Sunday, August 29, 2010

21. არაფორმალების კიდევ ერთი სამიზნე


21. არაფორმალების კიდევ ერთი სამიზნე
  
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში უკვე მთავრდებოდა გარე კახეთის მდინარე ლაკბის ხევში დიდი წყალსაცავის მშენებლობა. იმ დროისათვის ეს მშენებლობა სრულდებოდა საკავშირო მთავრობის დადგენილებით და ამ საქმეს კურირებდა პოლიტბიურო. როგორც ცნობილია, ასეთი მშენებლობის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა ხდებოდა შეუფერხებლად და საჭირო ტექნიკა იგზავნებოდა ყოველგვარი ფორმალური პროცედურების გარეშე.
იმ დროისათვის მდინარე ლაკბის ხეობაში ფუნქციონირებდა მძლავრი ტექნიკური ბაზა, რომელიც კაშხალის მშენებლობის უზრუნველყოფისათვის აღჭურვილი იყო ისეთივე ტექნიკით, როგორიც გამოიყენებოდა ციმბირის გიგანტურ მშენებლობებზე.
ლაკბის ტექნიკურ არსენალში იყო უამრავი “კამაზის” ტიპის სატვირთო ავტომანქანა და ასი-ასომოცდაათ ტონიანი გიგანტური თვითმცლელები.
პროექტის მიხედვით, სარწყავი წყლით უნდა დაკმაყოფილებულიყო ძლიერ გვალვიანი ზონები _ სიღნაღის, დედოფლის წყაროს და შირაქის ზამთრის საძოვრები. ლაკბის წყალსაცავიდან წყლის გადატუმბვა უნდა მომხდარიყო ოთხ რიგად დამონტაჟებული, ასორმოცდაათი სანტიმეტრის დიამეტრის გიგანტური ფოლადის მილებით, რომლებიც სარწყავ წყალს გაატარებდნენ კაშხალიდან გარე კახეთის ზეგანზე გავლით. ეს სამუშაოები ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისისთვის უკვე იყო დასრულებული.
სარწყავი წყლის მილების ოთხი გიგანტური ტრასა უკვე მზად იყო გამოყენებისათვის.
რჩებოდა კაშხალის გადაკეტვის სამუშაოების შესრულება, რომელსაც არსებული პროექტის მიხედვით, სჭირდებოდა ერთ წელზე ნაკლები დრო და კახელი გლეხის და მეცხვარის ოცნება რეალობად იქცეოდა!
აი, ასეთ სიტუაციაში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ააგორეს უგუნური პროტესტის ტალღა, ამ პროექტის დახურვისა და საერთოდ გაუქმების მოთხოვნით. მათი არგუმენტაცია ასეთი გადაწყვეტილების აუცილებლობის შესახებ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, მაგრამ ადგილობრივი მცხოვრებლების დაშანტაჟებისა და მოტყუების გზით შეძლეს მათი აყოლიება.
მოხდა წარმოუდგენელი დანაშაულის ინსპირირება.
მოსახლეობა აღმოჩნდა ისე ძლიერ ზომბირებული, რომ თავადვე დაიწყეს უკვე აშენებული კონსტრუქციების მსხვრევა და უმოწყალოდ განადგურება.
ლაკბის ხევში თავმოყრილი სამშენებლო ტექნიკა, სატვირთო მანქანები და სხვა კონსტრუქციული ელემენტები, რომლებიც განკუთვნილი იყო არხის მშენებლობისათვის, ამ უგუნურმა “პატრიოტებმა” წყალსა და ცეცხლს მისცეს. ერთადერთი, რაც მათ ვერ შეძლეს და ვერაფერი მოუხერხეს, ეს იყო გიგანტური თვითმცლელი მანქანები, რომელთაც ვერც საბურავი მოხსნეს და ვერც სხვა დიდი მასის მქონე ტექნიკურ ელემენტები...
მე ვთვლი, რომ ეს იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი უპრეცედენტო დანაშაული.
იმისათვის, რომ ამგვარი მოქმედების უგნურება სწორად იქნეს გაგებული, საკმარისია საკუთარი თვალით იხილო ტარიბანას მინდვრებსა და უდაბურ ადგილებში, წყლის არნახული დეფიციტის პირობებში არსებული მცენარეული საფარი. ამ ადგილებში გაზრდილი ველური ბროწეულის კორომების ნახვისას, რომლებიც დახუნძლულია გვალვისაგან უმოწყალოდ დათრგუნული ნაყოფით, ადამიანს უჩნდება არნახული სიბრალულის გრძნობა და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იყო რეალური შანსი ამ ადგილების გასარწყულებისა, თუკი დაგეგმილი სარწყავი სისტემა ამოქმედდებოდა, მაშინ გეუფლება დიდი და სრულიად სამართლიანი ანტიპათია იმდროინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერების მიმართ...
