Sunday, August 29, 2010

30. “რკინის ფარდის” ჩამოშლის დასაწყისი


30. “რკინის ფარდის” ჩამოშლის დასაწყისი

გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან უკვე შეინიშნებოდა დასავლეთის ქვეყნებთან “დათბობის” ეფექტი. ეს პროცესი მაშინ მიდიოდა ძალიან ფრთხილად და, იმავდროულად, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში. ქვეყანაში გამოჩნდა უცხოეთის ფირმების მიერ დამზადებული უახლესი ტექნოლოგიური, სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების დანადგარ-მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილი იყო იმ დროისათვის სრულიად ახალი, კომპიუტერული ტექნიკით.
აი, ამ ფონზე პირველად ფრანგულმა ფირმებმა თბილისში მოაწყეს ახალი ტექნიკის გამოფენა-გაყიდვა.
მომდევნო წლებში, ფრანგული ფირმების გარდა, ჩვენს რესპუბლიკაში, შემოვიდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პროდუქცია. ეს იყო ჩაკეტილი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული საქონლის არნახული მოზღვავება. ამ პროცესის ბლოკირება ქვეყანაში უკვე შეუძლებელი იყო.
აი, ამ ვითარებაში მოხდა უცხოელი მეცნიერების მიერ ჩვენი ქვეყნის ინტელიგენციის გაცნობა და მათთან თანამშრომლობის დაწყება. ამგვარი თანამშრომლობა ხდებოდა საბჭოთა ბიუროკრატიული მანქანის არსებობის პირობებში, რასაც თან ახლდა, დღევანდელი გადასახედიდან, სრულიად გაუგებარი და თანაც უაზრო ქმედებების ინიცირება, რომელიც დიდ უხერხულობას გვიქმნიდა უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის პროცესში.
მაშინ მთავრობის ნებართვით ხდებოდა უცხოელი სტუმრების “მაღალ დონეზე” მისაღებად პასუხისმგებელი თანამდებობის პირების დანიშვნა, რომელნიც ვალდებული იყვნენ მოეგვარებინათ ყოველგვარი ტექნიკურ-ორგანიზაციული პრობლემები – დაწყებული სტუმრებისათვის ვარდებისა და მიხაკების თაიგულების მირთმევით, დამთავრებული მათი საექსკურსიო მომსახურებითა და ჩვენებური, გულუხვი გამასპინძლებით. პარადოქსია, მაგრამ ამ ოპერაციების ფინანსირება ხდებოდა პასუხისმგებელი მუშაკების “ჯიბის” ხარჯზე.
და აი, ერთ მშვენიერ დღეს ვიღებ მთავრობის განკარგულებას – ძალიან მაღალ დონეზე უცხოელი მეცნიერების მიღების თაობაზე.
ცნობისათვის: იმ პერიოდში ვასრულებდი დირექტორის მოადგილის მოვალეობას და ჩემი პასუხისმგებლობა მთავრობის დირექტივის შესასრულებლად ძალიან დიდი იყო.
შექმნილ სიტუაციაში გამოსავლის ძებნის დროს, როგორც ჩანს, მაშინ განგებამ გამომიგზავნა ჩვენი ლაბორატორიის ქალბატონი – უფროსი მცნიერ-თანამშრომელი ნონა ასათიანი, რომელმაც შემომთავაზა, ამ დელეგაციის განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, გაეწია მეგზურობა ცნობილი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ორიგინალური გამოფენის დასათვალიერებლად. ეს წინადადება იმდენად დროული და თანაც განსაკუთრებული ღირებულების იყო ჩემთვის, რომ მაშინ პირველად ვირწმუნე ღმერთის არსებობა...
ქალბატონმა ნონამ მთლიანად თავის თავზე აიღო სრული პასუხისმგებლობა – შეესრულებინა მეგზურის საპატიო როლიც და სიამოვნებით ვადასტურებ, რომ ეს როლი შეასრულა დიდებულად!..
იმ დროისათვის ბატონი ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი უხვად იყო გაჯერებული ამ დიდი მხატვრის ნამუშევრების ორიგინალებით და რომ არა ეს ჩემთვის ბედნიერი და დასამახსოვრებელი შემთხვევა, ალბათ, ვერასოდეს ვერ ვნახავდი იმ სასწაულს, რის მოწმეც გავხდი.
როდესაც ჩვენი სტუმრები ათვალიერებდნენ გამოფენის ექსპონატებს, მათ ახსნა-განმარტებას აძლევდა ბატონი ლადოს მეუღლე, ქალბატონი ნინა გუდიაშვილი. უცხოელი სტუმრები დიდხანს ჩერდებოდნენ ყოველ ექსპონატთან და მათი შემდგომი გადაადგილება ხდებოდა კუს ნაბიჯით. უნდა შევნიშნო, რომ ნანახით ასე მოჯადოებული უცხოელები, მართალია, ზანტად, მაგრამ მაინც გადაადგილდებოდნენ დარბაზის გასასვლელისაკენ.
