Sunday, August 29, 2010

14. გამოკვლევები მარგანეცის ანალიზის ექსპრესული მეთოდების შესაქმნელად

14. გამოკვლევები მარგანეცის ანალიზის ექსპრესული მეთოდების შესაქმნელად

1958 წელი. ანალიზის ბირთვულ-ფიზიკური მეთოდების ფართოდ გამოყენება სახალხო მეურნეობაში. საბჭოთა კავშირი ცდილობს მსოფლიოს თავი მოაჩვენოს მშვიდობის მტრედად. სახალხო მეურნეობაში მშვიდობიანი ატომის გამოყენების ფართო პროპაგანდა მიმდინარეობს. რადიო-ნუკლიდური წყაროები საბჭოთა კავშირში იყიდება სიმბოლურად დაბალ ფასებში. პრობლემა არ არის არც მათი შოვნის და არც დაფინანსების თვალსაზრისით.
ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირი ჩემულობს ლიდერობას, რადიონუკლიდური წყაროების დამზადებასა და მათ ფართომასშტაბიან გამოყენებაზე.
საქართველო ივსება რადიონუკლიდური მასხივრების ფართო ასორტიმენტით. ამ ფონზე საჭიროა იმის დამტკიცებაც, რომ რესპუბლიკის მანგანუმის მომპოვებელ “ჭიათურმარგანეცის” ტრესტშიც წარმატებით მიმდინარეობს ბირთვულ-ფიზიკური მეთოდების გამოყენება და დანერგვა, რაღა თქმა უნდა, წარმოების ხარისხის ასამაღლებლად. არც ამ ტიპის სამუშაოების მსუყე ფინანსირებაზე წუწუნებენ სახელმწიფო მოხელეები.
აი, ასეთი “ფონის” პირობებში, პროფესორი ელეფთერ ანდრონიკაშვილი აკვარახჭინებს საკავშირო მთავრობის სპეციალურ დადგენილებას, ასომროცდაათი საშტატო ერთეულის გამოყოფის თაობაზე ფიზიკის ინსტიტუტისათვის, მიზნობრივად ჭიათურ მარგანეცისათვის ავტომატიზაციის სამუშაოების შესასრულებლად. ეს ხდება უკვე 1965 წლიდან. მანმადე კი მე და ჩემი რამდენიმე თანამშრომელი კარსნის ლაბორატორიაში ვასრულებთ ექსპერიმენტულ სამუშაოებს ჭიათურის მარგანეცის მადნებზე იზოტოპური ნეიტრონული წყაროების გამოყენებით.
იმ დროისათვის ჩვენ გვქონდა რადიუმის ორას მილიგრამიანი ალფა-ნაწილაკების წყარო, რომელიც იმავდროულად იყო ძლიერი გამა-გამომსხივებელიც და ეს ძალიან გვირთულებდა რადიაციისაგან მომსახურე პერსონალის დაცვას. მაშინ ჯერ კიდევ არ გაგვაჩნდა სუფთა ალფა-ნაწილაკების მასხივრები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა მიგვეღო ინტენსიური ნეიტრონული ნაკადები. მომავალში ეს პრობლემა მოგვარდა საბჭოთა ატომური მრეწველობის მიერ, პოლონიუმ-ბერლიუმის ნეტრონული წყაროების სერიული დამზადების შემდეგ.
ამრიგად, ჩვენ ჯგუფს უკვე შეეძლო შემდეგი ნაბიჯები გადაედგა მარგანეცის მადნის ექსპრეს-ანალიზის მეთოდების დამუშავების კუთხით.
ნეიტრონებით მარგანეცის მადნების ნიმუშების დაბომბვის შედეგად ინდუცირებული რადიოაქტივობის დეტექტირებით ხდებოდა ამ მადნებში მარგანეცის კონცენტრაციის ზუსტი განსაზღვრა. ამ მეთოდის ყველაზე დიდი ღირსება იმაში მდგომარეობდა, რომ მარგანეცის ნეიტრონებით ინდუცირებული ატომბირთვების გამოსხივება ხდებოდა სხვა ყველა ქიმიური ელემენტისაგან დამოუკიდებლად. ეს იყო ელემენტის იდენტიფიკაციის ცალსახა მეთოდიკა, რომელიც, წესით, უნდა მიღებულიყო ყველა სხვა ანალიზური მეთოდებისათვის საექსპერტოდ.
სამწუხაროდ, ჭიათურმარგანეცის მაშინდელ ხელმძღვანელობას უფალი ღმერთიც კი ვერ დაარწმუნებდა, რომ მათთან წლებით დამკვიდრებული, ეგრეთ წოდებული ფოლგარ-ვოლფის ქიმიური ანალიზის მეთოდი ვერასოდეს გაუწევდა კონკურენციას ნეიტრონული-აქტივაციური ანალიზის მეთოდს, თუნდაც ექსპრესულობის თვალსაზრისით.
