Sunday, August 29, 2010

26. შტრიხები ნოე ქათამაძის ხსოვნისათვის

26. შტრიხები ნოე ქათამაძის ხსოვნისათვის

ვისაც ნოე ქათამაძესთან ჰქონია საქმიანი თუ ჩვეულებრივი, ყოფითი ურთიერთობა, ვერ გაიხსენებს ისეთ შემთხვევეას, როცა ბატონი ნოე გამოსულიყოს მისთვის დამახასიათებელი, გაწონასწორებული და აუღელვებელი მდგომარეობიდან. თანამდებობრივი მდგომარეობის გამო კი ხშირად ჰქონდა ისეთი შემთხვევები, როდესაც განრისხებისაგან თავის შეკავება თითქმის შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. მას ეკავა რადიაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელის ფრიად საპასუხისმგებლო თანამდებობა ატომურ რეაქტორზე და ვალდებული იყო, ყველასაგან მოეთხოვა გამოსხივებასთან მუშაობის ყველა ნორმის დაცვა. ამ საკითხში მისგან რაიმე კომპრომისის დაშვება გამორიცხული იყო.
ყოფით ცხოვრებაში კი ბატონი ნოე უფრო ადვილი “მოსათვინიერებელი” და დამყოლი გახლდათ. უყოყმანოდ შეგისრულებდათ ყველა თხოვნას, თანაც ამას აკეთებდა ისეთი უშუალობით და ღიმილით, რომ, მართლაც, ტოვებდა დამჯერი და დამყოლი კეთილი ბავშვის შთაბეჭდილებას.
შემიძლია, თავს ნება მივცე და ვამტკიცო, რომ სწორედ ნოე ქათამაძის მაღალმა პროფესიონალიზმმა და თავდადებამ ითამაშა ფასდაუდებელი როლი საქართველოს ტერიტორიაზე უხვად განთავსებული თუ გაბნეული რადიონუკლეიდური წყაროების მოძიების, აღმოჩენის და მათი გაუვნებელყოფის საქმეში. ამ მძიმე სამუშაოების შესრულების დროს მას გვერდში ედგნენ _ დირექტორის მოადგილე, პროფესორი ზურაბ სარალიძე და ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელი, შუქრი აბრამიძე. საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული, ეგრეთ წოდებული “მაიაკის” ტიპის მთების მწვერვალებზე სამხედრო უწყებების მიერ დადგმული რადიონუკლიდური წყაროების მოძიება და მათი დემონტაჟი მოხდა სწორედ ამ “ტრიადის” ძალისხმევით.
აქ აუცილებლად უნდა ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამგვარი რადიონუკლიდური წყაროების განლაგების რუკის დატოვებაზე თავი არავის შეუწუხებია, რის გამოც მათი მოძიებისათვის წარმოებული სამუშაო ქართველ ექსპერტებს მოუხდათ ათჯერ და მეტი მოცულობით. ამასთან, ჩვენი სპეციალისტების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს სამუშაოები შეასრულეს ფრიადზე, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურისა და რეკლამის გარეშე.
მძიმე ბრძოლის გადახდა მოუხდათ ატომური რეაქტორის ლიდერებს მაშინ, როდესაც არაფორმალებმა კარვები დასცეს ამ ობიექტის ცენტრალურ შესასვლელთან. ნოე ქათამაძეს დასჭირდა მოთმინებით აეხსნა ამ გაავებული არაფორმალებისათვის მათი მოთხოვნის შესრულების აბსურდულობა.
ქართულ ატომურ ცენტრზე ბირთვული რეაქტორი კი იყო ძირითადი ობიექტი, მაგრამ ამავე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო ფიზიკის ინსტიტუტის რადიოქიმიური ლაბორატორია და მეცნიერებათა აკადემიის ელექტროქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორია, აღჭურვილი მძლავრი ჩო-60-ის “ქვემეხით”. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა მძლავრი კრიოგენული სადგური, თხევადი აზოტისა და ჰელიუმის წარმოებისათვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მრავალსართულიან ლაბორატორიულ კორპუსზე, სადაც მიმდინარეობდა ფართო მასშტაბის ექსპერიმენტული სამუშაოები მყარი სხეულების რადიაციული მასალათმცოდნეობის დარგში, პროფესორ ილია ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით. ეს ობიექტი შემოფარგლული იყო აგურით ნაშენები გალავნით და ავტონომიური არსებობისათვის ჰქონდა ყველაფერი, ცენტალური გათბობის ჩათვლით. აი, ასეთი კომპლექსური სამეცნიერო ცენტრის ერთი ხელის მოსმით გაუქმება მოისურვეს “ჭკვიანმა” არაფორმალებმა.
როგორც ცნობილია, საქართველოდან ბირთვული საწვავის გატანა ითავა აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა, რომელმაც პრობლემის შესასწავლად გამოგზავნა სპეციალისტთა ჯგუფი ჯეიმს ტურნერის თავკაცობით, რომელსაც ენერგიის დეპარტამენტში ეკავა ფრიად მაღალი თანამდებობა და, როგორც ჩანს, აღჭურვილი იყო დიდი უფლება-მოსილებითაც. პირველი, რაც მან გააკეთა, ბირთვული საწვავის აშშ-ში გატანის შემდეგ, იყო მთავრობის დონეზე, ქართველ მეატომე წამყვანი მეცნიერების ვიზიტის ორგანიზება აშშ-ში და გამოყო გრანტები, იმ დროისათვის უკვე არსებული, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ეგიდით, ქართველი მეატომე მეცნიერების დასაფინანსებლად.
ერთ-ერთი ასეთი გრანტის წამყვანი მკვლევარი გახდა ბატონი ნოე ქათამაძე, რომელსაც, ისევე როგორც ბევრ სხვა ფიზიკოსს, ასეთი საგრანტო დაფინანსების წყალობით, საგრძნობლად გაუუმჯობესდა მატერიალური მდგომარეობა
ნოე ქათამაძემ იგრძნო ფინანსური შვება და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, გადაწყვიტა გულის ქრონიკული უკმარისობიდან თავის დაღწევაც და დათანხმდა ქირურგიულ ოპერაციას. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება მისთვის ტრაგიკული და საბედისწერო აღმოჩნდა. მან დაასრულა სიცოცხლე მკურნალი ექიმების ხელში. მისმა მრავალრიცხოვანმა ახლობლებმა და მეგობრებმა მწარედ დაიტირეს ეს სასწაულებრივად კეთილი და კაცთმოყვარე ადამიანი. ნოე ქათამაძე დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

No comments:

Post a Comment