Sunday, August 29, 2010

3. აკადემიკოსი გიორგი ნიკოლოზის ძე ფლოროვი

3. აკადემიკოსი გიორგი ნიკოლოზის ძე ფლოროვი

ეს ის გიორგი ფლოროვია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, დასავლეთის ფრონტიდან, პატარა სამკუთხა კონვერტით წერილი გაუგზავნა სტალინს, რომელშიც ასაბუთებდა საბჭოთა კავშირში ბირთვული ფიზიკის დარგში კვლევების გაფართოების აუცილებლობას. მაშინ გიორგი ფლოროვს ჰქონდა მხოლოდ ეფრეიტორის სამხედრო წოდება. ეს წერილი აღმოჩნდა მომავალი ცხოვრების მეგზური, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა მისი კარიერის აღმავლობაში.
სადღეისოდ არსებობს მრავალი პოპულარული თუ ღრმა მეცნიერული ინფორმაცია ამ ფენომენალური მკვლევარის მოღვაწეობის შესახებ.
ვკადნიერდები და, ამ პატარა წერილში, თავს ნებას ვაძლევ, აღვწერო ზოგიერთი ის ეპიზოდი, რომელთა მოწმე და მონაწილეც თავად ვიყავი.
გიორგი ფლოროვი იყო დუბნის ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის დირექტორი. ფორმალურად, ჩემი გაგებით, ამ დაწესებულებას ერქვა ლაბორატორია, რეალურად კი დღესაც არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საკუთარი ციკლოტრონი!
ამ ციკლოტრონზე სრულდებოდა ტრანსურანული ელემენტების სინთეზი, ხოლო მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლა ხდებოდა აქვე, ამავე ლაბორატორიის სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში.
დუბნაში ჩემი ერთ-ერთი მივლინების დროს, ბატონი გიორგი პირადად წარმიძღვა აქ მოხსენიებული ციკლოტრონის დასათვალიერებლად. შეეძლო ეს მისია დაეკისრებინა ნებისმიერი თანამშრომლისათვის, მაგრამ ეს არ გააკეთა.
დარბაზში შესვლამდე, მოსაცდელ ოთახში მოიხსნა მაჯის საათი და მეც მირჩია იგივე გამეკეთებინა, რათა ციკლოტრონის ძლიერ მაგნიტურ ველს სამუდამოდ არ გამოეყვანა საათის მექანიზმი მწყობრიდან. ამის შემდეგ თეთრ გაქათქათებულ ხალათებში გადაცმულები, შევედით ციკლოტრონის დარბაზში.
სანახაობა იყო ზღაპრული.
გაოცებული ვარ ამ ექსპერიმენტული დანადგარის და მისი სატელიტური მოწყობილობების მასშტაბებით. ბირთვული ფიზიკის სახელმძღვანელოებში ჩახატული ციკლოტრონის სქემები, მის რეალურ სურათთან შეფარდებით, მეჩვენება ბავშვურ თამაშად. ეს არის უნიკალური ექსპერიმენტული დანადგარი ბირთვული რეაქციების განსახორციელებლად. აქ ხდებოდა არა მარტო პროტონების, არამედ სხვა მრავალმუხტიანი მსუბუქი ბირთვების - ნახშირბადის, აზოტის, ჟანგბადის ატომების აჩქარება.
ჩემი აკადემიკოსი მეგზური და მასპინძელი, დიდი გატაცებით და თანაც გასაოცარი გულისხმიერებით იხსენებს ამ დანადგარზე შესრულებული მნიშვნელოვანი ექსპერიმენტების შედეგებს. შეუძლებელია, სიტყვიერად გადმოსცე ამ მხცოვანი მეცნიერის თხრობის მანერა, როდესაც ის ახასიათებს მიღებული შედეგების მეცნიერულ ღირებულებას...
ციკლოტრონის დათვალიერების შემდეგ ბატონმა გიორგიმ მიმიპატიჟა თავის კაბინეტში, სადაც ზერელე დათვალიერების დროს თვალში მომხვდა კედელზე, თვალსაჩინო ადგილას გაკრული საბჭოთა კავშირის რუკა, რომელზედაც დატანილი იყო მხოლოდ ის მშენებარე ობიექტები, რომლებიც სრულდებოდა პოლიტბიუროს ეგიდით. ამ რუკაზე კავკასიის რეგიონიდან ჩახატული იყო მხოლოდ კაჭრეთის წისქვილ-კომბინატი, რომელსაც დღიურად უნდა გადაემუშავებინა და გამოეშვა ათასი ტონა პროდუქტი. სხვათა შორის, ამ ობიექტის მწყობრში ჩადგომის შემდეგ გარე კახეთში უმუშევრობა და სიღარიბე იქცა წარსულის უსიამოვნო მოგონებად.
