Sunday, August 29, 2010

9. უზბეკეთის ატომური ცენტრი

9. უზბეკეთის ატომური ცენტრი

ტაშკენტის მახლობლად, ოცდახუთი კილომეტრის დაშორებით, ულუგ-ბეკის დასახლებაში, აშენებულია უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ატომური ცენტრი. გარდა ატომური რეაქტორისა, ამ ცენტრის შემადგენლობაში არის დამუხტული ნაწილაკების ამაჩქარებელი ლაბორატორიები და სხვა მრავალი ბირთვულ-ფიზიკური კვლევის ობიექტი.
1958 წლიდან ამ ატომური ცენტრის მთავარი ინსტრუმენტი გახდა ბირთვული რეაქტორი. ამ დროისათვის უზბეკეთის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში შეინიშნებოდა კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ გადადგა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ფრიად გონივრული ნაბიჯი _ ლენინგრადიდან მოიწვია გამოცდილი მეცნიერები მუდმივად სამუშაოდ. ამ მეცნიერთა შორის იყვნენ: პროფესორი სერგეი ვასილის ძე სტაროდუბცევი, დოცენტი ევგენი მიხეილის ძე ლობანოვი და სხვები.
ტაშკენტში მოწვეულ ლენინგრადელი მეცნიერების გარდა, ადგილობრივი კადრების მომზადებაში ლომის წილი მიუძღვის იური იაკოვლევს, რომელიც, მართალია, მუდმივ სამუშაზე არ გადასულა ტაშკენტის რეაქტორზე, მაგრამ უდიდესი როლი შეასრულა უზბეკი მეცნიერების კვალიფიციური კადრების მომზადებაში. ბევრმა მომავალმა სპეციალისტმა გაიარა სტაჟირების კურსი ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის აქტივაციური ანალიზის ლაბორატორიაში იური იაკოვლევის ხელმძღვანელობით, ხოლო რამოდენიმე ასპირანტმა სწორედ ამ ლაბორატორიაში მოამზადა საკვალიფიკაციო ნაშრომი მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. იმავდროულად ინსტიტუტში მუშაობა დაიწყო ალექსანდრე კისტმა, რომელიც შემდგომში სათავეში ჩაუდგა აქტივაციური ანალიზის მიმართულებას აღნიშნულ რეაქტორზე, გახდა პროფესორი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ამ ბირთვული ცენტრის უზბეკ თანამშრომლებს, ფორსირებული წესით უწყობდნენ სამეცნიერო ხარისხების მინიჭებას და ერთ დროს ამ რესპუბლიკაში არსებული დეფიციტი ექსპერიმენტატორ-ფიზიკოსებისა სწრაფად დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზი გახდა ამ ბირთვული ცენტრის ძირითადი მიმართულება საკავშირო მასშტაბით. აქვე შეიქმნა ხარისხების მინიჭების სამეცნიერო საბჭო, რომელსაც დასაწყისში, ჰქონდა უფლება მაძიებლისათვის კანდიდატის, ხოლო შემდეგ მიიღო უფლება მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მიკუთვნების შესახებაც.
ცნობისათვის: ჩვენი ინსტიტუტის სამმა მეცნიერ-თანამშრომელმა -ნანა ხარაბაძემ, ნანული ბაღდავაძემ და ნანა კუჭავამ სწორედ ამ საბჭოზე წარმატებით დაიცვეს დისერტაციები ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.
როდესაც მაშინდელ საბჭოთა კავშირში მოქმედ სხვა რეაქტოებს გაუჩნდათ პრობლემა ნეიტრონული ნაკადების არსებული დონის გამო და ზოგიერთი მათგანი ცდილობდა დაერწმუნებინა ზემდგომი ინსტანციები რეკონსტრუქციის აუცილებლობაში, უზბეკეთის რეაქტორს ეს “ჭია” არ გასჩენია და ის წარმატებით წყვეტდა მრავალ გამოყენებით პრობლემას. უზბეკეთისათვის “მრუდე ეზოს ხელშემშლელი” ფაქტორი არ არსებობდა და ისინიც უპრობლემოდ “წველიდნენ ძროხას” ეზოს სიმრუდის მომიზეზების გარეშე. ამ სტრატეგიამ, როგორც მომავალმა აჩვენა, სრულიად გაამართლა უზბეკი მეატომე მეცნიერების მიერ დაკავებული პოზიცია, რასაც ვერ ვიტყვით ქართველების მიერ რეაქტორის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ეს ძალიან მძიმე და პრობლემური საკითხი იყო და მე არ ვაპირებ მის აქ გარჩევას. ერთი რამ კი მინდა აღვნიშნო, რომ მაშინდელმა ქართული რეაქტორის მესვეურებმა, ვერანაირად ვერ დამაჯერეს რეაქტორის ალუმინის კორპუსის რადიაციულ დაზიანებაში და მისი უჟანგავი ფოლადით შეცვლის აუცილებლობაში...