მე მაშინ დავინახე პირველი გადაულახავი ბარიერი, რომელიც არსებობდა მეწარმეებსა და მეცნიერებას შორის. არ დავმალავ და, მათმა ასეთმა პოზიციამ გული მატკინა და ეს ტკივილი დიდხანს მოქმედებდა ჩემზე, როგორც ძლიერ დამთრგუნველი ფაქტორი. მომდევნო წლებში ანალოგიური სიტუაცია ვნახე მადნეულის სპილენძის გამდიდრების ახალ საწარმოებშიც. ეს დალოცვილი ტექნოლოგიები სპილენძს კი მოიპოვებდნენ წარმატებით, მაგრამ ამავე ქანებში იშვიათ მიწათა ელემენტებისა და განსაკუთრებით ოქროს შემცველობაზე ნაკლებად ზრუნავდნენ. ჭიათურმარგანეცის ტექნოლოგების მიერ ეგრეთ წოდებული “კუდების” პრობლემა მარტივად იყო გადაწყვეტილი _ წარმოების ნარჩენებს ატანდნენ მდინარე ყვირილას შავ ზღვაში “ჩასატვირთად”. აქ კი მადნეულის სპილენძის საბადოს დამუშავების დროს, წარმოების ნარჩენებს ინახავდნენ სამომავლოდ დასამუშავებლად. სამთო მრეწველობაში ეს იყო დიდი პროგრესის მაუწყებელი ნიშანი.
მართალი გითხრათ, არც მადნეულის საბადოს დამუშავების იმდროინდელ საინჟინრო ტექნოლოგიას მოვუხიბლივარ განსაკუთრებულად. ისე გამოდიოდა, რომ სამთო მრეწველობაში წარმოების ბედს განაგებდა სატანა-ეშმაკი. ამ თვალსაზრისით, არც კვაისის დარიშხანის მომპოვებლები ჩანდნენ ბევრად უკეთეს ფონზე...
აი, ასეთი სიტუაციების ცოცხალი მოწმე ვიყავი გასული საუკუნის სამოციან წლებში. დღეს აქ ჩამოთვლილ სამთო -სამრეწველო ობიექტებზე რომელი ეშმაკი ბატონობს, მე უკვე აღარაფერი ვიცი...
ამ მცირე ექსკურსის შემდეგ, კვლავ დავბრუნდეთ კარსნის ლაბორატორიაში, სადაც ჩვენი ჯგუფის მოსვლამდე, წინა წლებში, თურმე, მუშაობდა გურამ მუსხელიშვილის ექსპერიმენტატორთა ჯგუფი, რომელთაც შეუსრულებიათ დიდი მოცულობის სამუშაოები ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკის მიმართულებით დანადგარ-მოწყობილობების შექმნის მიზნით. ამ ჯგუფის მიერ აშენებული იყო ვან-გრაფის ამაჩქარებლისათვის სპეციალური შენობა. გარდა ამისა, თვით კარსნის ლამაზი შენობის პირველ სართულზე სრულდებოდა ნეიტრონული მილის განსათავსებელი სამუშაოები მიწის გრუნტში, რომელსაც ზარხუფად უნდა ჰქონოდა დადგმული სპეციალური ფოლადის სახურავი. ყველაფერი ეს უნდა ყოფილიყო იატაკის ზედაპირამდე მიწაში განთავსებული. ამ ნაგებობის ზედა ნაპირები გაწყობილი იყო ორთქმავლის ძალოვანი, ბრტყელი ბორბლისაგან გამოჭრილი ფოლადის სალტით.
ერთი სიტყვით, ამ “კიდობანში” უნდა ემუშავა ნეიტრონების წყაროს უნიკალურ და ორიგინალურ დანადგარს.
როგორც ჩანს, ამ ენთუზიასტი ფიზიკოსების ძალისხმევის მხარდაჭერა ბევრად ჩამორჩებოდა დროის მოთხოვნებს, რის გამოც, ალბათ, მოხდა მათი კაპიტულაცია _ ამ ექსპერიმენტატორების ჯგუფმა შეწყვიტა არსებობა, ხოლო მათ მიერ მომზადებულ ლაბორატორიებში ჩვენ მოგვიხდა სულ სხვა პრობლემებზე მუშაობა. ამიტომაც მათ მიერ გაწეულ შრომას დღესაც დიდი მადლიერებით ვიგონებ...
ძველმა თაობამ კარგად იცის, როგორი და რა სიძნელეების ბარიერები უნდა გადაელახა ახლად დაწერილი სტატიის ავტორს. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ საექსპერტო დასკვნებისა და საავტორო ცნობის შემდეგ, ცენზურა გაძლევდა ნებას, რომ შრომა გამოგექვეყნებინა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქ საინტერესო აღარაფერი იყო; ანუ, ავტორს აიძულებდნენ თავად დაედასტურებინა, საკუთარი ხელწერით, რომ მისი შრომა არ შეიცავდა რაიმე სერიოზულ დასკვნას!.. სხვა გზა არ იყო, თუ გინდოდა შრომის გამოქვეყნება, ასეთი დასკვნა საკუთარი ხელწერით უნდა დაგედასტურებინა. მოდი და, დღევანდელ თაობას მოუყევი ეს ზღაპრები. ისინი არც კი მოგისმენენ, თუ არ დაგცინეს კიდევაც...
