Sunday, August 29, 2010

22. ავღანეთის ომის ექო საქართველოში


22. ავღანეთის ომის ექო საქართველოში

ავღანეთის ომმა ქართველ ახალგაზრდობას და, ზოგადად, საქართველოს დიდი უბედურება მოუტანა. ჯერ ერთი, ბევრი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა და, მეორე მხრივაც, ხელი შეუწყო საქართველოში ნარკომანიის, როგორც ჩვენი დროის დიდი უბედურების, ფართომასშტაბიან გავრცელებას. საქართველო იქცა ავღანეთიდან ევროპაში ამ უბედურების გამტარ სატრანზიტო ქვეყნად.
სადღეისოდ სახელდება სამასი ათასზე მეტი ნარკომანი, რომლებიც რეგისტარციაში აყვანილი არიან ოფიციალურად, როგორც ამ “წამლის” მომხმარებლები (ცნება “წამალიც” მოგონილია ამ უბედურების მომხმარებლების მიერ). აქ დასახელებული რიცხვი, როგორც ირკვევა, არ არის სრული, რადგანაც რეალურად, ამ ჩვენი დროის უბედურების მომხმარებელთა რაოდენობა ბევრად უფრო დიდია, ვინემ ეს ოფიციალური სტატისტიკით არის წარმოდგენილი.
კავკასიის ხალხებისათვის ავღანეთის ომმა მიიღო განსაკუთრებული “სტატუსი”. ამ ომში აგზავნიდნენ მზით გარუჯულ, შავგვრემან ყმაწვილებს, რომლებიც გარეგნულად, შესახედაობით თითქმის არ განსხვავდებოდნენ ავღანელი თანატოლებისაგან. როგორც ჩანს, საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ამ გზით დისკომფორტს შეუქმნიდა მოჯაჰიდებს სამიზნის არჩევაში. აი, ასეთი პრიმიტიული მეთოდით აწარმოებდა ავღანეთის ომს წმინდა სისხლის შოვინისტური რუსული გენერალიტეტი.
საქართველოში კი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დალუქული კუბოები, რომელთა გახსნა და მახლობლებისათვის, მშობლების ჩათვლით, თვალით დანახვაც კი, სასტიკად იყო აკრძალული.
ქვეყანა, რომელიც ასეთი ლოგიკით ცხოვრობდა, აუცილებლად უნდა აღგვილიყო მიწის პირიდან და დაინგრა კიდეც.
საბჭოთა კავშირი, როგორც სახელმწიფო დაეცა, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსული არმია, რომელიც სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაემორჩილებინა სხვა ქვეყნები, კვლავ დარჩა თავისი დამპყრობლური პოზიციების მებაირახტრედ.
ავღანეთის ომს ლეონიდ ბრეჟნევი აძლევდა კვალიფიკაციას _ “შეზღუდული კონტიგენტის”. რეალურად კი, ეს იყო ფართომასშტაბიანი სამხედრო აქცია, სადაც გამოიყენებოდა შეიარაღების ყველა თანამედროვე საშუალება, ბირთვული იარაღის გარდა. ამიტომაც გენერალური მდივნისათვის ეს იყო “შეზღუდული კონტიგენტის” სამხედრო აქცია და არა სრულმასშტაბიანი ომი.
კარგად მახსოვს მეორე მსოფლიო ომში გადარჩენილი ჩვენი სოფლის ერთი ჭკვიანი ვეტერანის მიერ სოფლის “ბირჟაზე” ნათქვამი სიტყვები: ჩვენი მეთაურები, გერმანიასთან ომის დროს, სრულიად არ უფრთხილდებოდნენ ჯარისკაცის სიცოცხლესო. მათ აგზავნიდნენ ისეთი ამოცანის შესასრულებლად, სადაც გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდაო... (მოგვიანებით ეს მომენტი კარგად არის ნაჩვენები ქართულ მხატვრულ ფილმში “ღიმილის ბიჭები”).
