Sunday, August 29, 2010

11. ირკუტსკი – 1966 წლის აგვისტო

11. ირკუტსკი – 1966 წლის აგვისტო

ცენტრალური ციმბირის ქალაქ ირკუტსკში 1966 წლის აგვისტოში ჩატარდა მეხუთე საკავშირო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა მიკროელემენტების ბიოლოგიური როლის შესწავლის აქტუალურ საკითხებს. ამ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა მედიკოს-ბიოლოგთა დიდი “არმია”. ფიზიკოსები ამ კონფერენციაზე წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც “დამხმარე ძალა”, რომლებსაც ევალებოდათ ანალიზური ხასიათის ამოცანების გადაჭრა.
იმ დროისათვის ნეიტრონული-აქტივაციური ანალიზის მეთოდები უკვე ფეხს იკიდებდა მედიცინაში პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. ქართველი მედიკოსები უკვე წარმატებით იყენებდნენ ამ მეთოდს თავიანთ გამოკვლევებში და ამ კონფერენციაზე მათ მიერ გამოტანილმა მოხსენებებმა, რომლებიც წარმოადგინეს პროფესორებმა: ტარიელ ჩიქოვანმა, ეთერი ბოცვაძემ და ზივიბეგ ბიბილაშვილმა, _ დაიმსახურეს სპეციალისტთა დიდი ყურადღება და მოწონება.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა მხცოვანი მეცნიერი _ პროფესორი ანატოლი ივანეს ძე ვენჩიკოვი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, უსაფრთხოების მიზნთ, ლენინგრადიდან გადაიყვანეს აშხაბადის სამედიცინო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ. ეს იყო გასაოცარი თავმდაბლობის მქონე პროფესორი, რომელთანაც საუბარი და მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე მიმდინარეობდა მშვიდად, ყოველგვარი ამბიციების გარეშე. ვისაც ერთხელ მაინც გადაუფურცლია ანატოლი ვენჩიკოვის მონოგრაფია “Биотики”, ის უყოყმანოდ დამეთანხმება, რომ ამ წიგნის ავტორი არის, მართლაც, მაღალი კლასის პროფესიონალი მეცნიერ-მკვლევარი.
მომდევნო წლებში მე მქონდა მუდმივი მიმოწერა ამ დიდ მეცნიერთან. 1969 წელს ვენჩიკოვი ჩამოვიდა თბილისში, როგორც პირველი ოფიციალური ოპონენტი ტარიელ ჩიქოვანის სადოქტორო დისერტაციის დაცვის დროს. ამის შემდეგ, საქართველოში წესად ქცეულ საოჯახო ვახშამზე, ერთხელ კიდევ მომეცა შანსი, კვლავ პირადად მესაუბრა მხცოვან პროფესორთან. მისგან ისევ მივიღე რჩევები მეტალების ბიოტიკური კონცენტრაციებით კვლევების წარმართვის კუთხით. მას კარგად ესმოდა კომპლექსების “მეტალ-ცილის”, “მეტალ-ნუკლეინის მჟავების” შესწავლის აქტუალობა. წუხდა, რომ სასწავლო დაწესებულებაში (აშხაბადის სამედიცინო ინსტიტუტში) მუშაობა მისგან დიდ შრომას და ძალისხმევას საჭიროებდა, რის გამოც ძალიან ცოტა დრო რჩებოდა კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესასრულებლად. ეს განცხადება პროფესორ ანატოლი ვენჩიკოვის თავმდაბლობის კიდევ ერთი მაგალითი იყო, თორემ მის მიერ განხორციელებული ექსპერიმენტები ღია გულზე, ნებისმიერი მომთხოვნი ახირებული ოპონენტის ყველანაირ კრიტიკას გაუძლებდა!
მე კარგად დამამახსოვრდა ამ მოკრძალებული მეცნიერის ერთი ფრაზა, რომლის შინაარსიც ჩემი სიტყვებით ასეც შეიძლებოდა გადმომეცა: “ხანდაზმულ ასაკში რომ კვლავ შემიძლია ახალგაზრდული ენერგიით მუშაობა, ეს მხოლოდ ჩემს მიერ  მიგნებული მეთოდოკის დამსახურებად უნდა ჩაითვალოსო”. თურმე, ბავშვობისა და ყრმობის ასაკში, როგორც გამანდო, ყოფილა ფიზიკურად სუსტი და ხშირად ავადმყოფობდა კიდეც. მას შემდეგ, რაც მიაგნო საკუთარი ჯანმრთელობის მეტალების ბიოტიკური დოზებით მკურნალობის მეთოდს, არა მარტო გამოჯანმრთელდა, არამედ მნიშვნელოვნად მოემატა შრომისუნარიანობაც. მარწმუნებდა, რომ დილის ექვსი საათიდან საღამოს ათ საათამდე მუშაობდა უწყვეტად და, საერთოდ, რა იყო დაღლა, აღარ ახსოვდა...
