Sunday, August 29, 2010

4. ნიკიტა ხრუშჩოვის ვიზიტი საქართველოში

4. ნიკიტა ხრუშჩოვის ვიზიტი საქართველოში

ქართველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი ის დიდი “სიყვარული”, რომელსაც იჩენდა ნიკიტა ხრუშჩოვი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. თავისი ძალაუფლების აღზევების პერიოდში, მან მოისურვა საქართველოს, როგორც ფიზიკოსები იტყოდნენ, რეალურ სივრცეში გასეირნება. ამ დროისათვის უკვე ჰქონდა უზურპირებული დიდი ძალაუფლება და ზეიმობდა პიროვნების კულტთან დაკავშირებული პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტას, მაგრამ კიდევ რაღაც აწუხებდა ძალიან...
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ეს იყო ქართველი ხალხის ეროვნული მეობისა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ დაიწყო ტურნე საქართველოს “შესასწავლად”. ამ მისიით იმოგზაურა მატარებლით დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთისაკენ.
ეს ის პერიოდია,  როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვი აღრფთოვანებული იყო ამერიკელი ფერმერების მიერ სიმინდის კულტურის თესვის, მოყვანის, პროდუქციის გადამუშავებისა და სიმინდის პროდუქტების მრავალნაირი დანიშნულებით გამოყენებით.
ამ ვიზიტის ქართველმა ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს საპატიო სტუმრის დიდი სიმპატიები სიმინდისადმი და ქართული ტრადიციების შესაბამისად, ნიკიტა ხრუშჩოვს მიართვეს მჭადი და სულგუნიდა, როგორც მაშინდელი პრესიდან შევიტყვეთ, თურმე, ძალიან მოსწონებია მეგრული მჭადი და სულგუნი.
ქვეყნის ხელმძღვანელის შესახვედრად საგანგებოდ ამზადებდნენ თბილისის მოსახლეობას. ყველა დაწესებულებას ჰქონდა მიჩენილი ქუჩის ის მონაკვეთი, სადაც უნდა გაევლო საპატიო სტუმარს და მისი ხილვისათვის ხალხს აღტაცება უნდა გამოეხატა მქუხარე ტაშით და ყვავილების თაიგულების ფრიალ-ფრიალით.
ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლები ჩამოამწკვრივეს ვაკე-საბურთალოს მაგისტრალის იმ უბანზე, რომელიც იკავებდა არა მარტო ინსტიტუტის საპარადო შესასვლელს, არამედ ბაღისა და ხეივნის საკმაოდ დიდ მონაკვეთსაც.
ნიკიტა ხრუშჩოვს მოუწყეს შეხვედრა სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო და საწარმოო ცენტრის თანამშრომლებთან. როგორც ცნობილია, ეს ცენტრი უკვე იყო ერთად-ერთი მაღალი რეიტინგის ობიექტი, არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მთელი ევროპის მასშტაბითაც და, გასაგებია, რომ ასეთი რანგის ობიექტი ვერ დარჩებოდა ქვეყნის პირველი პირის ყურადღების მიღმა...
და აი, ამ დაწესებულებაში ვიზიტის შემდეგ საპატიო სტუმარს უნდა გაევლო ვაკე-საბურთალოს მაგისტრალზე. აქ კი ქუჩები მოზეიმე ხალხით იყო გადაჭედილი.
ხრუშჩოვი მოგზაურობდა ღია მანქანით, მხოლოდ ერთადერთი მეგზურის თანხლებით. მანქანა მოძრაობდა ნორმალური, მე ვიტყოდი, შენელებული სიჩქარით. ამ სახათაბალო სტუმარს ეცვა თეთრი ფერის საზაფხულო ტანსაცმელი და ასევე ეხურა თეთრი ჭილობის ქუდი. იგი, ფეხზე მდგომი, თავმდაბლად ესალმებოდა შეხვედრის მონაწილეებს და, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გარეგნულად ტოვებდა სრულიად ნორმალური და თანაც საკმაოდ სიმპატიური რუსი ინტელიგენტის შთაბეჭდილებას.
მე, პირადად, ეს ნიკიტა ხრუშჩოვი მომეჩვენა გაცილებით უფრო სასიამოვნო გარეგნობის პიროვნებად, ვიდრე გაეროს ტრიბუნაზე საკუთარი ფეხსაცმელის მობრახუნე ის საბჭოთა კავშირის ლიდერი, რომელსაც ტელეოპერატორები სისტემატიურად უჩვენებდნენ მთელ მსოფლიოს პრესტიჟული ტელეარხების მეშვეობით...

