Sunday, August 29, 2010

31. მოგონებები აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილზე

ელეფთერ ანდრონიკაშვილი და ნილს ბორი

31. მოგონებები აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაბადებიდან ოთხმოცდაათი წლის თავზე

აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაბადებიდან ოთხმოცდაათი წლის თავზე უდიდესი მადლიერებისა და ღრმა პატივისცემის გრძნობით შემიძლია მოვიხსენიო მისი ხელმძღვანელობით ოცდახუთი წლის მანძილზე დაგროვილი საინტერესო მეცნიერული თუ ცხოვრებისეული ეპიზოდები, რომლებიც, შესაძლოა, წარმოადგენდეს გარკვეულ ინტერესს ფართო საზოგადოებისათვისაც.
შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ შესაძლებელი იყოს ვინმეს მიერ სადღეისოდ, ელეფთერ ანდრონიკაშვილის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ათიოდე წლის შემდეგ, მისი წმინდად მეცნიერული, თუ სამეცნიერო-ორგანიზაციული მოღვაწეობის ობიექტური და სრული შეფასება. ამგვარ მისიას, ჩემის ღრმა რწმენით, შეასრულებს მხოლოდ მომავალი თაობა და ისიც დაახლოებით ორმოცდაათი-ასი წლის შემდეგ... დღეს კი მათ, ვისაც მასთან ჰქონია საქმიანი ურთიერთობა, შესაძლებლობა ეძლევა დაუტოვოს მომავალ თაობას ინფორმაცია ამ უდაოდ დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის შესახებ.
ბატონი ელეფთერი პირველად ვიხილე 1958 წლის 18 სექტემბერს. ამ დღეს მას ჰქონდა შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის იმ კურსდამთავრებულებთან, რომლებიც სამუშაოდ იყვნენ განაწილებული, მისივე პერსონალური განაცხადის საფუძველზე, ფიზიკის ინსტიტუტში. სხვათა შორის, ამბობდნენ, რომ ამ გამოშვებაში ბევრი ნიჭიერი სტუდენტი იყო თავმოყრილიო. ამ მოსაზრებას იზიარებდა ბატონი ალეკო იშხნელი, რომელიც წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ფიზიკის ფაკულტეტზე და მას სრული უფლება ჰქონდა ამგვარი დასკვნის გაკეთებისა. მე კი, ჩემის მხრივ დავამატებდი, რომ სწორედ ამ გამოშვებაში იყო, უდროოდ გარდაცვლილი, შესანიშნავი მკვლევარი და მოქალაქე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ვაჩნაძე, რომელმაც შეასრულა ბრწყინვალე თეორიული გამოკვლევები, სწორედ რომ ჰელიუმის ფიზიკაში – დარგში, რომლის განვითარებაში უთუოდ დიდი ღვაწლი მიუძღვის ელეფთერ ანდრონიკაშვილს.
ბატონმა ელეფთერმა ამ დღეს ოცამდე დამწყებ ფიზიკოსს მიგვიჩინა საქმე: ჩვენ გაგვანაწილა ფიზიკის ინსტიტუტის სხვადასხვა ლაბორატორიებში.
მე მევალებოდა იზოტოპური ნეიტრონული წყაროების გამოყენებით მარგანეცის მადნებსა და გეოლოგიურ ქანებში მცირე კონცენტრაციებით შემცველი ელემენტების ზუსტი რაოდენობრივი განსაზღვრის ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის ექსპრესული მეთოდების დამუშავება და გამოყენება. მაშინ ამ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ბატონი ილია ნასყიდაშვილი და განლაგებული იყო კარსნის ტერიტორიაზე, ულამაზეს ეგზოტიკურ შენობაში, საიდანაც, როგორც ხელის გულზე, ისე მოჩანდა მცხეთის ჯვრის მონასტერი. თავად ლაბორატორიულ კორპუსს გარს ერტყა ფართოფოთლოვანი ტყე, ხოლო ეზოს ამშვენებდა ვარდების ბაღით გარს შემორტყმული წყლის საკმაოდ მოზრდილი აუზი. აქვე თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ლაბორატორიის თანამშრომლები უზრუნველყოფილი იყვნენ კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებლით (ელექტროენერგიის მიწოდების “გრაფიკის” ცნება იმ დროისათვის სრულიად გაუგებარი იყო), მაშინ ცხადი გახდება, რომ შემოქმედებითი საქმიანობისათვის კაცი, მართლაც, უკეთეს პირობებს ვერ ინატრებდა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემთვის პირადად, ამგვარი “ნეტარების” ეპოქა ჩქარა დასრულდა. 1959 წლის ნოემბერში საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ამიერკავკასიაში პირველი ბირთვული რეაქტორის მშენებლობის დასრულება. ნეიტრონული აქტივაციური ანალიზი, სხვა კვლევითი რეაქტორების მსგავსად, ჩვენთანაც იქცა ერთ-ერთ ტრადიციულ მიმართულებად. სულ ჩქარა, კვლევის ექსპერიმენტული ბაზის შეცვლასთან ერთად, მომიწია თვით კვლევის ობიექტის შეცვლაც. ბატონი ელეფთერის ბრძანებით, ამ რეაქტორზე შეიქმნა ბიოლოგიური ობიექტების ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის ლაბორატორია. მე დამევალა ამ ლაბორატორიის ხელმძღვანელობა. ეს იყო უკვე 1961 წლის სექტემბერი და ამ დღიდან ბატონი ელეფთერის მეცნიერული ინტერესების სფერო მოიცვა პრობლემამ, რომელსაც უცხოურ ლიტერატურაში აქვს ხატოვანი ფორმულირება “Mეტალს ინ ლიფე შციენსეს”.
