Sunday, August 29, 2010

15. ნავთობის დიდი “კოცონი”

15. ნავთობის დიდი “კოცონი”

მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში, საქნავთობის ტრესტის მენავთობეები, სართიჭალის დასახლების შემდეგ, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე აწარმოებდნენ ბურღვით სამუშაოებს.
ერთ-ერთი პერსპექტიული საბადოს ბურღვის დროს მოხდა ამოფრქვეული ნედლი ნავთობის მძლავრი ნაკადის “აფეთქება” _ გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობაც აღმოჩნდა პრობლემური.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ციმბირის ცნობილ ნავთობმომპოვებლებიდან საჭირო გახდა მაღალპროფესიული მომზადების მეხანძრეთა დიდი რაზმის ჩამოყვანა საქართველოში მძვინვარე ხანძრის მოსათვინიერებლად.
ცნობისათვის: ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში თებერვლის თვე იყო უხვთოვლიანი და თანაც ყინვიანი.
ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა და საქნავთობის ტრესტის მთავარმა გეოლოგმა, ალექსანდრე ლალიევმა, თურმე, გადაწყვიტეს ამ “კოცონის” საკუთარი თვალით ნახვა.
ბატონმა ელეფთერმა მიბრძანა გამგზავრება ამ საბადოს სანახავად, ჩემი საცოდავი “ჟიგულით”; აზრადაც არ მოსვლია, რომ ასეთ ყინვიან ამინდში სარკესავით მოლაპლაპე გზაზე მანქანის მართვის არანაირი გამოცდილება მე არ მქონდა და სულ ადვილი შესაძლებელი იყო, მანქანის ყინულზე მოცურების შემთხვევაში, აღმოვჩენილიყავით რომელიმე ხევში ან, უკეთეს შემთხვევაში, ხრამში.
აი, ასეთ თოვლიან და ყინვიან ამინდში, რომ იტყვიან, სახლიდან ძაღლსაც კი ვერ გაიმეტებდნენ გამოსაგდებად და მე კი უნდა პასუხი მეგო ორი მაღალი რანგის მეცნიერის უსაფრთხოებაზე!
არადა, ბატონ ელეფთერს როგორ შევკადრებდი ჩემი გასაჭირის გამო, შემოთავაზებულ სამსახურზე უარს!
მოკლედ, დავემორჩილე ბედის და ღმერთის განგებას და ისე, რომ ჩემი შიში არ გამიმხელია, მანქანის უკანა სავარძელზე მოვაწყე ჩემი უშიშარი აკადემიკოსები. იმ მომენტისათვის ისინი, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ საჭესთან იჯდა გამოცდილი მძღოლი.
დიდი სიფრთხილით და შენელებული სიჩქარით გავუდექი გზას გარე კახეთისაკენ.
ისე მივედით ნავთობის კოცონთან, რომ ამხელა ტრასაზე ერთი მანქანაც არ შეგვხვედრია. ან კი რომელი გიჟი მძღოლი გარისკავდა ასეთ ამინდში ტრასაზე გამოსვლას?!
ნავთობის გიგანტურ კოცონთან ვნახე საოცრება, რომელმაც ნაწილობრივ დამამშვიდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს სურათი ღირდა იმ ნერვიულობად, რომელიც ყინულით მოსარკულ გზაზე განვიცადე.
ნავთობის გიგანტური კოცონის გარშემო ორმოცდაათი-სამოცდაათი მეტრის რადიუსზე წრე ჰქონდათ შემოვლებული ციმბირელ მეხანძრეებს. ყველა აღჭურვილი იყო ცეცხგამძლე ტანსაცმლით, თავზე ჩამოფხატული ქუდით და წყლის ჭავლის “ყუმბარმტყორცნი” მოწყობილობით, რაც მათ საშუალებას აძლევდა მაღალი წნევით, ორმოცდაათი მეტრის მანძილზე განეხორციელებინათ ხანძრის ჩაქრობის ოპერაციები. თუმცა ეს მეთოდი მოცემულ შემთხვევაში არ ამართლებდა და ხანძრის მოთვინიერების ერთადერთი საშუალებად რჩებოდა ჭაბურღილის სპეციალური სარქველის გადაკეტვა, რომელიც მდებარეობდა გრუნტის ზედაპირზე, მაგრამ მისი გამოყენება არ ხერხდებოდა მაღალი ტემპერატურის გამო, რომელიც აქაც კი აჭარბებდა სამას გრადუსს ცელსიუსით. ხანძარი გრძელდებოდა ერთი თვის მანძილზე და პროფესორ ალექსანდრე ლალიევის შეფასებით, ერთი Dდღე-ღამის განმავლობაში, ნავთობის “ხარჯი” შეადგენდა ექვსას-ექვსას ორმოცდაათ ტონას!..
