Sunday, August 29, 2010

ორი რაინდი

ორი რაინდი
(ბოლოთქმის მაგიერ, რედაქტორისაგან)

ეს ჩანახატი შედის 2004 წელს გამოცემულ ჩემს მინიატურების კრებულში “გედები თოვლქვეშ” და უფრო ადრე მქონდა დაწერილი, ოღონდ ამ მიძღვნის გარეშე, არ უყვარდა ბიძაჩემს მიძღვნები და იმიტომ.
1961 წლის 13–17 მაისს ნობელიანტი ფიზიკოსი, ნილს ბორი რომ გვსტუმრობდა თბილისში, მასპინძლებში ფიზიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერი, ლიგური მოსულიშვილიც იყო და იმანაც მოისმინა ნილს ბორის ნათქვამი: “მთელი გულით ვუსურვებ ქართველ ხალხს ბედნიერ მომავალს”...
ამიერიდან ეს პატარა ესკიზი ეძღვნება ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის, ლიგური მოსულიშვილის ხსოვნას, აღდგომის მეორე დღეს რომ გარდაიცვალა, 2010 წლის 5 აპრილს...


იმის მაგიერ, რომ ნილს ბორისა და ვერნერ ჰაიზენბერგის, ანდა სულაც ალბერტ აინშტაინის თეორიულ ნაშრომებზე ვილაპარაკოთ, ფილოსოფიასა და რელიგიაში ჩახედული ერთი ნიჭიერი ფიზიკოსი, მომდგომია და ბორხესის აზრებს ჩამჩიჩინებს:
“იმან, რასაც წერს კაცი, უნდა გადალახოს მისი განზრახვის ჩარჩოები”.
“წიგნი დაუმთავრებლად ითვლება, თუ შიგ არ არის ანტიწიგნიც”.
დამისაბუთე მეთქი, - ვუბღვერ.
ამ აზრთა საილუსტრაციოდ მეჩვიდმეტე საუკუნის ესპანელი მწერლის წიგნს ასახელებს, სადაც სარაინდო რომანებით თავგზააბნეული და ჭკუაარეული ერთი იდალგო თავის გლეხს აიყოლიებს (არც ისაა მთლად დალაგებული) და ფათერაკების საძებნელად გასწევს, რათა უსამართლობა ამოძირკვოს.ალბათ, ეს წიგნი ჩაფიქრებული იყო იმ სარაინდო რომანების წინააღმდეგ, გონებას რომ უბნელებენ ადამიანს (ფარულად, ავტორს ეგებ კიდეც უყვარდა ეს წიგნები!), მაგრამ უცნაური ამბავი მოხდა - შეშლილი იდალგოსა და მისი არანაკლებ დამთხვეული საჭურველთმტვირთველის ამბავი მთელს ესპანეთს მოედო (წიგნმა გადალახა განზრახვის ჩარჩოები), ყველამ წაიკითხა (მოიწონა თუ დაიწუნა - არა აქვს მნიშვნელობა!), გავიდა დრო და ყოველი ესპანელის სულის შინაგანი რაობის გამომხატველებად იქცნენ ეს პერსონაჟები; ესე იგი, ესპანელი იდალგოები და გლეხები - ეს ორი ფენა ერთად უნდა მდგარიყვნენ, გვერდიგვერდ და ერთად უნდა ეკეთებინათ საქვეყნო საქმეები. სწორედ ამ იდალგოებმა და გლეხებმა გარეკეს სამშობლოდან არაბი დამპყრობლები, მერე მთლად გადააჭარბეს (ეს სერვანტესის ბრალი სულაც არაა!) - ლამის მთელი ამერიკა დაიპყრეს, დღეს იბეროამერიკად რომ იხსენიება ესპანურენოვანებისა გამო და იქიდან ოქრო-ვერცხლითა და სხვა სიმდიდრით დატვირთული გალერები გაუყენეს მშობლიური ესპანეთის გზას. აი, ეს ნაყოფი მოიტანა წოდებათა შორის ერთიანობის ნიჭიერად ქადაგებამ წიგნიდან. წიგნი ხომ იდეოლოგიაცაა ბოლოსდაბოლოსო.
ჩვენ თუ გვაქვს ასეთი წიგნი მეთქი, - ვეკითხები.
ჩვენ, ქართველებმა, როცა დიდი მწერალი მოგვევლინა და “ჩატეხილი ხიდის” პრობლემაზე დაიწყო მსჯელობა, წოდებათა შორის შერიგება და ერთიანობა გვიქადაგა, კლასობრივი თეორიით გონდაბინდულებმა ტყვია დავახალეთ ნათელ შუბლში და დღემდე, დღესაც ვიმკით იმ მკვლელობის ნაყოფს - ვერ გავერთიანდით, ერთად არ ვდგარვართ და რაც დავკარგეთ, იმას ვინ ჩივის, ახალ-ახალ მხარეებს ვკარგავთ და სხვებსაც დავკარგავთ, ასე თუ გავაგრძელეთო.
ის წიგნი მარტოდენ ესპანეთისა ხომ არ არის მეთქი.
ჰო, ისიც უნდა ითქვას, რომ იმ შლეგი იდალგოსა და მისი საჭურველთმტვირთველის ხეტიალი ნათლის დასამკვიდრებლად (წიგნში-ანტიწიგნი!) კაცობრიული იდეალი აღმოჩნდა ეროვნულთან ერთად, მერე რა - თუ მარცხდება ხოლმე; და აქ წიგნმა ხელახლა გადალახა განზრახვის კი არა, განზრახვის შემდგომი ჩარჩოები და შესაძლოა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უპირველეს შედევრად იქცა. ისეთ შედევრად, ფიოდორ დოსტოევსკის რომ ათქმევინა: „დედამიწის აღსასრული რომ დამდგარიყო და სადღაც ზემოთ ადამიანისათვის ეკითხათ: “აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედანო”, - ადამიანს შეეძლო უსიტყვოდ გაეწოდებინა “დონ კიხოტი”: “აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, - შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ?”
ჩვენი ვეფხვის ტყავიანი რაინდი მეთქი?
სანამ რუსთაველის იდეალებით იცხოვრა ქვეყანამ, ვერაფერი მოერია, დავკარგეთ თუ არა, ციხეც შიგნიდან გატყდაო, - მპასუხობს და მოკლე პაუზის შემდეგ აგრძელებს, - საინტერესო დისერტაციის თემა იქნებოდა ესპანელების მწუხარე სახის რაინდისა და ჩვენი ვეფხვის ტყავიანი რაინდის შეპირისპირება, ბევრ საგულისხმო რამეს გაარკვევდაო. ჩვენი უბედურება ის იყო, მცირერიცხოვანი ხალხის ენაზე დაიწერა და სხვა ენებზე დროულად ვერ ითარგმნა ჩვენი რაინდის ფათერაკებიო.
ვჩუმდები, ვფიქრობ.
საინტერესო რა არის, იციო, - დასძენს, - ნეტავი, თავად თუ იცოდა, რა დაწერა? თუ მეხსიერება არ მღალატობს, თვითონ “პერსილიარესისა და სიგიზმუნდას ყარიბობა” უფრო ეამაყებოდაო.
 
