Sunday, August 29, 2010

24. ფარული ომი

24. ფარული ომი

ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე, რომელსაც დღეს მოიხსენიებენ, როგორც თამარაშვილის გამზირს, განთავსებულია, ეკლარის თეთრი ქვით მოპირკეთებული, ლამაზი შენობა. ამ შენობის პროექტის ავტორი იყო ცნობილი არქიტექტორი, კახა ჯავახიშვილი.
გასული საუკუნის სამოციან წლებში აშენებული ეს ლამაზი ნაგებობა, ხარაჩოების მოხსნისა და მცირეოდენი შიდა კოსმეტიკური ხასიათის სამუშაოების დასრულების სტადიაზე იქცა ფარული ბრძოლის ობიექტად.
ამ ნაგებობის დაპატრონებაზე, თურმე, თვალი ჰქონდა დადგმული იმ მომენტისათვის ახლად გახსნილი ერთ-ერთი ინსტიტუტების მესვეურებს.
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ამ მიმართულებით წარმოებულ ბრძოლას მხარს უჭერდა მაშინდელი მთავრობის ზოგიერთი გავლენიანი წარმომადგენელი. ინსტიტუტის შენობის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო მთავრობის დონეზე. ამისათვის შექმნილა საგანგებოდ შერჩეული ფუნქციონერებისაგან შემდგარი კომისია, რომელსაც ადგილზე უნდა შეემოწმებინა შენობა-ნაგებობის ვარგისიანობა იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომლებიც გაწერილი იყო საკავშირო მთავრობის დადგენილებით. ამგვარი კომისიის შექმნის შესახებ ფარული ინფორმაცია, ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა ელეფთერ ანდრონიკაშვილისათვის. ერთი შეხედვით, ისე გამოდიოდა, რომ გადარჩენის შანსი აღარ არსებობდა და მას უნდა მიეღო უსიტყვო კაპიტულაცია. ამ კრიტიკულ მომენტში ელეფთერ ანდრონიკაშვილი ირჩევს ბრძოლის ეფექტურ გზას: უნდა დაამტკიცოს, რომ ინსტიტუტის შენობა უკვე დაკავებულია და იქ მიმდინარეობს ექსპერიმენტული კვლევები. ამ დროს შენობას ასუფთავებს დამლაგებელთა და ტექნიკურ მუშაკთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. ჯერ არსად არ შესახლებულან ფიზიკოსები.
ასეთ ვითარებაში ვიღებ ბრძანებას, რომ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმა უნდა დაიკავონ ინსტიტუტის ერთი, რომელიმე სართული მთლიანად.
მე ვირჩევ მესამე სართულს.
მთელი ლაბორატორიული ტექნიკა დათქმულ დროზე ადრე გადმოგვაქვს რეაქტორიდან ინსტიტუტის შენობაში.
ვნერვიულობ.
 ვგრძნობ, რომ რაღაც თამაშს ვთამაშობ, რომლისაც არაფერი გამეგება. ასეთ დროს მოთამაშე განწირულია, წაგება გარდაუვალია!
დგება კრიტიკული მომენტი...
ჩემს ახალ სამუშაო ოთახში პირველი შემოდის აკადემიკოს-მდივანი, ალექსანდრე ჯანელიძე.
მე ჩართული მაქვს, დღეის გადასახედიდან არქაული, ას-არხიანი ამპლიტუდური ანალიზატორი, რომელიც მთლიანად აწყობილი იყო მილაკებზე, ძალიან ხურდებოდა და სითბოს მოსახსნელად ამ “პირველყოფილ” დანადგარზე მუშაობდა ხუთი სავენტილაციო აგრეგატი, რომელთა მეოხებით უცხო ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, რომ მოხვდა არა კვლევით ინსტიტუტში, არამედ დიდ საავიაციო ქარხანაში თვითმფრინავების ძრავების გამოცდის დროს.
აკადემიკოს-მდივანი მოგვესალმა, რამოდენიმე ფრაზა წარმოთქვა და გავიდა ოთახიდან, რის შემდეგაც ყველა მინისტრმა და პარტიულმა ფუნქციონერმა საკუთარი თვალით ნახა ექსპერიმენტული ფიზიკის ინსტიტუტი სამუშაო მდგომარეობაში.
ვიზიტი დამთავრდა.
ყველა ფუნქციონერი უხმოდ გავიდა ინსტიტუტის მთავარი შესასვლელიდან, ჩასხდნენ შავ “ვოლგებში” და დამარცხებული გენერლების გამომეტყველებით დატოვეს ინსტიტუტის ტერიტორია.
პირველი უსამართლო და უთანასწორო ომი მოიგო ელეფთერ ანდრონიკაშვილმა.
ამ ბრძოლის შემდეგ, იმ ახლად ორგანიზებული და ჩვენი კონკურენტი ინსტიტუტების მესვეურებს, რეალურად აღარ ჰქონიათ ამ შენობის აღარც ფარული და აღარც ღიად დაპატრონების სურვილი.
ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, თავს ნებას ვაძლევ და ვაცხადებ, რომ იმ დროისათვის ერთი “ქალღმერთის” ლოცვამ და ქმედებამ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია საქართველოში ფიზიკის განვითარებას. ღმერთი იყოს იმ ქალბატონის მფარველი...

No comments:

Post a Comment