ანთებული ჭაბურღილის მახლობლად, ასი-ასორმოცდაათი მეტრის რადიუსის ფარგლებში, თოვლი და ყინული ისე იყო აზელილი ტალახში, რომ ჩვეულებრივი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით იქ შესვლა ნიშნავდა კარგა გვარიანად ამოსვრას, რასაც ვერ გადაურჩა ვერც პროფესორი ლალიევი და ვერც აკადემიკოსი ანდრონიკაშვილი. უკან გამობრუნების დროს ისინი, რომ იტყვიან, ყურებამდე სილანარევ ტალახში იყვნენ ამოგანგლულები.
ერთი სიტყვით, ჩემს საცოდავ “ჟიგულში” დაგროვდა ორ ფუთამდე ტალახი, მაგრამ ამას ვიღა ჩიოდა, უავარიოდ მოვედით სართიჭალის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანამდე, სადაც პროფესორმა ალექსანდრე ლალიევმა დაგვპატიჟა სადილზე მთელი დღის მშიერ-მწყურვალი მოგზაურები; თანაც მედიდურად გამოგვიცხადა, რომ ამ რესტორანში გახსნილი აქვს მუდმივი საბანკო ანგარიში და ეს გვითხრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კარგად იცოდა ბატონი ელეფთერის ხასიათი, რომელსაც ვერავინ დაასწრებდა დანახარჯის გადახდას!..
ვისადილეთ მეფურად. სართიჭალელმა მზარეულებმა მოგვართვეს ხბოს მწვადები. ბატონმა ელეფთერმა ცოტა ღვინოც დალია, რის შემდეგაც მშვიდობიანად ჩამოვიყვანე ჩემი ტიტულოვანი პროფესორები ქალაქში.
პირველი, ვინც დავაბინავე იყო ალექსანდრე ლალიევი. ბატონი ალექსანდრე გახლდათ შედარებით ახალგაზრდა, ჯანმრთელი გეოლოგი და არანაირი სხვისი დახმარება არ სჭირდებოდა.
აი, ბატონ ელეფთერს კი ჰქონდა პრობლემები. ის ცხოვრობდა ჭავჭავაძის გამზირზე ულიფტო, მაღალჭერიანი სახლის მეორე სართულზე და უხდებოდა დიდ, ფართო კიბეებზე ფეხით ასვლა, რაც მისთვის, როგორც გულით ავადმყოფისათვის, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
ჩემი დახმარებით, როგორც იქნა, მივედით მისი ბინის კართან.
დავრეკეთ ზარი და მცირეოდენი დაყოვნების შემდეგ კარი გაგვიღო ქალბატონმა თინა ლომიძემ. ერთი შეხედვით თვალებს არ დაუჯერა, რომ მის წინაშე იდგა ბატონი ელეფთერი და ქალბატონმა თინამ, ინსტიქტურად, თვალები მოიფშვნიტა. ალბათ, გაიფიქრა, რომ ეს კაცი იყო ელეფთერ ანდრონიკაშვილის ორეული!..
მაგრამ აქ ქალბატონ თინას დაეხმარა თვით “დაზარალებული”, გამოელაპარაკა თავის მეუღლეს რამოდენიმე სიტყვით და დაამშვიდა, რომ იყო ნავთობის ჭაბურღილის სანახავად პატარძეულის მისადგომებთან და იქ არსებული მძვინვარე ხანძრის გამო აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში.
ამის შემდეგ ქალბატონი თინა სწრაფად გაერკვა შექმნილ სიტუაციაში; აღნიშნა, რომ ასეთ მდგომარეობაში თავისი ქმარი არასოდეს უნახავს და, როგორ შედეგს მიიღებს, არ იცის, მაგრამ მაქსიმალურად შეეცდება ამ ტალახიანი კაცის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას.