გვინდელი მინაწერი: ამ უახლოეს დღეებში ბიძაჩემის სული ჯერ ხომ თავის სახლში იტრიალებს, მოისმენს ჩვენს ნაკითხ ფსალმუნებს, გამოეთხოვება თავის ქალაქს თუ სოფელს, თავის ქვეყანას, ყველა ნაცნობს თუ უცნობს და მერე, ალბათ, ოცდაერთი საზვერის გამოტოვებით ზეციურ კარიბჭესაც მიადგება, რადგან აღდგომის მეორე დღეს ყველა ჩვენს ეკლესიაში აღსავლის კარი ღიაა, რაც იმას მიანიშნებს, რომ ღიაა სამოთხის კარიც...
დიახ, ღია დახვდება სამოთხის კარიც, მაგრამ არაფრით შევა, სანამ უფალთან არ წარადგენენ, - აი, ეს ერთი გაგვიჯიუტდა და არაფრით შედის სამოთხეში, სანამ თქვენ არ გნახავთო.
და ისიც, არსთა გამრიგე შეეკითხება:
“აბა, რას იტყვით, შეიცანით თუ არა თქვენი ცხოვრება მიწაზე, ან რა დასკვნა გამოიტანეთ აქედან?”
ბიძაჩემი კი  უსიტყვოდ გაუწვდის “დონ კიხოტს” და კარგა ხნის დუმილის მერეღა დასძენს:
“აი, ჩემი დასკვნა ცხოვრების თაობაზე, - შეგიძლიათ ამის გამო განმსაჯოთ?”

(დასასრული)

No comments:

Post a Comment