რომელსაც მგზავრობის დროს შეეძლო კარგი სიმღერებით გამასპინძლებოდა ახლო მეგობრებს.
აქ მკითხველს მინდა მოვუთხრო ერთი ეპიზოდი ტომსკში ჩვენი გაფრენის წინ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მომხდარი კურიოზის შესახებ. ნოვოსიბირსკიდან დილით ადრე გავიარეთ საკონტროლო-გამშვები პუნქტი და თვითმფრინავში ჩასხდომამდე კიდევ მოგვიწია ერთხანს ლოდინი. ზურაბ სარალიძე, შუქრი აბრამიძე და ავთანდილ მანჯავიძე კარგად შეხმატკბილებულად მღეროდნენ ქართულ სიმღერებს იქვე, გამშვები პუნქტის სიახლოვეს.
მომღერალ ბიჭებთან მოულოდნელად, მედიდური გამომეტყველებით მოვიდა სადგურის ზედამხედველი და მრისხანედ განაცხადა, რომ საჭირო იყო მაგნიტოფონის რეგისტრაცია და რომ ამ მგზავრებმა დაარღვიეს აეროფლოტის წესდების რომელიღაც პუნქტი, რის გამოც ისინი იმსახურებდნენ სასჯელს, ჯარიმის სახით...
ზედამხედველმა კვლავ გაიმეორა, რომ უნდა ენახა ის მაგნიტოფონი, რომელიც ურჩმა ქართველმა მგზავრებმა ფარულად გააპარეს რეგისტრაციის გარეშე.
ჩვენი მხიარული მომღერალი ბიჭები ერთ ხანს ირონიული გამომეტყველებით უცქერდნენ წესრიგის დამცველს, შემდეგ კი სამივე “კრიმინალმა” - ზურამ, შუქრიმ და ავთანდილმა გულიანად იცინეს და ზედამხედველის თანდასწრებით იმღერეს რუსებისათვის გასაგები “სულიკო”.
უნდა გენახათ გაწბილებული ზედამხედველის უსუსური გამომეტყველება, რომელმაც უხალისოდ დატოვა ჩვენი დელეგაცია და სადღაც სოროში შეძვრა...
ეს ეპიზოდი დიდხანს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მომღერალ ბიჭებს...
ტომსკის კონფერენციას ტრადიციულად უძღვებოდა აკადემიკოსი ალექსანდროვი. ლიგაჩოვი მაშინ იყო ტომსკის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი.
კონფერენციის დღეები დაემთხვა ციმბირული კოღოების აქტიურობის პიკს. როგორც ჩემმა ტომსკელმა კოლეგებმა ამიხსნეს, თურმე, ამ კოღოების აქტივობა გრძელდება ორ კვირას და ამ დროს ციმბირის ტრადიციულ ბინადრებსაც კი, ირმებსა და ლოსებს თავის დაცვა უხდებათ, - მხოლოდ მდინარეებში თავის შეფარებით!
აკადემიკოს ანატოლი ალექსანდროვის შიშველი თავი აღმოჩნდა შესანიშნავი “აეროდრომი” ციმბირული კოღოებისათვის. როდესაც ლიგაჩოვმა მოიგონა ამ კონფერენციის სამახსოვროდ ციმბირული კედრის ხეივნის გაშენება, კონფერენციის ყველა მონაწილეს დაევალა დათქმულ დღეს ეგრეთ წოდებულ “მეგობრობის ბაღში” პერსონალურად თითო კედრის ნერგის დარგვა. აქ ნიადაგი არის საუკეთესო – შავმიწა ტორფიანი და მცენარის ზრდა-განვითარებისათვის აქვს იდეალური კონდიცია.
მე და ჩემ ქართველ მეგობრებს სულაც არ გაგვჭირვებია ამ მისიის აღსრულება.
აი, აკადემიკოს ალექსანდროვს კი გაუჩნდა დიდი პრობლემა – კოღოების გუნდი იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ იფიქრებდი, ეს კაცი გარსშემორტყმულია მოქუფრული ღრუბლებითო.
აქ უნდა შევნიშნო, რომ ეს კოღოები ჩვენთან გავრცელებული მცირე ზომის მწერებისაგან განსხვავებით, ძალზე მოზრდილ მწერებს წარმოადგენდნენ და მათი ხორთუმი ადვილად ხვრეტს ირმისა და ლოსის ტყავსაც კი...