კადრის ყოფილი ჯარისკაცის ეს სიტყვები მე კარგად მახსოვს დღესაც და რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, როგორც ავღანეთის ომში, ასევე შიდა საბჭოთა-რუსული კონფლიქტების დროს, ჯარისკაცის მიმართ რუსული ბატონკაცური დამოკიდებულება, სამწუხაროდ, არ შეცვლილა.
სულ ახლახანს ქართველი ხალხი უკვე მერამდენედ გახდა მოწმე რუსი ჯარისკაცის ტრადიციული თუ ისტორიული დაუნდობლობისა მშვიდობიან მოსახლეობის მიმართ.
ავღანეთის ომმა, პრაქტიკულად, გადაწყვიტა, საბჭოთა კავშირის, როგორც მძლავრი ზესახელმწიფოს არსებობის ბედი.
საბჭოთა კავშირი დაიშალა მარტივ მამრავლებად.
პირველი, ვინც თავს უშველა, იყო ბალტიის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი.
შუა აზიის რესპუბლიკებმა მიიღეს დამოუკიდებლობის სტატუსი.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ თითქოს დამოუკიდებლობა უნდა მიეღო ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკას - აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს...
ისიც კარგად არის ცნობილი, რაც თავს დაატყდა ჩეჩნეთს...
რუსული დათვი ჩქარა გამოფხიზლდა და დაიწყო დაშლილი სახელმწიფო მანქანის ხელახლა აწყობა.
რუსეთმა შეაკოწიწა ცნება _ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა გაერთიანების სახელწოდებით. ეს აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის მოდიფიცირებული ვარიანტი. სხვა გზა არ იყო, თითქმის ყველა რესპუბლიკამ ხელახლა შეყო თავი, პრაქტიკულად, მოდიფიცირებულ საბჭოთა კავშირში. როგორც ახლა ჩანს, მაშინდელი დამოუკიდებელი რესპუბლიკების ხელმძღვანელებს კიდევაც აწყობდათ ასეთ გაერთიანებაში შესვლა.
ავღანეთის ომი აღმოჩნდა საბედისწერო არა მარტო ქართველი ხალხისათვის, რომელმაც დაკარგა ბევრი სიცოცხლით სავსე ყმაწვილი, არამედ მთლიანად ყოფილი ზესახელმწიფოსათვის, რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი.
ორ პოლუსიანი მსოფლიო, რომელსაც ერთის მხრივ მართავდა აშშ და, მეორეს მხრივ, საბჭოთა რუსეთი, გახდა ერთპოლუსიანი. საბჭოთა რუსეთი გამოთიშეს “თამაშიდან”. ამიერიდან მსოფლიოს დარჩა მხოლოდ ერთი პატრონი და ეს მისია ითავა აშშ-ის სახელმწიფო მანქანამ.
ავღანეთის ავანტიურისტული ომის შედეგებს მწარედ იმკიდა ერთ დროს დიდი ზესახელმწიფოს ხალხი, რომელთაც ვერ იქნა და თავი ვერ დააღწია გაჭირვებას და სიღატაკეს. ცხოვრების დონით ეს ქვეყანა დარჩა კვლავ ცივილიზებული სამყაროს მიღმა, იერარქიის ბოლო საფეხურზე...
ამ პატარა ჩანაწერში მე შევეცადე შევხებოდი ავღანეთის ომში ქართველების ტრაგედიის ზოგიერთ მტკივნეულ ეპიზოდს. ამ უაზრო ომის შედეგების სრულყოფილი ანალიზი სცილდება ჩემი შესაძლებლობის და კვალიფიკაციის ფარგლებს.
შემინდოს უფალმა, თუ ამ პერიოდის გახსენებით გული ვატკინე დაღუპული ქართველი ბიჭების მშობლებს და ახლობლებს.

No comments:

Post a Comment