ამ დღიდან მოყოლებული სიცოცხლის ბოლო წუთამდე მეტალების ბიოლოგიურ სისტემებთან ურთიერთქმედების რთული მექანიზმების შესწავლას მიეძღვნა ბატონი ელეფთერ ანდრონიკაშვილის მეცნიერული მოღვაწეობის დიდი ნაწილი. ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში მის მიერ ამ პრობლემის ირგვლივ მრავალი სამეცნიერო ნაშრომი იქნა გამოქვეყნებული. ასევე მას აქვს მრავალი მოხსენება წაკითხული მაღალი რანგის მქონე სამეცნიერო კონფერენციებსა და ყრილობებზე: მოსკოვში, ბოსტონში, რომში, პარიზში, ბერლინში და სხვა დიდ სამეცნიერო ცენტრებში.
აქ უადგილო არ იქნება გავიხსენო ცოტა რამ “მეტალო-ბიოფიზიკური” პრობლემის აქტუალობის შესახებ.
დღეს, ოცდამეერთე საუკუნის დამდეგს, არათუ ამ დარგის მეცნიერ-მკვლევარებს, არამედ ამ პრობლემისაგან საკმაოდ მოშორებით მდგომ პიროვნებებსაც კი თავში აზრად არ მოუვათ ამ პრობლემის აქტუალობის ეჭვის ქვეშ დაყენება. კერძოდ, მეტალების მაკრომოლეკულებთან-ცილებთან, სპეციფიკურ მეტალო-ფერმენტებთან, ნუკლეოტიდებთან და ასე შემდეგ ურთიერთქმედების შესწავლის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ორმოცი-ორმოცდაათი წლის წინათ კი ოპონენტთა რიცხვში იყვნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, რომელთა სახელების დასახელება შორს წაგვიყვანდა. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მათ სათავეში ედგნენ აკადემიკოსები: ვლადიმერ ენგელჰარტი და ალექსანდრე ბაევი.
ბატონი ელეფთერის გადმოცემით ვიცი, რომ ვლადიმერ ენგელჰარტს მძიმე მეტალების აქტიური ბიოლოგიური როლის შესახებ ეკავა მეტად ცინიკური პოზიცია. ალბათ, ბედის ირონიას უნდა მივაწეროთ ისიც, რომ ფერმენტი, სახელად რევერტაზა, რომლის თვისებებსაც წლების განმავლობაში სწავლობდა მხცოვანი მეცნიერი, აღმოჩნდა თუთიის შემცველი!.. ამ ინფორმაციის უცხოურ ჟურნალში ამოკითხვის შემდეგ აღიარებს, რომ მისმა მოწაფეებმა დროზე ვერ მოისაზრეს ამ ნიმუშების ალის სპექტრომეტრზე გაშვება, რათა სპექტრში დაენახათ თუთიის ხაზი. აქაც წუთიერად უღალატა ტიტულოვან მეცნიერს ექსპერიმენტატორ-ანალიტიკოსისათვის საჭირო ალღომ, იმ ალის სპექტრომეტრებში, რომელთაც ის გულისხმობდა, მისი მოწაფეები მაინც ვერაფერს ამის მსგავს ვერ დაინახავდნენ, რადგანაც ამისათვის საჭირო იყო სპეციალური ანალიზური დანადგარის აწყობა, რომელსაც ექნებოდა თუთიის განსაზღვრის მგრძნობიარობა ათი ხარისხად მინუს თორმეტი გრამის რიგისა. მოგვიანებით ამგვარი სინანულის უადგილობას თვითონვე აღიარებს.
თუ არა აკადემიკოს და შემდგომში საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის იმჟამინდელ პრეზიდენტ ანატოლი პეტრეს ძე ალექსანდროვის უდიდესი მხარდაჭერა და თანადგომა, ბატონ ელეფთერ ანდრონიკაშვილს გაუჭირდებოდა იმ მრავალი უსამართლო ბარიერის გადალახვა, რომელთაც დიდი რუდუნებით უშენებდნენ მისი ოპონენტები. დღეს ამ ოპონენტებიდან ზოგიერთმა თვითონ დაიწყო მუშაობა აღნიშნული პრობლემის ირგვლივ და არცთუ უშედეგოდ.