აი. ასეთ პირობებში თანამშრომელთა დახმარებით, როგორც იქნა, დარგეს ალექსანდროვის სახელობის კედარი, მიაბნიეს ეტიკეტი “მებაღის” ღირსებების აღნიშვნით და სასწრაფოდ მოაცილეს პრეზიდენტი ამ საშიშ ზონას...
ლიგაჩოვი ამაყობდა თავისი დამსახურებით _ შუა ციმბირში ისეთი მეურნეობების შექმნით, სადაც წლის ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყო, სათბურის პირობებში, არა მარტო ბოსტნეულის და ბაღჩეულის უხვი მოსავლის მოყვანა, არამედ მეფრინველეობის მძლავრი ფაბრიკების აშენებაც.
აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ატომური მრეწველობა დიდი რაოდენობით მოიხმარდა ელექტროენერგიას და როგორც ამ პროცესების თანმდევი, ნარჩენი ენერგია, ცხელი წყლის სახით, ჩადიოდა მდინარე ტომიჩანის აუზში. ამის გამო ეს მდინარე არასოდეს იყინებოდა და საკმაოდ დიდ მანძილზე მიედინებოდა ყინვის “მარწუხის” გარეშე...
ტომსკის ამ კონფერენციასთან დაკავშირებით მე დიდხანს შემრჩა მოგონება იქ ნანახისა და გაგონილის შესახებ.
ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა, გენადი გლუხოვმა, რომელიც განაგებდა ნეიტრონული აქივაციური ანალიზის პრობლემებს მთელი აღმოსავლეთ ციმბირის მასშტაბით, მიგვიწვია თავის საცხოვრებელ სახლში ოჯახურ ვახშამზე. თავის კოლეგებს თავმომწონედ გაუმასპინძლდა ციმბირული კენკრის და სხვა ინგრედიენტებით შეზავებული სპირტიანი სასმელებით. ვახშამი გამოვიდა საკმაოდ მხიარული და თანაც ჩემთვის მეტად საქმიანი. მაშინ გავიცანი ბევრი კოლეგა და მაღალი თანამდებობის სპეციალისტი, რომელთა შრომებიც არ ქვეყნდებოდა, მაგრამ მათ წაკითხული ჰქონდათ ჩემი თითქმის ყველა გამოქვეყნებული შრომა და ისინი, ჩემთან შედარებით, უკეთესად იყვნენ ინფორმირებულები... ამგვარი შეხვედრა ჩემთვის იყო ძალზე მნიშვნელოვანი და დროული. რაც შეეხება სპირტიან სასმელებს, რომლითაც ყველა მოხიბლული იყო, მათ დადებითი როლი შეასრულეს ჩემთვის აქამდე უცნობი კოლეგების მოღვაწეობის ზოგიერთი მწირი, მაგრამ საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში...
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ, სადაც გავიხსენე ზურაბ სარალიძის ციმბირული მივლენების ზოგიერთი ეპიზოდი, ჩვენი წვეულება აქ, თბილისში შევიდა განვითარების ახალ ფაზაში.
ზურაბს კახური ღვინო კარგა გვარიანად მოეკიდა და სუფრა გახდა უფრო მხიარული და გახსნილი.
პროფესორი ტერ-სააკოვი უკვე მხოლოდ ქართულად ლაპარაკობდა და ტოლს არ უდებდა თამადას მხიარულებასა და ანეგდოტების მოთხრობაში...
კახურმა მამა-პაპურმა ღვინომ თავისი მისია ფრიადზე შეასრულა _ სუფრის წევრებს საშუალება მისცა კარგად ემხიარულად და დრო სასიამოვნოდ გაეტარებინათ. ჩვენებური ღვინო ამით ძირეულად განსხვავდება სპირტიანი სასმელებისაგან, რომელიც მყისიერად “აგიჟებს” ამ სასმელის მოყვარულ რუს მეგობრებს.
წვეულება გვიან ღამით დასრულდა.
ჩემი ძვირფასი მოსკოველი ოპონენტები დავაბინავე თავიანთ სასტუმროებში.
მეორე დღეს გვეწვივნენ ჩვენი ოჯახის ახლობლები, ნათესავები, მეზობლები და ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლები, რომლებიც წინა დღეს გამოდიოდნენ მასპინძლების როლში. ჩემ მეუღლეს _ ქალბატონ გიული ქვარიანს მოუწია იგივე მასშტაბის სუფრის გაწყობა, რაც წინა დღეს. მან ამ დღესაც მისთვის ჩვეული სიდარბაისლით და რუდუნებით შეასრულა მასპინძლის საპატიო როლი და ფუნქცია...
მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი ისეთი დეტალები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთვის დღესაც მტკივნეულია. პრობლემა ეხება სპეც-ორგანოებისა და მათი შეფის მიერ ყველასათვის შეუმჩნეველი მოვლენის გახსენებას.
თავიდანვე ავღნიშნავდი, რომ ჩემი მოსკოველი ოპონენტები არ იყვნენ ჩვეულებრივი, რიგითი მეცნიერები. მათ ჟარგონის ენაზე უწოდებდნენ “ამფეთქებლებს” (“Взрывники”). ამის გამო, ისინი იყვნენ სათანადო ორგანოების მუდმივი ყურადღებისა და ზედამხედველობის ქვეშ.
იმ ხანად ვცხოვრობდი ფიზიკის ინსტიტუტის მიერ თანამშრომლებისათვის აშენებულ სახლში, იპოდრომთან, საბურთალოს ქუჩის ორმოცდაექვს ნომერში, მეექვსე სართულზე. ამ კორპუსიდან, როგორც ხელისგულზე, ისე ნათლად ჩანდა იპოდრომის მთელი ტერიტორია.
ტრადიციულად, ამ მივარდნილ კუთხეში იკრიბებოდნენ ყველა ჯურის საეჭვო პროფესიის დაჯგუფებები. აქ გვიან ღამით გავლაც კი რისკთან იყო დაკავშირებული.
ეს სიტუაცია, ცხადია, ცნობილი იყო სპეც-ორგანოს მუშაკებისთვისაც და ჩემი მოსკოველი სტუმრებისა და მათი უსაფრთხოებისათვის ზრუნვა, ცხადია, წინასწარ იყო დაგეგმილი.
საბჭოთა კავშირის დემონტაჟიდან დიდი ხნის შემდეგ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ, თურმე, ჩემი ძვირფასი სტუმრების ვახშმის დროს, ჩვენს უსაფრთხოებას იცავდა პროფესიონალ ჩეკისთთა საგანგებო ბრიგადა, ჩემი დიდი მფარველისა და მრჩეველის, ბატონ მერაბ გოხელაშვილის ხელმძღვანელობით. ცნობისათვის, აქვე მინდა ხაზი გაუსვა ამ პიროვნების მაღალ მოქალაქეობრივ ღირსებებს და იმ როლს, რომელიც მან შეასრულა ჩემს მიერ, 1970-71 წლებში, დირექტორის მოვალეობის შესრულების დროს, ბირთვულ რეაქტორზე მომხდარი ცნობილი ტრაგედიის სწორ შეფასებაში.
როგორც ცნობილია, მაშინ რადიაციული მასალათმცოდნეობის განყოფილების ორმა თანამშრომელმა დილით, შეცდომით, სპირიტის ნაცვლად დალია დიქლორეთანი და ისინი იმავე დღის ბოლოს მცხეთის საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
ბატონი მერაბი დარწმუნდა იმაში, რომ მე არავითარი ბრალი არ მიმიძღვოდა ამ ტრაგიკულ შემთხვევაში და სიტყვიერად გამაფრთხილა, რომ ამ ამბის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ჩამეყენებინა საქმის კურსში. მაშინ ძლიერ ვიყავი აღელვებული მომხდარი ტრაგედიით და, მართლაც, გამომრჩა ამის შესახებ ბატონი მერაბის ინფორმირება. სხვა არანაირი ბრალდება არ წამოუყენებია ჩემთვის. ამჟამად უკვე ვიცი, რომ მას შეეძლო ჩემი ბრალეულობა, როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისა, გაეზვიადებინა. მაშინ იმ სახელმწიფო სტრუქტურებში, როგორც კი “ურემი” გადაბრუნდებოდა, დამნაშავედ დირექტორს ასახელებდნენ. ის, რომ ბატონი მერაბი იყო მაღალკვალიფიციური პროფესიონალი და უაღრესად განათლებული პიროვნება, ჩემთვის დღევანდელი გადასახედიდან ჩანს უფრო ნათლად, ვიდრე ამ ორმოცი წლის წინათ. სამწუხაროდ, ეს პროფესიონალიზმი და თავდადება ტრაგიკულად დასრულდა მერაბ გოხელაშვილისთვის მას შემდეგ, რაც დააკისრეს სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნის მოვალეობა... მან ვერ შეძლო უსამართლობასთან მარტოდ-მარტომ ბრძოლა... ბატონი მერაბი არ იყო ის პიროვნება, ვისაც იწილო-ბიწილოს თამაშით შეეძლო შეენარჩუნებინა თავისი სავარძელი... დღესაც ბატონი მერაბ გოხელაშვილი ჩემს ცნობიერებაში არის მაღალი მოქალაქეობრივი ღირსების მქონე პიროვნება...