როგორც შემდეგ გამოირკვა, სამი დღის მანძილზე ქალბატონი თინა თავდადებით ასრულებდა “სარემონტო” სამუშაოებს და მხოლოდ ამის შემდეგ დართო ნება ბატონ ელეფთერს, გაეგრძელებინა სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულება უკვე ინსტიტუტში!..
დაახლოებით ერი კვირის შემდეგ, შევიტყვეთ, რომ, თურმე, ერთი ფიზიკურად ძლიერი ციმბირელი მეხანძრისათვის ჩაუცმევიათ ორმაგი ცეცხლგამძლე კოსტუმი, სხვა დამატებით დამცავ საშუალებებთან ერთად და ჭაჭის არაყით კარგად შექეიფიანებულს, საკუთარ თავზე აუღია ჭაბურღულის სარქველის გადაკეტვა, რისთვისაც დასჭირვებია მხოლოდ ორი წუთი. ამ სარქველის ჩაკეტვის შემდეგ გაავებული ცეცხლის კოცონი ჯერ შენელებულა და ბოლოს სულ ჩამქრალა კიდეც.
ამ გმირ ციმბირელ მეხანძრეს მიუღია ზომიერი სიდამწვრე სახის კანზე, მაგრამ სულ მალე გამოჯამრთელებულა და ჯილდოდ ქართველ მენავთობეებს უბოძებიათ ჭაჭის არყის დიდი ბოცა, რომელიც მისთვის ყველანაირ სახელმწიფო ჯილდოზე უფრო პრესტიჟული გამომდგარა...
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ცნობილი გეოლოგი _ პროფესორი იური შჩიმელევიჩი აფრთხილებდა ქართველ მენავთობეებს, რომ იმ ველური მეთოდებით, რომლებითაც ისინი მუშაობდნენ და რომლებიც ვლინდებოდა ნავთობის მოპოვების არასწორი, დაჩქარებული ტემპით ამოქაჩვაში, ძალიან მალე ნავთობშემცველი ქანები გაჯერდებოდა გრუნტის წყლებით, რაც გამოიწვევდა საბადოს პარალიზებას. მაშინ ამ ჭკვიანი და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე გეოლოგს არავინ უსმენდა.
სამწუხაროდ, იური შჩიმელევიჩის პროგნოზი რამდენიმე თვეში გამართლდა. მრავალი მოქმედი ჭაბურღილი ამიოვსო გრუნტის წყლებით, - ეს კი ნიშნავდა საბადოს შეუქცევად დაღუპვას. პრინციპი  “დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო”, საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისათვის. აი, ასე დასამარდა ქართული ნავთობის ისტორია.
კახეთში წასვლისა თუ უკან დაბრუნების დროს, ყოველთვის ვჩერდები ამ ჭაბურღილის სიახლოვეს და უკვე მერამდენედ ვიხსენებ ერთ დროს მგრგვინავი ნავთობის ჭაბურღილის წარსულს. მაშინ ეს ჭაბურღილი დაჭრილი მოზვერივით ბრდღვინავდა, დღეს კი უმწეო მოხუცივით უნიათო და უსიცოცხლოა. დაჟანგებული დიდი ფოლადის მილის დახვლანჯილი ბოლო, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზე, ერთობ ბედკრულად და სევდიანადაც კი მოჩანს... ირგვლივ გამეფებულია სამარისებური სიჩუმე. აქ აღარაფერს ეტყობა სიცოცხლის ნიშანწყალი. ვისაც საკუთარი თვალით არ უნახავს ამ ჭაბურღილის ბრდღვინვა, ის ვერასოდეს ვერ წარმოიდგენს, რომ ერთ დროს ეს “ფალავანი” იყო დაუმარცხებელი მოჭიდავე...
დღეისათვის აქ მოქმედი მცირე სიმძლავრის ჭაბურღილები ატარებს მხოლოდ სიმბოლურ დატვირთვას. თურმე, შესაძლებელი ყოფილა, ამ ძვირფასი პროდუქტის მოპოვების გონივრულ პირობებში წარმართვის შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდა...

No comments:

Post a Comment