საბედნიეროდ, ბატონი ელეფთერის “მეტალო-კანცეროგენულ” ჰიპოთეზას საზღვარგარეთელი ოპონენტები არ ჰყოლია. 1973 წელს მის მიერ ბოსტონში, ბავშვთა კიბოს ცენტრში, რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა პროფესორი სიდნი ფარბერი და რომლის სახელსაც დღეს ატარებს ეს სამეცნიერო ცენტრი, წაკითხული ლექციის შემდეგ ისინი სიამოვნებით წამოვიდნენ ჩვენთან თანამშრომლობაზე. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი ეკავა რიჩარდ ნიქსონს და მისი პრეზიდენტობის დროს საბჭოთა კავშირთან მიღწეული “დათბობის” სინდრომის წყალობით მოხერხდა ჩვენი წარმატებული მეცნიერული თანამშრომლობა ფარბერის ინსტიტუტთან. მაშინ ორმოცდარვა საათის განმავლობაში შეუფერხებლად ვიღებდით ამ ინსტიტუტიდან საკვლევ ნიმუშებს: ჰისტონებისა და ნუკლეინის მჟავეების პრეპარატებს, რომლებიც ამერიკელების მიერ გამოყოფილი იყო მწვავე ლეიკოზით დაავადებული ბავშვების ლიმფოციტებიდან და ამ პრეპარატების ტრანსპორტირება ხდებოდა ცივ მდგომარეობაში, მშრალ ყინულზე, სპეციალური ბოქსებით. მაშინ ნიმუშების განბაჟება არ ხდებოდა და ისინი უპრობლემოდ, დროულად აღწევდნენ ჩვენს საკვლევ ლაბორატორიამდე.
სამწუხაროდ, დღევანდელ დამოუკიდებელ სახელმწიფოში, მოუქნელი ჩინოვნიკური აპარატის წყალობით, იგივე ამერიკის უდიდესი სამეცნიერო ცენტრიდან – ბერკლის ნაციონალური ლაბორატორიიდან გრანტის სახით მიღებული ქიმიური პრეპარატების განბაჟებაზე თვეები იხარჯება!..
მრავალი მკვლევარის პოზიციის ამგვარი მეტამორფოზა მე სრულიად ბუნებრივად მეჩვენება, რადგანაც ამ პრობლემის აქტუალობა დასტურდება იმითაც, რომ ეს მეცნიერული მიმართულება მოწინავე ქვეყნების მიერ ფინანსირდება საკმაოდ “მსუყედ”.
 ცნობისათვის: ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის მიერ ამ ბოლო წლებში მოწონებული პროგრამებისა და გრანტების დიდი ნაწილი (ოცდათხუთმეტი პროცენტი) ეძღვნება ბიოტექნოლოგიური პრობლემების შესწავლას ამ კუთხით და მიმართულია სასიცოცხლო გარემოს დასაცავად.
აქვე, ჩემს მიერ, უადგილო არ უნდა იყოს იმის ხაზგასმაც, რომ ბატონი ელეფთერის მოწაფეები, რომლებიც მხოლოდ აქ, ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობენ (რომ აღარაფერი ვთქვა, იმ მოწაფეთა შესახებ, რომლებიც აგრძელებენ მოღვაწეობას სხვა სამეცნიერო ცენტრებში), წარმატებით აგრძელებენ კვლევით საქმიანობას მეტალ-ბიოლოგიური სისტემების ირგვლივ და არც ის უნდა იყოს შემთხვევითი, რომ მათ მიერ დღეისათვის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის (სსტც) ეგიდით ერთდროულად სრულდება სამი პროექტი გრანტების სახით. აქ პირველ რიგში უნდა მოვიხსენიო გრანტები: G-348 და G-349, რომლებიც სრულდება კალიფორნიის ლოურენს ბერკლის სახელობის ნაციონალურ ლაბორატორიასთან (LBNL) თანამშრომლობით. ეს ლაბორატორია სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიოს უდიდეს ავტორიტეტულ სამეცნიერო ცენტრად, სადაც როგორც მეცნიერი, “დაიბადა” ნობელის პრემიის ცხრა ლაურიატი! ასევე G-408 პროექტის ფარგლებში, ჩვენთან თანამშრომლობაზე წამოვიდა ოუკ რიჯის ნაციონალური ლაბორატორია (ORNL) თავის მაღალნაკადიან [»5.1015 ნეიტრ/სმ2 წამი (HFIR)] ბირთვულ რეაქტორზე კვლევითი სამუშაოების შესრულებაში მაქსიმალური ხელშეწყობის ვალდებულებით.
ცნობისათვის: ეს არის უნიკალური ბირთვული რეაქტორი, რომლის აქტიური ზონა ყოველი ოცდაორი დღის მუშაობის შემდეგ საჭიროებს განახლებას, მისი ბირთვული საწვავის გამოწვის გამო. საგულისხმოა ისიც, რომ თავისი არსებობის მანძილზე პირველად ხდება, რომ ამ ცენტრმა “გააღო კარი” ჩვენთან, როგორც პირველ უცხოელებთან თანამშრომლობისათვის სამეცნიერო-კვლევითი პროგრამის ფარგლებში. დღეს რომ ბატონი ელეფთერი ცოცხალი ყოფილიყო, სამართლიანად გაიხარებდა მისი მოწაფეების საქმიანობის ამგვარი საერთაშორისო აღიარებითა და მხარდაჭერით.
