Sunday, August 29, 2010

18. ბერმუხა, სახელად “ტურა-მუხა”


18. ბერმუხა, სახელად “ტურა-მუხა”

ჩემი სოფლის ბოლოს, ოდნავ ამაღლებულ ადგილზე, იდგა ერთი ვეებერთელა მუხა, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ეძახოდნენ ტურა-მუხას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამ მუხის მახლობლად დაღამებისთანავე იკრიბებოდნენ ტურები და საზარელი წკავ-წკავით უხმობდნენ თავის მოძმეებს საღამოს კრებაზე გამოსაცხადებლად.
ტურების ამ შეკრებაზე რა პრობლემები ირჩეოდა, ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მეორე დილით სოფლის მცხოვრებთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ჩიოდა ხოლმე საქათმეებიდან ინდაურებისა და ქათმების დაკარგვას...
მაშინ ქვეყანას ყველაზე მეტად აწუხებდა მეორე მსოფლიო ომში წასული ჯან-ღონით სავსე ახალგაზრდობის ბედი და სოფელში დარჩენილებს, არც მოხუცებს და არც ქალებს არ შეეძლოთ უიარაღო, ცარიელი ხელებით და ჯოხებით ტურების და სხვა მრავალი დამშეული ნადირის თარეშის აღკვეთა.
თავად ამ მუხის ვარჯი იყო გასაოცრად დიდი დიამეტრის, რომლის გული გამომწვარი იყო ცეცხლისაგან და შიგნით შეიძლებოდა კოცონის დანთება. ყინვისა და თოვლ-ჭყაპის დროს ასეთი კოცონის გარშემო ათამდე კაცს თავისუფლად შეეძლო თავის შეფარება და პურის ჭამა.
მაშინ ვერ ვხვდებოდი და ამჟამად იმ ბერმუხისათვის გულის გამოწვა ბარბაროსობად მიმაჩნია, რაც არ უნდა წვიმა-თოვლისგან თავშესაფარებლად გინდოდეს - საცოდაობაა რამდენიმე საუკუნის მცენარის ასეთი მეთოდით დასუსტება, მაგრამ ჩვენი ხალხის ზოგიერთ მავნე ჩვეულებას სად წაუხვალ... ფესვებში დაგროვილ წყალს და მინერალებს ქერქის გავლით ღებულობენ ტოტები და თუ ზომიერად გამოუწვი ვარჯის გული და მთლად ქერქამდე არ დახვედი, მაინც ცოცხლობს ხოლმე მუხა... არადა, არც ევროპაში და არც ამერიკაში არავის აზრადაც არ მოუვა ასეთი სისასტიკის გამოჩენა გიგანტური ხეების მიმართ...
ტურა-მუხის ამ ფუღურო “ნაგებობას” ჰქონდა ორი, ერთნაირი ზომის, ერთმანეთის საპირისპიროდ გამოჭრილი კარი, რომლებშიც თავისუფლად შეიძლებოდა ადამიანის შესვლა ოდნავ წელშიმოხრილ მდგომარეობაში.
თავად მუხის ტოტებიც იყო გიგანტური ზომის და ამ მუხას ფოთოლი და რკოს ნაყოფი გამოჰქონდა სადღაც ცის მახლობლად, - ისე მაღლა, რომ, ალბათ, აფრიკული მაიმუნებიც კი ვერ შეძლებდნენ ასეთ სიმაღლეზე წამოსკუპებას...
დღეს, როდესაც ტელევიზიის წყალობით, ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის ნაკრძალისა და პარკის ნახვა შეიძლება, მე უკვე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ტურა-მუხასავით საოცარი სიდიდისა და სილამაზის მქონე არანაირი ობიექტისათვის ჯერ არ მომიკრავს თვალი.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამგვარი ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora, Quercus longipes), იზრდება ძალიან ნელა, ოთხმოცი-ასი წლისა კიდევ იმატებს სიმაღლეში და ზრდასრული ოცდაათ მეტრამდე აღწევს, ხოლო ამის მერე კი მხოლოდ ვარჯი მატულობს სისქეში და, საბოლოო ჯამში, რვაას წელზე მეტხანს ცოცხლობს, სავარაუდოა, “ტურა-მუხის” “დაბადება” იმ ხანას ემთხვეოდეს, როცა საქართველოში “ვეფხისტყაოსანი” იწერებოდა...
მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთი სულიერად ავადმყოფი ახალგაზრდა, რომელსაც სამხედრო კომისარიატმა უარი უთხრა ჯარში გაწვევაზე, დასახლდა ამ მუხის გამოფატრულ “სახლში” და აგრძელებდა იქ ცხოვრებას.
ერთ ყინვიან ზამთარში, როგორც ჩანს, იმ შეშლილმა ვერ მოზომა მის მიერ ნამჯით დანთებული კოცონის საშიშროება და ცეცხლი გაუჩნდა მუხის ზემო “სართულებზე” განლაგებულ გიგანტურ ტოტებსაც.
ხანძარი იმდენად მძვინვარე და საბედისწერო აღმოჩნდა, რომ ორი დღის შემდეგ ბერმუხა ხმაურით დაენარცხა მიწაზე.
ცეცხლის ჩაქრობა ვერც მაშინ მოხერხდა, რის გამოც მთლიანად დაიწვა მუხის ძირითადი ვარჯი...
მთელი ორი წლის განმავლობაში ამ მუხის ნარჩენებს სოფელი იყენებდა ღუმელების ასანთებად და გასათბობად.
ამ ვეებერთელა მუხის დაწვიდან გავიდა ნახევარ საუკუნეზე მეტი, მაგრამ სოფელი ამ ადგილს კვლავ მოიხსენიებს “ტურა-მუხის” სახელით.
დღეს იმ ნამუხარის სიახლოვეზე, თხუთმეტი-ოცი მეტრის დაშორებით დგას და იზრდება იმავე ჯიშის უკვე საკმაოდ წამოზრდილი მუხა, რომელსაც პატარა ბავშვივით უვლიდა და ეფერებოდა ჩემი საყვარელი ილია პაპა.
სადღეისოდ ეს პატარა მუხა უკვე სამოცდაათ წელს მიღწეული “ბავშვია”, რომელიც ჯერ-ჯერობით ნორმალურად ვითარდება და მნახველზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.
რამოდენიმე საუკუნის შემდეგ, შესაძლოა, ისიც გაიზარდოს გიგანტურ, ულამაზეს მცენარედ. აკი ნათქვამია - “კვიცი გვარზე ხტისო”.
იქნებ შორეულ მომავალში, შვიდი-რვა საუკუნის შემდეგ, იმ დიდი ტურა-მუხის შთამომავალიც ბერმუხად იქცეს და თავისი დიდებული კონსტრუქციით მაშინაც გააოცოს იმ დროის ილია პაპა და იმისი რვა წლის შვილიშვილი...

No comments:

Post a Comment