Sunday, August 29, 2010

7. იური ვსევოლოდის ძე იაკოვლევი

7. იური ვსევოლოდის ძე იაკოვლევი

იური იაკოვლევი სამეცნიერო ორბიტაზე მოულოდნელად გამოჩნდა 1955 წელს, ჟენევის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ბრწყინვალე მოხსენებით, რომელიც ეძღვნებოდა მაღალი სისუფთავის მასალებში მინარევების განსაზღვრის აქტივაციური ანალიზის ორიგინალურ მეთოდის დამუშავებასა და მის პრაქტიკულ გამოყენებას. ეს მოხსენება იმდენად ორიგინალურ და თანაც მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებულ გამოკვლევას წარმოადგენდა, რომ ახალგაზრდა, იქამდე მეცნიერულ წრეებში უცნობი მკვლევარი, ამ მოხსენების შემდეგ აღმოჩნდა აქტივაციური ანალიზის ისეთი კორიფეების გვერდით, როგორებიც იყვნენ თავად ჯორჯ ჰევეში და გლენ სიბორგი.
როგორც ცნობილია, აქტივაციურ ანალიზში პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის, უნგრელ მეცნიერს ჯორჯ ჰევეშს, რომელიც გამოაქვეყნა 1936 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ ამ პუბლიკაციიდან ანალიტიკოსთა საზოგადოებამ იხილა ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, გლენ სიბორგის ფუნდამენტალური გამოკვლევა აქტივაციურ ანალიზში.
იური იაკოვლევი სრულიად სამართლიანად იქცა საბჭოთა კავშირში აქტივაციური ანალიზის, როგორც ახალი პერსპექტიული მიმართულების მამამთავრად. მან უაღრესად დიდი როლი ითამაშა ამ მეთოდის პოპულარიზაციის თვალსაზრისით და განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება ამ დარგის სპეციალისტების მომზადების და დაფრთიანების საქმეში. ამ მხრივ იური იაკოვლევის ხელდასმით მომზადდა დარგის მრავალი სპეციალისტი, არა მარტო საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ თანამეგობრობის ქვეყნების ხაზითაც: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, იუგოსლავია, რუმინეთი, პოლონეთი, ბულგარეთი და სხვა.  იური ვსევოლოდის ძე იაკოვლევის ხელმძღვანელობით დაცულ იყო მრავალი საკანდიდატო დისერტაცია, რომელთა შორის ბევრი მეცნიერი გახდა დოქტორი და პროფესორი.
შექმნილ სიტუაციაში იური იაკოვლევი თავად სრულიადაც არ იზიარებდა მეცნიერებაში ხარისხების მიკუთვნების საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ სისტემას და პრინციპულად არ თანხმდებოდა დისერტაციის დაცვისათვის საჭირო მრავალი ფორმალური პროცედურის შესრულებას.
შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია: ერთის მხრივ, საქმე გვქონდა უაღრესად მაღალი მეცნიერული დონის მქონე მკვლევარ-ექსპერიმენტატორთან, რომელსაც მოპოვებული ჰქონდა სპეციალისტთა სამართლიანი აღიარება, ხოლო მეორეს მხრივ, ვერ აძლევდნენ ამგვარი დამსახურების შესაფერის ანაზღაურებას და პრაქტიკულად სიღატაკის ზღვარზე აგრძელებდა ცხოვრებას და ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. არანაირი ხვეწნა-მუდარა, რომელთაც არ იზარებდნენ მისი მოწაფეები და მეგობრები, შედეგს არ იძლეოდა. ის იყო ერთად-ერთი ჩემთვის ცნობილ მეცნიერთა შორის, რომელმაც არ შეცვალა თავისი საპროტესტო დამოკიდებულება უმაღლესი საატესტაციო კომისიის დოგმების მიმართ და არც დაწერა დისერტაცია.