და მაინც საჭიროდ ვთვლი, მოკლედ მოვიხსენიო თავად ბატონი ელეფთერის თანაავტორებთან მუშაობის ზოგიერთი სპეციფიკური “მეთოდიკა”. ეს თანამშრომლობა ჩემთვის ყოველთვის იყო დაძაბული და თანაც “თამაში” ჩემი შესაძლებლობების ზღვარზე, რადგანაც არ გაპატიებდა პატარა უზუსტობასაც კი, თუ ეს ეხებოდა კონკრეტულ სამეცნიერო შრომაში ხაზგასმულ ცნებას ან დასკვნას.
მწარედ მაგონდება 1970 წლის ზაფხული. ვიყავი შვებულებაში და ამ დროს ვიღებ ბატონი ელეფთერისაგან სასწრაფო დეპეშას სამსახურში დაუყონებლივ გამოცხადების მოთხოვნით.
ბრძანებას ვასრულებ უყოყმანოდ.
ვცხადდები ინსტიტუტში, ვაღებ დირექტორის მისაღებ კარს და ვხედავ განაწყენებული დირექტორის სახეს. მაწვდის ჩვენი ერთობლივი შრომის კორექტურას. ამ სტატიაში ყველაფერი რიგზე იყო, გარდა ერთისა – დასკვნით ნაწილში არეული იყო მძიმისა და წერტილის ადგილები. ამგვარი უზუსტობის გასწორების შემდეგ დავუბრუნე შრომა და მაინც ვკითხე, ნუთუ მხოლოდ ამის გულისათვის შემაწყვეტინეთ შვებულება-მეთქი.
უნდა გენახათ მისი განრისხება, რაც ჩემთვის მოულოდნელად დამატყდა თავს ამ “არაკორექტული” შეკითხვის გამო, - არ მაპატია ჩემის მხრივ დიდი და პატარა შეცდომის ცნების დაკანონების მცდელობა.
მაშინ და შემდგომაც კარგა დიდი ხნის განმავლობაში ასეთ რეაქციას დიდი მეცნიერის ახირებულ ჭირვეულობად ვთვლიდი. როგორც ამ ბოლო დროს წარმოჩინდა, კომპიუტერული ტექნიკის ფართოდ გამოყენების კვალობაზე, - “დიდი” და “მცირე” შეცდომა ერთნაირად ფასობს!..
სხვათაშორის, დიდი და მცირე შეცდომების დიფერენცირების წინააღმდეგი იყო აკადემიკოსი ვაგან მამასახლისოვიც, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კომპიუტერული ტექნიკა შემოვიდოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ამას იგი შემდეგნაირად ასაბუთებდა: ვთქვათ, გიგანტური საგლინავი ჩარხის ოპერატორი, ცხელი ლითონის დამუშავების დროს, აჭერს თითს იმ ღილაკს, რომელიც გათვალისწინებული არ არის ტექნოლოგიით. შედეგი, რა თქმა უნდა, იქნება არასასურველი თუ კატასტროფული არა. მაშ, რა გამოდის, შეცდომის ფასს აქვს სიდიდე-ზომა, რომელიც არ არის “პროპორციულ” დამოკიდებულებაში მის გამომწვევ მიზეზთან...
როგორც ჩანს, დიდი და პატარა შეცდომის მაგიერ, აჯობებდა მეხმარა “უნებლიე და უწყინარის” ცნება, რომელიც ასე ტევადი შინაარსით არის დატვირთული ჩვენს დალოცვილ ქართულ ენაში...
იმ რუს მეცნირებს შორის, რომლებიც რეალურ თანადგომას უწევდნენ ბატონ ელეფთერს, ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა აკადემიკოს გიორგი ფლოროვს.
ცნობისათვის: ეს ის გიორგი ფლოროვია, რომელმაც დასავლეთის ფრონტიდან 1942 წელს წერილი გაუგზავნა იოსებ სტალინს, სადაც ის, უმცროსი ეფრეიტორის ჩინის მქონე ჯარისკაცი, უსაბუთებდა ქვეყნის ბელადს ბირთვული ფიზიკის განვითარების აუცილებლობას. როგორც ცნობილია, ის ამის შემდეგ დააბრუნეს ლაბორატორიაში და მიუჩინეს პერსონალური “მზრუნველები”, მისი სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ცნობილია, რომ მთავრობის მხრიდან, ეს განსაკუთრებული მზრუნველობა დიდხანს გრძელდებოდა, თვით სტალინის სიკვდილის შემდეგაც... აკადემიკოსი გიორგი ფლოროვი იყო დუბნის ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის (ЛЯР) დირექტორი და მუშაობდა ტრანსურანული ელემენტების სინთეზის პრობლემებზე. იგი გამოირჩეოდა გასაოცარი იუმორის გრძნობით და ამ ფონზე ჩვენ არ გვიკვირდა, როდესაც მას შემდეგ, რაც გაეცნო ბატონი ელეფთრის ხელმძღვანელობით შესრულებულ შრომებს ძნ ->დნმ ურთიერთქმედების შესახებ, ხუმრობდა: თავდაპირველად არ ვიყავი დარწმუნებული იმაში, რომ თქვენ დაიჭირეთ დათვი; ვფიქრობდი, ვაითუ, დათვმა დაგიჭირათ თქვენ, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რომ დათვს არ დაუჭერიხართ”. ამის შემდეგ იგი ტრადიციულ საახალწლო მოლოცვებს, როგორც წესი ასრულებდა ფრაზით: “С Zn-овым приветом!”
