Sunday, August 29, 2010

8. მარინე ფრონტასიევა


8. მარინე ფრონტასიევა

ძვირფას მკითხველს ვთხოვ ერთი წუთით წარმოიდგინოს სიტუაცია, როდესაც აბობოქრებულ მდინარეში აღმოჩნდება ადამიანი შიშველი ხელებით და თითქმის აღარ არსებობს მისი გადარჩენის შანსი. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში მოვხვდით მე და ჩემი ლაბორატორიის თანამშრომლები, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც საქართველოში აგორდა ტალღა ბირთვული რეაქტორის წინააღმდეგ. მაშინ ეს ობიექტი გარსშემორტყმული იყო ეგრეთ წოდებული არაფორმალების მიერ, საქართველოში ატომური რეაქტორის დაუყოვნებლივ გაჩერებისა და მისი დემონტაჟის მოთხოვნით.
შექმნილი სიტუაცია განიმუხტა მას შემდეგ, რაც აშშ-ს ენერგიის დეპარტამენტმა გამოგზავნა სპეციალური კომისია შექმნილი პრობლემის მოსაგვარებლად და მიიღო გადაწყვეტილება ბირთვული საწვავის ამერიკაში გატანის შესახებ. მცხეთის ატომური რეაქტორი დარჩა ბირთვული მუხტის გარეშე და არაფორმალთა დაჯგუფებას უკვე აღარ შეეძლო საქართველოში ატომური საფრთხის შესახებ სპეკულირება.
ინსტიტუტის სხვა განყოფილებებთან ერთად ჩვენი ლაბორატორიაც დარჩა “უქმად”. და აი, ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენი ლაბორატორიის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგა მთელი სიმწვავით, გამოჩნდა საოცარი, საქმიანი ქალბატონი - მარინე ფრონტასიევა, რომელიც დუბნის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიაში ასრულებდა ნეიტრონული-აქტივაციური ანალიზის სექტორის გამგის მოვალეობას და შემოგვთავაზა თანამშრომლობა ბიოლოგიური ობიექტების აქტივაციურ ანალიზში.
ცნობისათვის: დუბნის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიას აქვს უნიკალური იმპულსური რეაქტორი, რომლის გამოყენებაც ხდება როგორც ფუნდამენტური ბირთვული ფიზიკის, ასევე სხვა მრავალი კვლევების შესრულების დროს. თავისთავად, ეს რეაქტორი არის, სხვა რეაქტორებისგან განსხვავებით, ალბათ, ერთადერთი დანადგარი, სადაც მისი იმპულსურ რეჟიმში მუშაობის დროს ის იძლევა ნეიტრონების ინტენსიურ ნაკადებს -  ათი ხარისხარ თხუთმეტ-ათი ხარისხად თექვსმეტ ნეიტრონს წამში კვადრატულ სანტიმეტრზე. ეს არის ოუკ რიჯის მაღალნაკადიანი რეაქტორის მსგავსად, ერთ-ერთი უნიკალური ექსპერიმენტული რეაქტორი.
აი, ასეთი რეაქტორის გამოყენების შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენ, ქართველ მეცნიერებს, მას შემდეგ, რაც ჩვენმა “ნიჭიერმა” ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა, მწყობრიდან გამოიყვანეს საკუთარი _ ქართული ატომური რეაქტორი. ასეთ შემთხვევაში იტყვიან ხოლმე _ ზოგი ჭირიც მარგებელიაო. ჩვენს ლაბორატორიას გაუჩნდა შანსი ახალი, უფრო მაღალი რანგის კვლევების შესასრულებლად დუბნის იმპულსურ რეაქტორზე.
თავისთავად მხოლოდ რეაქტორზე დაშვება ჩვენი ჯგუფისათვის ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავდა. მთავარი მაინც იყო ერთობლივი სამუშაოების კოორდინაცია და მათი რეალიზაცია. ასეთი ერთობლივი სამუშაოების ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი იყო და დღესაც არის გასაოცარი ენერგიის და შრომისმოყვარეობის, არნახული და არგაგონილი უნარის მქონე ქალბატონი - მარინე ფრონტასიევა.