 
ნიკიტა ხრუშჩოვის მოლოდინში სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე

1964 წელი, ზაფხული. საქართველოში ხრუშჩოვის ვიზიტთან დაკავშირებით დიდუბეში, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე, მობილიზებულია მეცნიერების ყველა დარგის წამყვანი სპეციალისტი. ყველა ექსპონატს ჰყავს თავისი “პატრონი”, ვისაც ევალება, მის მიერ თუ მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ხელსაწყო-დანადგარის უნიკალურობის დასაბუთება.
აქ წარმოდგენილ ექსპონატებს შორის არის გოგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით და მისი უშუალო ძალისხმევით, ქართველ ფიზიკოსთა ჯგუფის მიერ დამუშავებული და შექმნილი კოსმოსური სხივების თვისებების შემსწავლელი კამერა.
უპრიანია, აქვე აღინიშნოს, რომ მოგვიანებით ამ კამერის შემქმნელებს მიენიჭა ლენინური პრემია.
გასაგებია, რომ ძვირფას სტუმარს, ექსპონატის ღირსების შესახებ მონაცემები უნდა მოახსენოს თავად შრომის ავტორმა. მე მევალება გოგის ასისტენტობა.
და აი, დილიდან ვართ გამოფენის დარბაზში ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის მოლოდინში. აქ ყველა ექსპონატის პატრონი თავგამოდებით ფუსფუსებს თავისი დანადგარ-მოწყობილობის გარშემო. ძალაუნებურად ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს მოხვედი აღმოსავლურ ბაზარში, სადაც ხდება საკუთარი საქონლის რეკლამირება-გასაღება...
გადის დრო.
“მეფე” არა ჩანს.
არავინ უწყის, როდის გამოჩნდება, ან გამოჩნდება კი?
გოგი ჩიქოვანი არ არის მიჩვეული დროის ფუჭად ხარჯვას. ჯერ არ ლაპარაკობს, მაგრამ ვატყობ, ძალიან ნერვიულობს.
გადის დრო.
სტუმარი ისევ არა ჩანს.
გოგი უკვე ხმამაღლა ბუზღუნებს... ყველაფერს აქვს საზღვარი... მერე “თბილად” მოიხსენიებს ნიკიტას მშობლებს... და მპატიჟებს სამწვადეში...
სიამოვნებით ვიღებ ამ წინადადებას, რადგანაც ამ დღეს მეც კი გამიჭირდა უაზრო შიმშილი.
გოგი უკვეთავს მწვადებს. ღვინოს არა, მაგრამ ცივ ლუდს კი სიამოვნებით შევექცევით.
იმ დღეს გამოფენის ტერიტორიაზე მოქმედ სამწვადეში ყველაფერი იყო უმაღლესი ხარისხის. როგორც ჩანს, არაპროგნოზირებადი სტუმრისაგან მოსალოდნელი “სიურპრიზების” თავიდან აცილების მიზნით მასპინძლებმა ამ მიმართულებითაც იზრუნეს და საგანგებოდ მაღალი ხარისხის პროდუქტით მოამარაგეს ეს პატარა სასაუზმე.
ვისადილეთ მამა-პაპურად, აუჩქარებლად.
“მეფე” კი კვლავ არსად არ ჩანდა.
ზაფხულის გრძელი დღე, როგორც იქნა, მიილია.
უნდა ვიფიქრით, რომ ამ დღეს ხრუშჩოვმა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები განიხილა, ვიდრე ამ პატარა რესპუბლიკის მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესის მიღწევები...……