მაშინ დელეგაციის ერთმა წევრმა მხატვარი მოიხსენია წარსულ დროში. აქ კი გათამაშდა ყველასათვის მოულოდნელი სპექტაკლი – ქალბატონმა ნინამ შეუსწორა სტუმარს უადგილოდ ნახმარი გამოთქმა და განაცხადა, რომ მხატვარი დღესაც აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას...
ამ დროს დარბაზის ბოლოს დგას დიდებული გარეგნობის მხატვარი და მოკრძალებით ეპატიჟება სტუმრებს იშვიათი გემოვნებით გაწყობილ სუფრასთან...
მხატვარმა გაიხსენა თავისი პარიზული მოღვაწეობის ეპიზოდები, შეხვედრები მსოფლიოს ცნობილ მხატვრებთან, მრავალი ცხოვრებისეული შემთხვევა...
ბატონ ლადო გუდიაშვილთან სტუმრობა, მისი საუბრის მოსმენა და ამ უდიდესი ჰუმანისტის გამოთქმები, - ისევე, როგორც ხელების მოძრაობის და თვალების ხამხამის სიხშირე, სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში...
იმ დღეს ნონა ასათიანმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ქართველი ქალის სიდარბაისლით გულუხვად გაჯერებული მეგზურის მოვალეობას. ამ ყოველთვის სიტყვაძუნწ ქალბატონს ვერაფრით დააჯერებ, რომ იმ დროისათვის უხმაუროდ გამომიწოდა დახმარების ხელი და მნიშვნელოვნად შემიმსუბუქა დაკისრებული მოვალეობა...
მომდევნო დღეებში, ჩვენი უცხოელი სტუმრები გავასეირნე მცხეთისა და ჯვრის მონასტრის დასათვალიერებლად. მცხეთაში, მიხეილ მამულაშვილის გაცნობისა და მისი ბაღის ნახვის შემდეგ, ჩვენი სტუმრები, უკვე მერამდენედ, დაბნეულები ვეღარ მალავდნენ თავიანთ აღტაცებას...
ჩემი სტუმრების გაოცების კულმინაცია იყო თბილისის კონიაკის ქარხნის დათვალიერებისას. იმ დროისათვის თბილისის კონიაკის ქარხნის დირექტორი იყო ოთარ რობაქიძე, რომლის ძმა, პროფესორი ალექსანდრე რობაქიძე ჩემი ახლო მეგობარი და სამეცნიერო შრომების მონაწილე გახლდათ.
როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, პირადი ნაცნობ-მეგობრობა, ხშირად უფრო ქმედითია, ვიდრე ოფიციალური მთავრობისეული ადმინისტრირების პროცესი.
აი, ასეთ სიტუაციაში კონიაკის ქარხნის დირექტორს არ „დაზარებია” დელეგაციის მიღება და როდესაც ჩვენი სტუმრები შეიყვანეს კონიაკის ორმოცდაათტონიანი კასრების დასათვალიერებლად მიწისქვეშა საცავებში, ამ დროს ამზადებდნენ საიუბილეო კონიაკის სპეციალურ მუხის კასრს, რომელსაც უკვე ჰქონდა მიბნეული იარლიყი – “Oჩ-50”, რაც ნიშნავდა იმას, რომ ამ კონიაკის გიგანტური კასრი უნდა გახსნილიყო ორმოცდაათი წლის შემდეგ და ამ წესით დამზადებულ კონიაკს უნდა ჰქონოდა საგანგებო ეტიკეტი. ყველა ტექნოლოგისათვის, დირექტორის ჩათვლით, ცხადი იყო, რომ ამ კონიაკის კასრის გახსნას დღეს მოღვაწე ვერც ერთი ტექნოლოგი ვერ მოესწრებოდა, მაგრამ ისინი ამ სამუშაოს აკეთებდნენ თავიანთი პროფესიონალური მოვალეობის შესრულების მიზნით და მომავალი თაობის ინტერესებისათვის..
ჩვენს სტუმრებს, დირექტორის სადეგუსტაციო მაგიდასთან, მიართვეს ნაირ-ნაირი ფერის და გემოვნების, სხვადასხვა ტიპის კონიაკი. ამგვარი გულუხვი მასპინძლობით გათამამებული ჩვენი ევროპელი სტუმრები, რბილად რომ ვთქვათ, კარგ ხასიათზე დადგნენ...
კონიაკის ქარხნის დირექტორმა სტუმრებს აჩუქა მათ მიერ მოწონებული სასმელის თითო ბოთლი. იმ დღეს ყველა დასაჩუქრდა – ყველამ აირჩია მისთვის სასიამოვნო ექსპონატი...
ამ დელეგაციის მაღალ დონეზე მიღებისათვის მთავრობის ჩინოვნიკებისაგან უბრალო სიტყვიერი მადლობაც კი არ მიმიღია...
აი, ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობდით ერთიან დიდ საბჭოთა კავშირში...

No comments:

Post a Comment