Sunday, August 29, 2010

13. სემინარი ტიტულოვან ქართველ გეოლოგებთან


13. სემინარი ტიტულოვან ქართველ გეოლოგებთან

1961 წელი. ფიზიკის ინსტიტუტის ატომური რეაქტორი მუშაობს უკვე სრული დატვირთვით. დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს მრავალი ექსპერიმენტი ნეიტრონული გამოსხივების გამოყენებით. ექსპერიმენტები სრულდება, როგორც ჰორიზონტალურ შიბერებზე, ასევე ვერტიკალური არხების გამოყენებით. ექსპერიმენტატორებს უკვე აქვთ ინტენსიური ნეიტრონული ნაკადების გამოყენების შესაძლებლობა. ყველა პირობა არსებობს აქტივაციური ანალიზის მეთოდების დამუშავებისა და მისი დახმარებით მთელი რიგი ანალიზური ხასიათის ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად.
პირველი ექსპერიმენტები სრულდება ბიოლოგიური და გეოლოგიური ხასიათის ამოცანების მოთხოვნილებების ფარგლებში - ზოგიერთი ელემენტის რაოდენობრივი განსაზღვრის მგრძნობიარე და ზუსტი ანალიზური მეთოდიკის დამუშავების კუთხით. ამგვარი ანალიზური მეთოდიკის დამუშავებას პირველები უჭერენ მხარს ქართველი გეოლოგები.
და აი, ვიღებ მოწვევას, საქართველოს გეოლოგთათვის სამეცნიერო საბჭოზე მოხსენების წასაკითხად.
იმ დროს ქართველ გეოლოგთა სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გიორგი ძოწენიძე. შევნიშნოთ, რომ მაშინ ეს თანამდებობა ეთანადებოდა ქვეყნის დღევანდელი პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულ სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში, გაერთიანებული იყო ქართველ გეოლოგთა მთელი პლეადა და ასეთ საბჭოზე არათუ სამეცნიერო მოხსენებით გამოსვლა, არამედ მის მუშაობაში მოკრძალებული მონაწილეობაც კი დიდი პატივი იყო მოწვეული სტუმრისათვის.
იმ დღეს, როცა მე უნდა გამეკეთებინა საინფორმაციო ხასიათის მოხსენება, ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის პერსპექტიულობაზე გეოქიმიაში, იმავე საბჭოს სხდომაზე, პირველ საკითხად, დღის წესრიგში იყო შეტანილი აკადემიკოს გიორგი ძოწენიძის ასპირანტის საანგარიშო მოხსენება. რიგითობის ეს სიტუაცია, გარკვეულწილად, მამშვიდებდა კიდეც, რადგანაც ამ მოხსენების მიმართ საბჭოს რეაქციის გათვალისწინება შესაძლებლობას მომცემდა, საჭირო კორექტივები შემეტანა ჩემს მოხსენებაში. ეს მომენტი მაშინ მე დიდ კომფორტად მეჩვენებოდა.
მაგრამ მოხდა სულ სხვა რამ - საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ ჩემი, როგორც მოწვეული სტუმარ-მომხსენებელის მიმართ სამეცნიერო საბჭოს უნდა გამოეჩინა განსაკუთრებული ყურადღება და სწორედ მე, პირველს მეძლეოდა საპატიო უფლება, გამოვსულიყავი ამ ტიტულოვანი მეცნიერების წინაშე მოხსენებით.
ჩემთვის საბედნიეროდ, მხოლოდ ამ ახალი მეთოდის შესახებ ინფორმაციით არ ვიყავი მოსული და უკვე მქონდა მთელი რიგი გეოლოგიური ხასიათის იშვიათი ნიმუშების აქტივაციური ანალიზის შედეგები, რომლებიც მიღებულ იყო უკვე ჩვენს მიერ, ჩვენსავე ლაბორატორიაში. ეს მომენტი ფრიად მომგებიანი იყო იმ დროისათვის, რადგანაც არა მარტო ჩვენთან _ საბჭოთა კავშირში, არამედ უცხოეთის ლაბორატორიებშიც ამ ტიპის გამოკვლევები ჯერ კიდევ თავისი განვითარების საწყის ეტაპზე იყო.
ამგვარ სიტუაციაში მოხვედრის გამო სასწრაფოდ, გონების მთელი დაძაბვით, მოვახდინე მოხსენების თავიდან დაგეგმილი ვარიანტის მოდიფიკაცია!.. და საბჭოს გავაცანი პრობლემის ჩემეული ხედვის ზოგიერთი პრინციპიალური საკითხი. ბოლოს იმედს გამოვთქვამდი, რომ ქარველი გეოქიმიკოსები გამოიყენებდნენ ჩვენს რესპუბლიკაში, უკვე საკუთარი ატომური რეაქტორის ნეიტრონებს მათთვის საინტერესო რიგი გეოლოგიური პრობლემის შესასწავლად.
ეს მოხსენება ყურადღებით იყო მოსმენილი სამეცნიერო საბჭოს წევრების მიერ. მათი კეთილგანწყობილება და მოწონება ჩემთვის დიდი პატივი იყო. მე მომეჩვენა, რომ ისინი, გულწრფელად და არა ფორმალურად, იწონებდნენ ამ ახალ ანალიზურ ინსტრუმენტს და მპირდებოდნენ სამომავლოდ მჭიდრო, საქმიან თანამშრომლობას ახალი ამოცანებისა და საკითხების შესწავლის დროს.
სამწუხაროდ, ამ მიმართულების მასშტაბების ზრდა და მის მიმართ მეცნიერული კვლევების ინტერესები არ თავსდებოდა ბატონი ელეფთერ ანდრონიკაშვილის მეცნიერული კვლევების ინტერესებში და ჩვენი ლაბორატორიის მოლეკულურ-ბიოფიზიკური კვლევების უზომოდ დიდი მასშტაბით დატვირთვის პირობებში, მე უკვე ვეღარ შევძელი ქართველ გეოლოგებთან დაწყებული საინტერესო გამოკვლევების სრულმასშტაბიანი გაგრძელება...
დღესაც დიდი სინანულით ვიხსენებ იმ მაღალი კლასის გეოლოგ-მეცნიერებთან თანამშრომლობის დაკარგულ შესაძლებლობებს, რომელთა რეალიზაციის შემთხვევაში, ვინ იცის, როგორი ღირებულების გამოკვლევები შეიძლებოდა შეგვესრულებინა. იმ “მატარებელმა” ჩაიარა ისე, რომ მე და ჩემი ზოგიერთი თანამშრომელი დავრჩით “პერონზე”. თურმე, ასეთი მკაცრი ყოფილა თვით ცხოვრება და ჟამი ყოფიერებისა.

No comments:

Post a Comment