ნეიტრონული-აქტივაციური ანალიზის სამუშაოებმა ულუკ-ბეკის ატომურ რეაქტორზე იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ აქ უკვე არამარტო გეგმიური სამუშაოების წარმატებით შესრულება, არამედ მრავალი სახელშეკრულებო სამუშაოც კი სრულდებოდა, პრაქტიკულად, სიმბოლური ანაზღაურებით.
ყოველივე ამის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო პროფესორი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კისტი, რომელსაც ახლობლები ვეძახდით საშა-კისტს. საშასთან ოჯახში სტუმრობა მიდიოდა განთქმული უზბეკური ფლავისა და საგანგებოდ მომზადებული ჩაის თანხლებით. უზბეკები ძალიან ბევრ ჩაის სვამენ, საშასთან სტუმრობის დროს კი თავად გვიმასპინძლდებოდა ფლავის ულუფით. პირდაპირ დაგახრჩობდა თავისი მცდელობით როგორც ფლავის, ასევე ჩაის უწყვეტად, კონვეიერული სისტემით მომარაგებით. იმ რაოდენობის ჩაი, უზბეკები რომ სვამენ, მე სიზმრადაც არ შემეძლო წარმომედგინა. არადა, თურმე, თუ ჩაი აღარ გინდა, Fინჯანი უნდა გადმოაპირქვავო თეფშზე და ამის შემდეგ მასპინძელი აღარ გაგივსებს ქაფქაფა ჩაით. მე ეს წესი არ ვიცოდი და სანამ ამას შევიტყობდი, დიდ გასაჭირში ვიყავი. ამ წესის ათვისების შემდეგ კი შვებით ამოვისუნთქე, თორემ ოცამდე ფინჯან ჩაის რა დამალევინებდა!..
ტაშკენტთან ყველაზე ახლოს ფუნქციონირებს ალაის ბაზარი. ამ ბაზრის მხილველს, საერთოდ, შეგეცვლება წარმოდგენა ბაზრის შესახებ. აქ პირველი, რაც თვალში გეცემა, ეს არის ეგვიპტის პირამიდების ფორმის, საზამთროსა და ნესვის მთები. გამყიდველი არის ერთადერთი წვერიანი უზბეკი გლეხი, რომელსაც ამ პირამიდის პირველ “სართულზე” მოწყობილი აქვს ნაბადგაშლილი საწოლი, ზამბარიანი სასწორით და ჩაის “სამოვარით”. მყიდველს შეუძლია აარჩიოს პროდუქტი და საფასურიც იქვე გადაიხადოს. იმ დროისათვის, როდესაც პირველად ვნახე ეს “პირამიდები”, საზამთრო ღირდა კილოგრამი ხუთი საბჭოთა კაპიკი, ხოლო დათაფლული ნესვი _ ოცდახუთი-ოცდაათი კაპიკი...
მეორე საოცრება, რომელიც მაშინ ვნახე და სამუდამოდ დამამახსოვრდა, იყო წვეროსანი, ხანდაზმული უზბეკების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომლებიც “სამოვარის” გარშემო, ხალიჩაზე ფეხმორთხმულები ისხდნენ და აუჩქარებლად სვამდნენ ჩაის. მათ მოძრაობას და საუბარს დიდხანს ვადევნებდი თვალს, სანამ განრისხებულმა საშამ არ მომცა შენიშვნა, რომ ამ მოხუცებისათვის ამდენი დროის დახარჯვა არ იყო საჭირო. ერთი კი ვუთხარი ჩემს მეგობარსა და მასპინძელს, რომ ასეთ რამეს ვერც ევროპაში და ვერც საბჭოთა კავშირში, სხვაგან ვერ ვნახავდი და ამიტომაც იწვევდა ეს “სანახაობა” ჩემში ასეთ დიდ ინტერესს. ამის შემდეგ ისღა დამრჩენოდა, დავმორჩილებოდი მასპინძლის ბრძანებას და შევერთებოდი ჩვენი კოლეგების ჯგუფს, რომლებიც უკვე მადიანად შეექცეოდნენ უშველებელ შამფურზე შემწვარ მწვადებს. მეჩვენება, რომ ჩვენ, ქართველებს, ჩემი აზრით, მწვადის შეწვის ეს ტექნოლოგია, ჯერ კიდევ არ აგვიყვანია უზბეკურ სიმაღლეზე...