მცირეოდენი პაუზის შემდეგ გიორგი ნიკოლოზის ძემ შემომთავაზა სავარძელი თავისი სამუშაო მაგიდის სიახლოვეს და კვლავ გავაგრძელეთ საუბარი იმ ექსპერიმენტების შესახებ, რომლებიც სრულდებოდა ჩვენს ლაბორატორიაში და რომელთა შესახებაც ბატონი გიორგი იყო კარგად ინფორმირებული.
საგანგებოდ მინდა მკითხველს მოვუთხრო ამ მეცნიერის ადამიანური ყოფის შესახებ. ეს იყო დიდი სტუმართმოყვარე პიროვნება, რომელიც სტუმრის მიმართ, ჩემი წარმოდგენით, სრულიად განსხვავებულად იქცეოდა, ვინემ ნებისმიერი სხვა მეცნიერი. წარმოუდგენლად ბედნიერი იყო, როცა თავად გამოდიოდა მასპინძლის როლში და მისი ქცევა სულ სხვა იყო მაშინ, როდესაც პირადად მასპინძლობდნენ ახლობლები, მოწაფეები და მრავალი უცხოელი სტუმარი თუ ასპირანტი.
დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, ჩემი ერთ-ერთი სტუმრობის დროს, გიორგი ნიკოლოზის ძემ დაახლოებით ოცდახუთი სტუმარი მიიპატიჟა თავის საცხოვრებელ კოტეჯში ჩაის დასალევად. სტუმართა შორის იყო ბევრი ცნობილი მეცნიერი, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სერგეი კაპიცამ – დიდი პეტრე კაპიცას ვაჟიშვილმა. მიპატიჟებული კი ვიყავით ჩაის დასალევად, მაგრამ ჩაი აქ არავის გახსენებია და არც დაულევია.
ცნობისათვის: მოწვეულ სტუმართა შორის იყო ტაშკენტის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის რამდენიმე თანამშრომელი, პროფესორ საშა კისტის მეთაურობით, რომელთაც ჩაის მომზადება-დაყენებაში კონსულტანტი არ სჭირდებოდათ, მაგრამ მათი პროფესიონალიზმი ამჯერად არავის დასჭირვებია.
ყველა სტუმარი მოუთმენლად ელოდა იმას, თუ როდის გამოალაგებდა მასპინძელი საოჯახო ბუფეტიდან სხვადასხვა ქვეყნის ეტიკეტით დამშვენებულ კონიაკის ბოთლებს. ამ მხრივ ძლიერ ღელავდა სერგეი კაპიცა. მასპინძელმა ეს მომენტი არ გაუშვა ხელიდან და ყველაფერი გადავიდა “კონიაკების სამეფოში”. უზბეკური დათაფლული ნესვები და სხვა აღმოსავლური ტკბილეული არავის გახსენებია. რომ იტყვიან, მადა ჭამაში მოდისო, - სწორედ ამ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. Kკონიაკის პირველ ბოთლს ემსხვერპლა მეორე, მესამე და ასე შემდეგ...
ბუფეტი დაცარიელდა, იქ დარჩა მხოლოდ ერთი ბოთლი “მარტინის” მარკის კონიაკი. მასპინძელს არ უნდოდა ამ ბოლო “მოჰიკანის” გაწირვა, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა და ეს უკანასკნელი ბოთლიც მაგიდაზე დადგა, რითაც, უდიდესი სიამოვნება მიანიჭა ბახუსის მოყვარულთ... ცხადია, მომენტალურად ეს ბოთლიც დაცარიელდა... წვეულება გამოვიდა ფრიად მხიარული, ყველა კმაყოფილი იყო...
ყველა ყვებოდა თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდს...
გიორგი ნიკოლოზის ძეს იატაკზე გაფენილი ჰქონდა ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ბინადართა – თეთრი და შავი დათვის ტყავები, თანაც კარგად დამუშავებული, პროფესიონალურ დონეზე. ამ დათვების თვალები ისეთი გამომეტყველებით იცქირებოდა, კაცი იფიქრებდა, მათაც სურთ კონიაკის სასმელით სადღეგრძელოს წარმოთქმაო...
მეცნიერთა ეს შეხვედრა, კონიაკის ფონზე, გამოდგა წარმოუდგენლად საინტერესო. ყველა გაიხსნა...
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს ყველა ცდილობდა მოეთხრო “საპრიზო” ამბავი...