აი, ასეთი დამამახსოვრდა პროფესორი ანატოლი ივანეს ძე ვენჩიკოვი მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან.
ირკუტსკში ვნახე ციმბირის პაპის - ნესტორ კალანდარიშვილის ძეგლთან მიტანილი ცოცხალი ყვავილების გვირგვინები. როგორც ცნობილია, იგი დაიღუპა 1922 წლის იანვარში, თავისი სამასკაციანი რაზმით თეთრგვარდიელთა ალყაში მოხვედრის დროს.
ირკუტსკი, ბაიკალი და მდინარე ანგარა, რომელიც გამოდის ბაიკალის ტბიდან, - ეს ის ობიექტებია, რომელთა ხილვაც ბევრ უცხოელ ტურისტს ანდამატური ძალით იზიდავდა და, ალბათ, დღესაც ასეა.
სხვათაშორის, ტაიგაში, ირკუტსკსა და ბაიკალს შორის, არის აშენებული ოთხსართულიანი ლამაზი შენობა, სადაც იგეგმებოდა საბჭოთა კავშირში აშშ-ის პრეზიდენტის ჩამობრძანება. როგორც ცნობილია, ეს ვიზიტი მაშინ არ შედგა, მაგრამ შესანიშნავად მოასფალტებული ტრასა ირკუტსკიდან ბაიკალამდე და ლამაზად აშენებული ტურისტული კორპუსი “საჩუქრად” დარჩათ ციმბირელებს.
ბაიკალის ტბის წყალი გამოირჩევა მაღალი სისუფთავით და მისი ტემპერატურა აგვისტოშიც კი არ აღემატება რვა-ათ გრადუსს ცელსიუსის შკალით. ამ ტბაში ბინადრობს კალმახის მსგავსი, ძვირფასი თევზი  ომული. აი, ამ თევზის რეწვის ლიცენზია გასცა სამოციან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვმა, რომელიც იყიდეს ჩეხებმა, რამაც ირკუტსკის მცხოვრებლებში დიდი გულისწყრომა გამოიწვია.
ბაიკალის წყალი სასმელად არ საჭიროებს არანაირ წინასწარ გასუფთავებას.
ერთადერთი მდინარე, რომელიც სათავეს იღებს ბაიკალის ტბიდან, არის ანგარა. ანგარას ციმბირელები მდინარედ მოიხსენიებენ, თორემ ჩემთვის ეს არის დიდი, მოძრავი ზღვა! ამ მდინარის სიგანე აჭარბებს ორ კილომეტერს. აქ თავისუფლად დაცურავენ დიდი გემებიც კი. ტურისტებს ემსახურება მაღალი კლასის კატარღა-ტრამვაი. მგზავრობის ღირებულება სიმბოლურია _ პრაქტიკულად უფასო. დიდი სიამოვნებაა ამ ტრამვაით ანგარა-ბაიკალზე გასეირნება...
დღევანდელი დაბრძენებული და წლებით დამძიმებული პროფესორი ზივი ბიბილაშვილი იმ დროს, მედიკოსთა ირკუტსკის კონფერენციაზე, ყველაზე ახალგაზრდა და მობილური პერსონა იყო. ფრთები რომ ჰქონოდა, ფრენასაც კი შეძლებდა! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჰქონდა ძალიან კარგი, მეგობრული ხასიათი, ძნელი იყო მისი წინადადება არ მიგეღო და არ აჰყოლოდი...
და აი, ერთ დღეს, თავისი კოლეგები დაპატიჟა ირკუტსკიდან ორმოცი კლომეტრის დაშორებით, ტაიგაში აშენებულ პატარა ქალაქ ანგარსკში, თავის ღვიძლ ბიძაშვილთან სტუმრად. ზივის ბიძა იყო ბრატსკის გიგანტური მშენებარე ელექტროსადგურის მთავარი ინჟინერი, ხოლო მისი ვაჟიშვილი ცხოვრობდა ქალაქ ანგარსკის დასახლებაში. ზივის ლოგიკა იყო ასეთი: კიდევ როდის მომიწევს აქ ჩამოსვლა, ღმერთის მეტმა არავინ იცის; აი, ახლა აქ ვარ და ჩემი ბიძაშვილი რომ არ ვნახო, ნამდვილად არ ივარგებსო. მეტი რა გზა იყო, დავთანხმდით ანგარსკში გასეირნებას.
ბატონმა ზივიმ დაიქირავა ტაქსი და გავუდექით ჩრდილოეთისაკენ მიმავალ გზას. სულ ორმოც წუთში აღმოვჩნდით ამ პატარა და კოხტა ქალაქში.