აი, ასეთ სიტუაციაში ვახერხებდით საკუთარი შრომების გამოქვეყნებას. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენს ლაბორატორიაში შესრულებული სამუშაო 1961 წელს გამოქვეყნდა საკავშირო მნიშვნელობის სპეციალურ გამოშვებაში. შრომის მოსამზადებელ საექსპერტო სამუშაოებს გამომცემლობის რედაქციაში რიგში დგომის პერიოდის ჩათვლით, დასჭირდა ორი წელიწადი. რეალურად, ეს შრომა შესრულდა 1959 წელს! ამ შრომის პუბლიკაციით დაიწყო ჩვენი ლაბორატორიის პროდუქციის გამოშვება. აი, როგორი იყო ენთუზიაზმის ფასი იმ დროს, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ მკაცრად იყო ჩაკეტილი “რკინის ფარდით”...
მარგანეცის და, მომავალში, სპილენძის აქტივაციური ანალიზის სამუშაოები მთლიანად დააწვა კოსერზე ბატონ ვახტანგ გვახარიას. თავისთავად, ასორმოცდაათი ახალი თანამშრომლის ეფექურად დატვირთვა, ორგანიზაციული თვალსაზრისით, აღემატებოდა ერთი პიროვნების ადმინისტრაციულ შესაძლებლობას.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვა თვით ამ დადგენილების ორგანიზატორმა - ბატონმა ელეფთერმა. მან ამ პრობლემის განხილვას მიუძღვნა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საგანგებო სხდომა. მისი მოსაზრება იყო ასეთი: ინსტიტუტის წამყვან განყოფილებებს უნდა მოემზადებინათ ახალგაზრდა კადრები, ოღონდ ერთი პირობით _ ეს თანამშრომლები, სათანადო მომზადების შემდეგ, უნდა დაბრუნებულიყვნენ ვახტანგ გვახარიას განყოფილებაში, თანახმად საკავშირო მთავრობის მოქმედი დადგენილებისა, უკვე მუდმივად სამუშაოდ. ამ გზით მას, როგორც დირექტორს, ყველაფერი კარგად ჰქონდა მოფიქრებული და ვერც ერთი მთავრობის კომისია, ვერ დაადანაშაულებდა სამუშაო ძალის უყაირათოდ გამოყენებაში.
თავიდანვე ჩანდა ამ აქციის მნიშვნელობა, მაგრამ მაშინ ამაზე, რომ იტყვიან, კრინტსაც არავინ ძრავდა. იურიდიულად ყველაფერი თავის ადგილზე იყო.
სწორედ ამ აქციის წყალობით, რამდენიმე ახალგაზრდა ფიზიკოსი, მომავალში გახდა დიდი მეცნიერი და ადმინისტრატორიც კი. ბევრ მათგანს დღეს აღარც კი ახსოვს, საიდან მოვიდა და რა გზით გახდა ფიზიკის ინსტიტუტის მბრძანებელი...
საკავშირო მთავრობის ზემოთ ხსენებული დადგენილება იყო ხუთწლიანი და იმ პარტიული ელიტიდან, რომელმაც თავიდან მხარი დაუჭირა ასეთი პროექტის დაფინანსებას, ზოგიერთი მოხსნეს დაკავებული პოსტიდან, ზოგი გადაიყვანეს სხვა მოვალეობის შემსრულებლად და, ალბათ, ზოგსაც მოუწია ციხეში გასეირნება.
აი, ასეთი კოზირებით წარმატებით მანიპულირებდა ბატონი ელეფთერ ანდრონიკაშვილი. შედეგი კი იყო ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერება და ამ ინსტიტუტის ავტორიტეტის ამაღლება საერთაშორისო დონეზე.
არ ვაპირებდი ამ პატარა სათავგადასავლო წერილის დაწერას, მაგრამ მემუარების ტექსტზე მუშაობის პროცესში გამიჩნდა სურვილი, ჩემი ახალგაზრდა კოლეგებისათვის გამენდო ჩემს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები, რომლებიც შევასრულე ჩემი ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობის დაწყების პირველ წლებში.
უკვე ისიც გაცნობიერებული მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი ახალგაზრდა თაობისათვის ჩემს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები იქნება დაუჯერებელი და, შესაძლოა, სასაცილოც კი, მაგრამ ასეთი იყო სამოციან წლებში ჩვენი ცხოვრება და მის კორექტირებას, დღეს უკვე ვეღარავინ ვერ შეძლებს...

   

No comments:

Post a Comment