განსაკუთრებით კმაყოფილი და ბედნიერი იყო ჩვენი მასპინძელი, აკადემიკოსი გიორგი ფლოროვი. დროზე ადრე წავიდა ამ ცხოვრებიდან... ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული...
ელეფთერ ანდრონიკაშვილი გულით იყო ავად, რის გამოც ხშირად უწევდა მკურნალობა სტაციონალურ საავადმყოფოებში. მისი მოსკოვში ერთ-ერთი მივლინების დროს, გულის შეტევის გამო, მოუწია აკადემიის საავადმყოფოში მკურნალობის მორიგი კურსის ჩატარება.
მე ხშირად ვნახულობდი და უყოყმანოდ ვუსრულებდი ყველა იმ დავალებას, რომლებიც ითვალისწინებდა სხვადასხვა სამინისტროებში მის მიერ დაწყებული საქმეების “გაცოცხლებას”, რათა ქვეყნის ჩინოვნიკურ კიბეებზე ეს საქმეები სამუდამოდ არ დაკონსერვებულიყო.
ვისაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ამგვარ საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები, მისთვის ძალიან მარტივი გასაგებია ის მისია, რომელიც ასეთ შემთხვევაში მე უნდა შემესრულებინა.
ჩემი ამგვარი “მოღვაწეობა” ზოგჯერ კურიოზებითაც კი მთავრდებოდა. ერთ-ერთი ასეთი კურიოზი შემემთხვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ავდივარ ლიფტით მეექვსე სართულზე. იღება ლიფტის კარი და ვხედავ საშა მჟავანაძეს, რომელიც, თურმე, ამ სამინისტროში მუშაობს. ვესალმები, როგორც ჩემს ყოფილ სტუდენტს. იმ მომენტში ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემი სტუდენტი კი არა, დიდი ფუნქციონერია ამ სამინისტროში.
როგორც შემდეგ მივხვდი, ეს შეხვედრა იმდენად მოულოდნელი იყო მისთვისაც, რომ მომესალმა ისე, როგორც სტუდენტი ესალმება თავის პროფესორს...
იმ დღეს ბატონი ელეფთერის ყველა დავალება შევასრულე “ხუთიანზე”. კარგად ამიხდა ჩემს ყოფილ სტუდენტთან მოულოდნელი შეხვედრა.
აქ უადგილო არ უნდა იყოს იმის აღნიშვნაც, რომ საშა მჟავანაძე გამოირჩეოდა შესაშური თავმდაბლობითაც, რაც ჩემთვის ფრიად სასიამოვნო სიურპრიზი იყო.
და აი, ერთ მშვენიერ დღეს აკადემიკოსმა გიორგი ფლოროვმა მთხოვა, წავყოლოდი აკადემიის სავადმყოფოში ელეფთერ ანდრონიკაშვილის მოსანახულებლად. საშვთა ბიუროში გიორგი ნიკოლოზის ძემ ადმინისტრატორს წარუდგინა თავისი პირადობის მოწმობა და თან დასძინა, რომ მიდიოდა აკადემიკოს ანდრონიკაშვილის მოსანახულებლად. იმდენად მოკრძალებული იყო მისი თხოვნა, რომ იფიქრებდი, შენს წინაშე დგას არა სოციალისტური შრომის გმირი და აკადემიკოსი, არამედ ერთი რიგითი საბჭოთა მოქალაქე, რომელსაც, თუ ადმინისტრატორი კარგი თვალით არ შეხედავს, შესაძლებელია, საშვის გამოწერაზე უარიც კი სტკიცოსო. ამჯერად ეს არ მომხდარა და, როგორც იქნა, გამოწერეს ერთჯერადი საშვი. მე რადგან ხშირად მიხდებოდა ამ საავადმყოფოში მისვლა, “დაჯილდოვებული” ვიყავი მუდმივი საშვით.
გაიხარა ავადმყოფმა გიორგი ნიკოლოზის ძის სტუმრობით. ისინი დიდხანს საუბრობდნენ. გამომშვიდობებისას ბატონი გიორგი თავისას არ იშლიდა და დაჟინებით ურჩევდა ბატონ ელეფთერს სისტემატურად მიეღო უნაბის მწიფე ნაყოფი. ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ უნაბის დიეტა დიდად დაეხმარებოდა ავადმყოფ გულს განკურნებაში...