აქ მახსენდება ჩემი დიდი მასწავლებლის და დამრიგებლის ელეფთერ ანდრონიკაშვილის სიტყვები, რომელთაც ის, ჩემთან საუბარში, ზოგჯერ ახმაურებდა ხოლმე. აი, ეს ფრაზაც: “У меня емкая минута”, რომელსაც მოიშველიებდა ხოლმე მაშინ, როდესაც გავიკვირვებდი მის მიერ ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობას. მარტო სამსახურებრივი ფოსტის ყოველდღიური გაცნობა და მათზე პასუხების გაცემა დიდ დროს ართმევდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგანაც მრავალი წერილის ადრესატი თვითონ იყო და სხვას ვერც დაავალებდა და ვერც ანდობდა მათზე პასუხის მომზადებას.
სრული სერიოზულობით მინდა განვაცხადო, რომ მარინე ფრონტასიევასთანა ”Емкая минута” ჩემს ახლობლებს შორის, ნამდვილად, არავის აქვს და სწორედ ამ ტევადი საქმიანი თვისებების გამო ხდება, რომ ეს ქალბატონი არის მრავალი გრანტის მფლობელი და სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი. მას სამართლიანად აქვს მოპოვებული საერთაშორისო აღიარება და სრულიად დამსახურებულად არის ბევრი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი!
მინდა, საგანგებოდ ავღნიშნო დუბნასთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, ქალბატონ ელენე კირკესალის სახელთან. ქალბატონი ლენიკო ყოველწლიურად ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდა მივლინებით დუბნის ნეიტრონული ფიზიკის ლაბორატორიაში და უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ჩვენი ყველა ერთობლივი გამოკვლევის კორდინაციასა და შესრულებაში; რომ არა ასეთი ტიპის თანამშრომლობა, ჩემი ღრმა რწმენით, შეუძლებელი იქნებოდა ერთობლივი კვლევების მოკლე დროში და თანაც, საკმაოდ დიდი მოცულობით შესრულების შესაძლებლობა. აქ საგანგებოდ მინდა ავღნიშნო ელენე კირკესალის უაღრესად მაღალი კვალიფიკაცია ექსპერიმენტების შედეგების მოპოვების და მათი გამოსაქვეყნებლად მომზადების საქმეში. ამ ამპლუაში ის, მართლაც, არის ღმერთის მიერ საგანგებოდ დაჯილდოებული პიროვნება. როგორც მგონია, ამგვარი თვისებებით ბევრი მკვლევარი ნამდვილად ვერ იტრაბახებს!..
დუბნასთან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა აისახა იმ პუბლიკაციებში, რომლებიც სისტემატურად ქვეყნდებოდა პრესტიჟულ ჟურნალებსა თუ საერთაშორისო კონფერენციების გამოცემებში.
აქვე უპრიანი იქნება იმის თქმაც, რომ დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან ერთად, მიღებული გვაქვს ორი პატენტი გამოგონებაზე წყალმცენარე სპირულინას სელენშემცველი და ქრომშემცველი სამკურნალო პრეპარატების დამზადების ორიგინალური ტექნოლოგიის დამუშავებისა და მათი გამოყენების თვალსაზრისით.
უნდა აღვნიშნო ისიც, რომ დუბნასთან ჩვენს მიერ შესრულებული ერთობლივი შრომების მიმართ უცხოელი სპეციალისტების მიერ გამოჩენილი ყურადღებისა და ინტერესების პროვოცირებაში სწორედ რომ ლომის წილი მიუძღვის ქალბატონ მარინე ფრონტასიევას!..
როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, დუბნის მაღალნაკადიანი რეაქტორის მოდერნიზაციის სამუშაოები, შესაძლოა დასრულდეს 2009 წელს. თუ ეს მოხდა, ამ რეაქტორის სტაციონალურ რეჟიმში მუშაობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება აქტივაციური ანალიზის სამუშაოების უფრო მასშტაბური წარმართვა. თუ, ამასთან ერთად, საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური სიტუაციაც გამოსწორდა, მაშინ, როგორც ქართველები იტყოდნენ, ჩვენს ბედს “ძაღლიც კი არ დაჰყეფს” და შესაძლებელი იქნება დუბნელ კოლეგებთან კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი ერთობლივი გამოკვლევების ჩატარება.
რუსეთის ვიზებთან დაკავშირებული სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობა მეტისმეტად ართულებს დუბნის საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრში ქართველების მივლინებას. აღნიშნული ცენტრი კი არის საერთაშორისო სტატუსის მქონე, მაგრამ თბილისში რუსეთის საელჩოს დახურვის შემდეგ, ქართველებს უხდებათ მეზობელ ქვეყნებში _ აზერბაიჯანში ან სომხეთში წასვლა და საჭირო ვიზების იქ გაფორმება. ეს პროცედურა კიდევ უფრო აძვირებს რუსეთში გამგზავრების სიამოვნებას და არანაირად ხელს არ უწყობს მეცნიერული კონტაქტების გაღრმავებას.
ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს არის დროებითი მოვლენა და მომავალში ასეთი ბარიერები აღარ იარსებებს. დღეს კი შექმნილი სიტუაცია მეჩვენება დიდად სამწუხაროდ და უგუნურად!..
აქ მახსენდება ამ ოცდაათი წლის წინანდელი ერთი ეპიზოდი, რომლის მომსწრე და მონაწილეც თავად ვიყავი.
იყო ადრე გაზაფხული და ჩემთან სტუმრად იმყოფებოდნენ მოსკოველი კოლეგები.
მე მოვისურვე მათთვის მეჩვენებინა ფშავის არაგვის ხეობა და დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი.
მთის გზა ბევრ ადგილას იკვეთებოდა მწვერვალებიდან მოჩუხჩუხე ხევისწყლებით და თავიდან ჩემი “ჟიგული” შეუფერხებლად გადიოდა ასეთი მდინარეების ნაკადში.
ჩარგალთან მიახლოების კვალობაზე, არაგვი ხდებოდა უფრო ჩქარი და წყალუხვი. ერთ-ერთი ასეთი ფონის გადალახვის დროს შუა მდინარეში ჩამიქრა მოტორი და ჩემი ძვირფასი სტუმარი, იური იაკოვლევი იძულებული გახდა, მომხმარებოდა მანქანის ხელით გადაადგილებაში და ამ დროს სათვალე აბობოქრებულ არაგვში ჩაუვარდა.
გავიდა საკმაოდ დიდი დრო და იური იაკოვლევს ისევ დასჭირდა სათვალე წიგნის თუ გაზეთის წასაკითხავად. აი, მაშინღა გაახსენდა, რომ სათვალე მდინარეში ჩაუვარდა და დაიწყო მისი წყალში ძებნა. ცხადია, მისი სათვალე უკვე არაგვის აზვირთებულ ტალღებში “მოგზაურობდა”...
ეს ეპიზოდი მოვუყევი კონფერენციის მონაწილეებს, როგორც ნიმუში ოპტიმიზმის იაკოვლევისეული გაგებისა. ამის შემდეგ დამკვიდრდა ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის სპეციალისტთა შორის ოპტიმიზმის იური იაკოვლევისეული განსაზღვრის ცნება!..
ეს ეპიზოდი ამ პატარა წერილში შემთხვევით არ მომიყვანია. დაახლოებით ამგვარი ოპტიმიზმის გრძნობა მეუფლება, როდესაც ოცნებაში წარმოვიდგენ, რომ დუბნის ჩემს ძვირფას კოლეგებთან სადღეისოდ შექმნილი ბარიერები დამთავრდება “სათვალის პოვნის ეფექტით”!..
ჩემი ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ქალბატონი მარინეს ჩვენთან თანამშრომლობის ძველებურ, საქმიან, ნორმალურ რეჟიმში გაგრძელების გულწრფელი სურვილი და მის მიერ გამოჩენილი ძალისხმევა.

No comments:

Post a Comment