Sunday, August 29, 2010

20. ომი და მშვიდობა გლეხის ცხოვრებაში

 20. ომი და მშვიდობა გლეხის ცხოვრებაში

მომავალში ისტორიკოსი, მეორე მსოფლიო ომის შესახებ ინფორმაციას, ალბათ, ასე გადმოსცემს: 1941 წლის 22 ივნისს გერმანელებმა დაიწყეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომი, რომელიც გრძელდებოდა ოთხი წლის განმავლობაში და დასრულდა გერმანელთა სასტიკი დამარცხებით 1945 წლის 8 მაისს, ხოლო 9 მაისი საბჭოთა კავშირში გამოცხადდა გერმანულ ფაშიზმზე ომის დამთავრების ოფიციალურ, საზეიმო თარიღად.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ომში ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო საბჭოთა კავშირმა. ქვეყანამ დაკარგა ოც მილიონზე მეტი მებრძოლი, რომ აღარაფერი ვთქვათ გერმანელთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე.
საქართველოდან მობილიზირებულ შვიდასი ათასი ჯარისკაციდან ნახევარი დარჩა ბრძოლის ველზე. ასეთი დიდი მსხვერპლი ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა!
ამ ომმა, ქართველი ხალხის ცხოვრებაში დატოვა მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობა.
1947 წლიდან, ქალაქის მცხოვრებთათვის, გაუქმდა გამომცხვარ პურზე არსებული საბარათო სისტემა. სტალინი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მუშათა კლასის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით გლეხობის მისამართით გადადგმულ რაიმე სასიკეთო ნაბიჯებზე.
გლეხობისათვის, ომის დროს დაწესებული კაბალური ბეგარა კვლავ უცვლელად იყო დატოვებული და აუცილებლად უნდა შესრულებულიყო!
ამ გადასახადებიდან მაინც ყველაზე მძიმე იყო ხორცის, რძის და მატყლის გადასახადი. ყოველი კომლი ვალდებული იყო, წლიურად, სახელმწიფოსათვის ჩაებარებინა სამოცდათხუთმეტი კილოგრამი ხორცი, შვიდასორმოცდაათი ცალი ქათმის კვერცხი; მატყლი და ყველი კი ცხვრისა და თხის რაოდენობის გათვალისწინებით. ამასთან, შინაური ცხოველების დასაშვები რაოდენობა იყო მკაცრად ნორმირებული. გლეხს უფლება ჰქონდა ჰყოლოდა: ერთი ძროხა და ხბო ერთ წლამდე ასაკის; ერთი ღორი; ცხვარი და თხა არა უმეტეს ათი სულისა; ერთი ცხენი და სახედარი სამეურნეო საქმიანობისათვის. და ეს მაშინ, როდესაც ყოველ კომლს პირად სარგებლობაში ჰქონდა მხოლოდ ოცდახუთი მეასედი ჰექტარი მიწის ნაკვეთი! ამრიგად, ქართველი გლეხისათვის ომი არსებობისათვის ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
გლეხის ცხოვრებაში გამოჩნდა იმედის მომცემი ვარსკვლავი ხრუშჩოვის “სამეფო” ტახტზე ასვლის შემდეგ. როგორც ცნობილია, მან მიიღო გადაწყვეტილება, გლეხობაზე დაწესებული გადასახადების არსებული, ომისდროინდელი წესების გაუქმების შესახებ. გლეხობა და, საერთოდ, სოფლის მცხოვრებნი დიდი მოწონებით შეხვდნენ ხრუშჩოვის ამ გადაწყვეტილებას. როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, ხრუშჩოვის მიერ გადადგმული ამგვარი ნაბიჯი არ აღმოჩნდა ღრმად გააზრებული და მომავალში გამოავლინა სოფლის მცხოვრებთა მრავალი პრობლემა...
შემდგომი აქცია, რომელიც მოჰყვა ამ დადგენილების ძალაში შესვლას, იყო ის, რომ კოლმეურნეობისა და მსხვილი საბჭოთა მეურნეობების წევრებს, შრომის ანაზღაურება დაუწყეს არა მარტო ნატურით, ესე იგი, მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, არამედ ნაღდი ფულის სახითაც.
შექმნილ სიტუაციას ძალიან ჩქარა აუღეს ალღო სოფლის ბობოლებმა, რომლებმაც ნაღდი ფულის რაღაც ნაწილი შეიტანეს, ანაბრების სახით, შემნახველ სალაროებში, ხოლო ფულის მასის დიდი ნაწილი ჩადეს “მუთაქებში”. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც დიდი ფულის მომხვეჭელი სოფლის ბობოლები ვერ ბედავდნენ მათს განკარგულებაში სხვადასხვა მაქინაციებით ნაშოვნი ფულის ლეგალიზაციას. ამრიგად, მივიღეთ კვლავ გაუკუღმართებული ფინანსური მდგომარეობა და როგორც შედეგი, დანაშაულებრივ მექრთამეობის ჭაობში ჩაფლული ქვეყანა!..
ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ექსპრესიულად და, თანაც, ხშირ შემთხვევაში, ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებები, აღმოჩნდა ბოლომდე გაუაზრებელი და მათ დიდი ზიანი მოუტანეს არა მარტო ქართული სოფელს, არამედ მთელ ქვეყანას. ამ დებულების მართებულობის საილუსტრაციოდ აქ, შემიძლია, მოვიყვანო უფრო დიდი მასშტაბის ხრუშჩოვისეული ავანტიურა, რომელიც დაიწყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყამირი და ნასვენი მიწების ათვისებასთან დაკავშირებით.
მაშინ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მოხალისეების და ენთუზიასტების ყამირზე გამგზავრების კამპანია. საქართველოდან ყამირზე გააგზავნეს არა მარტო წამოჩიტებული ყმაწვილები, არამედ სტუდენტებისა და მათი ლექტორების დიდი არმიაც. ქართველი მოხალისეებიდან ბევრმა ყმაწვილმა ვერ გაუძლო კატორღულ რეჟიმში შრომას და ბევრი მათგანი დაავადდა კიდეც, ხოლო, დიდად სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნისათვის, ზოგიერთ ახალგაზრდას სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა ყამირზე აუტანელ პირობებში მუშაობა. მათ შორის აღმოჩნდა ახალგაზრდა მეცნიერი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოფიზიკის კათედრის დოცენტი, ნოდარ ნოდია...
ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ ჩატარებულმა გაუთავებელმა და ბოლომდე გაუაზრებელმა სამთავრობო აქციებმა, ქვეყანა მიიყვანა უფსკრულის ნაპირებამდე.
1964 წელს ბავშვების პატრონებს დაურიგეს ტალონები თეთრი პურის ყიდვის უფლებით.
აქ მახსენდება ერთი ბელორუსი პროფესორის მიერ, 1964 წელს, ჩემი მოსკოვში მივლინების დროს, ჩაის სმისას დასმული კითხვა, რომლის შინაარსიც აქ ასე შეიძლებოდა გადმომეცა: ის კითხულობდა ასე - აი, ჩვენ ვიცით, რომ ოთხმოციანი წლებიდან საბჭოთა კავშირი შევა კომუნიზმის საწყის ფაზაში და პური, შაქარი და სხვა წვრილმანი მოხმარების პროდუქტი და ნივთები იქნება უკვე უფასოდ. ჩვენ შეგვიძლია ამის წინასწარ განჭვრეტა, მაგრამ დღეს რომ საჭირო გახდებოდა პურზე საბარათო სისტემის შემოღება, ჩვენ ამის პროგნოზირება ნამდვილად ვერ შევძელით. თქვენ, ფიზიკოსები იქნებ დაგვეხმაროთ და აგვიხსნათ ამ პარადოქსის შინაარსი. ამ დროს (ჩაის სმის დროს), მაგიდასთან ვიყავით ოთხნი _ ერთი კიეველი პროფესორი, გვარად ვანკოვიჩი; ერთი ბელორუსი პროფესორი, გვარად ვიშინსკი, რომელმაც დასვა ზემოთ მოყვანილი კითხვა; თბილისიდან კი გენადი კიკნაძე და მე. ამ კითხვამ ყველას გაუღვიძა იუმორის ჭია და ცხადი იყო, რომ ოთხმოციანი წლებიდან კომუნიზმის საწყის ფაზაში თავის ამოყოფაზე ფიქრიც კი, სუფთა წყლის ნაყვა იყო და მეტი არაფერი...
ქართველი გლეხის თავზე კი კვლავ უმოწყალოდ ტრიალებს ბედის ბორბალი, - ვერ იქნა და ვერ დააღწია თავი სიდუხჭირეს.
არც ნიკიტა ხრუშჩოვის მთავრობის მეთაურის სკამიდან ჩამოსმამ უშველა საქმეს. ქვეყანაში კორუფციამ და მექრთამეობამ მიაღწია გაუგონარ დონეს. ახალგაზრდობის სწავლა-განათლების საქმესაც დაემუქრა დიდი საფრთხე. “უპატრონო” აბიტურიენტების სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტად ჩარიცხვის შესაძლებლობა გასცდა ფანტაზიის დონეს.
პირველი მოთხოვნილების საქონლის მწვავე დეფიციტის პირობებში, შეუძლებელი გახდა ეკონომიკის ნორმალური განვითარება. გლეხის მიერ დიდი შრომისა და გარჯის საფასურად მოყვანილი მოსავალი იმ დონემდე გაუფასურდა, რომ ბევრმა გლეხმა, უსიტყვო კაპიტულაციით, მიატოვა ბაღ-ვენახი და გადაიხვეწა უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად.
ჩვენი ქვეყნიდან სამუშაო ძალის შეუქცევადი გადინების პროცესი დღესაც გრძელდება. ასეთ სავალალო დღეში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა.
...და მაინც ყველაზე დიდი და უსამართლო სასჯელი ერგო გლეხს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართი ისტორიის ყველა ეტაპზე თავს არ ზოგავდა ქვეყნის ინტერესების დასაცავად. სადღეისოდ ჩვენი გლეხი კვლავ ომშია ჩაბმული. ეს ომი კი მიმართულია მთლიანად ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ.

No comments:

Post a Comment