ამ ოციოდე წლის წინ, როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ, კარგად, გვარიანად ჩაკეტილ ქვეყანას წარმოადგენდა. ეს ხელს უწყობდა ღვინის ქართული ბაზრის უკონკურსოდ ბატონობას მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. მართალია, ყურძნის წარმოების მხრივ მოლდავეთი იყო პირველ ადგილზე - ეს რესპუბლიკა აწარმოებდა ორჯერ მეტ ყურძენს, ვიდრე საქრთველო, მაგრამ ღვინის ხარისხით ქართული პროდუქტი ჯაბნიდა მოლდავურს. საქართველო იყო მრავალი რუსული ქარხნის ძირითადი დონორი. ქართველი მეღვინეები და მთავრობის ელიტარული წრეების მესვეურები, ფინანსებით ფანტასტიკური უზრუნველყოფის პირობებში, იღებდნენ კოლოსალურ მოგებას და მათი ცხოვრების პირობები, სრულიად განსხვავდებოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების ყოფისაგან.
საქრთველოს მთავრობა ცდილობდა ყურძნის წარმოების გაზრდას ახალ, აუთვისებელ სავარგულებში ვენახების გაშენებით. ამ პროგრამით უკვე აღარ იწუნებდნენ მლაშე ნიადაგებს და გვალვიან, უდაბურ სავარგულებს. ასე მოხდა ვენახების გაშენება შოროქნის ტერიტორიაზე, გარე კახეთში და დედოფლის წყაროს ტარიბანის ნახევრად უდაბურ ადგილებში..
ტარიბანის მიდამოებში დაამუშავეს მოზრდილი სავენახე სავარგულები და იქ გაახარეს ვაზი. ტარიბანის დაბლობ ადგილებში ვენახების გაშენების დროს, ქართველმა აგრონომებმა განახორციელეს ფანტასტიკურად გონივრული პროექტი, რომლის არსიც იმაში მდგომარეობდა, რომ ვენახების მორწყვა უნდა განეხორციელებინათ მანმადე, სანამ ვაზი “გამოიღვიძებდა”. ეს პერიოდი დგებოდა თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. ამ დროისათვის სარწყავი წყალი ჯერ არავის სჭირდებოდა და შეიძლებოდა მისი “უკონკურსოდ” გამოყენება. შემოთავაზებულმა რწყვის ახალმა მეთოდმა ფრიადზე “ჩააბარა” გამოცდა და რადგანაც ტარიბანის შერჩეული ნიადაგი იყო ქვიშის სქელი ფენით დაფარული, დიდხანს ინარჩუნებდა ტენიანობას.
მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ამ გვალვიან ზონაში გაშენებული ვენახები, რომლებიც გამოირჩეოდა ძლიერ განვითარებული სანაყოფე რქებით, ხოლო, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ამ ვენახებში მოწეული ყურძნის შაქრიანობა ბევრად აღემატებოდა კახეთის სხვა რეგიონებში მოყვანილი ყურძნისას, რომელიც მერყეობდა ოცი-ოცდახუთი პროცენტის ფარგლებში.
ცნობისათვის: ტარიბანას ველზე მოყვანილი ყურძნის შაქრიანობა კი, როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამტკიცებდნენ, აღწევდა ორმოც პროცენტამდე!
ეს მაგალითი მე აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ მეჩვენებინა სარწყავი წყლის, როგორი ფანტასტიკური მოთხოვნა იყო და დღესაც არის ამ გვალვიან რეგიონში და როგორი ზომის დანაშაული აქვს ჩადენილი არაფორმალური ორგანიზაციების მაშინდელ ლიდერებს ხალხისა და ერის წინაშე...
უცხოეთში გაზიდული ჯართის ბედი ეწვია მდინარე ლაკბის წყალსადენის გიგანტურ მილებსაც, რომლებიც დაჭრეს, დააქუცმაცეს და გაუყენეს თურქეთის გზას. ასევე ჯართად აქციეს ყოველგვარი მეტალური ხასიათის ნაკეთობა.
საწყალ კახელ გლეხს ბარი, ცული, ნამგალი და სხვა საჭირო ნაკეთობა გაუხდა საძებარი.
ეს კი არა, ვენახის ლითონის სარები და საყრდენი ბოძებიც კი დაგლიჯეს და გაუყენეს თურქეთის გზას.
ვენახები დარჩა ბეტონის კონსტრუქციებისგან დამზადებული ბოძების ანაბარა. მერე ამ ბოძებმა დაიწყო ყინვისაგან დაშლა და მსხვრევა. ადრე ვენახებში კენჭსაც კი ვერ იპოვიდი, ახლა კი გაივსო დამსხვრეული ბეტონიეს ქვა-ღორღით...
საქართველოსთვის პატრიოტიზმი და ქვეყნის ჭეშმარიტი სიყვარული გახდა დიდად დეფიციტური ფენომენი...
აქ მინდა არაფორმალებს დავუსვა კითხვა: ბატონებო, მართლები ხართ ქვეყნისა და ერის წინაშე თქვენს მიერ ინსპირირებული, მრავალი აქციის მოწყობისათვის?! მოგწონთ თქვენი ძალისხმევით ინიცირებული დღევანდელი საქართველოს ყოფიერება?!
თუ მოგწონთ, ბარაქალა თქვენს ვაჟკაცობას...

No comments:

Post a Comment