დიდი იყო ბატონ გიორგი ფლოროვის დამსახურება არა მარტო ფუნდამენტური ფიზიკის აქტუალური პრობლემების კვლევაში, არამედ სუფთა გამოყენების თვალსაზრისითაც. მის ლაბორატორიაში დამზადებული ბირთვული ფილტრები, რომლებიც მიიღება ციკლოტრონზე აჩქარებული მრავალმუხტიანი იონებით ლავსანის თხელი აფსკების დაბომბვის შედეგად, დღესაც ფართოდ გამოიყენება მიკრობიოლოგიურ კვლევებსა, თუ სხვა პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. ჩვენს ლაბორატორიაში, ამ ფილტრების გამოყენებით ხერხდება ხსნარების გასუფთავება ულტრა-მიკროსკოპული ნაწილაკების მინარევებისაგან, რასაც აქვს ფასდაუდებელი მნიშვნელობა კაპილარული ელექტროფორეზისათვის საჭირო ბუფერული ხსნარების მოსამზადებლად.
ცოტა რამ იმის შესახებ, თუ როგორი იყო ბატონი ელეფთერის მიერ ფიზიკის ინსტიტუტის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მექანიზმები. ისინი, მართლაც, მრავლად იყო მის არსენალში და საჭიროების მიხედვით ოსტატურად იყენებდა მიზნის მისაღწევად. მიზანი კი იყო ინსტიტუტის სამეცნიერო დონის აყვანა ნამდვილ ლიდერთა დონეზე. ამის მიღწევა კი არ იყო ადვილი კონსერვატულ-ჩინოვნიკურ სახელმწიფოში. პრობლემები ყოველთვის იყო ინსტიტუტის ლაბორატორიების ახალი სამეცნიერო აპარატურით აღჭურვის თვალსაზრისით. ეს პრობლემა პრობლემათა შორის ყოველთვის ყველაზე მტკივნეული იყო და ამის გამო მას ხშირად დღეები უღამებია ფუნქციონერების მისაღებებსა თუ სამდივნოებში. ის ხშირად აკითხავდა პრეზიდენტ ანატოლი ალექსანდროვს იმპორტული რეაქტივების შესაძენად საჭირო ვალუტის გამოსათხოვნად, ან თანამშრომლებისათვის საზღვარგარეთული მივლინებების ნებართვის ასაღებად.
ბატონი ელეფთერი ასევე ხშირი სტუმარი იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, აკადემიკოს ვლადიმერ კირილინისა, რომელიც დიდხანს იყო ამ კომიტეტის თავმჯდომარე და რომელსაც შეეძლო სახელმწიფო რეზერვიდან, რომლის განმკარგავიც მეცნიერებაში ის გახლდათ, დაეფინანსებინა ახლად წარმოჩენილი სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოები.
თავს ნებას მივცემ განვაცხადო, რომ ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ბატონი ელეფთერის მიმართ აკადემიკოს ვლადიმერ კირილინის კეთილგანწყობამ ითამაშა ფასდაუდებელი როლი, ფიზიკის ინსტიტუტისათვის რამდენიმეჯერ სხვადასხვა პროექტების მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების აღმოჩენაში. ბატონი ელეფთერისათვის მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში არა თუ მარტო შესვლა, არამედ თვით მის თავმჯდომარესთან ურეგლამენტო მიღება და მასთან ხანგრძლივი საუბარი ჩაის სმით საკმაოდ უჩვეულო იყო კომიტეტის მაღალი რანგის თანამშრომლებისთვისაც კი.
მახსოვს, 1974 წელს ვიღებდი მონაწილეობას იმ დადგენილების პროექტის მომზადებაში, რომლის წარდგენასაც უახლოეს მომავალში ვარაუდობდა ბატონი ელეფთერი. ამგვარი პროექტის მომზადება გადის გარკვეულ ეტაპებს – დაბალი რანგის ჩინოვნიკებიდან ეშელონის ფუნქციონერებამდე. დადგენილების პროექტის დანართი, სადაც, კაცმა რომ თქვას, იყო ჩამოთვლილი ის ხელსაწყო დანადგარები, რომელთა შეძენაც უნდა უზრუნველეყო ამგვარ დადგენილებას, მომზადების ბოლო ეტაპზე საჭიროებდა კომიტეტის მაღალი რანგის ექსპერტებთან შეთანხმებას. ეს ამოცანა უმტკივნეულოდ შევასრულე და როდესაც ვემშვიდობებოდი ბოლო ექსპერტს, მაინც ვკითხე, როგორია ამ პროექტის მოწონების ალბათობა მეთქი. მას გაეცინა და პირდაპირ მითხრა: თავმჯდომარე თვლის, რომ ეს სამუშაოები უნდა გავუშვათ “Впереди паровоза”.