იური იაკოვლევს, აკადემიკოს ალიმარინთან ერთად, მოგვიანებით მიანიჭეს სახელმწიფო პრემია. ამის შემდეგ მან დაწერა მოკლე მეცნიერული მოხსენება, რომელიც სრულიადაც არ ჰგავდა სადისერტაციო ნაშრომს და უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ, ამ მოხსენების ფონზე, იური იაკოვლევს მიანიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ასე დასრულდა უმაღლეს საატესტაციო კომისიის დოგმებთან პროტესტის იაკოვლევისეული ეპიზოდი, მაგრამ ეს მოხდა ძალიან გვიან და ამ წოდებას მისთვის პრაქტიკულად აღარ მოუტანია არანაირი მატერიალური დივიდენდები...
დავუბრუნდეთ თბილისში აქტივაციური ანალიზის IV-საერთაშორისო კონფერენციის მომზადების ეპიზოდებს. ამ კონფერენციის მომზადების მთელი სიმძიმე დააწვა იური იაკოვლევს. ფორმალურად ის იყო საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები არიან ტიტულოვანი მეცნიერები და ყველა საორგანიზაციო საქმიანობას ავალებენ სწავლულ მდივანს. ასეთი ბატონკაცური დამოკიდებულება უცხო არ იყო იური იაკოვლევისთვისაც და იძულებული იყო კონფერენციის დაწყებამდე ჩამოსულიყო თბილისში, ერთადერთი სწავლული მდივნის – ქალბატონ გალინა ბილიმოვიჩის თანხლებით. მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კონფერენციის მომზადების ორგანიზაციული მხარე შესრულდა უმაღლეს დონეზე – პრაქტიკულად, არც ერთი დელეგაცია არ დარჩენილა უყურადღებოდ და შეზღუდული რეგლამენტის მიუხედავად, ყველა ცნობილ სპეციალისტს ჰქონდა საშუალება, გაეკეთებინა მისთვის მნიშვნელოვანი და სასურველი მოხსენება.
კონფერენციამ, რომ იტყვიან, ჩაიარა სრული ანშლაგით. სამახსოვრო ბანკეტზე კი ქართულმა ღვინომ და დიდებულმა მწვადმა წარმატებით დააგვირგვინეს ამ საერთაშორისო ფორუმის დასკვნითი ეტაპი. აქტივაციური ანალიზის მიმართულებით მოღვაწე კოლეგების გაცნობა და, ბევრ შემთხვევაში, დამეგობრებაც კი ქართველ სპეციალისტებთან, აღმოჩნდა ფასდაუდებელი მნიშვნელობის მოვლენა. სასარგებლო ინფორმაციის გაცვლასთან ერთად, ქართველ მეცნიერებს უკვე იწვევდნენ ევროპულ სამეცნიერო ცენტრებში, როგორც კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, ასევე ახალი ტექნიკის დემონსტრირების დროსაც.
მე, პირადად ორჯერ ვიყავი მიწვეული დრეზდენში, როგორც კონფერენციის დელეგატი და ასევე ბირთვულ რეაქტორზე საკვლევი ნიმუშების სწრაფი პნევმო-ფოსტის გასაცნობად. ეს პნევმო-ფოსტა დამზადებული იყო გერმანული სკურპულოზურობით როსენდორფის ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის ჯგუფის მიერ, პროფესორ ნიზეს ხელმძღვანელობით.
ცნობისათვის: პროფესორი ვოლფგანგ ნიზე იყო იური იაკოვლევის ყოფილი ასპირანტი და იმხანად წარმატებით მოღვაწეობდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის აღნიშნულ ატომურ ცენტრში.
სამწუხაროდ, გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების შემდეგ, ქვეყანაში კარს მომდგარი კრიზისის ფონზე, უკვე მეტისმეტად გართულდა რუს მეცნიერებთან ჩვეული, ტრადიციული, საქმიანი შეხვედრებისა და ცოცხალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. აქამდე ჩვენთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება იყო მხოლოდ საფოსტო გზავნილებით ურთიერთინფორმირება.
სადღეისოდ კი, სამწუხაროდ, ეს სიამოვნებაც დავკარგეთ.
საქართველო აღმოჩნდა რუსეთთან ომის ზღვარზე.
ასეთ პირობებში ძნელია არათუ სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა, არამედ ჩვეულებრივი ყოფითი მიმოწერა და კოლეგების ინფორმირება, თუნდაც იმის დასტურად, რომ მე და ზოგიერთი ჩემი კოლეგა ჯერ კიდევ არ წავსულვართ სამარადისო სასუფეველში...

No comments:

Post a Comment