Sunday, August 29, 2010

გამოსათხოვარი


გამოსათხოვარი

ბატონი ლიგური მოსულიშვილი - ფიზიკის ინსტიტუტის დიდი მიღწევების ერთ-ერთი  შემოქმედი და ავტორი - გამოაკლდა ჩვენს კოლექტივს.
ბატონი ლიგურის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიზიკის ინსტიტუტის ბირთვულ რეაქტორზე წარიმართა, სადაც მან საფუძველი ჩაუყარა ნეიტრონულ-აქტივაციური ანალიზის მეთოდს. ამ მეთოდის გამოყენებით მან შეასრულა პიონერული სამუშაოები, რომლებიც ეხება სხვადასხვა ბუნების ბიოლოგიურ სისტემაში მეტალების კომპლექსების კვლევას.
მოგვიანებით, ბატონი ლიგურის  ტიტანური შრომის შედეგად  მოპოვებული იქნა უნიკალური ექსპერიმენტული შედეგები, რომლებიც არასოდეს დაკარგავს თავის მაღალ მეცნიერულ ღირებულებას.
ასეთი შედეგების რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, მონაცემები ჩერნობილის კატასტროფით გამოწვეული საქართველოს ბუნების რადიაციული დაბინძურების შესახებ. ასევე, მონაცემები საქართველოს მოსახლეობის სისხლის ელემენტური შემადგენლობის შესახებ.
ბატონი ლიგური გამორჩეული იყო თავისი ორგანიზატორული ნიჭითაც. წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, მის მიერვე ჩამოყალიბებული განყოფილების გამგე, სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს თავჯდომარე და ბევრი სხვა. მას ბევრჯერ მოუწია რთული ამოცანის გადაწყვეტა - სხვადასხვა მიმართულებებით კვლევების ორგანიზება და შესაბამისი ლაბორატორიების აწყობა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბატონმა ლიგურიმ შეძლო გადაერჩინა ეს ლაბორატორიები იმ ურთულეს პერიოდში, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განვლო უახლოეს წარსულში.
ბატონი ლიგური ასევე დაჯილდოვებული იყო საუკეთესო ადამიანური თვისებებით. მას ახასიათებდა უკიდეგანო კაცთმოყვარეობა, კრისტალური პატიოსნება, და მრავალი სხვა კარგი თვისება. იგი გადაყოლილი იყო თავის თანამშრომლებზე.
ის დიდი სითბო, რომელიც ბატონი ლიგურისაგან მივიღეთ, ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება.

ნელი წიბახაშვილი -
ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

2010 წლის 5 აპრილი





Доктор Александр Владимирович Белушкин

No comments:

Post a Comment