მადლობის მეტი რა მეთქმოდა და, როდესაც თბილისში დაბრუნების შემდეგ, ამის შესახებ მოვახსენე ბატონ ელეფთერს, მას გაეღიმა, მაგრამ, როგორც შევნიშნე, ეს მისთვის არცთუ დიდი მოულოდნელობა უნდა ყოფილიყო. აქ ჩემთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, თუ წინასწარ, როგორი საიმედობით და რუდუნებით ამზადებდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, სანამდე მოხდებოდა ოფიციალური განხილვა. სწორედ აქ ჩანდა საკითხის მომზადების მისთვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური ხელწერა, რის წყალობითაც ყოველთვის აღწევდა მნიშვნელოვან წარმატებას.
ცალკე განსჯის საგანი იყო და დღესაც რჩება ბატონი ელეფთერის ხელქვეითთა მიმართ დამოკიდებულების სპეციფიკა. აქ, შესაძლოა, იმდენი სუბიექტური მოსაზრება არსებობდეს, რამდენ პერსონასაც ჰქონია მასთან საქმიანი თუ სამსახურეობრივი დამოკიდებულება.
ბატონი ელეფთერი თანამშრომლების მიმართ იყო მკაცრი, ხშირად სამართლიანი და ზოგჯერ უსამართლოც. მის მიერ მიღებული ზოგიერთი უსამართლო განაჩენის შესახებ, გარკვეული დროის შემდეგ მას დიდი სინანულიც კი გამოუთქვია.
აი, ერთი მაგალითი: კარსნის ლაბორატორიის მექანიკურ სახელოსნოში სამოციან წლებში მუშაობდა წარმოშობით გერმანელი, ალექსანდრე ალფონსის ძე მიულმანი. ის იყო მაღალი კლასის ოპტიკოს-მექანიკოსი. მისი დამზადებული ნაკეთობები იწვევდა საყოველთაო მოწონებას. ერთ დღეს ეს მხცოვანი ოსტატი, ნაშუადღევს სამუშაო საათებში, ისვენებდა ლაბორატორიის ეზოში, გრძელ სკამზე ჩამომჯდარი. ფიქრებში წასულმა მექანიკოსმა ვერც კი შენიშნა, როგორ შემოსრიალდა დირექტორის მანქანა ეზოში და როგორი მედიდური იერით გადმოვიდა ამ მანქანიდან ბატონი ელეფთერი, რომელმაც არ დააყოვნა და დიდი საყვედური უთხრა ალექსანდრე მიულმანს სამუშაო საათებში “უქმად” ყოფნის გამო.
ბატონმა მიულმანმა აუხსნა დირექტორს, რომ ძლიერ დაიღალა მთელი დღე სახარატო ჩარხთან დგომით და მუშაობით, და თავს ნება მისცა, ცოტა ხნით დაესვენა. მეტი ახსნა-განმარტება მას თავისი დისციპლინირებული დირექტორისათვის არ მიუცია.
იმ დღიდან ის სახელოსნოში არ დაბრუნებულა, დაწერა განცხადება განთავისუფლების თხოვნით და დირექტორმაც არ დააყოვნა მისი თანამშრომლის თხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება.
ამის შემდეგ გავიდა დაახლოებით ოცი წელი და მე გავუხსენე ეს ეპიზოდი. უნდა გენახათ, როგორი სინანული გამოთქვა და რა დაუნდობელი სიტყვებით მოიხსენია საკუთარი თავი ამგვარი მოქმედების გამო. ეს სინანული დაასრულა სიტყვებით: რა იყო იმაში დაუჯერებელი, რომ ცხოვრებით განაწამებ, მარტოხელა, ემიგრანტ მოხუცს შეეძლო მართლაც დაღლილიყო და ამის გამო მცირეოდენი არარეგლამენტირებული დროით დაესვენა.
ბატონმა ელეფთერმა კვლავ მწარედ ამოიოხრა და თავისთვის დაბალი ხმით წარმოთქვა ფრაზა: “ბევრი სისულელე მაქვს ჩადენილი, მაგრამ ახლა მათ უკვე აღარაფერი ეშველება...”.
ამბობენ, ბატონი ელეფთერი, თავისი მოღვაწეობის სასტარტო ეტაპზე (1948-1958 წლები), ძალიან მკაცრი და დაუნდობელი იყო სამსახურეობრივი დისციპლინის დამრღვევთა მიმართო. მოგვიანებით, შეარბილა თავისი დამოკიდებულება ხელქვეითთა მიმართ, მაგრამ პრინციპულ შემთხვევებში მას არ უღალატია თავისი ჩვეულებისათვის. რაც შეეხება საკუთარი ცოდვების თუ შეცდომების აღიარებას, ეს მასში უსათუოდ შეინიშნებოდა და ამ პროცესის ამსახველი კინეტიკური მრუდი მისი ასაკის პროპორციულად მცირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მასთან მუშობის ოცდაათწლიანი პერიოდის ანალიზი, ამგვარი დასკვნის შესაძლებლობას მაძლევს.
დაწყებული 1970 წლიდან, ბატონ ელეფთერთან თანამშრომლობის პერიოდში სრული შესაძლებლობა მქონდა ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მასთან გამომეთქვა ჩემი აზრი და თუ მასში, მართლაც საყურადღებო მომენტზე იქნებოდა საუბარი, ამას სრულიად ნორმალურად აღიქვამდა.