ალაის ბაზარი, ჩვენებური, მაგალითად, თბილისური ბაზრისაგან, კიდევ ერთი თავისებურებით გამოირჩევა _ ამ ბაზარში გამყიდველების რიცხვი უფრო დიდია, ვინემ მყიდველებისა!
ბაზარში უხვად არის გამოტანილი აღმოსავლური პროდუქტი. ბაღჩეულის გარდა, შეიძლება ჩიტის რძეც კი იყიდოთ, იმდენად მრავალფეროვანია აქ წარმოდგენილი საქონლის ასორტიმენტი. ბაღ-ბოსტნების რწყვის ტექნოლოგიაში კი უზბეკებს პირველობაში ვერავინ შეედრება.
რეაქტორამდე მისასვლელ გზის გასწვრივ ვნახე ვაშლის ბაღების საგანგებოდ მოვლილი კორომები.
როდესაც ქართველი კაცი ამბობს, - ვაშლის ბაღებიო, - ავტომატურად თვალწინ წარმოუდგება გორის რაიონში არსებული ხეივნები, მაგრამ უზბეკური ბაღები, ჩვენებურისაგან ძირეულად განსხვავდება ნარგავების გიგანტური ზომებით. უზბეკური ვაშლის ბაღები, შორიდან ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ იფიქრებთ, ეს ბერძნული კაკლის ორმოცდაათ-სამოცწლიანი ხეების ხეივანიაო.
როგორც უზბეკმა კოლეგებმა ამიხსნეს, ყოველი ძირი ასეთი ხიდან, თურმე, იკრიფება ერთ ტონაზე მეტი ვაშლი!..
აქ მოყვანილი ერთი თავი ხახვი სრულიად საკმარისია საოჯახო სადილის დასამზადებლად, თანაც ბაზარზე გამოტანილი ხახვი ისეა დაკალიბრებული, რომ ყველას აქვს ერთნაირი ფორმა და თითქმის ერთნაირი წონა!..
აქ მოყვანილი სუფრის ჯიშის ყურძნის ერთი მტევანი დიდის გაჭირვებით შეიძლება განათავსო ჩვეულებრივ, სტანდარტულ კალათში. შაქრიანობის თვალსაზრისით კი ბადალი არ ჰყავს. რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ბირთვული ფიზიკის თანამშრომლებს გამოყოფილი ჰქონიათ ოთხასი კვადრატული მეტრის ფართობი კოტეჯის განსათავსებლად და საჭირო ბოსტნეულის მოსაყვანად. მე ამიხსნეს, რომ ასეთი ოჯახები ამ პატარა ნაკვეთში ამზადებენ წლის სამყოფ ბოსტნეულს და ისინი თავს არ იწუხებენ ბაზარში სიარულით!..
საკუთარი თვალით რომ არ მენახა ასეთი საოჯახო ბაღ-ბოსტნები, ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ეს არ იყო ხუმრობა.
ჩემი უზბეკი კოლეგები ხშირად აწყობდნენ ფართომასშტაბიან კონფერენციებს და სიმპოზიუმებს. მე თითქმის ყველა ასეთი თავყრილობის მონაწილე ვიყავი. ბოლო წლებში უკვე შეინიშნებოდა ყოველდღიური სამეურნეო და საკვები პროდუქტების დეფიციტი, ხოლო ავღანეთის ომის დაწყების შესახებ ჩემი კოლეგების მონათხრობიდან,  უკვე ვიცი, როგორი დიდი სტრესი გადაიტანეს.
ერთი ჩემი ტაშკენტელი კოლეგა მიყვებოდა, როგორ გაატარა ის ღამე გამზადებული ჩემოდნით და ატირებული ორი ბავშვით შესაძლო დაბომბვის მოლოდინში. ავღანეთის ოპერაცია დაწყებულა ღამით. თურმე, თვითმფრინავების გუგუნი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, სრული ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში და ყველა ფიქრობდა, რომ დაიწყო ატომური ომი. სანამ შეშფოთებული მოსახლეობა დარწმუნდებოდა, რომ მათ პირადი საფრთხე ჯერ არ ემუქრებოდათ, გავიდა საკმარისი დრო და ეს ფსიქოლოგიური ტრამვა დიდხანს დარჩა მათი პირადი ცხოვრების თანამგზავრად.
მერე დამერე სულ უფრო გართულდა და გაძნელდა წინა წლების მანძილზე ჩამოყალიბებული თბილი და საქმიანი ურთიერთობა ძველ კოლეგებს შორის. საბჭოთა კავშირის დემონტაჟის შემდეგ კი, სამწუხაროდ, ავღმოჩნდით ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში.
აი, ასეთი ეპიზოდური ამბები დამამახსოვრდა უზბეკ კოლეგებთან ჩემი საბჭოური ცხოვრების დროს დამყარებული თბილი და ნამდვილი, მეგობრული ურთიერთობებიდან.

No comments:

Post a Comment