გასული საუკუნის ოთხმოციანი წლებისათვის საქართველოში ძლიერ გააქტიურდა ეგრეთ წოდებულ “დამსმენთა ინსტიტუტი”, რომელთა მახვილიც მიმართული იყო არა იმათ მიმართ, ვინც ქვეყნის ბედს უკუღმა ატრიალებდა, არამედ იმათ მიმართ, ვისაც თავიანთი საქმიანობის დროს, მართლაც, მოსდიოდათ შეცდომები, მაგრამ ეს შეცდომები არ იყო იმდენად საშიში, რომ მათი გამოსწორება შეუძლებელი ყოფილიყო. მაკონტროლებელი ორგანოები კი სწორედ აქ ეძებდნენ კრიმინალებს. ფიზიკის ინსტიტუტი ვერ გადაურჩა ამგვარ შემოტევას და აი, მოვიდა ინსტიტუტში კომისია ჯანჯღავას თავმჯდომარეობით, ინსტიტუტის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად.
მე არ ვაპირებ ამ კომისიის საქმიანობის დეტალურ აღწერას, რომელიც, სხვათა შორის, ერთ თვეს გაგრძელდა, მხოლოდ ავღნიშნავ, რომ ამ კომისიის საბოლოო დასკვნაში ფიგურირებდა ორი ვაგონი ხე-ტყის გაყიდვის კრიმინალური დანაშაული ზემდგომი ინსტიტუტების ნებართვის გარეშე.
ამასთან ერთად, მინდა, ავღნიშნო, რომ ამგვარი დანაშაულის გამო თვით ინსტიტუტის რამოდენიმე “გულშემატკივარი და პატრიოტი” თავგამოდებით მოითხოვდა დამნაშავეთა უმკაცრესად დასჯას...
ელეფთერ ანდრონიკაშვილმა ყველა ეს დანაშაული საკუთარ თავზე აიღო და მზად იყო შესაბამისი დარტყმაც საკუთარ თავზე მიეღო.
მდგომარეობა ძალიან დაძაბული იყო.
ამ კრიტიკულ მომენტში საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობით წარსდგა აკადემიკოსი გიორგი ფლოროვი.
მე პირველად ვნახე სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავითა და სახელმწიფო პრემიების მედლებით მკერდდამშვენებული აკადემიკოსი, რომელიც ჩამოვიდა თბილისში მთავრობის პირველ პირთან შესახვედრად და ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის ჩასაქრობად.
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ეს სკანდალური სიტუაცია საბოლოოდ ჩაცხრა მას შემდეგ, რაც ფიზიკის ინსტიტუტში მოვიდა ქვეყნის პირველი პირი და თავისი თვალით ნახა ის “კრიმინალური” შემთხვევები, რომლითაც თავგამოდებით მანიპულირებდნენ ანდრონიკაშვილის ოპონენტები...
ამის შემდეგ ფიზიკის ინსტიტუტში კვლავ დამკვიდრდა ნანატრი მშვიდობა და საქმიანი ურთიერთობა...
აქ მინდა, მკითხველს მოვუთხრო გიორგი ფლოროვის ჩვენს ლაბორატორიაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს მის პიროვნულ თავისებურებასთან დაკავშირებული ეპიზოდები.
ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმა მოისურვეს გიორგი ნიკოლოზის ძისთვის სიურპრიზების მოწყობა.
ჯერ გადავწყვიტეთ, სტუმარი გაგვესეირნებინა დუშეთში, ბაზალეთის ტბაზე და, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩვენ კი არ მოვუწყვეთ მას სიურპრიზები, თავად გვიჩვენა, როგორ უნდა სიურპრიზების მოწყობა: როგორც კი დაინახა მოკამკამე ტბა, არც კი დაფიქრებულა, ისე გაიხადა ტანსაცმელი და გადაეშვა ცისფერი, სუფთა წყლის მორევში საბანაოდ.
ბაზალეთის ტბა, მოგეხსენებათ, საკმაოდ მაღალი მთების ‘“ბინადარია” და იმ დროისათვის იქ წყალი ჯერ კიდევ საკმაოდ ცივი იყო. ეს დეტალი ბატონი გიორგისთვის სულაც არ აღმოჩნდა ანგარიშგასაწევი. მხნედ უსვამდა ხელებს ტბის ანკარა წყალს და საკმაოდ დიდხანს ნებივრობდა ამ ზღაპრულ გარემოში. ბოლოს და ბოლოს, მასაც მოსწყინდა ცივ წყალში ჭყუმპალაობა და იკადრა ნაპირზე გამოსვლა...
უნდა გენახათ, რა ბედნიერი იყო ამ მომენტში!..