ნიკიტა ხრუშჩოვი გარე კახეთში

დასავლეთ საქართველოს და თბილისის დათვალიერების შემდეგ “მეფემ” მოისურვა კახეთში გასეირნება.
ამ პერიოდისათვის კახეთში, და არა მარტო აქ, მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების არნახული მშენებლობა. ხდება ძველი, ტრადიციული მასალის შეცვლა ახლით და თანაც კრამიტის სახურავების მაგიერ შემოდის მოთუთიებული რკინისა და ალუმინის კონსტრუქციები. საგარეჯოს რაიონული ცენტრი საავტომობილო ტრასიდან ისე გამოიყურება, როგორც ჯადოსნური სარკე, რომელიც უხვად არეკლავს მზის სხივებს და პირველ მხილველზე ახდენს წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას.
აქ უადგილო არ უნდა იყოს იმის აღნიშვნა, რომ იმ დროისათვის საბჭოთა კავშირი მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო ნავთობისა და ლითონის მოპოვების მაჩვენებლებით და ამ პროდუქტების დეფიციტის, ან სიძვირის შესახებ ცნებებიც კი არ არსებობდა.
ხატოვნად რომ ვთქვათ, მიმდინარეობდა საქართველოს სოფლის “მეტალიზაცია”.
უკვე წარმოდგენილი მაქვს, თუ რა განწყობას შეუქმნიდა ეს რეალური სიტუაცია ძვირფას სტუმარს. ჩემის აზრით, როგორც სჩანს, ნიკიტა ხრუშჩოვი აღმოჩნდა ძლიერი იდეოლოგიური კრიზისის პირობებში. ის ხომ ვალდებული იყო გამოეხატა თავისი დამოკიდებულება იმის შესახებ, რაც ნახა მხოლოდ გარე კახეთის ზერელე დათვალიერებით. ამ დღეს თავისი ვიზიტი უხალისოდ დაასრულა გარე კახეთში.
“მეფესთან” შესახვედრად კაჭრეთის ღვინის ქარხანაში შეკრიბეს სოფლის მეურნეობის მოწინავე აქტივისტები. მოწვეულთა შორის იყვნენ შიდა კახეთის ყველა რაიონის სოფლის მეურნეობის დამკვრელები, რაიკომის მდივნები, რაიონული კომიტეტების თავმჯდომარეები და აგრონომები.
ამ შეხვედრის მონაწილეთა შორის იყო ბიძაჩემი – შალვა ჩომახაშვილი, რომელსაც კახეთში მოიხსენიებდნენ, როგორც “პაპას”. ის იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანი და წარმოუდგენლად მუყაითი, შრომისმოყვარე გლეხკაცი. ბევრი რამ ნიკიტა ხრუშჩოვის ამ ვიზიტის შესახებ, რაც არსად არ გახმაურებულა, მოსმენილი მაქვს მისგან. სხვათა შორის, იმ დროისათვის არსებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ბიძაჩემს ეკუთვნოდა სოციალისტური შრომის გმირობა, მაგრამ აკმარეს ლენინის ორდენი და საგზური უცხოეთში ორკვირიანი მოგზაურობისათვის.
ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ყველა მოთმინებით ელის ხრუშჩოვის გამოსვლას.
და აი, ეს მომენტიც დგება. სულგანაბული დარბაზი უსმენს ქვეყნის მბრძანებლის გამოსვლას. არავის თავში აზრად არ მოსდის სინქრონულ თარგმანზე ზრუნვა – რუსული ენა ხომ “მშობლიურია” და ყველამ ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს. მომთაბარე მწყემსი-მეცხვარეც კი ვალდებულია, სრულყოფილად ფლობდეს დიდი რუსი ხალხის ენას!..
“მეფის” მოხსენებაში იგრძნობა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ჩვენთან ვაზი და ვენახი მიჩნეულია ძირითად სასოფლო-სამეურნეო კულტურად და გაშენებულია ისეთ ადგილებში, სადაც უმჯობესია, ითესებოდეს სიმინდი!..
ვაზის ადგილი კი ფერდობებსა და გორმახებზეა...
ვაზს არა აქვს უფლება, დაიკავოს ნაყოფიერი და უხვმოსავლიანი მიწები, რადგან ვაზს ხომ არ სჭირდება, ეგრეთ  წოდებული, “კვადრატულ-ბუდობრივი” მეთოდით დამუშავება!..
ნიკიტას აზრით, საკმარისია მძლავრმა ტრაქტორმა საბრუნი გუთანი გაატაროს ერთი მიმართულებით, მოახდინოს ფერდობების ტერასირება და ამ ტერასებში განათავსონ ვაზის ნამყენები. ამის შემდეგ ვაზი თვითონ მოუვლის თავს!..
აი, სიმინდი კი თხოულობს საგულდაგულოდ დამუშავებულ ნიადაგს, და შედეგად გვექნება უხვი და იაფი მარცვლეული, რომლითაც გაუმასპინძლდებით ღორებს, ძროხებს, ფრინველებს და ასე შემდეგ. ასე შეიქმნება ბარაქა და სიმდიდრე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს ძლიერება და სიდიადე!..
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორი განწყობილება დაეუფლებუდა გლეხკაცს, რომელიც ასეთ “ბრძნულ” რჩევებს მოისმენდა ქვეყნის პირველი პირისაგან.
ჩემის აზრით, ამგვარ რეკომენდაციებს მუშა კაცი, უკეთეს შემთხვევაში, ხუმრობად ჩათვლიდა. მაგრამ ვაი, რომ ეს არ იყო ხუმრობა და რომ იტყვიან, განგებამ იხსნა ქართველი ხალხი და საქართველო ღვთის რისხვისაგან. 1964 წლის 14 ოქტომბერს საგანგებოდ მოწვეულ პლენუმზე ხრუშჩოვს დროულად ჩამოართვეს ქვეყნის მართვის უფლება...

No comments:

Post a Comment