მახსენდება ასეთი ეპიზოდი: ბიოფიზიკური სექტორის თანამშრომელთა ყოველკვირეულ სემინარზე, გარდა სამეცნიერო მოხსენებისა, ხშირად ირჩეოდა ორგანიზაციული საკითხებიც. ერთხელ, დიდის თავმოწონებით გამოგვიცხადა, რომ მეტად კმაყოფილია ბიოქიმიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ქალბატონ ზინა ჩანჩალაშვილის მუშაობით და მზად არის დაუნიშნოს ხელფასზე დანამატი დირექტორის ფონდიდან ოცი მანეთის ოდენობით.
მე ჩემთვის ჩავილაპარაკე, ეს რა ჯილდოა, ამ ფასად მხოლოდ ერთ პატარა საზამთროს თუ იყიდის მეთქი. ადრეული ზაფხული იყო და საზამთრო, როცა პირველად შემოდის ჩვენს ბაზრებზე, მართლაც ძვირად ფასობდა. ამასთან ისიც ვიცოდი, რომ ბატონ ელეფთერს ძალიან უყვარდა საზამთრო. “А сколько стойт большой арбуз?” მე ვუპასუხე, რომ ამისათვის საჭიროა ორმოცი-ორმოცდაათი მანეთი-მეთქი. ამგვარი შესწორება მას მაინცდამაინც დიდად არ ესიამოვნა, მაგრამ ბრძანებაში კორექცია კი შეიტანა.
იყო ასეთი შემთხვევაც: ერთ ზამთარს, როდესაც თბილისში პირველად “მოფრინდა” ენერგეტიკული კრიზისის ნიშნები, რაც იმით გამოიხატა, რომ ირანმა შეუწყვიტა ჩვენს ქალაქს, მართლაც ცისფერი აირის მოწოდება (ქალაქის ცენტრალური გათბობის სისტემები მაშინ აწყობილი იყო მხოლოდ ირანულ აირზე და ამ სისტემაში სხვა საწვავის გამოყენება არ ხერხდებოდა), გაჩნდა დიდი პრობლემა გათბობის სექტორში. აი, ასეთ დროს ბატონმა ელეფთერმა რამოდენიმე თანამშრომელი დაიბარა სახლში სტატიის დასაწერად, მათ შორის ვიყავი მეც. ის ხშირად ავადმყოფობდა და გაყინულ სახლში, მართლაც, უჭირდა ყოფნა. ამის გამო თბილად იყო ჩაცმული და თანაც თავზე ჰქონდა მოსასხამი შემოხვეული, რომელიც ძალიან ჰგავდა პალესტინის განთავისუფლების ლიდერის, იასირ არაფატის ბურნუსს, რომელსაც არაფატი ატარებდა ტროპიკული სიცხეების პირობებშიც კი. ბატონი ელეფთერი ამის გამო გასაოცარი სიზუსტით ჰგავდა არაფატს და მე მოუფიქრებლად ვუთხარი, როგორ ზუსტად ჰგავხარ მეთქი არაფატს.
აღმოჩნდა, რომ იასირ არაფატი გულზე არ ეხატებოდა და წყენით მითხრა: თუ გინდა, შენ იყავი არაფატიო. ამის შემდეგ გაიცინა და თქვა: სპარსელები არ იქცევიან კარგად, რაღა მაინც და მაინც ამ ყინვების დროს შეწყვიტეს აირის მოწოდებაო.
მაშინ ჩვენ არ შეგვეძლო წარმოგვედგინა დღევანდელი თბილისის სიტუაცია, როდესაც ცენტრალური გათბობა კი არა, ორსაათიანი გრაფიკით ელექტროენერგიის მოწოდებაც კი სანატრელი გაგვიხდა.
კარგად არის ცნობილი, რომ ბატონ ელეფთერს ხშირად უხდებოდა სამსახურებრივ მივლინებაში ყოფნა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო ბევრ გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, რომელთა ანაზღაურებაც ოფიციალური კანონმდებლობით არ იყო გათვალისწინებული და იძულებული ხდებოდა, ეს ხარჯები საკუთარი ხელფასით დაეფარა. გარეშე პირებისათვის ეს მომენტი შეუმჩნეველი რჩებოდა, მაშინ როდესაც მის უახლოეს გარემოცვაში მყოფთათვის ეს სრულიად ბუნებრივი რამ იყო.
ერთ დროს, თბილისში დიდი მოწონება ჰქონდა ქალის ჩექმას. როგორღაც იმ ხანად, მიღებაზე დირექტორთან შევიდა გემოვნებით, მოდურად ჩაცმული ერთი ქალბატონი, რომელსაც, მართლაც, ლამაზი ჩექმები ეცვა. ბატონმა ელეფთერმა უნებლიედ იკითხა ფასი. აღმოჩნდა, რომ ის ჩექმები, მაშინდელი თბილისის შავ ბაზარზე იმდენივე ღირდა, რაც იყო ბატონ ელეფთერის ერთი თვის ხელფასი. მან თავისთვის ჩაილაპარაკა: ამ სიამოვნების უფლებას მე ჩემს თავს ვერ მივცემო. თურმე, ასეთი ჩექმები უნდოდა საჩუქრად თავისი საყვარელი ძმისშვილისათვის...
რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბატონი ელეფთერისათვის პირადი, ფინანსური დეფიციტი მუდმივი თანამგზავრი იყო. მაგრამ, როცა კი თავისუფალი ფული გაუჩნდებოდა, მის ხარჯვას ნამდვილი ქართული თავადური მანერით ახორციელებდა. კიდევ ერთი პატარა მაგალითი ამ მოსაზრების დასადასტურებლად.
1980 წელს გამოვაქვეყნეთ დიდი მოცულობის მიმოხილვითი შრომა ამერიკულ გამოცემაში Metal ions in biological systems. ამის გამო საქრთველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა დაგვაჯილდოვა თითო თვის ხელფასით. უნდა გენახათ, როგორი კმაყოფილი იყო ამის გამო ბატონი ელეფთერი. პირველი, რაც თქვა, ეს იყო: “წავიდეთ, დავასველოთო”. ეს “დასველება” შედგა მცხეთაში, კარგ რესტორანში. იმ დროს ბატონი ელეფთერი იყო მკაცრ დიეტაზე. ამის მიუხედავად, მან გულით მოილხინა – მიირთვა ხაჭაპურიც და ერთი ჭიქა ღვინოც დალია (რის უფლებაც, თურმე, არ ჰქონდა), ხოლო უკან რომ ვბრუნდებოდით, როგორც დამნაშავე ბავშვმა, მე და ბატონი გიორგი მრევლიშვილი ისე გაგვაფრთხილა: ქალბატონ თინასთან არ წამოგცდეთ, რომ დიეტა დავარღვიეო...
ამ პატარა წერილში, გავკადნიერდი და, აღვწერე ბატონი ელეფთერის ცხოვრების ზოგიერი ეპიზოდი, რომლებიც ნიშანდობლივია მისი მუშაობის მეთოდიკისა და ტექნოლოგიისათვის. ვიმეორებ: ეს მეთოდიკა მუშავდებოდა იმ ტაძრის ასაგებად, რომელსაც დღეს სრულიად სამართლიანად ჰქვია “ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტი”. ამ ტაძრის ასაშენებლად საჭირო საამშენებლო მასალებს ის იღებდა საკავშირო მთავრობის სპეციალური დადგენილების საფუძველზე. ამგვარი დადგენილებების მოსამზადებლად ფეხზე გაუხდელად ეცვა რკინის ქალამნები და ხელში ეკავა ჯადოსნური ყავარჯენი. ამ რეკვიზიტით და კოსტუმით, რა თქმა უნდა, შეეძლო ევლო ბევრ, მისი რანგის ქართველ მეცნიერს, მაგრამ მასავით ოსტატურად ამ ატრიბუტიკის გამოყენება ცოტა ვინმემ თუ შეძლო. მისი ამ მეთოდიკის წარმატებულობაზე მეტყველებდა ელეფთერ-აღმაშენებლის მოღვაწეობის თვალსაჩინო შედეგები: ინსტიტუტის ულამაზესი შენობა ვაკე-საბურთალოს შემაერთებელ მაგისტრალზე, დიდი ლამაზი ბაღით; ბირთვული რეაქტორი, ყველა მისთვის საჭირო სატელიტური ობიექტით, დაწყებული რადიო-ქიმიური ლაბორატორიიდან – დამთავრებული მძლავრი კრიოგენული სადგურით: თხევადი აზოტის, ჟანგბადის, წყალბადისა და ჰელიუმის დასამზადებლად; ლაბორატორიული კომპლექსები ბაკურიანსა და ცხრა წყაროზე; კოსმოსური სხივების შემსწავლელი მიწისქვეშა ლაბორატორია თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის მიდამოებში და სხვა მცირე, მაგრამ საჭირო და მნიშვნელოვანი ობიექტი ფიზიკური კვლევებისათვის... ელეფთერ-აღმაშენებლის მოღვაწეობის აპოგეად უნდა მივიჩნიოთ გასული საუკუნის სამოცდაათიანი-ოთხმოციანი წლები. ამ დროისათვის ინსტიტუტის საშტატო განრიგი ითვლიდა ცხრაასამდე თანამშრომელს. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ პერიოდზე მოდის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკების მიერ დაცული დისერტაციის მაქსიმუმი.
მძიმე ავადმყოფობებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მისი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად იქცნენ, სამწუხაროდ, თავისი გაიტანა... ელეფთერ ანდრონიკაშვილი მაშინ წავიდა ამ ქვეყნიდან, როდესაც მისთვის დამახასიათებელ მუშაობის ტექნოლოგიას კიდევ შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა ინსტიტუტის განვითარების შემდგომ ეტაპებზე.
კიდევ ერთხელ შემინდოს ბატონი ელეფთერის სულმა, თუ ზედმეტად შევაშფოთე ჩემს მიერ აქ აღწერილი ეპიზოდებით...

P.S. წერილი დაწერილია 2002 წელს.























ელეფთერ ანდრონიკაშვილი და ლიგური მოსულიშვილი, 1975 წელი

No comments:

Post a Comment