პროფესორ იური ზამიატნინის თბილისიდან დიმიტროვოგრადში სასწრაფო გამგზავრების აუცილებლობამ, მთლიანად ჩამიგდო ჩემი “კულტურული პროგრამა”, რითაც ვაპირებდი საპატიო სტუმრისათვის საქართველოს მთავარი ისტორიულ-კულტურული ცენტრების ჩვენებას.
მეორე ოპონენტის, პროფესორ ალექსანდრე ტერ-სააკოვისათვის ამგვარი პროგრამის შეთავაზება იყო სრული უაზრობა, რადგანაც ზედმიწევნით კარგად იცნობდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს.
თვითმფრინავში ჩაჯდომის წინ მე კიდევ ერთხელ გადავუხადე დიდი მადლობა იური ზამიატნინს ყველაფერი იმისათვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა და ისიც განვუცხადე, რომ იმედს არ ვკარგავდი მეხილა საქართველოში, უახლეს მომავალში, როგორც ჩემი საკუთარი სტუმარი. იური ზამიატნინმა მადლობა გადამიხადა მისი მწუხარების გაზიარებისათვის და აღმითქვა, რომ დუბნაში ჩემი შესაძლო მივლინებების დროს, ჩემი მისიის შესრულების საქმეში აღმომიჩენდა საქმიან დახმარებას და თანადგომას.
აქვე მინდა მკითხველს განვუმარტო, რომ იური ზამიატნინის ეს სიტყვები სრულიადაც არ იყო ფორმალურად ნათქვამი. ამ მხცოვანმა მეცნიერმა დიდი როლი ითამაშა იმ კონკურსებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართება დუბნაში წლის საუკეთესო ნაშრომების გამოსავლენად. მათ შორის არის ჩვენი შრომა 2003 წელს დუბნის გაერთიანებული ინსტიტუტის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში გამარჯვების დასტურად. ამ დიპლომზე არის პროფესორ იური ზამიატნინის, როგორც საკონკურსო კომისიის პასუხისმგებელი მდივნის ხელმოწერა.
გარდა ამისა, 2005 წელს, ასევე კონკურსის წესით, ჩვენი მეორე შრომა დუბნის გაერთიანებული ინსტიტუტის მასშტაბით აღინიშნა წამახალისებელი პრემიით.
სამწუხაროდ, პოლიტიკური სიტუაციის გართულების შემდეგ, რუს მეცნიერ-კოლეგებთან წლების მანძილზე არსებული ჩემი თბილი დამოკიდებულება დაიმსხვრა. კაპიტალიზმის აღდგენასთან ერთად, ძველი თაობის მეცნიერების ურთიერთობაში გაჩნდა მრავალი პრობლემა, რომელთა შორის მაინც ყველაზე მტკივნეული გახდა ფინანსური მხარე. ტრადიციული სამეცნიერო მივლინებები პრაქტიკულად შეწყდა. ეს “სიამოვნება” შეეძლო მიეღო მხოლოდ მდიდარი, ელიტარული წრის წარმომადგენლებს...
პროფესორი იური ზამიატნინი უკვე ხანდაზმული მეცნიერი იყო და ფიზიკურად აღარ შეეძლო ღამეების გათენება საკვლევ ლაბორატორიებში, თუმცა მისი მეცნიერული გამოცდილება კვლავ ფრიად დიდ როლს თამაშობდა მრავალი ამოცანის კორექტულად გადაწყვეტაში. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ის აგრძელებდა ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას და მუშაობას...
იური ზამიატნინის გარდაცვალების შემდეგ, 2007 წლიდან, ჩემთვის პირადად კიდევ ერთი ცოცხალი ციხე-სიმაგრის კარი დაიხშო სამუდამოდ...

No comments:

Post a Comment