Sunday, August 29, 2010

23. თამაში სისტემის დეფექტების გათვალისწინებით


23. თამაში სისტემის დეფექტების გათვალისწინებით

მეცნიერული კვლევებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოთა კავშირში, როგორც წესი, ხდებოდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ მოკავშირე რესპუბლიკების საგეგმო კომიტეტების განაცხადების საფუძველზე. ეს პროცედურები, გასაგები მიზეზების გამო, არ იყო ექსპრესული. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, დამკვეთი მატერიალურ უზრუნველყოფას იღებდა, უკეთეს შემთხვევაში, ორი წლის შემდეგ. ამასთან, განაცხადის მოცულობა, როგორც წესი, გვარიანად იკვეცებოდა. ხშირ შემთხვევაში, მატერიალური უზრუნველყოფის მოცულობა არ აღემატებოდა მოთხოვნილი რაოდენობის მესამედს. დამკვეთებმა იცოდნენ ეს და თავიდანვე წარადგენდნენ ხოლმე “გაბერილ” განაცხადებს. საკავშირო საგეგმო კომიტეტის ჩინოვნიკებმაც კარგად იცოდნენ ამ “სამზარეულოს” ტექნოლოგია და, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ემსგავსებოდა კატა-თაგვობანას თამაშს.
ზოგჯერ საკავშირო მთავრობა ასეთი “ეფექტის” არსებობის გამო, იყენებდა ცინიზმსა და მათ მიერ გამოგონილ სხვა მეთოდსაც. ერთ-ერთი ასეთი აქციის მოწმე გახლავთ ფიზიკის ინსტიტუტიც.
1960-იან წლებში ფიზიკის ინსტიტუტის ძალიან მაღალი რანგის ადმინისტრატორმა საკავშირო მთავრობაში, თურმე, წარადგინა განაცხადი ნახევარგამტარული მასალების დიდი რაოდენობის მოთხოვნით. რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს განაცხადი სრულად იყო დაკმაყოფილებული და დაიწყო ინსტიტუტში ამ კოლოსალური რაოდენობის ნახევარგამტარული მასალის შემოსვლა. არათუ ინსტიტუტის საწყობი, არამედ ტერიტორიაც კი არ იყო საკმარისი ამ მასალების განსათავსებლად. ასე დაისაჯა მაშინ ინსტიტუტის ადმინისტრაცია საკავშირო საგეგმო კომიტეტის “ხუმარა” ჩინოვნიკების მიერ...
ამ ეპიზოდის შემდეგ, ფიზიკის ინსტიტუტიდან განაცხადების წარდგენას უკვე კურირება დაუწყო თვით დირექტორმა. ახლა უკვე დაუსაბუთებელი განაცხადების წარდგენა ინსტიტუტის განყოფილებების მიერ მნიშვნელოვნად იყო გაძნელებული...
მომდევნო წლებში, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ძალისხმევით, თითქმის სისტემურად, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ფიზიკის ინსტიტუტიდან კეთდებოდა განაცხადი ისეთი სამუშაოების ექსპრესული დაფინანსებისათვის, რომლებიც ვერ მოხვდნენ ინსტიტუტის გრძელვადიან გეგმებში და საჭიროებდნენ დამატებით დაფინანსებას, მთავრობის რეზერვიდან.
იმ დროს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტს მართავდა აკადემიკოსი ვლადიმერ კირილინი.
ბატონი ელეფთერი გონივრულად იყენებდა აკადემიკოს კირილინის კეთილგანწყობას ანდრონიკოვების ოჯახის მიმართ, რომელიც დიდად ეხმარებოდა ფიზიკის ინსტიტუტს სარეზერვო დაფინანსებით. ერთ-ერთი ასეთი დადგენილების პროექტის მომზადებასა და მის შესრულება მეც მომიწია.
ამ დადგენილებით სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტის რეზერვიდან ჩვენმა ინსტიტუტმა, მიზნობრივად, მიიღო ორასი ათასი მანეთის დაფინანსება. აქედან ნახევარი ხელფასის ფონდისათვის იყო გათვალისწინებული. ამ დადგენილებით გამოყოფილი თანხა მთლიანად მოხმარდა ჩვენი ლაბორატორიის ახალი შტატებით დაკომპლექტებას და კვლევისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარების შეძენას.
მთელი ამ დადგენილების შესრულებისა და ანგარიშგების სამუშაოების შესრულება მომიხდა პირადად. ეს იყო წარმოუდგენლად დიდი, შრომატევადი სამუშაო, რომელიც შევასრულე წარმატებით, საკმაოდ დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ხარჯზე. ჩემს მიერ იმ დროისათვის წარდგენილი ოფიციალური ანგარიშების გამო, პასუხად ვიღებდი მადლობის წერილებს რეცენზენტი აკადემიკოსებისაგან. ეს იყო წარსულში. დღეს კი ახალ თაობას არც კი დაესიზმრება ასეთი დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება უხელფასოდ, პრაქტიკულად, დამატებითი დაფინანსების გარეშე...
ფართო პროფილიანი კვლევითი ლაბორატორიის აღჭურვა საჭირო ხელსაწყო-დანადგარებით და სათანადო რეაქტივებით არ იყო ერთი და ორი დღის საქმე. ასეთი ლაბორატორიის მოწყობა საჭიროებდა დიდი ძალისხმევის მობილიზებას და სამუშაოთა შემსრულებელი პერსონალის მომზადებას, მათთვის ექსპერიმენტატორ-მკვლევარის ჩვევების დასაუფლებლად. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო.
რამოდენიმე წელიწადში ჩვენს ლაბორატორიაში მომზადდა და გაიზარდა ბევრი მაღალი რანგის სპეციალისტი, რომელთა უმრავლესობამ დაწერა და და წარმატებით დაიცვა სადისერტაციო შრომები. ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ თითქოს კვლევით ლაბორატორიას მომავალში არავითარი საფრთხე არ უნდა დამუქრებოდა.
სამწუხაროდ ეს მოსაზრება მთლიანად დაიმსხვრა ქვეყანაში განვითარებული კატაკლიზმების ფონზე. საბჭოთა კავშირი დაინგრა, ბევრი ნამდვილი მეცნიერი დარჩა ულუკმაპუროდ და ინსტიტუტების მატერიალური ბაზებიც, თითქმის მთლიანად განადგურდა.
ჩვენი ლაბორატორია გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა გამოყო გრანტები კვლევითი სამუშაოების დასაფინანსებლად. სწორედ ამ გრანტების წყალობაა, რომ დღეს ფიზიკის ინსტიტუტში კვლავ არსებობს ლაბორატორიები, რომლებიც აგრძელებენ კვლევით სამუშაოებს, და თანაც, საერთაშორისო მოთხოვნების დონეზე.

No comments:

Post a Comment