დუშეთისა და არაგვის ხეობის დათვალიერების შემდეგ, ძვირფასი სტუმარი მივიპატიჟეთ არმაზის ხეობაში, მტკვრის სანაპიროზე, ჩვენი ინსტიტუტის ბიოქიმიის ლაბორატორიის პროფესორ ლეილა ტყეშელაშვილის საზაფხულო აგარაკზე.
ქალბატონ ლეილას მეუღლე, აგრეთვე პროფესორი, გურამ ვადაჭკორია ფუსფუსებდა ბუხართან და თადარიგი ჰქონდა დაჭერილი მისთვის დამახასიათებელი საფირმო მწვადის შესაწვავად.
აკადემიკოსი გიორგი ფლოროვი ამ ბუხრის დანახვაზე სახტად დარჩა. მართლაც, ეს იყო დიდი გემოვნებითა და პროფესიონალური ცოდნით აღჭურვილი ხელოვანის მიერ კონსტრუირებული ბუხარი, რომელიც გარეგნულ სასიამოვნო ესთეტიკურ შესახედაობასთან ერთად ფუნქციონალურადაც ფრიადზე ასრულებდა თავის დანიშნულებას.
ჩვენი ძვირფასი სტუმარი მივიდა ბუხართან და დაიწყო მისი პარამეტრების აღწერა. ამ მომენტში ვერაფერს სხვას ვერ ხედავდა და უამრავ კითხვებს უსვამდა ბატონ გურამ ვადაჭკორიას, რომელიც მოთმინებით უხსნიდა აკადემიკოსს, ბუხრის ყველა პარამეტრის დანიშნულებას. ეს საუბარი დიდხანს გაგრძელდა.
გიორგი ნიკოლოზის ძემ ბუხრის ყველა მონაცემი ჩაიწერა უბის წიგნაკში და ბოლოს თქვა, რომ თუ მოახერხებდა და ასეთი ბუხარს დაამონტაჟებდა “დუბნის კოტეჯში”, თავს ბედნიერად ჩათვლიდა...
ამ მომენტისათვის სუფრა უკვე გაწყობილი იყო და ჩვენმა მასპინძლებმა მიგვიპატიჟეს სასადილოდ. ერთადერთი, რაც ამ სუფრას აკლდა, ეს, ალბათ, ჩიტის რძე იყო, თორემ საჭმელ-სასმელი ნამდვილად მეფური გახლდათ.
როგორც ასეთი შემთხვევების დროს ხდება ხოლმე, ითქვა მრავალი სადღეგრძელო, განსაკუთრებით შეაქეს ჩვენი მასპინძლის, პროფესორ გურამ ვადაჭკორიას რეცეპტით მომზადებული ცვრიანი მწვადი.
გიორგი ნიკოლოზის ძემ აღნიშნა ბატონი ელეფთერის როლი და დამსახურება ასეთი კოლექტივის ჩამოყალიბების საქმეში და უსურვა მალე გამოჯამრთელება, რადგან ამ მომენტისათვის ჩვენი ინტიტუტის დირექტორი ისევ იწვა კრემლის საავადმყოფოში ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ.
გიორგი ნიკოლოზის ძემ დიდი მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი მიღებისათვის, რის შემდეგაც ის და მისი მეუღლე, ჩვენი ლაბორატორიის რამდენიმე მომღერალ თანამშრომლებთან ერთად ჩავისვი მანქანაში და სიმღერ-სიმღერით გამოვემგზავრეთ თბილისში. ძვირფას სტუმრებს დავემშვიდობეთ სასტუმროს ფოიეში...
ასე დასრულდა ეს მხიარული და მრავალმხრივ დასამახსოვრებელი დღე. ამის შემდეგ გიორგი ნიკოლოზის ძესთან ჩემი საქმიანი და სამეცნიერო ურთიერთობა გრძელდებოდა ძირითადად მოსკოვის შეხვედრების დროს.
საგანგებოდ უნდა აღვნიშნო გიორგი ნიკოლოზის ძის დამოკიდებულება მის მიერ ღირსშესანიშნავი თარიღების დროს, ჩემთან გამოგზავნილი მისალოცი ღია ბარათების ორიგინალობის გამო. ეს მილოცვები არ იყო სტანდარტული ფრაზებით გაჯერებული – ყოველ მილოცვაში ის საკუთარი ხელწერით აღნიშნავდა იმ მომენტისათვის ჩვენს ლაბორატორიაში მიღებულ ახალ შედეგებს, რომელთა შესახებაც  კარგად იყო ინფორმირებული. ჩემი ღრმა რწმენით, ამ დამოკიდებულებით ნათლად ვლინდება ამ დიდ მეცნიერის წმინდა ადამიანური ბუნება...

No comments:

Post a Comment