დიდად გამაოცა ამ ქალაქში საიუველირო მაღაზიის ხილვამ და იქ არსებულმა _ ოქროს, ვერცხლის და სხვა ძვირფასი ლითონების ფასებმა, რომლებიც იყო დაუჯერებლად დაბალი. ცოტა უფრო ძვირი ღირდა ბრილიანტებით გაწყობილი ოქროს სამკაულები. საიუველირო ნაკეთობების ასეთი სიუხვე არსად არ მინახავს _ არც მოსკოვში, არც ლენინგრადში, არც რიგაში და არც დრეზდენში. რაოდენ გაოცებული დავრჩი, როდესაც ჩვენი დელეგაციის ერთმა ჭკვიანმა ქალბატონმა იყიდა ბრილიანტებით გაწყობილი ქალის ყელსაბამი. ჩემი ვარაუდით, დღეს ეს ყელსაბამი, ალბათ, ასტრონომიული თანხა ღირს.
ამ პატარა ექსკურსიის შემდეგ, ბატონმა ზივი ბიბილაშვილმა წაგვიყვანა თავისი ბიძაშვილის მოსანახულებლად. ეს ყმაწვილი იყო ციმბირში გაზრდილი, დაკაცებული ახალგაზრდა, რომელიც მარტო ცხოვრობდა ძვირფასი ჯიშის ხით გაწყობილ, ოროთახიან ბინაში.
ერთი ოთახი მთლიანად დათმობილი ჰქონდა ციმბირის წყალუხვი მდინარეების მიერ ნაპირებზე გამორიყული ძვირფასი ჯიშის ხეების წყალში “ნაბანავები” კუნძებისაგან შეგროვილ ექსპონატებს. ზოგიერთი ასეთი “ექსპონატი” გამოსახავდა რომელიღაც ცხოველის კონფიგურაციას. ასეთი ექსპონატები ჩვენს მასპინძელს საგულდაგულოდ ჰქონდა განთავსებული ამ ოთახის პანელებზე.
ყოველი ამგვარი ექსპონატის შესახებ ბატონი ზივის ბიძაშვილი თავდავიწყებით მიყვებოდა დეტალებს, თუ როდის და სად იპოვა ეს სიმდიდრე. ყოველი ექსპონატის მისეული დახასიათების შემდეგ კი მეკითხებოდა, მომწონდა თუ არა ესა თუ ის რიყის ჩხრიმალი.
მეც ზრდილობიანად თავს ვუკრავდი და, თურმე, იმასაც ნამდვილად სჯეროდა, რომ აღრფთოვანებული ვიყავი მისი ნამუშევრებით.
ბოლოს მაჩვენა წითელი ხისაგან ციმბირის მდინარეების მიერ გაფცქვნილი და კარგა გვარიანად დამუშავებული პატარა კუნძი, რომელიც, მართლაცდა, ძალიან ჰგავდა ციმბირულ როჭოს. ზომითაც ისეთი მორჩილი იყო, რომ იმავდროულად მაგონებდა კავკასიის მთებში მობინადრე მამალ როჭოს. ჩემდა საზიანოდ, ვერ დავმალე მოწონება ამ კუნძის მიმართ და მასპინძელმა დამაჯილდოვა ამ კუნძით - ერთი პირობით, რომ ამ “როჭოს” აუცილებლად შევინახავდი ჩემი ციმბირელი მასპინძლის სამახსოვროდ... აი, ამ კუნძით დავბრუნდი ანგარსკიდან ირკუტსკის სასტუმროში.
ბედის დაცინვაა, რომ ყველა ჩემი ნაცნობი მედიკოსი, თბილისში ბრუნდებოდა ძვირფასი საიუველერიო ნაწარმით, მე კი რიყის კუნძით....
რამდენეჯერმე გადავწყვიტე ამ კუნძის გადაგდება, მაგრამ ჩემმა ექიმმა-მეგობრებმა არ დამანებეს ამის გაკეთება და სახლში მივედი ამ კუნძით ხელდამშვენებული. არანირი ჩემი მოსაზრება, გამოთქმული ჩემი მეუღლის მისამართით, არ გამოდგა და, ერთადერთი, რა კომპრომისიც მან დაუშვა, ის იყო, რომ ნება დამრთო, ეს ექსპონატი შემენახა სარდაფში. შემდეგ კი, ახალ საცხოვრებელში გადაბარგების დროს, ეს კუნძი არავის აღარ გახსენებია...
ციმბირში მოგზაურობის დროს, ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო ჩემთვის იყო იქაური მასშტაბების აღთქმა. ჯერ ერთი: ირკუტსკ-ბაიკალის სამანქანო ტრასიდან დანახული ტაიგა, სადაც ცამდე აზიდული უშველებელი ფიჭვის ტყეების მხოლოდ წვერებში ჩანს წიწვოვანი წამონაზრდები. ეს ტყე არის ყველაზე დიდი ციმბირული სიმდიდრე. მეორე საოცრება _ ეს არის თვით ბაიკალის ტბა, რომელიც ჩემთვის უკიდეგანო ზღვაა, აქ მობინადრე სელაპებით და კალმახის ტიპის ომულის ჯიშის თევზით. მესამე საოცრება ეს თავად ბაიკალის სუფთა წყალია.
აღარაფერს ვამბობ სიასამურის ბეწვზე, გარეულ ღორსა და დათვზე, აგრეთვე ძვირფას ფრინველებზე _ ციმბირულ როჭოსა და კაკაბზე. არც ირემზე ვაკეთებ განსაკუთრებულ აქცენტს.
ძალიან მდიდარი რესურსების პატრონი ყოფილა დიდი რუსეთი...

1 comment:

  1. ზივი ბიბილეიშვილი იყო..

    ReplyDelete